განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190310118002507308
საქმე №3ბ/2137-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტები (მოსარჩელეები) - იზ----–ა ხარშილაძე, მი---ლ აბაშიძე
წარმომადგენელი - გი-----ი ჭი----ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო;
წარმომადგენელი - ეკატერინე ახალკაცი
მესამე პირი - სს „თიბისი ბანკი“
წარმომადგენელი - მე----ი რო-----–---–ი
დავის საგანი - აღმასრულებლის მოქმედების უკანონოდ ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტების მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით მი---ლ აბ-–---ს და იზ----–ა ხა--–--–---- წარმომადგენლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით :
სს ბანკი ,,რესპუბლიკასა" და მი---ლ აბაშიძეს შორის 2008 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ქ. ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქ. №55, პირველი სადარბაზო, პირველი სართულზე ბინა №1 და ამ ფართის პროპორციული მიწის ნაკვეთი, წილობრივი მონაცემები 53,1/2254 კვ.მ. იპოთეკით უზრუნველყოფილია ბანკის მოთხოვნები მსესხებლის მიმართ გამომდინარე 2008 წლის 10 ივნისს დადებული კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულებიდან და ამ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2008 წლის 3 დეკემბრის ხელშეკრულებიდან.
2010 წლის 9 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა №104930 საკრედიტო ხელშეკრულება (რესტრუქტურიზებული, იპოთეკური სესხი) რომლითაც, კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 43 800 ევროთი. კრედიტით სარგებლობის ვადად განისაზღვრა 99 თვე და 9 დღე, 2018 წლის 18 ივნისამდე. კრედიტის აღების მიზანია ვადაგადაცილებული იპოთეკური სესხის რეფინანსირება. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მსესხებელი სრულად არ შეასრულებს ვალდებულებებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაიწყოს იძულებითი აღსრულების მიქცევა უზრუნველყოფის საგნებზე. იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხები არ იქნება საკმარისი მსესხებლის ვალდებულების სრულად შესასრულებლად, მსესხებელს რჩება პასუხისმგებლობა დარჩენილ ნაშთზე, ხოლო ბანკს აქვს უფლება იძულებითი გადახდევინება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე. აღნიშნული ასევე ასახულია 2010 წლის 09 მარტის საკრედიტო ხელშეკრულების მესამე მუხლის მესამე პუნქტში (ტომი II, ს. ფ. 61-70, 163-168, 173-177);
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის განჩინებით სს ,,ბანკი ,,რესპუბლიკა"-ს განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა. ცნობილი იქნა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს ,,დავების განმხილველი ცენტრის" 2011 წლის 30 ნოემბრის №304 გადაწყვეტილება და დაექვემდებარა აღსრულებას შემდეგი სახით: ა) სს ბანკი ,,რესპუბლიკას" საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა; ბ) შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს ,,ბანკი რესპუბლიკასა" და მი---ლ აბაშიძეს შორის 2008 წლის 10 ივნისს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულება კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ, მასში 2008 წლის 3 დეკემბერს შესული ცვლილება. 2010 წლის 9 მარტის №104930 საკრედიტო ხელშეკრულება, მასში 2010 წლის 13 მაისს შეტანილი ცვლილება, 2010 წლის 9 მარტის რესტრუქტურიზებული იპოთეკური სესხის №104930 საკრედიტო ხელშეკრულება და მასში 2010 წლის 13 მაისს შეტანილი ცვლილება; გ) მოპასუხეებს მი---ლ აბაშიძესა და იზ----–ა ხარშილაძეს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ №104929 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 52 840,86 ევროს გადახდა, ხოლო №104930 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 11 294,36 აშშ დოლარის გადახდა; დ) დავალიანების თანხის გადახდევინება განხორციელდა მსესხებლის და თავდები პირების უძრავი ქონების, იპოთეკის საგნების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით; შპს ,,მერანის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი მარნეული, ქუჩა სამედ ვურღუნი, 50,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 15 კვ.მ შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდით 83.02.23.020, ზონა მარნეული 83; სექტორი ქ. მარნეული 02; კვარტალი 23, ნაკვეთი 020, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 50,00 კვ.მ (დაზუსტებული), შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, განაშენიანების ფართობი 15 კვ.მ; მი---ლ აბ-–---ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი ჭიათურა, ქუჩა ჭავჭავაძის №55, სართული პირველი, ბინა №1, საცხოვრებელი ბინა 53,10 კვ.მ, ს.კ. 38.10.16.023.01.001, ზონა ჭიათურა 38; სექტორი ქალაქი ჭიათურა 10; კვარტალი 16; ნაკვეთი 023; კოდი 01/001; ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი 1056,00 კვ.მ.
2018 წლის 01 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით სს ,,თიბისი ბანკის" (სს ,,ბანკი რესპუბლიკას" უფლებამონაცვლე) წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა; გასწორდა 2012 წლის 27 მარტის განჩინებასა და 2012 წლის 19 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობები და მითითებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის და სააღსრულებო ფურცლის 2.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით ,,დავალიანების თანხის გადახდევინება განხორციელდეს მსესხებლის და თავდები პირების უძრავ-მოძრავი ქონების, იპოთეკის საგნების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით; შპს ,,მერანის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი მარნეული, ქუჩა სამედ ვურღუნი, 50,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 15 კვ.მ შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდით 83.02.23.020, ზონა მარნეული 83; სექტორი ქ. მარნეული 02; კვარტალი 23, ნაკვეთი 020, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 50,00 კვ.მ (დაზუსტებული), შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, განაშენიანების ფართობი 15 კვ.მ; მი---ლ აბ-–---ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი ჭიათურა, ქუჩა ჭავჭავაძის №55, სართული პირველი, ბინა №1, საცხოვრებელი ბინა 53,10 კვ.მ, ს.კ 38.10.16.023.01.001, ზონა ჭიათურა 38; სექტორი ქალაქი ჭიათურა 10; კვარტალი 16; ნაკვეთი 023; კოდი 01/001; ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი 1056,00 კვ.მ (ტომი II, ს. ფ. 19-22, 284-287);
2017 წლის 14 სექტემბერს სს ,,თიბისი ბანკის" წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მსესხებლის მი---ლ აბ-–---სა და თავდების პირის იზ----–ა ხა--–--–---- მთელს ქონებაზე აღსრულების მიქცევის თაობაზე.
სააღსრულებო ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 ოქტომბრის წერილით, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, დადგენილი იქნა საქმის მწარმოებელი სააღსრულებო ბიუროს მიერ საქმის წარმოების განახლება და კანონმდებლობით დადგენილი წესით სააღსრულებო წარმოების გაგრძელება (ტომი I, ს. ფ. 32, 35-36).
2018 წლის 07 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს განცხადებით მიმართა სს ,,თიბისი ბანკის" წარმომადგენელმა და წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 01 ივნისის განჩინება (ტომი II, ს. ფ. 283);
აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 02 იანვარს მოვალე მი---ლ აბაშიძეს, იზ----–ა ხარშილაძეს და შპს ,,მერანს" მიეცათ წინადადება 7 დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 02 იანვრის №A12040554-029 განკარგულების თანახმად დადგინდა, სააღსრულებო წარმოების მოვალის - მი---ლ აბ-–---ს, იზ----–ა ხა--–--–----ა და შპს ,,მერანის" მიმართ აღსრულების ღონისძიების - გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების საჯაროდ შეტყობინების თაობაზე. განკარგულებით დადგინდა, რომ მი---ლ აბ-–---სათვის, იზ----–ა ხა--–--–----ათვსა და შპს ,,მერანისათვის" შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლებოდა საჯარო შეტყობინების აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებ. გვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. აღნიშნული წინადადებები გამოქვეყნდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებ გვერდზე (ტომი II, ს. ფ. 226-230, 243-246);
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებების ნამდვილობა მხარეთა შორის დავას არ იწვევს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს აღარ ჰქონდა უფლება, მოცემულ საქმეზე სადავო გაეხადა ამ შეთანხმებებით გათვალისწინებული ის დებულება, რომლითაც კრედიტორი უფლებამოსილი იყო, აღსრულება მიექცია მოვალის სხვა ქონებაზეც იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა იპოთეკარის მოთხოვნას (იხ. საკრედიტო ხელშეკრულების 4.4 პუნქტი, ტომი II, ს. ფ.163-164).
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 ივნისის განჩინებით სს ,,თიბისი ბანკის" (სს ,,ბანკი რესპუბლიკას" უფლებამონაცვლე) წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა; გასწორდა 2012 წლის 27 მარტის განჩინებასა და 2012 წლის 19 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობები და მითითებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის და სააღსრულებო ფურცლის 2.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,დავალიანების თანხის გადახდევინება განხორციელდეს მსესხებლის და თავდები პირების უძრავ-მოძრავი ქონების, იპოთეკის საგნების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით; შპს ,,მერანის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი მარნეული, ქუჩა სამედ ვურღუნი, 50,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 15 კვ.მ შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდით 83.02.23.020, ზონა მარნეული 83; სექტორი ქ. მარნეული 02; კვარტალი 23, ნაკვეთი 020, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 50,00 კვ.მ (დაზუსტებული), შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1,განაშენიანების ფართობი 15 კვ.მ; მი---ლ აბ-–---ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი ჭიათურა, ქუჩა ჭავჭავაძის №55, სართული პირველი, ბინა №1, საცხოვრებელი ბინა 53,10 კვ.მ, ს.კ 38.10.16.023.01.001, ზონა ჭიათურა 38; სექტორი ქალაქი ჭიათურა 10; კვარტალი 16; ნაკვეთი 023; კოდი 01/001; ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება. ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი 1056,00 კვ.მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 ივნისის განჩინება სს ,,თიბისი ბანკის" წარმომადგენლის მიერ 2018 წლის 7 ივნისს წარდგენილი იქნა სააღსრულებო ბიუროში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 24 მაისის №A12040554-031/004 წერილით მოსარჩელეთა წარმომადგენელს ეცნობა სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ", სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არც ერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის" განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის (Apostol v. Georgia; §37; ასევე Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ" სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის" განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. სასამართლოს მითითებით, ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი). ყოველივე აღნიშნული კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის მნიშვნელობას და მათზე დაკისრებული ვალდებულების ხარისხს.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება (სზაკ-ის 5.1 მუხლი). უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს (სზაკ-ის 5.3 მუხლი).
აპელანტის მითითებით კითხვაზე ჰქონდა თუ არა აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო წარმოების განახლების საფუძველი, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი პასუხი უნდა იქნეს გაცემული.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, აღსრულების წესსა და პირობებს განსაზღვრავს სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი (მუხლი 1). მოცემული კანონი სააღსრულებო საქმის წარმოების განახლებას იცნობს ერთადერთ შემთხვევაში _ განწილვადების პირობების დარღვევის შემთხვევაში. განწილვადების პროცესი აღსრულების შეჩერების ერთერთი საფუძველია (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 36.2.1 მუხლი) და სავსებით ლოგიკურია თუკი განწილვადების პირობები დაირღვევა, შეჩერებული წარმოება განახლდეს. სააღსრულებო წარმოების განახლების სხვა შემთხვევას ეს კანონი არ იცნობს.
აპელანტის მითითებით, კანონი პირდაპირ არ მიუთითებს აღსრულების დამთავრების/დასრულების სამართლებრივ შედეგებზე, ეს იმდენად ცხადი საკითხია, რომ აღნიშნულს ზედმეტი განმარტება არ ჭირდება. რაც აღსრულდება, ის თავისთავად დამთავრებასაც ნიშნავს და იგივე საკითხის დაყენება ყოვლად დაუშვებელია. დავუშვათ შემთხვევა, რომ 2014 წლის მდგომარეობით ბანკს სრულად ამოეღო სააღსრულებო ფურცლით მიკუთვნებული თანხა. შედეგი იგივე იქნებოდა _ სააღსრულებო წარმოება დამთავრდებოდა.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, თანხის ამოღება-არამოღება ეს კრედიტორის რისკია და მოცემულ შემთხვევაზე გავლენას ვერ მოახდენს. კანონში ყველა აკრძალვა ვერ მიეთითება, ის რაც თავისთავად ცხადია, სამართლებრივი რეგულაცია არ სჭირდება.
კანონი იცნობს სააღსრულებო წარმოების განახლების დაუშვებლობის შემთხვევას: სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოების განახლება დაუშვებელია (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 34.3 მუხლი). ამავე მუხლში ჩამოთვლილია აღსრულების შეწყვეტის საფუძვლები. ერთ-ერთი საფუძველი ასე გამოიყურება: "კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე". მოცემულ შემთხვევაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კრედიტორმა (2012 წელს) უარი თქვა აღსრულების კონკრეტულ ღონისძიებებზე. კრედიტორმა საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა მხოლოდ ორი იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით. აღსრულების სხვა ღონისძიებების გამოყენება კრეტიტორს არ მოუთხოვია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევა ექცევა 34-ე მუხლის რეგულაციაში.
აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 25.1 მუხლი). მაშასადამე, სწორედ ამ ორი დოკუმენტის მოთხოვნებზე და მითითებებზე დაყრდნობით განისაზღვრება აღსრულების კონკრეტული ღონისძიებები. აპელანტის მითითებით, განცხადებით იმაზე მეტს ვერ მოითხოვ, ვიდრე ეს სააღსრულებო ფურცლით არის მიკუთვნებული, თუმცა დაკლებას ვერავინ აკრძალავს. მოცემული შემთხვევა კი შესაძლებელია გაუთანაბრდეს ვალის პატიების შემთხვევას. 2012 წელს ბანკმა საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა კონკრეტული საშუალებით _ ორი იპოთეკის საგნის რეალიზაციით. ეს ქონებები უკვე რამდენიმე წელია, რაც იძულებით აუქციონზე იქნა გატანილი. აღსრულება 5 წელზე მეტია, რაც დამთავრდა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, წლების წინ დამთავრებული აღსრულების განახლება ვერავითარ სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. ამასთან, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო პალატა მიუთითებს რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს აღმასრულებლის ყველა მოქმედების უკანონოდ ცნობა. კერძოდ, №A12040554 სააღსრულებო საქმის განახლების და მისი შემდგომი სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისათვის, ქვემდებარეობით ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსათვის გადაცემის გაუქმება, ასევე №A12040554 სააღსრულებო საქმეზე ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს ყველა სააღსრულებო მოქმედების გაუქმება, კერძოდ: 2017 წლის 26 დეკემბრის მოვალეებისათვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე წინადადებების გაგზავნის, 2018 წლის 03 იანვრის აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე საჯარო შეტყობინების გამოქვეყნების, აღმასრულებლის 2018 წლის 31 იანვრის ადგილზე გამოცხადების ოქმის, 2017 წლის 29 ნოემბრის იზ----–ა ხა--–--–---- საბანკო ანგარიშებზე ტერა ბანკში ყადაღის რეგისტრაციის, მი---ლ აბ-–---სა და შპს ,,მერანის" საბანკო ანგარიშებზე ,,ლიბერთი ბანკში" ყადაღის რეგისტრაციის, 2018 წლის 5 მარტის იზ----–ა ხა--–--–---- საბანკო ანგარიშებზე ინკასოს რეგისტრაციის, 2018 წლის 3 მაისის კრედიტორზე მიმართვის (სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უზუსტობის გასწორების თაობაზე) გაუქმება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.
ამავე კანონის მე-17 მუხლის თანახმად აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი, ამ მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებულ აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულების სავალდებულობას ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმისა. ამავე მუხლის მ-5 პუნქტის მიხედვით იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს: ა) გადახდევინება: ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებას, ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს; ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული პენსიიდან), სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლიდან; ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან; ბ) მოვალისთვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს; გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
პალატა განმარტავს, რომ აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააღსრულებო წარმოების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს აღსრულების აქტი, რომლის შინაარსი განსაზღვრავს წარმოების მონაწილე მხარეებსა და აღსრულების წესს, კერძოდ, ვის მიმართ, რა სახის და რა მოცულობით უნდა განხორციელდეს სააღსრულებო მოქმედებები. აღსრულების ბიურო ვალდებულია სააღსრულებო წარმოების განხორციელებისას იხელმძღვანელოს აღსრულებას დაქვემდებარებული აქტით და მისი შინაარსის გათვალისწინებით გაატაროს კანონით რეგლამენტირებული ღონისძიებები.
საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. ამას გარდა, საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტლებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
მითითებული ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილებას კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გააჩნია სავალდებულო ძალა ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესასრულებლად, ნებისმიერი პირისათვის. სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას.
მოქმედი კანონმდებლობით სასამართლო აქტების აღსრულების კომპეტენცია არ არის სასამართლო სისტემის იურისდიქცია, იგი განეკუთვნება აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას, ხოლო, თავის მხრივ, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უსაგნოს ხდის სააღსრულებო წარმოებას, რასაც შედეგად მოსდევს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მძიმე შედეგი - მართლმსაჯულების აღუსრულებლობა, მაშინ, როცა ჯეროვანი და ეფექტური მართლმსაჯულება მიიღწევა არა მხოლოდ სასამართლოს მიერ კონკრეტული კონფლიქტების გადაწყვეტის, არამედ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების დროული აღსრულების უზრუნველყოფით.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მეორე მუხლის ,,ა" და ,,ლ" ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა; არბიტრაჟის გადაწყვეტილება;
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები სადავოდ არ მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ 2012 წლის 28 ივნისს სს ,,ბანკი რესპუბლიკას" წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე დაიწყო იძულებითი აღსრულება 2012 წლის 19 აპრილის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. განცხადებაში მიეთითა, რომ დავალიანების ამოღება განხორციელებულიყო იპოთეკით დატვირთული ორი უძრავი ქონების რეალიზაციის გზით: შპს ,,მერანის" საკუთრებაში არსებული - ქალაქი მარნეულში, სამედ ვურღუნის ქუჩა, 50,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 83.02.23.020; მი---ლ აბ-–---ს საკუთრებაში არსებული - ქალაქი ჭიათურა, ჭავჭავაძის ქ. №55, სართული პირველი, ბინა №1, ს.კ. 38.10.16.023.01.001.
ორივე იპოთეკის საგანზე განხორციელდა იძულებითი აღსრულების ღონისძიებები: შპს ,,მერანის" საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია განხორციელდა აუქციონის გზით, ხოლო მი---ლ აბ-–---ს ქონებაზე აუქციონის უშედეგოდ დასრულების გამო, ქონებას მოეხსნა ყადაღა და დაუბრუნდა მოვალეს. 2014 წლის 31 მარტს №A12040554 სააღსრულებო საქმეზე სააღსრულებო წარმოება დამთავრდა.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს 2017 წლის 27 აპრილს მიმართა სს ,,ბანკი რესპუბლიკას" წარმომადგენელმა და ითხოვა №A12040554 სააღსრულებო საქმეზე, აღსრულების მიქცევა მსესხებლისა და თავდები პირების ქონებაზე, რაზედაც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2017 წლის 28 აპრილის №33190 წერილით ეცნობათ, რომ 2012 წლის 19 აპრილის №2ბ/1063-12 სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენისას სს ,,ბანკი რესპუბლიკას" წარმომადგენლის მიერ წარდგენილი იქნა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო დავალიანების გადახდევინების მიზნით მხოლოდ იპოთეკის საგნების რეალიზაცია. ამასთან, განმცხადებელს ეცნობა, რომ სააღსრულებო წარმოება №A12040554 უკვე დასრულებული იყო იპოთეკის საგნების რეალიზაციის გამო და საქმე გადაცემული ჰქონდა არქივს ვინაიდან, არც სააღსრულებო დოკუმენტი და არც კრედიტორის განცხადება არ ითვალისწინებდა იპოთეკის საგნების რეალიზაციის გარდა მოვალეთა სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევას. განმცხადებელს ასევე მიეთითა აღსასრულებელი გადაწყვეტილების ბუნდოვანების შემთხვევაში მისი განმარტებისათვის მიმართვის შესახებ.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს 2017 წლის 14 სექტემბერს მიმართა სს ,,თიბისი ბანკის" წარმომადგენელმა გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და წარადგინა არბიტრაჟის დადგენილება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 ოქტომბრის №75901 სარეკომენდაციო წერილით, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, დადგენილი იქნა საქმის მწარმოებელი სააღსრულებო ბიუროს მიერ საქმის წარმოების განახლება და კანონმდებლობით დადგენილი წესით სააღსრულებო წარმოების გაგრძელება. ამასთან, მიეთითა აღსრულების ქვემდებარეობასთან დაკავშირებით.
მუდმივმოქმედი არბიტრაჟი დავების განმხილველი ცენტრის 2017 წლის 01 ივნისის №304 დადგენილებით, სს ,,თიბისი ბანკის" (სს ,,ბანკი რესპუბლიკას უფლებამონაცვლე) წარმომადგენლის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა 2011 წლის 30 ნოემბრის №304 გადაწყვეტილების განმარტების შესახებ იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტში კონკრეტული არის მითითებული თუ ვისი ქონება უნდა დაექვემდებაროს იძულებით რეალიზაციას, არ არის ბუნდოვანი და არ საჭიროებს განმარტებას. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტით დადგენილია, რომ ,,დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს მსესხებლის და თავდები პირების უძრავ-მოძრავი ქონების, იპოთეკის საგნების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით". აღნიშნულ პუნქტში ჩამოთვლილია თუ ვისი უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციით უნდა მოხდეს დავალიანების დაფარვა კერძოდ, მსესხებლის, თავდები პირების და იპოთეკის საგნების.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელმოწერილ, (სს ბანკი რესპუბლიკა, რომლის უფლებამონაცვლე სს თიბისი ბანკია) 2008 წლის 4 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულებაში გამოხატული ნების შეფასებით დასტურდება, რომ მსესხებელზე გამსესხებლის მიერ გაიცა 6500 აშშ დოლარი და იპოთეკის საგანია ქ. ჭიათურა, ჭავჭავაძის ქ. №55-ში მდებარე უძრავი ქონება. 2010 წლის 9 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით, რომლის მხარეებიც სს ,,ბანკი რესპუბლიკა" და მი---ლ აბაშიძეა, შეთანხმდნენ, რომ მი---ლ აბ-–---ს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაიწყოს იძულებითი აღსრულების მიქცევა უზრუნველყოფის საგნებზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხები არ იქნება საკმარისი მსესხებლის ვალდებულების შესასრულებლად, მსესხებელს რჩება პასუხისმგებლობა დარჩენილ ნაშთზე, ბანკს კი აქვს უფლება იძულებითი გადახდევინება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებების ნამდვილობა მხარეთა შორის დავას არ იწვევს. ასევე დავას არ იწვევს მოვალეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს აღარ ჰქონდა უფლება, მოცემულ საქმეზე სადავო გაეხადა ამ შეთანხმებებით გათვალისწინებული ის დებულება, რომლითაც კრედიტორი უფლებამოსილი იყო, აღსრულება მიექცია მოვალის სხვა ქონებაზეც იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა იპოთეკარის მოთხოვნას (იხ. საკრედიტო ხელშეკრულების 4.4 პუნქტი, ტომი II, ს. ფ.163-164).
აპელანტის შეფასებით აღმასრულებელმა დაარღვია კანონი, როდესაც მან სს ,,ბანკი რესპუბლიკას"(უფლებამონაცვლე სს ,,თი ბი სი" ბანკი) წარმომადგენელის განცხადების საფუძველზე, რომლითაც მან №A12040554 სააღსრულებო საქმეზე მოითხოვა აღსრულების მიქცევა მსესხებლისა და თავდები პირების ქონებაზე, განაახლა წარმოება. აპელანტი დაბეჯითებით მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც 2012 წელს კრედიტორმა ორგანიზაციამ სააღსრულბო ბიუროში სააღსრულებო ფურცელის წარდგენისას განცხადებით მოითხოვა დაკმაყოფილება მხოლოდ ორი იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით და არ მოუთხოვია თავდებ პირთა ქონებაზე აღსრულების მიქცევა, ეს შემთხვევა უთანაბრდება ვალის პატიებას და ის ექცევა სააღრულებო წარმოებათა შესახებ კანონის ექცევა 34.3-ე მუხლის რეგულაციაში, სადაც ჩამოთვლილია აღსრულების შეწყვეტის საფუძვლები, მათ შორის ერთ-ერთი საფუძვლად მითითებულია ... "კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე". შესაბამისად, ამ ქმედებით კრედიტორმა (2012 წელს) უარი თქვა აღსრულების კონკრეტულ ღონისძიებებზე.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 25.1 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
პალატის შეფასებით, აპელანტის პოზიცია ემყარება დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მცდარ და სუბიექტურ შეფასებებს, რაც გამორიცხავს მისი გაზიარების სამართლებრივ შესაძლებლობას, შემდეგ გარემოებაათა გამო: განსახილველ საქმეში წარმოედგენილი არცერთი დოკუმენტის შინაარსი/ანალიზი არ უთითებს კრედიტორის ცალმხრივ სურვილზე, სადაცის გამოხატავს მოვალის მიმართ ვალის პატიების ნებას. ცხადია, რომ ნების გამოვლენად არ შეიძლება განიხილებოდეს სააღსრულებო ბიუროში კრედიტორის მიერ 2012 წელს წარდგენილ განცხადებაში თავდებ პირთა ქონებაზე აღსრულების მიქცევის მოთხოვნაზე არმითითებს ფაქტი, რამეთუ სამოქალაქო კანონდებლობის თანახმად, კრედტორი არ არის შეზღუდული მოთხოვოს მოვალეს ვალდებულების შესრულება, როგორც ერთიანად ისე ნაწილ-ნაწილ ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლა თავისთავად არ გამორიცხავს მოთხოვნას, თუმცა ეჭვქვეშ აყენებს მისი დაკმაყოფილების პროცესუალურ შესაძლებლობებს. უდავოდ დადგენილია, რომ კრედიტორს სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი ჰქონდა სააღრულებო ფურცელი, რაც ასევე ითვალისწინებდა იძულებით აღსრულების მიქცევას თავდებთა ქონებაზეც და ამასთან, ახალი განცხადების წარდგენის მომენტისათვის არ იყო გასული ამ სააღრულებლო ფურცლის მოქმედების ვადებიც. ნიშნადობლივია ისიც, რომ კონკრეტული შემთხვევა არ ექცევა სააღრულებო წარმოებათა შესახებ კანონით გათვალისწინებულ სააღსრულებო წარმოების შეჩერებისა თუ მისი შეწყვეტის საფუძვლებში და ექვემდებარება სრული მოცულებით აღსრულებას.
დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელებული მოქმედებანი შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.
საპროცესო ხარჯები:
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი. სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო არ არსებობს ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. იზ----–ა ხა--–--–----ა და მი---ლ აბ-–---ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე დავით ახალბედაშვილი