გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-466-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
14 მარტი, 2019 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე
მოსარჩელე - შპს ,,ე--------------“ (ს/ნ 4--------)
წარმომადგენელი - ნი-------------–---–ი
მოპასუხე - ნუ--------–----–----ე (პ/ნ 0----------)
დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
დაეკისროს მოპასუხე ნუ--------–----–----ეს მოსარჩელე შპს ,,ე--------------ს“ სასარგებლოდ 713.15 (შვიდას ცამეტი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 300 ლარი, პირგასამტეხლო - 413.15 ლარი. მოსარჩელემ მოპასუხისგან ასევე მოითხოვა ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურების ანაზღაურება 45 ლარის ოდენობით.
სარჩელის მიხედვით, 2017 წლის 17 იანვარს ნუ--------–----–----ესა და შპს „ემ------------ს“ შორის გაფორმდა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება # 52---8, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 300 ლარის ოდენობით, 2017 წლის 16 თებერვლამდე. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 300 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა სესხის გადახდა. შესაბამისად, მსესხებელს ეკისრება ხელშეკრულების 6.4 პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.41 პროცენტის ოდენობით. მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2017 წლის 17 თებერვალს და დღევანდელი მდგომარეობით მისი დავალიანება შპს „ე--------------ს“ წინაშე შეადგენს 713.15 ლარს, საიდანაც 300 ლარი - ძირითადი თანხა, 413.15 ლარი - პირგასამტეხლო.
2. მოპასუხის პოზიცია
წერილობითი შესაგებლით მოპასუხე ნუ--------–----–----ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ცნო ძირი თანხის - 300 ლარის მოთხოვნის ნაწილში, არ ცნო მოთხოვნა პირგასამტეხლოს - 413.15 ლარის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნუ--------–----–----ემ 2017 წლის 16 იანვარს ელექტრონულად მიმართა შპს ,,ემ------------ს“ და ერთი თვის ვადით მოითხოვა სესხის გაცემა 300 ლარის ოდენობით. შპს ,,ე--------------“ დათანხმდა მოთხოვნას და გასცა სესხის სახით მოთხოვნილი თანხა 2017 წლის 17 იანვარს, რაც გადარიცხული იქნა ნუ--------–----–----ის საბანკო ანგარიშზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ინფორმაცია მსესხებელზე (ს.ფ. 32).
- თანხის გადარიცხვის ქვითარი (ს.ფ. 33);
- მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებები (14.03.2019 წლის სხდომის ოქმი).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. უდავოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მოპასუხემ მიიღო თანხა, მაგრამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - არ დაფარა კრედიტი.
დადგენილია, რომ ნუ--------–----–----ემ 2017 წლის 16 იანვარს ელექტორნული ფორმით მიმართა შპს ,,ემ------------ს“ და მოითხოვა სესხის გაცემა 300 ლარის ოდენობით, ერთი თვის ვადაში თანხის დაბრუნებით. შპს ,,ე--------------“ დათანხმდა მოთხოვნას და გასცა სესხის სახით მოთხოვნილი თანხა 2017 წლის 17 იანვარს, რაც გადარიცხული იქნა ნუ--------–----–----ის საბანკო ანგარიშზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებლის/მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიქსირებული ჯარიმის/პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 200 ლარია გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
დადგენილია, რომ 31.08.2018 წელს შპს ,,ემ------------სა“ და შპს ,,ჯი------ს“ შორი სდადებული ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებისთ გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება შეადგენს თითო წარმოებულ საქმეზე 45 ლარს. ასევე დადგენილია, რომ 31.08.2018 წელს შპს ,,ემ------------მა“ იურიდიულ კომპანიას შპს ,,ჯი------ს“ გადაურიცხა იურიდიული მომსახურების თანხა 50 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის და იურიდიული მომსახურების თანხის - 45 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ე--------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე - ნუ--------–----–----ეს მოსარჩელე - შპს ,,ე--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 500 (ხუთასი) ლარის გადახდა, საიდანაც 300 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 200 ლარი - პირგასამტეხლო;
3. მოპასუხე - ნუ--------–----–----ეს მოსარჩელე - შპს ,,ე--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 45 (ორმოცდახუთი) ლარის გადახდა, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;
4. მოპასუხე - ნუ--------–----–----ეს მოსარჩელე - შპს ,,ე--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს - 0 ლარის და 14 თეთრის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად;
5. მოსარჩელე - შპს ,,ემ------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (50 ლარის) ნაწილი - 21 ლარის და 04 თეთრის ოდენობით, რომელიც გადახდილია შპს ,,ე--------------ს“ მიერ 29.08.2018 წელს სს ,,თიბისი ბანკის“ მეშვეობით“ ხაზინის ერთიან ანგარიშზე, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 30------0, მიმღების ბანკი - ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი TR-----2;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №6) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ირინე ტყეშელაშვილი