გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.03.2019
საქმის ნომერი
140210017001957658
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210017001957658

საქმე №2/788-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 მარტი, 2019 წელი ქ. გორი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

 

მოსარჩელე - შ---------------------ი“

წარმომადგენელი - ლ--–------–--ე

მოპასუხეები - ლ------------------ე

ა-–------------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

დავისსაგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებს: ლ------------------ეს და ა-–------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 554 ლარის გადახდა, საიდანაც 450 ლარი არის ძირი თანხა, 99 ლარი - ერთი თვის სარგებელი, საკომისიო - 5 ლარი;

1.2. მოპასუხეებს: ლ------------------ეს და ა-–------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სესხის ძირითადი თანხის ყოველთვიური 22%-ის ოდენობით გადახდა, ვალდებულების დარღვევიდან, 2016 წლის 30 აპრილიდან სარჩელის წარდგენამდე, 2017 წლის 06 ივნისამდე, 1311.68 ლარის ოდენობით;

1.3. მოპასუხეებს: ლ------------------ეს და ა-–------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების დარღვევიდან, 2016 წლის 30 აპრილიდან სარჩელის წარდგენამდე, 2017 წლის 06 ივნისამდე, 894.05 ლარის ოდენობით;

 

მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა მოპასუხეებს: ლ------------------ეს და ა-–------------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ 1004 ლარის გადახდა, საიდანაც 450 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 99 ლარი - ერთი თვის სარგებელი, 5 ლარი - საკომისიო, 300 ლარი - ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი, 150 ლარი - პირგასამტეხლო.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

2016 წლის 30 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხე ლ------------------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 450 ლარი 30 დღის ვადით, 22%-იან სარგებელთან (99 ლარი) და სესხის მომსახურების საკომისიოსთან (5 ლარი) ერთად დაბრუნების პირობით. ხელშეკრულებით ასევე დადგინდა მსესხებლის მიერ სესხით სარგებლობის მაქსიმალური ვადის გასვლის შემდეგ სესხის თანხის ან მისი ნაწილის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული 30 კალენდარული დღისათვის გადასახდელი თანხის 22% სარგებლის და ასევე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლოს - გადასახდელი თანხის 0,4%-ის გადახდის ვალდებულება. მსესხებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც შ---------------------მა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემის მოთხოვნით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (თუმცა აპლიკანტსა და რესპოდენტს შორის მორიგება ვერ შედგა), რისთვისაც მოსარჩელემ გასწია ხარჯი 100 ლარის ოდენობით, რის ანაზღაურებასაც ითხოვს მოპასუხისგან.

 

მოსარჩელის განმარტებით, 206 წლის 30 მარტს მოპასუხე ა-–------------–---–თან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მან იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება (იხ. სარჩელი და 25.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ლ------------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, სესხის ძირითადი თახის ნაწილში, ხოლო ზიანისა და პირგასამტეხლოს ნაწილში არ ცნო და მიუთითა, რომ მისთვის უცნობი იყო სესხის პირობების, კერძოდ, სარგებლის, პირგასამტეხლოს და ზიანის შესახებ, რაც არის ძალიან მაღალი (იხ. შესაგელი და 25.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

2.2. მოპასუხე ა-–------------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 30 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხე ლ------------------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და მსესხებელს სესხის სახით გადაეცა 450 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 30.03.2016 წ. სესხის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.2. მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ მან არაეთხელ დაარღვია გადახდის გრაფიკი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2016 წლის 30 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხე ლ------------------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 450 ლარი; სესხის დაბრუნების ვადა - 30 დღე; სარგებელი - 22% (99 ლარი); სესხის მომსახურების საკომისიო - 5 ლარი; პირგასამტეხლო - დაუბრუნებელი თანხის 0,4% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 30.03.2016 წ. სესხის ხელშეკრულება

 

3.2.2. 2016 წლის 30 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხე ლ------------------ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით (2.5 პუნქტი) დადგენილია მსესხებლის მიერ სესხით სარგებლობის მაქსიმალური ვადის გასვლის შემდეგ სესხის თანხის ან მისი ნაწილის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული 30 კალენდარული დღისათვის გადასახდელი თანხის 22% სარგებლის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 30.03.2016 წ. სესხის ხელშეკრულება

 

3.2.3. 2016 წლის 30 მარტს ა-–------------–---–ან დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ა-–------------–---–მა კრედიტორის წინაშე იკისრა ვადებულება ძირითადი მოვალის დავალიანების სოლიდარულად დაფარვის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- წერილობითი განცხადება და თავდებობის ხელშეკრულება

 

3.2.4. მოპასუხე ლ------------------ემ აღიარა მისი მხრიდან მოსარჩელის მიმართ 450 ლარის (სესხის ძირი თანხა) გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოპასუხის აღიარება (შესაგებელი, 25.03.2019 წ. სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შესფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე შ---------------------ის“ დაზუსტებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკიროს 450 ლარის - ძირი თანხის, ერთი თვის სარგებლის გადახდა 13.5 ლარის ოდენობით, საკომისიოს - 5 ლარის, პირგასამტეხლოს - 100 ლარის და ასევე ზიანის სახით 2016 წლის 30 აპრილიდან 2017 წლის 06 ივნისამდე ყოველთვიურად სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის (450 ლარი) 3 %-ის გადახდა - 175.5 ლარის (თვეში 13.5 ლარი 13 თვის განმავლობაში) ოდენობით.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 403-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2016 წლის 30 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხე ლ------------------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, შესაბამისად, წარმოიშვა მისი შესრულების ვალდებულება, ხოლო კრედიტორის მხრიდან მოვალის მიმართ მისი შესრულების მოთხოვნის უფლება.

 

აღნიშნული ხელშეკრულებით (ხელწერილი) ცალსახადაა დადგენილი, რომ ლ------------------ემ ისესხა 450 ლარი 22% სარგებლით და ამავე ხელშეკრულებით დადგენილია, სესხით სარგებლობის მაქსიმალური ვადის გასვლის შემდეგ სესხის თანხის ან მისი ნაწილის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული 30 კალენდარული დღისათვის გადასახდელი თანხისათვის ხელშეკრულებით დადგენილი სარგებლის გადახდის ვალდებულება.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნამდვილობა, ასევე სადავო არ გამხდარა, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია თანხის გადახდის ვალდებულება, სადავოა მხოლოდ სარგებლის, პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

ამდენად, როგორც მხარეთა განმარტებებით დასტურდება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა დარღვეულია, ე.ი. მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ შესრულრბულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესაბამისად, კრედიტორს წარმოეშვა მოპასუხისათვის, როგორც პირგასამტეხლოს მოთხოვნის, ისე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

ამდენად, საკომისიოს გადახდის ვალდებულება მხარეებმა გაითვალისწინეს ხელშეკრულებით. ამდენად, მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს საკომისიო, ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით, სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ ხელშეკრულების მიხედვით პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს დავალიანების 0.4%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შემდეგ შეადგინა 0.06%. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირებაა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა, არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს 100 ლარით (0.04%).

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სასამართლო აღნიშნავს, რომ თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეთათვის ზიანის სახით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური 22%-ის ოდენობით სარგებლის დაკისრებას, რამაც მოთხოვნის შემცირების შემდეგ დაახლოებით თვეში 5,12% შეადგინა, რაც წლიურ 61.5%-ია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ოდენობით განსაზღვრული სესხის სარგებელი ეწინააღმდეგება სასესხო ურთიერთობებში საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესრიგს (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის №ას-663-629-2015 გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტებას, რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობას, რომელიც სესხისათვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს („...თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა“. ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი შემცირდა წლიურ 48%-მდე).

 

რაც შეეხება თავდებს, დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია თავდებობის ხელშეკრულებებით.

 

8.9. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

8.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

7. პროცესის ხარჯები:

 

7.1. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი, ასევე დადასტურებულია, რომ მან სასარჩელო მოთხოვნა მოსამზადებელ ეტაპზე შეამცირა.

 

გარდა აღნიშნული გარემოებისა, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი. შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 50.65 ლარი, ხოლო 49.35 უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის და ასევე მის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის ანაზღაურება, კერძოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თახის ანაზღაურება 9.35 ლარის ოდენობით და გაღებული ხარჯის სახით - 100 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე შ---------------------ის“ დაზუსტებული სარჩელი მოპასუხეების: ლ------------------ის და ა-–------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს: ლ------------------ეს და ა-–------------–---–ს მოსარჩელე შ---------------------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 744 ლარის გადახდა (სესხის ძირი თანხა - 450 ლარი, ერთ თვის სარგებელი - 13,5 ლარი, საკომისიო - 5 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი, ზიანი - 175.5 ლარი).

 

3. მოსარჩელე შ---------------------ს“ (ს/კ: 204569243) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 06 ივნისს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22, ლ------------------ისა და ა-–------------–---–ის საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან (საგადასახადო დავალება №024) 50.65 ლარი, ხოლო 49.35 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. მოპასუხეებს: ლ------------------ეს და ა-–------------–---–ს მოსარჩელე შ---------------------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 9.35 ლარის გადახდა და ასევე მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი