გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/5604-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ეკატერინე მინდიაშვილი
მოსარჩელე - ა---------–-----–----
წარმომადგენელი - ზ------–------–----
მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ე---------------–--–-
მესამე პირი - შპს „ვ------------------“
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 26 ივლისის №5---- გადაწყვეტილება.
1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალოს N2---------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების განხორციელება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - შპს „ვ------------------ს“ წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2017 წლის 12 დეკემბერს ა---------–-----–----მ №9----- განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და 1969 წლის 9 ნოემბრის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისის ორჯონიკიძის სახ. რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული 1969 წლის 25 ნოემბრის №2---------- სააღსრულებო ფურცლის (ასლი) იძულებითი აღსრულება მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა---------–-----–----ს 2017 წლის 12 დეკემბრის №9----- განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 50-72).
4.1.2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 19 დეკემბრის №A1--------0--/0-- წერილით ა---------–-----–----ს ეცნობა, რომ ვინაიდან №2---------- სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილია 1960 წლის 9 ნოემბერს და გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, უარი ეთქვა სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებაზე, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გადაწყვეტილებასთან ერთად დაუბრუნდა შეუსრულებელი სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 19 დეკემბრის №A1--------0--/0-- წერილი (ს.ფ. 75).
4.1.3. 2018 წლის 29 ივნისს ა---------–-----–----მ №3---- განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და 1969 წლის 25 ნოემბრის №2---------- სააღსრულებო ფურცლის (ასლი) აღსრულება მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა---------–-----–----ს 2018 წლის 29 ივნისის №3---- განცხადება (ს.ფ. 77-89).
4.1.4. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 26 ივლისის №5---- წერილით ა---------–-----–----ს ეცნობა, რომ 1969 წლის 25 ნოემბრის №2---------- სააღსრულებო ფურცელი სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარედგინა 2017 წლის 12 დეკემბერს (A1------- სააღსრულებო საქმე). ამავე წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ ვინაიდან №2---------- სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილია 1960 წლის 9 ნოემბერს და გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 19 დეკემბერს დაუბრუნდა კრედიტორს სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 26 ივლისის №5---- წერილი (ს.ფ. 90).
4.1.5. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 დეკემბრის №8---- წერილის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი №2----------, სადაც კრედიტორია ა---------–-----–---- (0----------), ხოლო მოვალე შპს „ვ------------------“ (2--------), სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში აღსასრულებლად წარდგენილი იქნა 2017 წლის 12 დეკემბერს, ხოლო იმავე წლის 19 დეკემბრის №A1--------0--/0-- წერილით კრედიტორს უარი ეთქვა სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებაზე და სააღსრულებო ფურცელი გადაწყვეტილებასთან ერთად დაუბრუნდა უკან შეუსრულებელი სახით. ამავე წერილით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული პერიოდის გარდა მითითებული სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის თაობაზე ინფორმაცია არც საქმეთა სარეგისტრაციო ჟურნალებში და არც საარქივო მასალებში არ იძებნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 დეკემბრის №8---- წერილი (ს.ფ. 112).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა---------–-----–----ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სასამართლო მოიხმობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების ), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში - აღსრულების ეროვნული ბიურო).
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტით კანონმდებელი დეტალურად აწესრიგებს სასამართლო აქტებისა და სხვა ორგანოთა აქტების იძულებითი აღსრულების დროს წარმოშობილ ურთიერთობებს. კანონი განსაზღვრავს იძულებითი აღსრულების ორგანოებს, სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც უნდა შეასრულონ სასამართლო აქტებისა და სხვა ორგანოთა აქტების მოთხოვნები, ადგენს სააღსრულებო დოკუმენტების ჩამონათვალს, სააღსრულებო დოკუმენტების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს და ამ მოთხოვნათა დარღვევის სამართლებრივ შედეგებს, აწესრიგებს სააღსრულებო წარმოების დაწყების, შეჩერების, შეწყვეტისა და დამთავრების წესს, სააღსრულებო მოქმედებათა შესრულების ადგილს, დროს და ვადებს და სხვა.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 29 ივნისს ა---------–-----–----მ №3---- განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და 1969 წლის 25 ნოემბრის №2---------- სააღსრულებო ფურცლის (ასლი) აღსრულება მოითხოვა.
დადგენილია ასევე, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 26 ივლისის №5---- წერილით ა---------–-----–----ს ეცნობა, რომ 1969 წლის 25 ნოემბრის №2---------- სააღსრულებო ფურცელი სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარედგინა 2017 წლის 12 დეკემბერს (A1------- სააღსრულებო საქმე). ამავე წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ ვინაიდან №2---------- სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილია 1960 წლის 9 ნოემბერს და გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 19 დეკემბერს დაუბრუნდა კრედიტორს სააღსრულებო ფურცელი შეუსრულებელი სახით.
სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, დაუშვებელია აღმასრულებლის მიერ იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო მოქმედებების (სააღსრულებო წარმოების) დაწყება სააღსრულებო ფურცლის დედნის გარეშე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღსრულება ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია მოვალის გარკვეული უფლებების შეზღუდვასთან, აღნიშნული შეზღუდვების მართლზომიერებისთვის მნიშვნელოვანია აღმასრულებლის მიერ ზედმიწევნით იქნეს დაცული კანონით დადგენილი მოთხოვნები და სააღსრულებო მოქმედებები მხოლოდ იძულებით აღსრულებას ქვემდებარე აქტის საფუძველზე გაცემული კანონშესაბამისი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე განახორციელოს. ამდენად, სააღსრულებო ფურცლის არსებობა წარმოადგენს აღსრულების კანონიერად მიჩნევის უმთავრეს წინაპირობას.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში ორგანოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი. ზოგადი წესის მიხედვით, სასამართლო კრედიტორს მხოლოდ ერთხელ აძლევს სააღსრულებო ფურცელს ერთი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. სასამართლოს მიერ თავდაპირველად გაცემული სააღსრულებო ფურცელი წარმოადგენს დედანს (ორიგინალს), ხოლო სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი კი სააღსრულებო ფურცლის მეორე ეგზემპლარია, რომელიც ცვლის დედანს და ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორიც დაკარგულ დოკუმენტს ჰქონდა.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა---------–-----–----ს 2018 წლის 29 ივნისის №3---- განცხადებით სააღსრულებო ბიუროს 1969 წლის 25 ნოემბრის №2---------- სააღსრულებო ფურცლის ასლი წარედგინა, რაც სააღსრულებო დოკუმენტისადმი (სააღსრულებო ფურცელი) კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველს. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის პოზიციას მითითებული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე არსებულ სააღსრულებო წარმოებაზე, აღსანიშნავია, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 დეკემბრის №8---- წერილით ირკვევა, 1969 წლის 25 ნოემბრის №2---------- სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის თაობაზე ინფორმაცია (გარდა 2017 წლის 12 დეკემბრის განცხადებისა) არც საქმეთა სარეგისტრაციო ჟურნალებში და არც საარქივო მასალებში არ იძებნება.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 29 ნოემბერს ა---------–-----–----ს მიერ სააღსრულებო ბიუროში ვერ იქნა წარდგენილი 1969 წლის 25 ნოემბრის №2---------- სააღსრულებო ფურცლის დედანი ან სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი, ხოლო მითითებული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულ სააღსრულებო წარმოებაზე ინფორმაცია არ დასტურდება, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს უარი 1969 წლის 25 ნოემბრის №2---------- სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებაზე კანონიერია და არ არსებობს მოპასუხისათვის სააღსრულებო წარმოების განხორციელების დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
8. საპროცესო ხარჯები
სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ა---------–-----–----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია