განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100119002878443
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
საქმის # 1/68-2019 წ.
29 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი რ----------–----ე
დაცვის მხარე - ადვოკატი გ-----–-----ე
ბრალდებული - გ-------------ე (დაბადებული 0--------- წელს, პირადი ნომერი: 6----------, მოქალაქეობა: საქართველო, განათლება: ს-–----–ო, დაოჯახებული; ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხულოს რაიონი, სოფელი წ---–--ა).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, ჩადენილი არაერთგზის, რამაც გამოიწვია ტანჯვა.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენით, ოჯახური ძალადობისათვის (საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით) ნასამართლევი გ-------------ე, 2018 წლის სექტემბრის თვიდან 2018 წლის 01 ნოემბრამდე ჩათვლით პერიოდში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ---–--აში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე ურთიერთ შელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტისას, სისტემატურად შეურაცხყოფდა, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა, აშანტაჟებდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს რძალს მ--–------------ს, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, ჩადენილი არაერთგზის, რამაც გამოიწვია ტანჯვა.
ბრალდებულმა გ-------------ემ, როგორც გამოძიების, ასევე სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება, მ--–-----------ის, ხ--------------ის, მ----–----------ის, თ------------ის, მ----------ის, ჯ----–-------ის, მ-----------ის, დ------------ის, გ-------------ის გამოკითხვის ოქმები, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, დაკავების ოქმი, დაზარალებულის წერილობითი თანხმობა, დახასიათება.
ამრიგად, უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა გ-------------ემ ოჯახის წევრის რძლის მ--–-----------ის მიმართ, არაერთგზის განახორციელა სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია მ--–-----------ის ტანჯვა.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა გ-------------ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის წევრის რძლის მ--–-----------ის მიმართ არაერთგზის, სისტემატური შეურაცხყოფით და დამცირებით, რამაც გამოიწვია ტანჯვა - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ოჯახის რძალი, რაც ამავე დროს ხელყოფს ოჯახში თანასწორუფლებიანობას და მშვიდ თანაცხოვრებას, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ქმედების განმსაზღვრელი მოტივი იყო პირადი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ოჯახის წევრისადმი უპატივცემულობა და მოქალქეობრივი მოვალეობებისადმი ზერელე დამოკიდებულებით საკუთარი უპირატესობის წარმოჩენა, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა ოჯახში და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, რაც დასაგმობია. სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, თუმცა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშული. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაზარალებულს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია. გ-------------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, რაც მიუთითებს, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის სახედ პირობით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რა დროსაც გასათვალისწინებელია საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლებით დადგენილი წესი, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის რეციდივი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენით გ-------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათის ვადით, საიდანაც მოსახდელად დარჩენილი აქვს 54 საათი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად - არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ქმედების დასჯადობა, რომელიც ჩადენილია არაერთგზის.
ვინაიდან გ-------------ის მიმართ არსებობს განაჩენთა ერთობლიობა მას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახ დანაშაულს.
ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:
ნივთმტკიცება წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით (ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენით) დანიშნული სასჯელის საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის 250 საათის მოუხდელი ნაწილი 54 საათი და საბოლოოდ გ-------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 54 საათის ვადით.
გ-------------ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო, 2019 წლის 07 თებერვლიდან 2019 წლის 29 მარტის ჩათვლით, გაუქმდეს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გ-------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, ასევე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახისა და ყოველდღიური ხანგრძლივობის, სამუშაო ადგილის, დამსაქმებლის განსაზღვრა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი