განაჩენი

სისხლის სამართლის 29.03.2019
საქმის ნომერი
190100119002885800
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-174-19

(№012070219002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - ხატია გოგრიჭიანი

 

დაცვის მხარე: ადვოკატი - არჩილ ცაგურია

 

ბრალდებული: ი-----–-----–-----ი

პირადი ნომერი: №3----------

დაბადებული: 31.07.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რუსთავი, რ-----–-–---–------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).

 

თარჯიმანი: ეკატერინე ჩუბინიძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

- ი-----–-----–-----ი 19 წელი ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა ქ-------------–-----თან, რომელსაც 2018 წლის 31 დეკემბრიდან 2019 წლის 06 თებერვლის ჩათვლით, თითქმის ყოველდღიურად, მათი საერთო არასრულწლოვანი შვილების: 12 წლის ლ-------–-----ის, 10 წლის ლ---–--------–-----ისა და 09 წლის ლ-----------–-----ის თანდასწრებით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას; 2019 წლის 02 თებერვალს, ღამის საათებში, ქალაქ რუსთავში, რ-----–-–---–--------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, დასაკეცი დანით მარცხენა იდაყვზე და მარცხენა ბარძაყზე მიაყენა დაზიანებები, ასევე უკბინა მარჯვენა მკლავისა და მარცხენა მტევნის მიდამოებში. ქ-------------–-----მა ი-----–-----–-----ის ძალადობრივი ქმედებებით განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

- მანვე, 2019 წლის 6-7 თებერვლის შუალედში, მათი საერთო არასრულწოვანი შვილების: 12 წლის ლ-------–-----ის, 10 წლის ლ---–--------–-----ისა და 09 წლის ლ-----------–-----ის თანდასწრებით, ძლიერად მოქაჩა თმა, რითიც ქ-------------–-----მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2019 წლის 19 მარტს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ი-----–-----–-----მა წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად სცნო დამნაშავედ. საქმეში არსებული ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გახადა უდავოდ; მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

სასამართლოს დასკვნა, ი-----–-----–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: გ-----------------–---–ის, ლ-----------–-----ის, ლ---–--------–-----ის, ლ--------------–---–ის და დაზარალებულ ქ-------------–-----ის გამოკითხვის ოქმებს და ქ-------------–-----ის სამედიცინო შემოწმების დოკუმენტაციას. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებობს ისეთი ფაქტების ანდა ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც საკმარისია ვარაუდისთვის, რომ ბრალდებულის მიერ შესაძლოა ჩადენილია მისთვის ინკრიმინირებული დანაშაული.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.

 

ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. დანაშაული გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში. მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილით დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება იგივე ქმედების ჩადენა, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისი ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით, ოჯახში ძალადობა, როგორი ფორმითაც არ უნდა ვლინდებოდეს, მის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ძალადობის უშუალო მსხვერპლს არ წარმოადგენს, ძალადობის მოწმედ ყოფნა, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან ადამიანებს შორის, როგორიც მშობლებია, უარყოფითად აისახება მის კეთილდღეობაზე და მოწყვლადს (განსაკუთრებული ზრუნვისა და საჭიროების მქონეს) ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის №1გ/79-17 განჩინებაში ნათქვამია, რომ ,,ოჯახური ძალადობა, რაც ტრადიციულად მიიჩნეოდა ოჯახის ,,შიდა საქმედ’’, გასცდა ამ ვიწრო გაგებას და იგი, დღეის მდგომარეობით მიჩნეულია ისეთ დანაშაულად, რომელიც საფრთხეს უქმნის არამარტო ცოლ-ქმრის ურთიერთობას, არამედ მცირეწლოვანი შვილების ნორმალურ ფსიქიკურ გარემოში განვითარებას”

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ი-----–-----–-----ის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო ჩადენილი ქმედების (ოჯახში ძალადობის) საზოგადოებრივ საშიშროებისა და ხასიათის, მისი გავრცელების მასშტაბებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდებულის პირადი და ეკონომიკურ პირობების, დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, რომ შეურიგდა ბრალდებულს, მიაჩნევს, რომ ი-----–-----–-----ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.

 

აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ი-----–-----–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს (გადაუხდელია) და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის ვადა 2019 წლის 07 თებერვლიდან 2019 წლის 19 მარტის ჩათვლით.

 

საქართველოს სსსკ-ის 81 მუხლის შესაბამისად საქმეზე ამოღებული სახრახნისი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბოლოო გადაწყვეტილების მირების შემდეგ (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილებაში)

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–-----–-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის ორ ეპიზოდში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (2019 წლის 02 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით

 

საქართველო სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით (2019 წლის 06-07 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ი-----–-----–-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი)წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 12.06.2014 წლის N1-278-14 განაჩენით დანიშნული და ამავე სასამართლოს 05.09.2014წ. განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 ლარი და საბოლოოდ, ი-----–-----–-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03(სამი) წელი.

 

2. ი-----–-----–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის ვადა 2019 წლის 07 თებერვლიდან 2019 წლის 19 მარტის ჩათვლით.

 

3. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

5. საქართველოს სსსკ-ის 81 მუხლის შესაბამისად, საქმეზე ამოღებული სახრახნისი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბოლოო გადაწყვეტილების მირების შემდეგ (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილებაში).

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი