გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/37227-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე შპს „ე-----------------“
წარმომადგენელი ნ---------------–--ე
მოპასუხე გრ-----– დე---------ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გრ-----– დე---------ს, შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2449.91 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1174 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი - 1275.91 აშშ დოლარი.
1.2. გრ-----– დე---------ს, შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი - 100 ლარი.
1.3. მოსარჩელე ასევე მოითხოვს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე გრ-----– დე---------ი წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 23 მაისს შპს „ე-----------------“-ს და გრ-----– დე---------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N13-----, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 1200 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5%-ის დარიცხვით.
მოპასუხეს სესხი უნდა გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა ვალდებულებას სესხის შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
3.1.2. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, სესხის დაბრუნებისა და სარგებლის გადახდის, აგრეთვე სხვა ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, გრ-----– დე---------მა მოგირავნის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.
3.1.3. სესხის უზრუნველსაყოფად, გირავნობით დაიტვირთა გრ-----– დე---------ის კუთვნილი ავტომობილი, რომლის რეკვიზიტებია: მარკა მოდელი - მაზდა 3 გამოშვების წელი - 2004, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 17-22)
- შეთანხმება სესხის გაცემის შესახებ; დანართი N2 (ს.ფ 23, 25)
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ 24)
3.1.4. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად გრ-----– დე---------ის დავალიანება 2018 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს - 2449.91 აშშ დოლარს და 100 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1174 აშშ დოლარი, სარგებელია - 1275.91 აშშ დოლარი. 100 ლარი წარმოადგენს ავტომობილის შეფასების მიზნით გადახდილ თანხას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 40)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ჯ-------------ს მიერ 2018 წლის 11 ივნისს შედგენილი დასკვნის შესაბამისად დაგირავებული ავტომობილის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 1600 ლარით, ხოლო ლიკვიდური ფასი 1200 ლარით. ამავე დასკვნის შედგენის მიზნით მოსარჩელის მიერ გადახდილია 100 ლარი.
მოპასუხე არ ეთანხმება დასახელებულ დასკვნას, თუმცა საგულისხმოა, რომ მისი მხრიდან ავტომობილის საბაზრო ღირებულების განმსაზღვრელი ალტერნატიული ვერსია წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯ-------------ს დასკვნა (ს.ფ 27-33)
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 34)
3.2.2. 2018 წლის 7 მარტს შედგენილი ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, გირავნობის საგანის (მარკა მოდელი - მაზდა 3 გამოშვების წელი - 2004, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------) სარეალიზაციო ღირებულებამ შეადგინა 1300 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 26)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე შპს „ე-----------------“-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 316-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის პირველი ნაწილით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო 625-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ შპს „ე-----------------“-ს და გრ-----– დე---------ს შორის 2016 წლის 23 მაისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს სესხის სახით გადაეცა 1200 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელემ სესხის თანხა მიიღო სრულად, თუმცა მოპასუხეს სესხის დაფარვის ვალდებულება სრულყოფილად არ შეუსრულებია.
შპს „ე-----------------“-ის მიერ გაცემული დავალიანების ამსახველი ცნობის შესაბამისად მოპასუხის მიერ შესასრულებელი ფინანსური ვალდებულება განსაზღვრულია შემდეგი სახით: 1174 აშშ დოლარი სესხის ძირითადი ნაწილი, 1275.91 აშშ დოლარი სარგებელი.
ირკვევა, რომ მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გირავნობის საგანი 2018 წლის 7 მარტს გასხვისდა 1300 ლარად, რაც აღნიშნულ დღეს არსებული ეროვნული ვალუტის აშშ დოლარის კურსის შესაბამისად შეადგენდა (1300:2.445) 531.5 აშშ დოლარს.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით ავტომობილის გასხვისების შედეგად მიღებული თანხის ნაწილით დაიფარა პირგასამტეხლო (290 აშშ დოლარი) და სარგებელი (241.50 აშშ დოლარი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს მოუწოდებს და ავალდებულებს კიდეც სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით რომ ეს გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპს ეფუძნება პირგასამტეხლოს ოდენობის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობაც. თუმცა, ამ თავისუფლების საზღვრების განმსაზღვრელიც არის სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი გაანაწილა სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შეუსაბამოდ და მიიღო არაგონივრული მოცულობის პირგასამტეხლო.
უდავოა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული არსებული შემადგენელი საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
სასამართლოს მოსაზრებით, მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობის გათვალისწინებით, მოპასუხისთვის 30 აშშ დოლარის დაკისრებით მოსარჩელისთვის დარღვეული ვალდებულების სრულად კომპენსირებაა შესაძლებელი.
ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები უნდა განაწილდეს შემდეგნაირად:
დადგენილია, რომ შეუსრულებელი ვალდებულებიდან სესხის ძირთადი თანხა შეადგენს 1174 აშშ დოლარს, მასზე დარიცხული სარგებელია 1275.91 აშშ დოლარი, ჯამში გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 2449.91 აშშ დოლარს.
ასევე დადგენილია, რომ გირავნობის საგანი 2018 წლის 7 მარტს გასხვისდა 1300 ლარად, რაც აღნიშნულ დღეს ეროვნული კურსის შესაბამისად შეადგენდა (1300:2.44) 531.50 აშშ დოლარს.
შესაბამისად, ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან 260 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითად ვალდებულების შესრულების ფარგლებში გადახდილად და გრ-----– დე---------ის გადასახდელი თანხა 2449,91 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 2189,91 აშშ დოლარამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. დადგენილია, რომ 2016 წლის 23 მაისის ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-12 პუნქტით შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ და სასამართლოს დასკვნით სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილიც დასაბუთებულია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ გრ-----– დე---------ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 177.67 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-ე-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს „ე-----------------“-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. გრ-----– დე---------ს, შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2189.91 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. გრ-----– დე---------ს, შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი 100 ლარი.
1.3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
1.4 შპს „ე-----------------“-ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 260 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. გრ-----– დე---------ს დაეკისროს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 177.67 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე