გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3952-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე; ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - უმ--------------ნ (UM-----------, დაბ.:01.01.1---წ.)
წარმომადგენელი- გ--–------------–---ი
მოპასუხე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი - გ-------------–---–ი
დავის საგანი- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 1-------ს N0------------- გადაწყვეტილება უმ--------------ნისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების შესახებ განცხადების განმეორებით განხილვაზე უარის თქმის თაობაზე;
1.2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე) განმეორებით არსებითად განიხილოს უმ--------------ნის განცხადება საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა წარმოდგენილ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 1------------–ს უ---- და---------მა (UM------------ დაბ: 01.01.1--- წ) განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოში თავშესაფრის მინიჭების თხოვნით. აღნიშნულის საფუძველზე განმცხადებელს ჩაუტარდა ანკეტირება და დარეგისტრირდა თავშესაფრის მაძიებელ პირად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავშესაფრის მაძიებლის განცხადება (ს.ფ. 96-97);
-თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა (ს.ფ. 85-92).
3.1.2. დადგენილია, რომ თავშესაფრის საკითხთა სამმართველომ, უ---- და---------ისათვის თავშესაფრის მინიჭების თაობაზე განცხადებასთან დაკავშირებით, შეადგინა დასკვნა (მოხსენებითი ბარათი N-------------- 27.07.2--- წ). დასკვნის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომელიც თავად თავშესაფრის მაძიებელმა გადმოსცა სამინისტროში გასაუბრების დროს. უ---- და---------ის საქმის განხილვისას შესწავლილ იქნა თავშესაფრის მაძიებლის შესაბამისობა 1951 წლის ჟენევის კონვენციით, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილ კრიტერიუმებთან ლტოლვილთა და ჰუმანიტარული დაცვსი შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის (ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება) მოთხოვნებთანაც და დადგინდა, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისათვის კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს.
ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, 2--- წლის 27 ივლისის N02-01/05/2---4 შეტყობინებით უ---- და---------ს აცნობა, რომ მისი თხოვნა საერთშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მას უარი ეთქვა როგორ ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, 2--- წლის 27 ივლისის N02-01/05/2---4 შეტყობინება (ს.ფ. 63-65).
3.1.4. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დერპატამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათით, თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს უფროსს წარედგინა, თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების მიერ მომზადებული დასკვნა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე უ---- და---------ისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით და ეთხოვა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
აღნიშნული დასკვნის შესაბამისად, 2--- წლის 1------------–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის მინიჭების თხოვნის შესახებ განცხადებით მიმართა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე უ---- და---------მა (UM------------ დაბ: 01.01.1--- წ).
დადგენილია, რომ თავშესაფრის მაძიებელი 1997 წლიდან 2006 წლამდე, წარმოშობის ქვეყნის დატოვებამდე, დაკავებული იყო ბიზნესით, კერძოდ, ვაჭრობდა ავტომობილებით. განმცხადებელს წარმოშობის ქვეყანაში ჰყავს მეუღლე, რომელთანაც არაოფიციალურად გაყრილია და ჰყავს 4 შვილი. ქ.ელეაზიღში ცხოვრობს თავშესაფრის მაძიებლის მამა და და-ძმა. როგორც აცხადებდა, მის ძმებს საკმაოდ სოლიდური შემოსავალი ჰქონდათ და ფლობდნენ ელექტრომომსახურების ფირმას. თავშესაფრის მაძიებლმა განმარტა, რომ 15-16 წლის წინ (ზუსტად არ ახსოვდა თარიღი) გახდა თურქეთის სახალხო დემოკრატიული პარტიის (HDP) წევრი. მისი თქმით, აღნიშნული პარტია იყო ქურთისტანის მშრომელთა პარტიიის (PKK) პოლიტიკური ფრთა, რომლის მიზანი თურქეთში თურქული დამოუკიდებლობის პარტიის შექმნა იყო. თავშესაფრის მაძიებლის განმარტებით, აქტიურად მონაწილეობდა არჩევნებში, მოგვიანებით კი გახდა პარტიის დისციპლინარული საბჭოს ხელმძღვანელი, როგორც იგი აცხადებდა, HDP-ს წევრობა ასოცირდებოდა ადამიანის თურქულ წარმომავლობასთან, რის გამოც პარტიის წევრები, მათ შორის განმცხადებელიც, ხშირად ხდებოდა პოლიციის განყოფილებებში, სადაც მის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. თავშესაფრის მაძიებელი წარმოშობის ქვეყანაში შექმნილ უმთავრეს პრობლემას უკავშირებს იმ გარემოებას, რომ მისი ბიძაშვილები კ------ და---------ი და ჯ---------------ენი იყვნენ ტერორისტული ორგანიზაციის „ქურთისტანის მშრომელთა პარტია“ (PKK) წევრები, რის გამოც მასსა და მისი ოჯახის წევრების, როგორც ზემოაღნიშნული პირების ნათესავების მიმართ, მუდმივად ადგილი ჰქონდა შევიწროების ფაქტებს. განმცხადებლის თქმით, აღნიშნულის გამო თითქმის 20 წლის განმავლობაში განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრებს პრობლემები ექმნებოდათ პოლიციის თანამშრომლებთან, რომლებიც ვედათ და---------ისა და ჯ---------------ენის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით ხშირად იბარებდნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც გარდა იმისა, რომ ეკითხებოდნენ ბიძაშვილების ადგილსამყოფელს, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდნენ მათ ქურთული წარმომავლობის გამო. აცხადებს, რომ თურქეთში ზოგადად თურქებს ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდათ ეთნიკურად ქურთი მოსახლეობის მიმართ, კანონით იკრძალება ქურთულ ენაზე საუბარი სახელმწიფო დაწესებულებებში და კანონის დარღვევისათვის პირველ შემთხვევაში 3000-5000 ლირათი აჯარიმებენ, მეორე დარღვევა უკვე 10-15 წლით თავისუფლების აღკვეთით. განმცხადებლის თქმით, ის ვერასოდეს ეგუებოდა თურქების მხრიდან ქურთების შეურაცხყოფას, ხშირად ექომაგებოდა თავის ხალხს, რის გამოც ბევრჯერ კამათი და ფიზიკური დაპირისპირება მოსვლია თურქებთან. განმცხადებელი იხსენებს 2006 წლის შემთხვევას, როდესაც თურქებთან ჩხუბის დროს თავდაცვის მიზნით დაჭრა თურქი, ვ-------------–ი. როგორც აცხადებს, ამ შემთხვევის გამო პოლიციამ დააკავა, 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის მოხდის შემდეგ განმცხადებელი გირაოთი გაათავისუფლეს. სასამართლომ, რომელიც 3 წელიწადი მიმდინარეობდა, 2009 წელს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, განმცხადებელი დამნაშავედ იქნა ცნობილი ადამიანის მკვლელობის მცდელობაში და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 11,5 წლით.
განაჩენის გამოტანის შემდეგ, თავშესაფრის მაძიებლის განმარტებით, კანონიერად დატოვა თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორია და 2009 წელს ავტომობილით შემოვიდა საქართველოში, პირველი 6 თვე ცხოვრობდა ბათუმში, სადაც საბურავებით ვაჭრობდა. 6 თვის შემდეგ გადავიდა ქ.თბილისში, ფლობს ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ფირმას „ა-------–------------ა“, რომლის ოფისი ორთაჭალაში მდებარეობს. როგორც თავად აცხადებდა 2006 წლიდან დღემდე ბიზნეს საქმიანობის გამო 26-ჯერ დაბრუნდა თურქეთში, სადაც მოკლე პერიოდებით 15-20 დღით ჩერდებოდა.
განმცხადებლის განმარტებით, მისმა ადვოკატმა, რომელიც იმავდროულად მისი დეიდაშვილია, 2010 წელს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა 2009 წლის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის განხილვაც დღემდე მიმდინარეობს. თავშესაფრის მაძიებლმა 2009 წელს მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა. როგორც აცხადებს, ადვოკატმა ურჩია მოეთხოვა საქართველოში თავშესაფარი და უ---- და---------მა 2--- წლის 1------------–ს თავშესაფრის მინიჭების მიზნით განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
წინამდებარე დასკვნაში აღინიშნა, რომ სამმართველომ სანდოდ ვერ მიიჩნია თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი იმის შესახებ, რომ ქურთული წარმოშობის გამო და იმ მიზეზით, რომ მისი ბიძაშვილები იყვნენ ტერორისტული ორგანიზაციის „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) წევრები, მასაც ბრალდებოდა აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა, რის საფუძველზე პოლიცია მუდმივად ავიწროებდა. სამმართველომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელსა და მისი ოჯახის წევრებს პოლიციის განყოფილებაში იბარებდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ მოეპოვებინათ მისი სისხლის სამართლებრივ ძებნაში მყოფ (ტერორიზმის ბრალდებით) ნათესავების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია და არსად არ ფიქსირდება პოლიციის მხრიდან დაინტერესება ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლო წევრობის გამო. ამასთან ერთად, ქვეყნის შესახებ არსებული არცერთი წყაროს მიხედვით არ არის გაიგივებული ქურთული წარმოშობა ორგანიზაციის „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) წევრობასთან და იგივე წყაროებში ასევე არ დასტურდებოდა აღნიშნული ორგანიზაციის წევრების ნათესავების დევნის ფაქტები. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები საკუთარ ანგარიშებში საუბრობდნენ სხვადასხვა აქტივობის (დაკავება, დაპატიმრება) შესახებ PKK-სთან კავშირში მყოფი პირების მიმართ, მაგრამ კონკრეტულად PKK-ს წევრების ნათესავების მიმართ განხორციელებული დევნის ან დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ, აღნიშნულ ანგარიშებში არაფერი იყო ნათქვამი.
თავშესაფრის მაძიებლის მიერ დასახელებული არასანდოობის შესახებ სამმართველოს მსჯელობას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თავშესაფრის მაძიებლის ძმებს, რომლებიც ეროვნებით ქურთები არიან და ისევე როგორც განმცხადებელი, ისინიც ტერორისტული ორგანიზაციის „ქურთისტანის მუშათა პარტია“ (PKK) წევრების, ვედათ და---------ისა და ჯ---------------ენის ნათესავები არიან, ზემოაღნიშნული მიზეზებით არასოდეს შეჰქმნიათ პრობლემები თურქეთში. საქმის მასალების მიხედვით, განმცხადებლის ძმები საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენებიც იყვნენ.
სამმართველომ სანდოდ ვერ მიიჩნია თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი იმის შესახებ, რომ უ---- და---------ი იყო თურქეთის სახალხო დემოკრატიული პარტიის (HDP) წევრი, ვინაიდან ზემოაღნიშნულის შესახებ მიწოდებულ ინფორმაციაში შეინიშნებოდა სერიოზული უზუსტობები, კერძოდ: განმცხადებელი ამბობდა, რომ სახალხო დემოკრატიული პარტიის (HDP) წევრი გახდა 15-16 წლის წინ, რაც ეწინააღმდეგობდა ქვეყნის შესახებ მოძიებულ ინფორმაციასთან, რომლის თანახმად, თურქეთის სახალხო დემოკრატიული პარტია (HDP) შეიქმნა 2012 წელს.
წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციით არ დასტურდებოდა ასევე თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი იმის შესახებ, რომ სახალხო დემოკრატიული პარტია (HDP) ორგანიზაცია PKK-ის პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენდა. ქვეყნის შესახებ არსებული წყაროები იუწყებოდა, რომ სახალხო დემოკრატიული პარტია (HDP) სახალხო დემოკრატიული კონგრესის პოლიტიკური ფრთა იყო, ამასთან ერთად, ზემოაღნიშნული განაცხადის სანდოობის შეფასებისას, სამმართველომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელს აქვს მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია პარტიის შესახებ.
სამმართველომ სანდოდ მიიჩნია თავშესაფრის მაძიებლის იდენტობა, რაც დასტურდება წარმოდგენილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტით და თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიწოდებულ ინფრომაციას 2006 წლის თურქებთან ფიზიკური დაპირისპირების შესახებ, რის შემდეგაც მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ზემოაღნიშნულის შესახებ განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია თანმიმდევრული იყო და დამაჯერებელი, რასაც ადასტურებს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტი სასამართლო გადაწყვეტილება. აღნიშნულის შესაბამისად, სამმართველომ დადგენილად მიიჩნია, რომ თავშესაფრის მაძიებელი უ---- და---------ი (UM------------ დაბ: 01.01.1--- წ) არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ეროვნებით თურქი, რომლის მიმართაც წარმოშობის ქვეყანაში დღემდე მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა.
სამმართველოს მიერ შეფასებულ იქნა თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განაცხადის საფუძვლიანობა, 1951 წლის ჟენევის კონვენციის მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან მიმართებით და დადგინდა, რომ საქმის მასალებზე დაყრდნობით, არ იკვეთებოდა აღნიშნული ნიშნით შიშის ობიექტური საფუძვლები. ობიექტური შიშის უსაფუძვლობაზე მიუთითებდა ის ფაქტი, რომ განმცხადებელმა მას შემდეგ, რაც დატოვა წარმოშობის ქვეყანა, 26-ჯერ დაბრუნდა თურქეთში, სადაც მოკლე პერიოდულად, 15-20 დღით ჩერდებოდა და აღნიშნულ პერიოდში მას არანაირი საფრთხე არ შეჰქმნია. შიშის არარსებობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ განმცხადებელმა თავშესაფრის მინიჭების თხოვნით სამინისტროს მიმართა საქართველოში ჩამოსვლიდან 9 წლის შემდეგ. რაც შეეხება განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებას, მის მიმართ, წარმოშობის ქვეყანაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, დგინდება რომ განმცხადებლის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა და არა დევნა 1951 წლის ჟენევის კონვენციით დადგენილი ნიშნებით.
დადგინდა, რომ თავშესაფრის მაძიებელი დამნაშავედ ცნეს ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანაშაულში. სამმართველოს მიერ განიმარტა, რომ დანაშაულისა და თავშესაფრის მაძიებლის მიმართ დანიშნული სასჯელის გათვალიწინებით, სასჯელი არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო არაპროპორციულად მკაცრად და ვერ გაუტოლდებოდა დევნას ამ ტერმინის განმარტების ფარგლებში. გარდა ამისა, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა აღიარებულ სტანდარტებს. შესაბამისად, არ არსებობდა საკმარისი საფუძველი, რომ დარღვეულიყო კონვენციური ნიშნით თავშესაფრის მაძიებლის ფუნდამენტური უფლებები.
სამმართველომ ასევე შეაფასა თავშესაფრის მაძიებლის განაცხადის საფუძვლიანობა, ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. სამმართველოს მიერ წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებულ იქნა ინფორმაცია და დადგინდა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2013 წლის ანგარიშშის აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის თანახმად, ბრალდებული სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმფციით და აქვს უფლება, დროულად მიიღოს ინფორმაციას მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებებისა და საქმის დეტალების შესახებ. თუმცა, უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ სახელმწიფო საკმარისად არ ინტერესდება აღნიშნული ჩანაწერების აღსრულების მონიტორინგით. სასამართლო პროცესი ღიაა და საჯარო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანს, უსაფრთხოების საკითხებს და დანაშაულს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევებში სხდომა დახურულია და საქმე გასაიდუმლოებული - დეტალებზე ხელი მიუწვდება მხოლოდ საქმის მონაწილე მხარეებს. თურქეთში არ არსებობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს მოსამართლე".
„Human Rights Watch“ 2--- წლის ანგარიშში წერდა, რომ ივნისში საპატიმროებიდან გაათავისუფლეს 237 სამხედრო პირი, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ გადატრიალების მცდელობისა და შეთქმულების ბრალდებით. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა მათი უფლება სამართლიანი სასამართლოს შესახებ და დაადგინა, რომ სასამართლო ხელახლა უნდა გაიმართოს. იმ პირების მიმართ, რომლებიც წინასწარი დაკავების იზოლატორებში 5 წელზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ, კანონში ცვლილებების შემდეგ, მოხდა აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება და აღნიშნული პირები იზოლატორებიდან გაათავისუფლეს“.
„Amnesty International“-ის 2014-2--- წლების ანგარიშში ნათქვამია, რომ თურქეთმა მოახდინა წამების წინააღმდეგ გაეროს კონვენციის პირობითი პროტოკოლის რატიფიცირება. თუმცა, ჯერ-ჯერობით საჭირო შიდა ვალდებულებები შესრულებული არაა. აღნიშნული როლი. ეროვნულ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს დაეკისრათ, მაგრამ აქვე აღინიშნა, რომ არის ნაკლებობა აუცილებელი უნარების, რესურსისა და დამოუკიდბლობის გარანტიების, რომ აუცილებელი მოთხოვნები შესრულდეს. ამავე ანგარიშში ითქვა, რომ დაკავების ადგილებში წამების გაცილებით ნაკლები ფაქტი დაფიქსირდა 2014 წელს ვიდრე წინა წელს“.
ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით სამმართველომ დაასკვნა, რომ თავშესაფრის მაძიებელს არ გააჩდა ისეთი სახის ინდივიდუალური გარემოება, რომ საპატიმრო პირობებში მოთავსების შემთხვევაში იგი დამდგარიყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკის ქვეშ, ხოლო სასჯელი, რომელიც ემუქრება დაბრუნების შემთხვევაში - 11 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა - არ ატარებდა დისკრიმინაციულ ხასიათს. ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით სამმართველომ მიიჩნია, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე უ---- და---------ი (დაბ. 01.01.1--- წ.) ვერ აკმაყოფილებდა, ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და გაიცა რეკომენდაცია უ---- და---------ისათვის ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მიზანშეწონილობის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს უფროსის მოხსენებითი ბარათი (27.07.2--- - N-------------) (ს.ფ. 70);
- თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნა. (ს.ფ. 70-77);
- სტატუსის დადგენის გასაუბრების ოქმი (15.07.2---) (ს.ფ 78-84);
3.1.5 თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 27 ივლისის N02- 01/05/2---4 შეტყობინებით უ---- და---------ს უარი ეთქვა საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ თხოვნის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული შეტყობინება (გადაწყვეტილება) კანონიერ ძალაშია და მოსარჩელე მხარის მიერ არ გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 27 ივლისის N02- 01/05/2---4 შეტყობინება (ს.ფ 63-67).
- თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნა. (ს.ფ. 70-77);
3.1.5. 2018 წლის 8 მაისს უ---- და---------მა N22308/01 განცხადებით განმეორებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა საერთაშორისო დაცვის მინიჭება, იმაზე მითითებით, რომ მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე თურქულ-ქურთული წარმოშობის გამო და განმცხადებელმა ასე განმარტა რომ მას სასამართლოში არ გაუსაჩივრებია სამინისტროს 2--- წლის გადაწყვეტილება, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იგი იძულებული იყო კვლავ მიემართა საქართველოსათვის საერთაშორისო დაცვის მინჭების თხოვნით, რადგან მას ამოეწურა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა, რის გამოც თურქეთში უნდა დაბრუნდეს, სადაც მის მიმართ 2006 წლიდან მოყოლებული გრძელდება სისხლის აღების დავა, რის გამოც მის სიცოცლეს ემუქრება დიდი საფრთხე და სწორედ აღნიშნულის საფუძველზე ითხოვს საქართველოში თავშესაფარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 8 მაისის განცხადება საერთაშორისო დაცვის მინიჭების თხოვნის შესახებ (ს.ფ. 93-94).
3.1.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ განიხილა უმ--------------ნის 2018 წლის 8 მაისის განცხადება საერთაშორისო თავშესაფრის მინიჭების თხოვნის შესახებ და 2018 წლის 1-------ს N0------------- გადაწყვეტილებით აცნობა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა "საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და ამავე მუხლის მე-5 მუხლის საფუძველზე უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვაზე განაცხადის განმეორებით განხილვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 1-------ს N0------------- გადაწყვეტილება (ს.ფ 20-22).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი დასკვნა
სასამართლო გაეცნო სასარჩელო განცხადებას, მოისმინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს არ ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (უფლებამონაცვლე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი) 2018 წლის 1-------ს N0-------------, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისობა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ აქტებთან.
6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) შექმნას თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა; გ) უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურა ამ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.
სასამართლო მიუთითებს, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს საერთაშორისო დაცვის შესახებ განცხადების განმეორებით წარდგენის საფუძვლებს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა, ან თავშესაფრის პროცედურა საქართველოში დასრულდა, მას უფლება აქვს, წარადგინოს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, თუ: ა) მის წარმოშობის ქვეყანაში მოხდა ისეთი ცვლილებები, რომლებიც მისი საერთაშორისო დაცვის საჭიროებას წარმოშობს; ბ) არსებობს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც წინა საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული გარემოებების შეფასებისას არ განხილულა და რომელთა წარუდგენლობაც განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.
სასამართლო განმარტავს, რომ სადავო აქტის კანონიერების შეფასებისას უნდა დადგინდეს რამდენად არსებობდა მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი გადაცხადის მოპასუხე მხარის მიერ არსებითად განხილვის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლები. საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმ სუბიექტთა წრეს, ვისაც უფლება აქვს განმეორებით მიმართოს საერთშორისო დაცვის თხოვნით, შესაბამისად ორგანოს, კერძოდ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა, ან მისთვის თავშესაფრის მინიჭების პროცედურა საქართველოში დასრულდა, აღნიშნული სუბიექტების მიერ განაცხადის წარდგენისას სამინისტრო აფასებს მათ ამავე მუხლის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებთან მიმართებით, კერძოდ განაცხადი არსებითად განიხილება თუ განმცხადებლის წარმოშობის ქვეყანაში მოხდა ისეთი ცვლილებები, რომლებიც მისი საერთაშორისო დაცვის საჭიროებას წარმოშობს ან/და არსებობს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც წინა საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული გარემოებების შეფასებისას არ განხილულა და რომელთა წარუდგენლობაც განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად 2--- წელს განიხილა უ---- და---------ის განაცხადი საერთაშორისო დაცვის მინჭების თაობაზე, სრულად გამოიკვლია თავშესაფრის მაძიებლის მიერ განაცხადში მითითებული გარემოებები, შეაფასა მათი სანდოობა, პირს ჩაუტარდა გასაუბრება, ანკეტირება და 2--- წლის 27 ივლისის N02- 01/05/2---4 შეტყობინებით უ---- და---------ს უარი ეთქვა საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ თხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მის მიერ სასამართლოში არ გასაჩივრებულა და 2018 წლის 8 მაისს უ---- და---------მა კვლავ წარადგინა სამინისტროში განცხადება და ითხოვა საერთაშორისო დაცვის მინიჭება.
ზემოაღნიშნული განაცხადის მიხედვით უ---- და---------ი უთითებს თურქულ-ქურთულ ეთნიკურ შევიჭროებაზე და მის მიმართ 2006 წლიდან დაწყებულ "სისხლის აღების დავაზე". სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები (თურქულ-ქურთული ეთნიკური დაპირისპირება) შესწავლილ იქნა და მისი სანდოობა სამინისტროს მიერ შეფასდა 2--- წლის 10 თებერვლის განცხადების საფუძვლიანობაზე მსჯელობის ფარგლებში, რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ გარემოებას, კერძოდ 2006 წელს დაწყებული "სისხლის აღების დავა", აღნიშნული ვერ ჩაითვლება სამინისტროსათვის ახალ გარემოებად, რომელიც საფუძველად დაედებოდა მოსარჩელის განაცხადზე განმეორებით არსებითად მსჯელობას, რადგან თავშესაფრის მაძიებელი ვერ უთითებს საპატიო მიზეზს, რომლის გამოც მან ვერ აღნიშნა ზემოხსენებული "2006 წელს დაწყებული სისხლის აღების დავის" თაობაზე 2--- წლის განაცხადში.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის აპელირებას, რომ მას არ ჩაუტარდა გასაუბრება 2018 წლის მაისის განაცხადზე მსჯელობის პროცესში და განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მხოლოდ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თხოვნის თაობაზე განაცხადების არსებითად განხილვა ითვალისწინებს თავშესაფრის მაძიებლისათვის თავშესაფრის პროცედურების ჩატარებას, რაც ასევე მოიცავს მასთან გასაუბრებასა და ანკეტირებას. აღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელეს არ ჩაუტარდა გასაუბრება, ვინაიდან მან ვერ გადალახა კანონმდებლობით დადგენილი ეტაპი, რომლის შემდგომაც მისი განაცხადი საერთაშორისო დაცვაზე განიხილებოდა არსებითად და მას ჩაუტარდებოდა თავშესაფრის პროცედურები, მათ შორის გასაუბრება.
სასამართლო მიუთითებს, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შედეგად დადგინდება, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა არ შეიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებს, საქმის ხელახლა განხილვის გარეშე მიიღება განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი უფლებამოსილი იყო არ განეხილა მოსარჩელის 2018 წლის 8 მაისის N22308/01 განცხადება განმეორებით საერთაშორისო დაცვის შესახებ, ვინაიდან არ არსებობდა ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არცერთი გარემოება.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 1-------ს N0------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე უ---- და---------ისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების განცხადებაზე განმეორებით არსებითად მსჯელობის საფუძველი, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „უ” ქვეპუნქტების თანახმად, მოსარჩელე, ისევე როგორც მოპასუხე გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე 13, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე, 2125-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-9, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. უმ--------------ნის (UM-----------, დაბ.:01.01.1---წ.) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 15 დღის განმავლობაში სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) მეშვეობით.
მოსამართლე მერი გულუაშვილი