გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210017002102219
საქმე №2/1460-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2019 წ. ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - ს---------------------ა”
წარმომადგენელი - თ----------–--ე
მოპასუხე - ზ-----------------ე
დავის საგანი : თ----------------ა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზ-----------------ეს ს---------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 596.03 ლარის გადახდა და ხარჯების ანაზღაურება 70 ლარის ოდენობით.
სარჩელის გარემოებები 2017 წლის 11 ივლისს ს---------------------სა" და პ---–---–------ეს შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესახებ, რომლითაც გათვალისწინებულია ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 2017 წლის 22 ივლისს ქ. გორში გორიჯვრის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა. პოლიციის მიერ სამართალდამრღვევ პირად ცნობილი იქნა მოპასუხე ზ-----------------ე, რომელიც მართავდა TOYOTA-ს მარკის ავტომანქანას, სახ. ნომრით: AA-506-TT. 2017 წლის 24 ივლისს დაზღვეულმა მიმართა სადაზღვევო კომპანიას და მოითხოვა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომლის ოდენობაც შ--------------–----ის“ მიერ წარმოდგენილი დეფექტური აქტის მიხედვით შეადგინა 716 ლარი, რომელსაც თავის მხრივ გამოაკლდა მზღვეველსა და დაზღვეულს არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფრანშიზას თანხა, 115.97 ლარი, შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიის მიერ პ---–---–------ეს ანაზღაურდა 596.03 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
ზ-----------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი ბრალეული ქმედებით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა ავტომობილი, რომლის გამოც მას დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი და იმ დროისათვის თანხმობა განუცხადა დაზარალებულს, რომ აუნაზღაურებდა ზიანს, მაგრამ დაზარალებულმა განუცხადა, რომ მანქანა დაზღვეული იყო. გარდა ამისა, მოპასუხე არ დაეთანხმა დაზიანებულ ავტომანქანაზე ჩატარებულ აღდგენითი სამუშაოების ღირებულებას და მიუთითა, რომ აქტში აღწერილი ე.წ. შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება რეალურად არსებულ დაზიანებებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 11 ივლისს ს---------------------სა" და პ---–---–------ეს შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის შესახებ, რომლითაც გათვალისწინებულია ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეულია ავტომობილი NISSAN-TRAIL, სახ. ნომერი G------. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2017 წლის 11 ივლისიდან 2018 წლის 11 ივლისამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- დაზღვევის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 15)
3.1.2. 2017 წლის 22 ივლისს ზ-----------------ემ ვერ დაიცვა მოძრაობის უსაფრთხოების წესები და ავტომობილით TOYOTA, სახ. ნომრით: AA-506-TT შეეჯახა პ---–---–------ის კუთვნილ ავტომობილს NISSAN X-TRAIL-ს, რაზედაც 2017 წლის 22 ივლისს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (საჯარიმო ქვითარი), რომლის თანახმად, ზ-----------------ე ცნობილია სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი 250 ლარი. სახდელის დაკისრების დადგენილება ზ-----------------ეს არ გაუსაჩივრებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების, მათ შორის საჯარიმო ქვითრის ასლები (ს.ფ. 16-20)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 22 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პ---–---–------ის კუთვნილ ავტომობილს NISSAN X-TRAIL-ს დაუზიანდა უკანა ბამპერი, უკანა საბარგულის სახურავი, წინა ბამპერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 20)
3.2.2. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეული ავტომობილისათვის მიყენებულმა ზიანმა, ავტომობილის შეკეთებისათვის საჭირო ხარჯებმა შეადგინა 596.03 ლარი. შეკეთების ხარჯები განსაზღვრულია შ--------------–----ის“ მიერ 2017 წლის 24 ივლისს შედგენილი დეფექტური აქტით №939. ს---------------------მ“ 596.03 ლარი საბანკო ანგარიშზე პ---–---–------ეს გადაურიცხა 2017 წლის 14 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- დეფექტური აქტის ასლი (ს.ფ. 22);
- საგადახდო დავალების ასლი (ს.ფ. 23);
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა (ს.ფ. 19-20)
შ--------------–----ის“ მიერ შედგენილი დეფექტური აქტის მიხედვით სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფის დაკვეთით დადგინდა ავტომანქანა NISSAN X-TRAIL-ის, რომლის მესაკუთრეც პ---–---–------ეა, შესაკეთებლად აუცილებელი ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვით სათუნუქე სამუშაოს ღირებულება (ერთი ერთეული) შეადგენს - 250 ლარს; სამღებრო სამუშაოები (3 ერთეული) - 250 ლარს, დაშლა-აწყობა (2 ერთეული) - 50 ლარს; პოლირება (3 ერთეული) - 30 ლარს; პლასმასის რესტავრაცია (2 ერთეული) - 80 ლარს; გაზის ბალონის დემონტაჟი, მონტაჟი (ერთი ერთეული) - 50 ლარს; ბამპერის სამაგრი შპილკები (6 ერთეული) - 6 ლარს.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემის თანახმად, ზ-----------------ის მართვის ქვეში მყოფ ავტომანქანას დაზიანებული აქვს წინა ბამპერი, ხოლო პ---–---–------ის ავტომანქანას - უკანა ბამპერი, უკანა საბარგულის სახურავი და წინა ბამპერი და ამ სქემაში ნათლად არის დაფიქსირებული პ---–---–------ის მანქანასთან არსებული ჩამონაყარი (№4).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ ს---------------------ს“ ანაზღაურებული აქვს დაზღვეული ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანი, რის გამოც მას წარმოეშვა ზიანის მიმყენებლისაგან ამ თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, შესაბამისად, სარჩელი საფუძლიანია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 412-ე, 832-ე, 992-ე, 999-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია დელიქტური ქმედება, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რადგან დავის საგანია ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის თანახმად; 1. მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია საქმის გადაწყვეტისთვის შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები:
2017 წლის 22 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა პ---–---–------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა და ეს ზიანი გამოწვეულია, მოპასუხე ზ-----------------ის ბრალეული ქმედებით. ასევე დადგენილია, რომ პ---–---–------ის ავტომანქანა დაზღვეული იყო და მას მზღვეველმა, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ აუნაზღაურა ზიანი.
ამდენად, ავტომანქანა, რომელიც დაზიანდა ზ-----------------ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით, დაზღვეული იყო სს ”არდი დაზღვევას” მიერ.
სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის შესახებ სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის მიხედვით, დაზღვევა შესაძლო ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის საშუალებაა. დაზარალებულს განცდილ ზიანს ზიანის მიმყენებლის ნაცვლად უნაზღაურებს სადაზღვევო კომპანია დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
6.5 სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უანაზღაურებს დამზღვევს ზიანს.
832-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი, როგორც კონკრეტული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში, ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ უფლებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან (სუსგ №ას-581-549-2011, 05.09.2012წ განჩინება).
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის მიხედვით, დამზღვევს (სადაზღვევო კომპანია) უფლება აქვს ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა წაუყენოს ზიანის მიმყენებელ პირს.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მანქანას დაზიანება არ ჰქონდა და მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის გასაზიარებელი და დეფექტურ აქტში მითითებული დაზიანებების ჩამონათვალი არ შეესაბამება რეალობას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების წესზე, რომლის თანახმადაც, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში, მიიჩნევს, რომ დეფექტური აქტის მონაცემები თანხვედრაშია სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ ავტო-საგზაო შემთხვევის სქემასთან, რომელშიც აღწერილია ავტომანქანა ნისანის დაზიანებები - უკანა ბამპერი, უკანა საბარგულის სახურავი, წინა ბამპერი. ამავე სქემაში ნათლად ჩანს ავტომანქანიდან ჩამონაყარი, რაც წინააღმდეგობაში მოდის მოპასუხე ზ-----------------ის განმარტებასთან, რომ მანქანას არაფერი ჰქონდა დაზიანებული, არც პლასმასი იყო გატეხილი. შესაბამისად, დეფექტურ აქტში მითითებული სათუნუქე სამუშაო, სამღებრო სამუშაო, დაშლა-აწყობა, პოლირება, პლასტმასის ერესტავრაცია, გაზის ბალონისდემონტაჟი, მონტაჟი, ბამპერის სამაგრი შპილკები, შესაბამისობაში მოდის საბარგულის სახურავის და ბამპერის დაზიანებასთან.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების შედეგად მოპასუხე ზ-----------------ეს ეკისრებოდა ვალდებულება წარმოედგინა სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულება, მაგალითად ხარჯთაღრიცხვა, რითაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დეფექტურ აქტში მითითებული ხარჯთაღრიცხვა არის შეუსაბამო და ხელოვნულად გაზრდილი. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მას, გარდა ზეპირი განმარტებისა, არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლოს დეფექტური აქტის მონაცემებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს---------------------ს“ სარჩელი ზ-----------------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს საახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი და ასევე გაღებული აქვს ხარჯი 70 ლარის ოდენობით, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის ანაზღაურეება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე სს ”არდი დაზღვევას ” სარჩელი მოპასუხე ზ-----------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ზ-----------------ეს მოსარჩელე ს---------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 596.03 ლარის გადახდა;
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. მოპასუხე ზ-----------------ეს მოსარჩელე სს ”არდი დაზღვევას” სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაეკისროს 50 ლარის გადახდა და ასევე მის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურება 70 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი