გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/32251-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
4 მარტი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - სს „ბ---------ი“
წარმომადგენელი - თ------------–---–ი
მოპასუხეები - ნ---------–-----------------------------------------------–---–-
დავის საგანი - დავალიანების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ-------ი შ------ს და ე----------–---–ს, სს „ბ---------ი”-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 5 417 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3 801.15 ლარი, პროცენტი - 425.71 ლარი, ჯარიმა - 1190.45 ლარი; თავდები ე----------–---–ის პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვროს 7 800 ლარით.
1.2. ნ-------ი შ------ს და ე----------–---–ს, სს „ბ---------ი”-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 162.52 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2016 წლის 14 აპრილს, სს „ბ---------ს“ და ნ------- შ------ს შორის, დაიდო N20----------------------------1 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 6 500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო სარგებელი - 21.5 %, ვადით- 14/04/2016 წლიდან 15/04/2019 წლამდე. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე ვადაგადაცილებისთვის, რაც განისაზღვრა მიმდინარე დავალიანების 0.5 %-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, მინიმუმ 15 ლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების 4.3.1 და 4.3.2 პუნქტების შესაბამისად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 7 რიცხვში 246.56 ლარის გადახდით. 2018 წლის 21 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება და კრედიტის ხანგრძლივობა განისაზღვრა 10/04/2018 წლიდან 15/07/2019 წლამდე. აღნიშნული ცვლილების მიხედვით, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად, კერძოდ, ყოველი თვის 7 რიცხვში 275.36 ლარის გადახდით. მოსარჩელის განმარტებით, 10/04/2018 წლის შემდეგ სესხი იმყოფება ვადაგადაცილებაში. გადახდის ზედიზედ ორ ვადაზე მეტის გადაცილებისა და დამატებით ორკვირიანი ვადის მოპასუხის მიერ უშედეგოდ გაშვების შედეგად მოსარჩელეს წარმოეშვა დავალიანების მთლიანი თანხის ერთჯერადად და დაუყოვნებლივ დაფარვის მოთხოვნის უფლება, ასევე მოთხოვნის უფლება საკრედიტო ხელშეკრულების 5.1. პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოზე.
აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად 2016 წლის 14 აპრილს სს „ბ---------ს“ და ე----------–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N20----------------------------1, რომლის საფუძველზეც მან სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ნ-------ი შ------ს ფულად ვალდებულებებზე 7 800 ლარის ფარგლებში. ნ-------ი შ------ს მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება თავდების მიმართ თავდებობის ხელშეკრულების 3.3.1 პუნქტის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, თავდების ქონებრივი პასუხისმგებლობა მოიცავს როგორც ძირითად ვალს, პირგასამტეხლოსა და ზიანს საერთო თანხისათვის, პროცენტებს ძირითად ვალზე, აგრეთვე, ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო/საარბიტრაჟო/სააღსრულებო ხარჯებს.
არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეების მხრიდან დავალიანების დაფარვა არ მომხდარა. 2018 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, 2016 წლის 14 აპრილის N20----------------------------1 საკრედიტო ხელშეკრულებიდან და 2016 წლის 14 აპრილს სს „ბ---------სა“ და ე----------–---–ს შორის გაფორმებული N20----------------------------1 თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს ერიცხებათ სოლიდარული დავალიანება შემდეგი სახით: ძირითადი თანხა - 3 801.15 ლარი, პროცენტი - 425.71 ლარი, ჯარიმა - 1190.45 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა ერთობლივად წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, თუმცა სარჩელის უარსაყოფად მოსაზრებები რა მიუთითებიათ. სასამართლო სხდომაზე ითხოვეს დრო თანხის გადახდისათვის. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობა მიიჩნიეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 14 აპრილს, სს „ბ---------ს“ და ნ------- შ------ს შორის, დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 6 500 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი - 21.5 %, 14/04/2016 წლიდან 15/04/2019 წლამდე ვადით. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის: მიმდინარე დავალიანებიის 0.5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, მინიმუმ 15 ლარის ოდენობით. სესხი დაბრუნებული უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 7 რიცხვში, 246.56 ლარის გადახდით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 14);
- საკრედიტო ხელშეკრულება N20----------------------------1 (ს.ფ. 15 - 17);
- სესხის გრაფიკი (ს.ფ. 18)
3.1.2. 2018 წლის 21 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება და კრედიტის ხანგრძლივობა განისაზღვრა 10/04/2018 წლიდან 15/07/2019 წლამდე. აღნიშნული ცვლილების მიხედვით, კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი მსესხებელს უნდა დაებრუნებინა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად, კყოველი თვის 7 რიცხვში 275.36 ლარის გადახდით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება (ს.ფ. 19);
- სესხის გრაფიკი (ს.ფ. 20)
3.1.3. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 14 აპრილს, სს „ბ---------ს“ და ე----------–---–ს შორის, დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ეკ------------–-ა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ნ-------ი შ------ს ფულად ვალდებულებებზე 7 800 ლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულება N20----------------------------1 (ს.ფ. 21 - 22)
3.1.4. ნ------- შ------მ დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი. 2018 წლის 10 აპრილის შემდეგ ნ------- შ------ს სესხი იმყოფება ვადაგადაცილებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება N20----------------------------1 (ს.ფ. 15 - 17);
- სესხის გრაფიკი (ს.ფ. 18)
- ამონაწერი მსესხებლის ანგარიშიდან (ს.ფ. 23 - 27)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ნ------- შ------სა და ე----------–---–ის დავალიანება სს „ბ---------ი“-ს მიმართ შეადგენს 5 417.31 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 3 801.15 ლარი, პროცენტი - 425.71 ლარი, ჯარიმა - 1190.45 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 28);
- მხარეთა წერილობით და ზეპირი ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ბ---------ის” სარჩელი თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სესხის ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 867-868-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე 891-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ 2016 წლის 14 აპრილს სს „ბ---------ს“ და ნ------- შ------ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ნ------- შ------მ ბანკიდან მიიღო სესხი 6 500 ლარის ოდენობით და წარმოეშვა ამ სესხის შეთანხმებული წესით და ვადაში გამსესხებლისათვის დაბრუნების ვალდებულება. დადგენილია, რომ ნ------- შ------მ შეთანხმებული გრაფიკი დაარღვია 10.04. 2018 წლიდან, რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 7-ე მუხლის შესაბამისად, ბანკს უფლებას აძლევს ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ვალდებულების შესრულება.
დადგენილია, რომ სესხის ძირი თანხის სახით ნ------- შ------ს დარჩენილი დავალიანება შეადგენს 3801.15 ლარს. ნ------- შ------მ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით ხელშეკრულების პირობები დაარღვია. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოვალე ვალდებულია მოსარჩელეს სესხად მიღებული თანხა გადაუხადოს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს. ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას მიუღებელი შემოსავლისათვის. სს ”საქართველოს ბანკი” ითხოვს ზიანის ანაზღაურებას არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანისათვის, რაც გამოიხატა კრედიტის სახით გაცემული თანხის დაუბრუნებლობაში, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მხარეები შეთანხმდნენ მინიმალური ზიანის ოდენობაზე, ამასთან, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით. მოპასუხეს სესხის ძირ თანხასთან ერთად, უნად დაეკისროს სარგებლის გადახდა ბანკის მოთხოვნის შესაბამისად.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 14 აპრილის ხელშეკრულება შეიცავს მითითებას, როგორც პირგასამტეხლოზე და ის განსაზღვრულია მიმდინარე დავალიანების 0.5 %-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოში კანონი იმას კი არ გულისხმობს, რომ პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა თავიდანვე შეუსაბამოდ მაღალი თუ იქნებოდა, მხოლოდ ეს გახდებოდა მისი შემცირების საფუძველი, არამედ იმასაც, რომ შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ შეიძლება პირგასამტეხლო იქცეს ვალდებულების შესრულების პროცესშიც. ორივე შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს მოვალის ინტერესები. ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ-------ი შვადიაას მიერ დარღვეულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც თავის მხრივ წარმოადგენს პირგასამტეხლოს მოთხოვნის წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5 % უნდა შემცირდეს 0.05 %-მდე და პირგასამტეხლოს ოდენობა 1190.45 ლარი უნდა შემცირდეს 119 ლარამდე. სასამართლოს მოსაზრებით მითითებული ოდენობის პირგასამტეხლო შესაბამისობაშია სესხის ძირითად თანხასთან, გონივრული ოდენობით უზრუნველყოფს ზიანის ანაზღაურებას, არ ლახავს მოპასუხის ქონებრივ ინტერესს და არ იწვევს ბანკის უსაფუძვლო გამდიდრებას.
6.4.დადგენილია, რომ სს "ბ---------ის" მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 14 აპრილს, სს „ბ---------ს“ და ე----------–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ე----------–---–მა პასუხისმგებლობა იკისრა ნ-------ი შ------ს ფულად ვალდებულებებზე 7 800 ლარის ფარგლებში.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლით თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლით, ე----------–---–ი მსესხებელთ ერთად პასუხისმგებელია სესხის დაბრუნებაზე და მას ნ------- შ------სთან ერთად, უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პიველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია თანხა 162.52 ლარის ოდენობით. სარჩელის ფასი განსაზღვრულია 5 417.31 ლარით. სარჩელი დაკმაყოფილდა 4 345.86 ლარით. შესაბამისად, მოპასუხეებს სს „ბ---------ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 80.22 % სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის გადახდა, რაც შეადგენს 130.37 ლარს. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 32.15 ლარი კი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ბ---------ი”-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ნ-------ი შ------ს და ე----------–---–ს, სს „ბ---------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 4 345.86 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირი თანხა არის 3 801.15 ლარი, პროცენტი 425.71 ლარი, ჯარიმა 119 ლარი. თავდები ე----------–---–ის პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვროს 7 800 ლარით;
3. ნ-------ი შ------ს და ე----------–---–ს, სს „ბ---------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 130.37 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში მითითებული წესების დაცვით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე