განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ----– ს---------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ--- ზ-------- ძე ქ---------ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2--------, რეგისტრირებული: თ---–---- ს---------- ქუჩა #--, კორპუსი #-, ბინა #---–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- დ-----------ს ქუჩა #---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილი (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფაში)
ადვოკატი - ნ-----–- ს--------
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა ნ--- ქ---------ის ბრალდების საქმის არსებითი განხილვა, რა დროსაც ნ--- ქ---------მა განახორციელა სასამართლოს უპატივცემულობა. სასამართლოს უპატივცემულობა გამოიხატა შემდეგში - ნ--- ქ---------მა მოსამართლე ნ---- ნ------ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა ნ--- ქ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან ბრალის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ნ---- ნ------ას და მოწმეების - გ-------------–------------------------------------------------------------------------------–---------- გამოკითხვის ოქმებს, ვიდეო და აუდო ფირის დათვალიერების ოქმს, ნივთიერ მტკიცებულებას, კერძოდ, 2018 წლის 13 ივლისის სხდომის ოქმის აუდიო და ვიდეო ვერსიას ელექტრონულ დისკებზე და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ნ--- ქ---------ის ქმედება გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფაში, 2018 წლის 13 ივლისს, მას შემდეგ რაც მოსამართლე ნ---- ნ------ამ სასამართლო სხდომის დარბაზში მოსამართლის მითითებების და განკარგულებების შეუსრულებლობის გამო მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულ ნ--- ქ---------ის სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ (არაერთი მოწოდების მიუხედავად ბრალდებული არღვევდა წესრიგს სხდომის დარბაზში), ამ უკანასკნელმა მოსამართლეს შეაგინა. ბრალდებულის ქმედებამ მორალური ზიანი მიაყენა დაზარალებულ მოსამართლეს - ნ---- ნ------ას და ხელი შეუშალა სასამართლო პროცესის ნორმალურ ვითარებაში წარმართვას.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილში კრიმინალიზებულია სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატება მოსამართლის შეურაცხყოფაში. დანაშაულის ობიექტია მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოს - სასამართლოს ნორმალური საქმიანობა და სასამართლოს ავტორიტეტი, ხოლო დამატებითი ობიექტია მოსამართლის პატივი და ღირსება.
3.3. ზღვარი სასამართლოს შეურაცხყოფასა და მოსამართლის კრიტიკას შორის ნათლად არის გავლებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიხაილოვა უკრაინის წინააღმდეგ (Mikhaylova v. Ukraine), no 10644/08, 6 მარტი 2018წ. აღნიშნა, რომ მხარეები ნამდვილად უფლებამოსილი არიან კომენტარი გააკეთონ მართლმსაჯულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, რათა დაიცვან თავიანთი უფლებები, თუმცა, მათი მხრიდან გამოხატული კრიტიკა არ უნდა გასცდეს გარკვეულ ფარგლებს. კერძოდ კი, ზღვარი უნდა გაევლოს კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის. თუკი ნებისმიერი სახის გამოხატვის ერთადერთი განზრახვაა სასამართლოს ან მისი წევრების შეურაცხყოფა ან თავდასხმა, შესაფერი სანქციის გამოყენება არ განაპირობებს კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას (see, for example, Skałka v. Poland, no. 43425/98, § 34, 27 May 2003; Saday v. Turkey, no. 32458/96, § 36, 30 March 2006; and Žugić v. Croatia, no. 3699/08, § 45, 31 May 2011). სასამართლო დარბაზში მხარეთა გამოხატვის თავისუფლება არ არის შეუზღუდავი და გარკვეული ინტერესები, როგორიცაა მართლმსაჯულების ავტორიტეტი, საკმარისად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დასაბუთდეს ამ უფლების შეზღუდვები (see Mariapori v. Finland, no. 37751/07, § 62, 6 July 2010).
3.4. უდავო ფაქტებით დგინდება, რომ ნ--- ქ---------მა 2018 წლის 13 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე ბრალდების საქმეზე, საქმის განმხილველ მოსამართლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა მოსამართლის უხამსი სიტყვებით გინებაში, აღნიშნული კი ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად სცდება დასაშვები კრიტიკის ფარგლებს და წარმოადგენს სასამართლოს უპატივცემულობას, გამოთქმულს მოსამართლის შეურაცხყოფით.
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.6. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ნ--- ქ---------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფაში.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ნ--- ქ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ბრალდებულის მხრიდან უკიდურესად უხამსი ფორმით მოსამართლის შეურაცხყოფა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასამართლოს შეფასებით პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება მნიშვნელოვნად გადაწონა პასუხისმგებლობის დამამძიმებელმა გარემოებამ, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრის დროს.
5.4. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლომ გაითვალისწინა კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნები. კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ ჩაიდინოს მსგავსი ან სხვა სახის დანაშაული, ზოგადი პრევენცია როგორც წესი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ თუ ასეთ დანაშაულს ჩაიდენენ, მათ მიმართაც მკაცრი მიდგომა იქნება გამოყენებული. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ნ--- ქ---------ს უნდა განესაზღვროს სსკ-ის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მაქსიმუმთან მიახლოებული ზომა. სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ნ--- ქ---------ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება, გარდა ამისა, პირის მსჯავრდება ემსახურება მართლმსაჯულების ავტორიტეტის შენარჩუნების ლეგიტიმურ მიზანს და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
5.5. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7---------რის განაჩენით ნ--- ქ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილით, მე-4 ნაწილით და სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. პროკურორის მიერ საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1--------რის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7---------რის განაჩენი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაცვის მხარემ გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო სასჯელს ვერ განსაზღვრავს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პრინციპით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, 2018 წლის 13 ივლისის სასამართლო პროცესის ამსახველი აუდიო და ვიდეო ჩანაწერი 2 კომპიუტერულ დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ--- ქ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
2.მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 22 თებერვლიდან.
3. ნივთიერი მტკიცებულება:
2018 წლის 13 ივლისის სასამართლო პროცესის ამსახველი აუდიო და ვიდეო ჩანაწერი 2 კომპიუტერულ დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა