გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3268-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ა-–----------------–---ი
წარმომადგენელი - ლ--–---------ა
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 4 აპრილის №------------- გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ა-–----------------–---ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ა-–----------------–---ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მის მიმართ გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა, რომლის თანახმად, ა-–----------------–---ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა აფხაზეთი, გულრიფში, ზ--------–------------–---------------. ა-–----------------–---ის დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს ქ. თბილისი, ს-------ი, ა----------------------–---------------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (ს.ფ. 61).
3.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 2 ივნისის №-------------- წერილობითი ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ქ. თბილისში, აე---------------------–---–------------------------------------------- შენობას დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნება მესამე (მძიმე) ხარისხის დაზიანება. შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაგეგმილია შენობაში კომპაქტურად განსახლებული დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით უალტერნატივოდ დაკმაყოფილება, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებისა და სტანდარტების გათვალისწინებით, ქ. თბილისში, პირველივე რეაბილიტირებულ ან ახალაშენებულ შენობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 2 ივნისის №-------------- წერილიბითი ინფორმაცია (ს.ფ. 25).
3.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2015 წლის 14 დეკემბერს ჩაატარა სხდომა, სადაც განხილულ იქნა: 1. ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის” დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში შევსებული განცხადების საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით ქ. თბილისში, მენაშენეებისაგნ გამოსყიდულ ახლადაშენებულ კორპუსებში არსებულ ოთხოთახიან ბინებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლება. 2. ქ. თბილისში, აე---------------------–---–---------------------------------–-”, აღწერის მასალების საფუძველზე მცხოვრებ დევნილ ოჯახთა განხილვა ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №---) კომისიის გადაწყვეტილებითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახილებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3 თებერვლის №--- ბრძანებით, ა-–----------------–---ის ოჯახს, როგორც ნგრევად ობიექტში „ა---------------------------–-“ მაცხოვრებელს, ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ამ ეტაპზე უარი ეთქვა აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახილებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 14 დეკემბრის ოქმი №--- (ს.ფ. 165-170);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3 თებერვლის №--- ბრძანება (ს.ფ. 166).
3.4. 2016 წლის 4 მაისს ა-–----------------–---მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3 თებერვლის №--- ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის განჩინებით (საქმე №---------) შეწყდა საქმის წარმოება, მოსარჩელის მიერ ბრძანების გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის №--------- განჩინება (ს.ფ. 72-75).
3.5. 2017 წლის 5 აპრილს ა-–----------------–---მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 14 დეკემბრის №--- ოქმის ბათილად ცნობის, ასევე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ა-–----------------–---ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივნისის განჩინებით (საქმე №---------), ა-–----------------–---ის სარჩელის გამო, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 14 დეკემბრის №--- ოქმის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივნისის №--------- განჩინება (ს.ფ. 67-71).
3.6. 2018 წლის 8 თებერვალს ა-–----------------–---მა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, იმ საფუძვლით, რომ ცხოვრობს ა------------ის ავარიულ სასტუმროში, სადაც საცხოვრებელი პირობები უკიდურესად მძიმეა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 26 თებერვლის №------------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს სამინისტრო განიხილავდა ქ. თბილისში განსახლების მომდევნო ეტაპზე, მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად შევსებული განცხადებისა და ამავე ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულის გათვალისწინებით, საერთო წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-–----------------–---ის 2018 წლის 8 თებერვლის №------- განცხადება (ს.ფ. 63);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახილებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 26 თებერვლის №------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 62):
3.7. ა-–----------------–---მა 2018 წლის 28 მარტს №-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახილებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მოითხოვა 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მისი საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომაზე განხილვა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახილებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 4 აპრილის №------------- გადაწყვეტილებით, ა-–----------------–---ს უარი ეთქვა 2018 წლის 28 მარტის №-------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ის საფუძლით, რომ იმავე დავის საგანზე არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განჩინება (საქმე №---------) და 2017 წლის 21 ივნისის განჩინება (საქმე №---------), დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-–----------------–---ის 2018 წლის 28 მარტის №-------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 59-60);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახილებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 4 აპრილის №------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 58).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-–----------------–---ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახილებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 4 აპრილის №------------- გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც ა-–----------------–---ი უზრუნველყოფილი იქნება გრძელვადიანი საცხოვრებლით.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ა-–----------------–---ის სტატუსი, კერძოდ, დადგენილია რომ იგი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. დევნილის მოწმობის თანახმად, ა-–----------------–---ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა აფხაზეთი, გულრიფში, ზ--------–------------–---------------, ხოლო მის დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს ქ. თბილისი, ს-------ი, ა----------------------–---------------------------------. შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
„დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2017 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლი ითვალისწინებს საცხოვრებელი ფართის მიღების პროცედურებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს.
სასამართლო განმარტავს, რომ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.
მითითებული მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
ამდენად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ იმპერატიულად ადგენს, რომ აუცილებელია განისაზღვროს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობა. აღნიშნული მიზნით, დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი განსაზღვრავს ერთის მხრივ კრიტერიუმებს, ხოლო მეორეს მხრივ საგამონაკლისო შემთხვევებს, რა დროსაც შესაძლებელია კრიტერიუმებით შეფასების გარეშე მიენიჭოს კონკრეტულ დევნილ ოჯახს უპირატესობა/პრიორიტეტი, კერძოდ, წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასეთი გამონაკლისია განმცხადებელი ოჯახის ცხოვრება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში).
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ა----------------------–---–-------------------------------- შენობა, რომელსაც დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნება მესამე (მძიმე) ხარისხის დაზიანება და შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 14 დეკემბრის (ოქმი №---) გადაწყვეტილებითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 3 თებერვლის №--- ბრძანებით, ა-–----------------–---ის ოჯახს, როგორც ნგრევად ობიექტში „ა------------ის სასატუმროში“ მაცხოვრებელს, ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ამ ეტაპზე უარი ეთქვა აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
ასევე, დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ მითითებული გადაწყვეტილებთან დაკავშირებული შეწყდა საქმის წარმოება შეწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის №--------- და 2017 წლის 21 ივნისის №--------- განჩინებებით.
დადგენილია, რომ ა-–----------------–---მა 2018 წლის 8 თებერვალს მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და მოითხოვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, იმ საფუძვლით, რომ ცხოვრობს ა------------ის ავარიულ სასტუმროში, სადაც საცხოვრებელი პირობები უკიდურესად მძიმეა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 26 თებერვლის №------------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განხილულ იქნება ქ. თბილისში განსახლების მომდევნო ეტაპზე, მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად შევსებული განცხადებისა და ამავე ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულის გათვალისწინებით, საერთო წესით.
ა-–----------------–---მა 2018 წლის 28 მარტის №-------- ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მოითხოვა ზემოაღნიშნული წერილობითი პასუხის გაუქმება, მისი საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომაზე განხილვა და ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახილებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 4 აპრილის №------------- გადაწყვეტილებით ა-–----------------–---ს უარი ეთქვა 2018 წლის 28 მარტის №-------- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, ვინაიდან იმავე დავის საგანზე არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განჩინება (საქმე №---------) და 2017 წლის 21 ივნისის განჩინება (საქმე №---------), დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ა-–----------------–---ს არ მიუმართავს კრიტერიუმების მეშვეობით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის მოთხოვნით და იგი ითხოვდა მხოლოდ ავარიულ შენობაში ცხოვრების გამო საცხოვრებლის გადაცემას, კრიტერიუმების გარეშე საგამონაკლისო წესით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრება არ ავალდებულებდა უფლებამოსილ პირს გადაწყვეტილება მიეღო მხოლოდ საგამონაკლისო წესის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ მხარე მიუთითებდა მისი განსახლების აუცილებლობაზე, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საქმის გარემოებები გამოეკვლია ყოველმხრივ, სრულყოფილად. როგორც საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებით დგინდება, ა-–----------------–---ს ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი უთხრა მხოლოდ ერთი გზით - საგამონაკლისო წესით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, იმ დროს, როდესაც სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ ითვალისწინებდა სხვადასხვა წესით დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის განსაზღვრას. აქედან გამომდინარე, სამინისტროს შესაძლებლობა ჰქონდა კრიტერიუმების მეშვეობით განესაზღვრა დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შეეფასებინა მოძიებული ინფორმაცია და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეული გარემოებები, მოძიებული ინფორმაცია არ იძლევა საქმის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას, ვინაიდან მოსარჩელის ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა მხოლოდ საგამონაკლისო წესის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება, იმ დროს, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობა ჰქონდა ზოგადი წესის მეშვეობითაც გამოეკვლია საქმის გარემოებები და მოძიებულ ინფორმაციაზე/დოკუმენტებზე დაყრდნობით გადაეწყვიტა განსახილველი საკითხი.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას ავალდებულებს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი საჭიროებს დასაბუთებას. აქტში მოცემული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმის გარემოებები სამართალდარღვევის ფაქტის დადგენისა და მისი სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლო ეყრდნობა საქათველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას 2014 წლის 30 ოქტომბრის Nბს308-304 (2კ-14) გადაწყვეტილებაში და განმარტავს, ,,ვინაიდან იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარი მთავრობის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, მათი დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის ვალდებულება უმთავრესად ეროვნულ ხელისუფლებას ეკისრება. სახელმწიფო და დევნილი პირები განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში იმყოფებიან. სახელმწიფოს სხვა დამატებითი ვალდებულებები აქვს აღებული აღნიშნული პირების მიმართ. დევნილთა სფეროში არსებული სამართლებრივი აქტები დევნილთა მიმართ სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად დევნილებისათვის გარკვეული სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური გარანტიების შექმნას, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერსების დაცვასა და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაცვისა და დახმარების ვალდებულების შესრულებას განსაზღვრავს. ამდენად, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს დევნილთა უფლებების დაცვასა და მათ წინაშე აღებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფომ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად უნდა იზრუნოს დევნილთა ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და დევნილთა ბინით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ამასთან, სახელმწიფოს ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს დევნილთა მიმართ არათანასწორი მიდგომა, იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფი პირები არ შეიძლება აღმოჩნდნენ განსხვავებულ მდგომარეობაში.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია. სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - დევნილის მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომელსაც მოუწია იმ მძიმე ვითარების საკუთარ თავზე გადატანა, რაც ცნობილ მოვლენებს მოჰყვა, არის უპირატესი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია, რამეთუ არ მოხდეს მისი უფლებების დარღვევა და არ გულისხმობდეს მხოლოდდამხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.
ამდენად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 4 აპრილის №------------- გადაწყვეტილება 2018 წლის 4 აპრილის №------------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ა-–----------------–---ის მიერ მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-–----------------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 4 აპრილის №------------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში;
3. ა-–----------------–---ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე