გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7018-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,მ---------–ო“
წარმომადგენელი - გ------- ჟ-------–---–ი
მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ე---------- ა---–--–-
მესამე პირი - შპს ,,ზ--------–ი“
წარმომადგენელი - ზ---- გ--------ე
მესამე პირი - შპს ,,ს-----------------–ვი“
მესამე პირი - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ნ---- ს----–---–ი
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 31 აგვისტოს №----------------- განკარგულება 10 ტონიან ცისტერნასა და ცისტერნა რეზერვუარზე საკუთრების უფლების გადაცემის ნაწილში.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ უსაფუძვლობის გამო სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მისივე განმარტებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. მესამე პირების პოზიცია:
3.1. მესამე პირის - შპს ,,ზ--------–ის“ წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3.2. შპს ,,ს-----------------–ვის“ წარმომადგენელი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადებულა. სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით.
3.3. მესამე პირის - სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი დაეთანხმა საქმეზე წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3.4. მესამე პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც შესაგებელი წარმოუდგენია.
4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 05 ნოემბრის N---------- ბრძანებით ყადაღა დაედო სს ,,ს-----------------–ვის“ ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ) აქტივებს.
2009 წლის 30 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მომართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) სს ,,ს-----------------–ვის“ დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 იანვრის ბრძანებით (საქმე N---------- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დადგინდა გადასახადის გადამხდელის სს ,,ს-----------------–ვის“ ყადაღადადებული ქონების ღია აუქციონის წესით რეალიზაცია.
აღნიშნული ბრძანების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2012 წლის 10 ივლისს გაცემული იქნა N--------- სააღსრულებო ფურცელი, მოვალე სს ,,ს-----------------–ვის“ მიმართ, კრედიტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 იანვრის N--------- ბრძანებასა და 2012 წლის 10 ივლისის N--------- სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოთხოვნის იძულებით აღსრულების მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაწყებული იქნა სააღსრულებო წარმოება N-----------
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 05 ნოემბრის N---------- ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (ტ.3, ს.ფ. 473);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 იანვრის ბრძანება გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე (საქმე N---------- (ტ.3, ს.ფ. 455-458);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 ივლისის N--------- სააღსრულებო ფურცელი (ტ.3, ს.ფ. 454);
- 2016 წლის 24 მაისის აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 35);
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2010 წლის 29 დეკემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება (საქმე N----------, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე - სს ,,ს-----------------–ვს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 56 633 883.25 აშშ დოლარის ექვივალენტის გადახდა ლარში.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2012 წლის 17 მაისს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი (საქმე N----------, სადაც მოვალედ მიეთითა - სს ,,ს-----------------–ვი“, ხოლო კრედიტორად - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე N---------- (ტ.2, ს.ფ. 12-24);
-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის სააღსრულებო ფურცელი (საქმე N---------- (ტ.2, ს.ფ. 11);
4.3. 2012 წლის 22 მაისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საქმეზე N--------- და 2012 წლის 17 მაისის N--------- სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვა სს ,,ს-----------------–ვის“ მიმართ არსებული მოთხოვნის იძულებით აღსრულება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2012 წლის 22 მაისის განცხადება (ტ.2, ს.ფ. 10);
4.4. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2012 წლის 23 მაისს N------------------ და 2013 წლის 02 აპრილს N------------------ წინადადებებით მიმართა სს ,,ს-----------------–ვს“ და აცნობა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია A-------- სააღსრულებო საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 17 მაისს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, სს ,,ს-----------------–ვს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 56 633 883.25 აშშ დოლარის ექვივალენტის გადახდა ლარში. ამასთან, მოვალეს მიეცა წინადადება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, დაკისრებული თანხა გადაეხადა ნებაყოფლობით, 7 დღის ვადაში და თანხა ჩაერიცხა აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.
სს ,,ს-----------------–ვის“ გენერალურმა დირექტორმა 2013 წლის 10 აპრილს N----- წერილით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს და აცნობა, რომ სს ,,ს-----------------–ვი“ იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში და მოკლებულია შესაძლებლობას კრედიტორული დავალიანების დაფარვა განახორციელოს ნებაყოფლობით. ამასთან, აცნობა, რომ სს ,,ს-----------------–ვს“ გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება 22 714 460 ლარის ოდენობით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 5 ნოემბრის N---------- ბრძანების საფუძველზე საწარმოს (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს) ქონებას დაედო ყადაღა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2012 წლის 23 მაისის N------------------ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტ.2, ს.ფ. 30-32);
- 2013 წლის 02 აპრილის N------------------ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტ.2, ს.ფ. 33-35);
- სს ,,ს-----------------–ვის“ გენერალური დირექტორის 2013 წლის 10 აპრილის N----- წერილი (ტ.2, ს.ფ. 29);
4.5. 2016 წლის 24 მაისს, 17:00 საათზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გ------- ჩ----------- მიერ შედგენილი იქნა აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ. აქტში მიეთითა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია: 1) A-------- სააღსრულებო საქმე, სააღსრულებო ფურცელი N---------, გაცემული 17.05.2012 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, რომლის თანახმად, სს ,,ს-----------------–ვს“ (---------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 56 633 883.25 აშშ დოლარის გადახდა; 2) A-------- სააღსრულებო საქმე, სააღსრულებო ფურცელი N---------, გაცემული 10.07.2012 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, რომლის თანახმად, უნდა მოხდეს სს ,,ს-----------------–ვის“ (---------- დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში ასევე აღინიშნა, რომ აღმასრულებელმა მოახდინა მ–------------------------–-----–- მდებარე მოვალე სს ,,ს-----------------–ვის“ (---------- კუთვნილი ქონების აღწერა-დაყადაღება, რომელთა შორის მიეთითა: ცისტერნა 10 ტონიანი და ცისტერნა რეზერვუარი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2016 წლის 24 მაისის აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 35);
4.6. სს ,,ს-----------------–ვის“ დაყადაღებული მოძრავი ქონება, მათ შორის ცისტერნა 10 ტონიანი და ცისტერნა რეზერვუარი, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გასხვისდა საჯარო აუქციონის გზით.
2016 წლის 31 აგვისტოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცემული იქნა განკარგულება N------------------- რომლის თანახმად, მოვალე სს ,,ს-----------------–ვის“ (---------- საკუთრებაში რიცხული ქონების, მათ შორის 1 ცალი 10 ტონიანი ცისტერნის და 1 ცალი და ცისტერნა რეზერვუარის შემძენი 22.08.2016 წელს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა შპს ,,ზ--------–ი“ (----------- ამავე განკარგულებაში მიეთითა, რომ აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორების, მათ შორის N A-------- სააღსრულებო წარმოების კრედიტორის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 31 აგვისტოს განკარგულება N------------------ და მისი დანართი N- (ტ.1, ს.ფ. 36-41);
4.7. შპს ,,მ---------–ომ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გ------- ჩ----------- მიერ 2016 წლის 24 მაისს შედგენილ ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთებიდან: 10 ტონიანი ცისტერნის, ცისტერნა რეზერვუარის და ამწე მექანიზმის დირესთან ერთად, ყადაღისგან გათავისუფლება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე N-----------, შპს ,,მ---------–ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე N---------- (ტ.1, ს.ფ. 170-174);
-თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინება საქმეზე N---------- (ტ.1, ს.ფ. 163-169);
-საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 იანვრის განჩინება საქმეზე N------------- (ტ.4, ს.ფ. 53).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,მ---------–ოს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 31 აგვისტოს №----------------- განკარგულება აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და იგი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
მითითებული კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს აღსრულების ქვემდებარე აქტებს, რომლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა, ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 22 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 დეკემბრის კანონიერ ძალაში გადაწყვეტილება საქმეზე N---------, 2012 წლის 17 მაისის N--------- სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვა სს ,,ს-----------------–ვის“ მიმართ არსებული მოთხოვნის იძულებით აღსრულება.
დადგენილია, რომ აღნიშნული განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაიწყო სააღსრულებო წარმოება NA--------, მოვალე სს ,,ს-----------------–ვის“ მიმართ. ასევე დადგენილია, რომ სს ,,ს-----------------–ვის“ მიმართ, აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარეობდა სხვა სააღსრულებო წარმოებაც N A--------, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 10.07.2012 წელს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, რომლის თანახმად, უნდა მომხდარიყო სს ,,ს-----------------–ვის“ (---------- დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ.
7.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2012 წლის 23 მაისს N------------------ და 2013 წლის 02 აპრილს N------------------ წინადადებებით მიმართა სს ,,ს-----------------–ვს“ და აცნობა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია A-------- სააღსრულებო საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 17 მაისს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, სს ,,ს-----------------–ვს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 56 633 883.25 აშშ დოლარის ექვივალენტის გადახდა ლარში. ამასთან, მოვალეს მიეცა წინადადება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, დაკისრებული თანხა ნებაყოფლობით გადაეხადა 7 დღის ვადაში და თანხა ჩაერიცხა აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.
დადგენილია, რომ სს ,,ს-----------------–ვის“ გენერალურმა დირექტორმა 2013 წლის 10 აპრილს N----- წერილით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს და აცნობა, რომ სს ,,ს-----------------–ვი“ იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში და მოკლებულია შესაძლებლობას კრედიტორული დავალიანების დაფარვა განახორციელოს ნებაყოფლობით. ამასთან, აცნობა, რომ სს ,,ს-----------------–ვს“ გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება 22 714 460 ლარის ოდენობით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 5 ნოემბრის N---------- ბრძანების საფუძველზე საწარმოს (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს) ქონებას დაედო ყადაღა. ამდენად, მოვალემ უარი განაცხადა A-------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში არსებული მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებაზე.
7.4. სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.
დადგენილია, რომ 2016 წლის 24 მაისს, 17:00 საათზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გ------- ჩ----------- მიერ შედგენილი იქნა აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ. აქტში მიეთითა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია: 1) A-------- სააღსრულებო საქმე, სააღსრულებო ფურცელი N---------, გაცემული 17.05.2012 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, რომლის თანახმად, სს ,,ს-----------------–ვს“ (---------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 56 633 883.25 აშშ დოლარის გადახდა; 2) A-------- სააღსრულებო საქმე, სააღსრულებო ფურცელი N---------, გაცემული 10.07.2012 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, რომლის თანახმად, უნდა მოხდეს სს ,,ს-----------------–ვის“ (---------- დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში ასევე აღინიშნა, რომ აღმასრულებელმა მოახდინა მ–------------------------–-----–- მდებარე მოვალე სს ,,ს-----------------–ვის“ (---------- კუთვნილი ქონების აღწერა-დაყადაღება, რომელთა შორის მიეთითა: ცისტერნა 10 ტონიანი და ცისტერნა რეზერვუარი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ან მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სხვა პირი მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, მისი რეალიზაციის მიზნით აცხადებს საჯარო აუქციონს. ამავე კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.
დადგენილია, რომ სს ,,ს-----------------–ვის“ დაყადაღებული მოძრავი ქონება, მათ შორის ცისტერნა 10 ტონიანი და ცისტერნა რეზერვუარი, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გასხვისებული იქნა საჯარო აუქციონის გზით, ხოლო 2016 წლის 31 აგვისტოს გამოიცა განკარგულება N------------------- რომლის თანახმად, მოვალე სს ,,ს-----------------–ვის“ (---------- საკუთრებაში რიცხული ქონების, მათ შორის 1 ცალი 10 ტონიანი ცისტერნის და 1 ცალი და ცისტერნა რეზერვუარის შემძენი 22.08.2016 წელს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა შპს ,,ზ--------–ი“ (----------- ამავე განკარგულებაში მიეთითა, რომ აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორების, მათ შორის N A-------- სააღსრულებო წარმოების კრედიტორის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაციას არსებითად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს N---------- კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N-----------, სასამართლომ ყადაღისგან გაათავისუფლა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გ------- ჩ----------- მიერ 2016 წლის 24 მაისს შედგენილ ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული 10 ტონიანი ცისტერნა და ცისტერნა რეზერვუარი. ამდენად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ აუქციონის წესით გასხვისებულ 10 ტონიან ცისტერნასა და ცისტერნა რეზერვუარზე საკუთრების უფლება შპს ,,მ---------–ოს“ ეკუთვნის, ხოლო ქონება გასხვისებული იქნა მოვალე სს ,,ს-----------------–ვის“ მიმართ არსებული მოთხოვნის აღსრულების მიზნით, რის გამოც მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 31 აგვისტოს №----------------- განკარგულება გასაჩივრებულ ნაწილში უკანონოა და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ამ არგუმენტაციას და მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ), ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ გამოიყენა ზემოაღნიშნული ნორმით მისთვის მინიჭებული უფლება და სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, კრედიტორების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის და მოვალე - სს ,,ს-----------------–ვის“ მიმართ და მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გ------- ჩ----------- მიერ 2016 წლის 24 მაისს შედგენილი ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთების, მათ შორის: 10 ტონიანი ცისტერნის და ცისტერნა რეზერვუარის ყადაღისგან გათავისუფლება. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 აგვისტოს N---------- კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს ,,მ---------–ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა და ზემოაღნიშნული ნივთები გათავისუფლდა ყადაღისგან.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, მესამე პირი უფლებამოსილია მოვალეს, რომლის ვალდებულების გამოც მოხდა მესამე პირის ქონების გასხვისება, მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს ,,მ---------–ომ“ 2016 წლის 24 მაისის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული 10 ტონიანი ცისტერნისა და ცისტერნა რეზერვუარის ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღნიშნული ქონების გასხვისების შესახებ საჯარო აუქციონის გამოცხადების შემდგომ. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება 10 ტონიანი ცისტერნისა და ცისტერნა რეზერვუარის ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ მიღებული იქნა მას შემდეგ (2017 წლის 03 აგვისტო), რაც აღნიშნულ ქონებაზე დასრულდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებული იძულებითი საჯარო აუქციონი (2016 წლის 22 აგვისტო) და მიღებული იქნა განკარგულება (2016 წლის 31 აგვისტო) აუქციონზე გამარჯვებული პირისთვის, შეძენილ მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ. ამდენად, მესამე პირის - შპს ,,მ---------–ოს“ ქონება ყადაღისგან გათავისუფლდა მისი რეალიზების შემდგომ.
სასამართლო მიუთითებს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს სწორედ ისეთი სამართალურთიერთობის მოწესრიგების სპეციალურ წესს, რომლის დროსაც ყადაღადადებული ქონება რეალიზებული იქნა მანამდე, ვიდრე მოხდებოდა მესამე პირის სარჩელის საფუძველზე მისი ყადაღისგან გათავისუფლება. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელმა მესამე პირს მიანიჭა უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მოვალისგან, რომლის ვალდებულების გამოც მოხდა მისი ქონების გასხვისება. გასათვალისწინებელია, რომ კანონმდებელი მესამე პირის ქონების გასხვისებას სააღსრულებო წარმოების შედეგების გაუქმებას არ უკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, ასეთი მოქმედებით ილახება მესამე პირის ინტერესები. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის ამგვარი ჩანაწერით კანონმდებელმა გაითვალისწინა აუქციონში გამარჯვებული პირის, როგორც კეთილსინდისიერი შემძენისა და კრედიტორის, როგორც მის სასარგებლოდ არსებული მოთხოვნის იძულებითი აღსრულებით დაინტერესებული პირის ინტერესები და მიიჩნია, რომ მათ ინტერესებს უპირატესობა უნდა მინიჭებოდა მესამე პირის ინტერესებთან შედარებით, რომლის უფლებაც რეალიზებულ ქონებაზე დადგენილი იქნა მხოლოდ ქონების რეალიზაციის შემდგომ. ამასთან, ნორმის ამგვარი განმარტება არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში მესამე პირთა ინტერესები დაცული არ არის, თუმცა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონმა მესამე პირს საკუთარი ინტერესების დაცვის ისეთი კონკრეტული საშუალება განუსაზღვრა, როგორიცაა მოვალისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მისი ინტერესების დაცვას უკვე ჩატარებული აუქციონის ბათილად ცნობისა და გასხვისებული ქონების მესამე პირისთვის დაბრუნების გზით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტში მესამე პირების ინტერესების დაცვის ერთერთი საშუალებაა დადგენილი და მას აქვს არჩევანის უფლება მოითხოვს მოვალისგან ზიანის ანაზღაურებას თუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების საფუძველზე მოითხოვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 31 აგვისტოს №----------------- განკარგულების ბათილად ცნობას. სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტმა ცალსახად განსაზღვრა, რომ უკვე რეალიზებული ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შემთხვევაში, მესამე პირი უფლებამოსილია მოვალეს, რომლის ვალდებულების გამოც მოხდა მესამე პირის ქონების გასხვისება, მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება, მას აღარ აქვს არჩევანის საშუალება საკუთარი ინტერესები დაიცვას სხვა, მათ შორის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების საფუძველზე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის წარდგენის გზით და მოითხოვოს უკვე ჩატარებული აუქციონის შედეგად მიღებული განკარგულების ბათილად ცნობა, რაც აუქციონის შედეგების გაუქმებასა და გასხვისებული ქონების მესამე პირისთვის დაბრუნებას გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი დაეკარგებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის სპეციალურ ჩანაწერს, რომელიც კონკრეტული სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას წარმოადგენს და უპირატესობა ენიჭება მოქმედი კანონმდებლობის სხვა, ზოგად ნორმებთან შედარებით.
7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,მ---------–ოს“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 31 აგვისტოს №----------------- განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელწიფო ბაჟი, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, ვინაიდან განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,მ---------–ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე