2. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში შეტანისას იხდის:

ა) აღსასრულებელი მოთხოვნის 2%-ს (მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა, თუ აღსასრუბელი მოთხოვნა აღემატება 50 ლარს) – თუ აღსასრულებელი მოთხოვნა ნაკლებია 50 000 ლარზე;

ბ) აღსასრულებელი მოთხოვნის 1,5%-ს – თუ აღსასრულებელი მოთხოვნა ტოლია ან აღემატება 50 000 ლარს;

გ) აღსასრულებელი მოთხოვნის 1%-ს – თუ აღსასრულებელი მოთხოვნა ტოლია ან აღემატება 100 000 ლარს.

3. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ან/და გადაცემის ან გამოსახლებისას, აღსრულების საფასურის ოდენობაა ნივთის საბაზრო ღირებულების 1%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ კატეგორიის საქმეებზე კრედიტორი აღსრულების საფასურს წინასწარ იხდის მის მიერ სააღსრულებო დოკუმენტთან ერთად წარდგენილი ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ ექსპერტის (აუდიტის) დასკვნის შესაბამისად. კრედიტორი უფლებამოსილია მის მიერ გადახდილი აღსრულების საფასურისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება მოითხოვოს მოვალისაგან სასამართლო წესით.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კრედიტორი ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მიერ აღსრულების საფასურის წინასწარ გადასახდელი ოდენობა, მიუხედავად აღსასრულებელი მოთხოვნისა, არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.

5. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულებისათვის რეგისტრაციას დაქვემდებარებულ თითოეულ ნივთზე და სხვა კატეგორიის საქმეებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენისას კრედიტორი იხდის აღსრულების საფასურს 100 ლარის ოდენობით.

6. ნივთის ნატურით გადაცემისას:

ა) თუ მოთხოვნა აღემატება ან უტოლდება ნივთის ღირებულებას, კრედიტორი (სახელმწიფო ორგანის გარდა) ფარავს საფასურის დარჩენილ ნაწილს ნივთის ღირებულების პროპორციულად: თუ ნივთის ღირებულება ნაკლებია 50 000 ლარზე – ნივთის ღირებულების 5%-ის ოდენობით, თუ ნივთის ღირებულება ტოლია ან აღემატება 50 000 ლარს – ნივთის ღირებულების 4%-ის ოდენობით, თუ ნივთის ღირებულება ტოლია ან აღემატება 100 000 ლარს – ნივთის ღირებულების 3%-ის ოდენობით, ხოლო თუ ნივთის ღირებულება ტოლია ან აღემატება 500 000 ლარს – ნივთის ღირებულების 2%-ის ოდენობით;

ბ) ერთზე მეტი არაუზრუნველყოფილი კრედიტორისათვის ნივთის ნატურით გადაცემისას ამ ნივთზე წარმოიშობა საერთო საკუთრება. საერთო საკუთრებაში თითოეული კრედიტორის წილი განისაზღვრება მათი მოთხოვნების პროპორციულად. ასეთ შემთხვევაში საფასურის დანარჩენ ნაწილს ფარავს თითოეული კრედიტორი თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. თუ ერთზე მეტი არაუზრუნველყოფილი კრედიტორიდან ნივთის ნატურით მიღების სურვილი გამოთქვა ერთ-ერთმა (რამდენიმემ), ნივთის მიმღები კრედიტორი ფარავს საფასურის დარჩენილ ნაწილს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, აგრეთვე ნივთის ღირებულებასა და ნივთის მიმღები კრედიტორის მოთხოვნასა და გადახდილი საფასურის ჯამს შორის სხვაობას (ასეთის არსებობისას), რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით მიემართება აღსრულების განმახორციელებელი სხვა კრედიტორების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;

გ) ერთდროულად ერთზე მეტი იპოთეკარის მიერ უძრავ ნივთზე იძულებითი აღსრულების განხორციელების შემთხვევაში ამ ნივთის ნატურით გადაცემის მოთხოვნის უპირატესი უფლება აქვს აღსრულების განმახორციელებელ იპოთეკართაგან (იპოთეკარებისაგან, რომელთა სასარგებლოდაც ჩატარდა აუქციონი) წინა რიგის იპოთეკარს, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულებისას – პირველ რიგში შესაბამის სახელმწიფო ორგანოს. ნივთის მიმღები იპოთეკარი (შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს გარდა) ფარავს საფასურის დარჩენილ ნაწილს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. ნივთის მიმღები ყველა იპოთეკარი ფარავს აგრეთვე ნივთის ღირებულებასა და ნივთის მიმღები იპოთეკარის მოთხოვნასა და გადახდილი (შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს შემთხვევაში – გადახდისაგან გათავისუფლებული) საფასურის ჯამს შორის სხვაობას (ასეთის არსებობისას), რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით მიიმართება აღსრულების განმახორციელებელი სხვა კრედიტორების (მათ შორის, არაუზრუნველყოფილი კრედიტორების) მოთხოვნების დასაკმაყოფილებლა