განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100119002881315
N1/92-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
28.03.2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - ია მეფარიშვილი
დაცვის მხარე
ადვოკატები: გოჩა გოჩიტაშვილი, ნოდარ ცინცაძე
ბრალდებული - ალექსანდრე გ-------ს ძე ჯ-------–-–---–ი, დაბადებული 1968 წლის 3--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------------------------------
კვალიფიკაცია
იძულება, კერძოდ, ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ა-–---------- ჯ-------–-–---–მა ჩაიდინა იძულება, კერძოდ, ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 21:20 საათზე, ნასვმა მდგომარეობაში მყოფი ა-–---------- ჯ-------–-–---–ი მივიდა ქალ--------–---------–---–-------------–-----------------------------------–--, რათა შეეძინა პროდუქტი, რა დროსაც სუპერმარკეტის მოლარე-ოპერატორ ხ---------–-------, თანხის გადახდის გამო, მოუვიდა შელაპარაკება. ა-–---------- ჯირკველიშვილმა ხატია კ--–---ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა ხ----- კ--–---მა გადაწყვიტა სუპერმარკეტის კუთვნილი მობილური ტელეფონით დაერეკა სუპერმარკეტის მენეჯერისათვის, რათა შეეტყობინებინა მომხდარის შესახებ, რისი უფლებაც მას ჰქონდა. ა-–---------- ჯ-------–-–---–მა დაინახა რა აღნიშნული, ხ----- კ--–---ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ხელიდან გამოსტაცა 50 (ორმოცდაათ) ლარად ღირებული, ,,ფლაის“ ფირმის, მობილური ტელეფონი, რითაც მას არ მისცა ტელეფონზე დარეკვის შესაძლებლობა და კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ ა-–---------- ჯ-------–-–---–ი გამოვიდა სუპერმარკეტიდან და იმის გამო, რომ ხ----- კ--–---ს მობილური ტელეფონით კვლავ არ ესარგებლა, ტელეფონი დადო სუპერმარკეტის წინ გაჩერებულ ავტომანქანის სახურავზე.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის ა-–---------- ჯ-------–-–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა-–---------- ჯ-------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების - ხ----- კ--–---ის, ა-–---------- ჯ-------–-–---–ის, მ------ ვ-----–---–ის, დ----- მ-----–---–ის, მარიამ მ---------–---ს და ე-–----------–----–---–ის გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმები, საგამოძებო ექსპერიმენტის ოქმი, დათვალიერების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები.
ა-–---------- ჯ-------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ა-–---------- ჯ-------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს აზრით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ზემოთ დასახელებული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ა-–---------- ჯ-------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება - კანონის ფარგლებში იმოქმედოს თავისი შეხედულებისამებრ და გარკვეულ საკითხზე, საკუთარი ნების შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილებები. დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა მხოლოდ მაშინ, თუ პირს აიძულებენ, შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან მისგან თავის შეკავება მისი უფლებაა და კანონით მისი გადასაწყვეტია, ამ მოქმედებას განახორციელებს თუ არა. ამდენად, ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ შეზღუდვა იყოს უკანონო, ხოლო ქმედება - დაზარალებულის ნება-სურვილის საწინააღმდეგო. დანაშაული გამოიხატება პირის თავისუფალ ნებაზე ფიზიკურ ან ფსიქიკურ ზემოქმედებაში, რაც მისი ნამდვილი ნების მიუხედავად, აიძულებს მიიღოს გადაწყვეტილება გარკვეული სახის მოქმედების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ, ხოლო მიაღწევს თუ არა დამნაშავე დასახულ მიზანს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულის მოქმედება განაპირობა დაზარალებულის ვიქტიმურმა ქცევამ, რის გამოც ა-–---------- ჯ-------–-–---–ი აღმოჩნდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში. ბრალდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების განმარტებით, ა-–---------- ჯ-------–-–---–მა დაზარალებულს მხოლოდ იმ მიზნით წაართვა მობილური ტელეფონი, რათა იგი ხ----- კ--–---ის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მათ შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების შესახებ პირადად დალაპარაკებოდა. ბრალდებულს არ სურდა კონფლიქტის გაგრძელება და სწორედ ამიტომ შეეცადა პირადად, ტელეფონზე საუბრით, განემუხტა სიტუაცია. დაცვის მხარის განმარტებით, ტელეფონის წართმევით მან აიცილა უფრო მნიშვნელოვანი ზიანი, რაც შესაძლოა დაზარალებულის ოჯახის წევრებისა და ახლობლების სუპერმარკეტ „-----–-“ მოსვლას მოჰყოლოდა, ამიტომ ტელეფონის წართმევა სწორედ უკიდურესი აუცილებლობით იყო განპირობებული.
თავდაპირველად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების გამოკითხვის ოქმებისა, არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს იმაზე, რომ ხ----- კ--–---ი ა-–---------- ჯ-------–-–---–ს ოჯახის წევრებითა და ახლობლებით ემუქრებოდა და სწორედ ამ მიზნით სურდა მობილურ ტელეფონით დაერეკა მათთან. დაზარალებულის, დანაშაულის თვითმხილველი მოწმის, სუპერმარკეტ „-------“ კონსულტანტის - მ------ მ---------–---ს და ამავე სუპერმარკეტის მენეჯერის - მ----ა მ-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ ერთი მხრივ, ხ----- კ--–---ს მობილურ ტელეფონზე დარეკვის დაწყებამდე არ დაუკონკრეტებია თუ სად აპირებდა დარეკვას, მეორე მხრივ კი იგი ნამდვილად დაუკავშირდა სუპერმარკეტის მენეჯერს, რომელსაც შეატყობინა მომხმარებელთან განვითარებული მოვლენების შესახებ. მიუხედავად ამისა, უდავოა, რომ მობილური ტელეფონით სარგებლობა ხ----- კ--–---ის უფლებას წარმოადგენდა, ხოლო თუ ვის ან რა მიზნით დაუკავშირდებოდა იგი, აღნიშნულ გარემოებას ქმედების იძულების დანაშაულით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით და საქმეზე გამოკითხული ყველა მოწმის განმარტებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ა-–---------- ჯ-------–-–---–მა ხ----- კ--–---ს მობილური ტელეფონი წაართვა, სუპერმარკეტის ტერიტორიიდან გაიტანა და იქვე მდგომი ავტომანქანის სახურავზე შეაგდო, რითაც მას შეუზღუდა ტელეფონით სარგებლობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, მობილური ტელეფონით დარეკვის შეზღუდვა იყო უკანონო, ხოლო ბრალდებულის ქმედება - დაზარალებულის ნება-სურვილის საწინააღმდეგო. განსახილველ შემთხვევაში, ა-–---------- ჯ-------–-–---–ის დანაშაულებრივი ქმდება გამოიხატა ხ----- კ--–---ის თავისუფალ ნებაზე ფიზიკურ ზემოქმედებაში, რითაც მან დაზარალებულის ნამდვილი ნების მიუხედავად, აიძულა იგი მობილური ტელეფონით არ ესარგებლა.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ალტერნატიულ ვერსიას იმის შესახებ, თითქოს ა-–---------- ჯ-------–-–---–მა მობილური ტელეფონის ავტომანქანის სახურავზე დატოვებით ფაქტობრივად ნებაყოფლობით ხელი აიღო დანაშაულის ჩადენაზე, რამდენადაც ტელეფონის წართმევით მან უკვე განახორციელა იძულების დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტი. დანაშაულის შემდგომ ქცევას კი მოცემულ შემთხვევაში კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
ამდენად, სასამართლოს აზრით, უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა-–---------- ჯ-------–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.
რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. ა-–---------- ჯ-------–-–---–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიზანს სწორედ ხ----- კ--–---ისათვის მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლების უკანონო შეზღუდვა წარმოადგენდა, რაც მან ტელეფონის წართმევით სისრულეში მოიყვანა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-–---------- ჯ-------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-–---------- ჯ-------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.
თავდაპირველად სასამართლო აღნიშნავს, რომ ა-–---------- ჯ-------–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის, განზრახ დანაშაულთა რიგს, რომელიც იწვევს დაზარალებულზე მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედებას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა თავისი ქცევით ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. მან საქმის არსებითი განხილვის პირველივე სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ და სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ა-–---------- ჯ-------–-–---–ი სისტემატურად ცხადდებოდა სასამართლოში, მისი მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: ა-–---------- ჯ-------–-–---–ი არის 5- წლის, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია პირველად, დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და შვილები აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლოს აზრით, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ იმას, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად ა-–---------- ჯ-------–-–---–ის საზოგადოებისაგან იზოლირება არ იქნება სამართლიანი. სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, დაზარალებულისადმი მისი დამოკიდებულების და სხვა დადებითი პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, ა-–---------- ჯ-------–-–---–ის მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს არასაპატიმრო სასჯელი მინიმალური ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
სასამართლოს აზრით, ა-–---------- ჯ-------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1300 (ათას სამასი) ლარის ოდენობით, რაც მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 3 თებერვლიდან 2019 წლის 5 თებერვლის ჩათვლით), უნდა შეუმცირდეს 300 (სამასი) ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხები:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ა-–---------- ჯ-------–-–---–ის ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ა-–---------- ჯ-------–-–---–ს, ხოლო ფლაის“ ფირმის მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს სუპერმარკეტ „-------.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 42-ე და 62-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-ე-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე მუხლებით და
დაადგინა
1. ა-–---------- ჯ-------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1300 (ათას სამასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ა-–---------- ჯ-------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 3 თებერვლიდან 2019 წლის 5 თებერვლის ჩათვლით), შეუმცირდეს 300 (სამასი) ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. მსჯავრდებულ ა-–---------- ჯ-------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს. გირაოს შემტანს - მ------ ვ-----–---–ს (პ--------------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).
3. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· ა-–---------- ჯ-------–-–---–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ა-–---------- ჯ-------–-–---–ს;
· „ფლაის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ქა-–--------–---------–---–-------------–ი მდებარე სუპერმარკეტ „-------.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე