განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.11.2019
საქმის ნომერი
330310019002799667
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
06.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/2155-19, 330310019002799667

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,კა--- რუ-------–ი“

წარმომადგენლები: გი-----ი უს-----–---–ი, გი-----ი საძ---–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი - სო----ო ლო-----ე

 

მესამე პირი - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ლა–- ად---–---–ი

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,კა--- რუ-------–ის“ სარჩელი აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის საქალაქო სასამართლოს მიერ 18.02.2010 წელს გაცემული N3/13---- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული NA100----- წარმოების გაგრძელების დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 09 თებერვლის N3/13---- გადაწყვეტილებით შპს ,,კა--- რუ-------–ის’’ დირექტორის იოსებ ქოქოლაძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 200- წლის 09 იანვრის N დ/0- ბრძანება, 200- წლის 11 იანვრის N97- საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო მტკიცებულებების შეფასების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამავე გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ ცენტრს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 389 ლარის გადახდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის N3ბ/60--09 განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 0- დეკემბრის განჩინებით

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის

რეგიონალური ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2010 წლის 18 თებერვალს.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 19 მარტს განცხადებით მიმართა შპს ,,კა--- რუ-------–მა’’, წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2010 წლის 18 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრისათვის დაკისრებული 10 389 ლარის მოთხოვნის აღსრულება.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 22 მარტის NA100------004 მიმართვით სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს ეცნობა სააღსრულებო წარმოების შესახებ და მიეცა წინადადება სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 28 ივლისის NA 100------00-/001 მიმართვით აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალური ჯგუფის უფროსს ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ ნებაყოფლობით არ იქნა აღსრულებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, გავიდა მისი ნებაყოფლობით აღსრულების კანონით დადგენილი 03 თვიანი ვადა და ეთხოვა განეხორციელებინათ აღნიშნულთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს 2010 წლის 14 მაისის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის N21-0-/3611 მიმართვით ეცნობა, რომ ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ და ,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული მიმდინარე წლის ასიგნება ფინანსთა სამინისტროს არ აძლევს საშუალებას აანაზღაუროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებები.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 30 იანვრის N 980 ბრძანებით შპს ,,კა--- რუ-------–ის’’ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულება და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო მტკიცებულების შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამავე ბრძანებით გაუქმდა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2011 წლის 24 ოქტომბრის N 005-5--- ბრძანება. მომსახურების დეპარტამენტს დაევალა შპს ,,კა--- რუ-------–ის’’ მიმართ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 08 აგვისტოს N21-13--- ბრძანებით წარდგენილი წინადადების გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალა შპს ,,კა--- რუ-------–ი’’-თან საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმება და გადასახდელი საგადასახდო დავალიანების თანხა განისაზღვრა 500 ლარით.

 

2012 წლის 27 აგვისტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის 08.08.2012 წ. N21-13--- ბრძანების საფუძველზე გაფორმდა საგადასახდო შეთანხმება ერთის მხრივ შპს ,,კა--- რუ-------–სა’’ და მეორეს მხრივ სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის, რომელიც მიზნად ისახავდა გადასახდის გადამხდელისათვის დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების ოდენობის შემცირებას შეთანხმებით განსაზღვრული პირობების გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულების შემთხვევაში. შეთანხმების თანახმად, გადასახდელი საგადასახადო დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 500 ლარით, ხოლო გადახდის ვადა - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 10 კალენდარული დღე.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 0- სექტემბრის N167-- ბრძანებით შპს ,,კა--- რუ-------–ს’’ 2012 წლის 31 ივლისის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით განესაზღვრა სხვა არაკლასიფიცირებულ ჯარიმებსა და საურავებში 500 ლარით.

 

2013 წლის 19 აგვისტოს, კრედიტორმა გაზარდა მოთხოვნა და მოითხოვა აღსრულება იმ ნაწილშიც, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 200- წლის 09 იანვრის N დ/0- ბრძანება, 200- წლის 11 იანვრის N 97- საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო მტკიცებულებების შეფასების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს 2013 წლის 18 სექტემბრის თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართვით მიეცა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. აღნიშნული წერილის პასუხად თბილისის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის 08.08.2012წ, N 21-13--- ბრძანების შესაბამისად, მხარეებს შორის 27.08.2012 წ. გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 31.0-.2012 წ. მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანების თანხა (146 513,56 ლარი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით განისაზღვრა 500 ლარის ოდენობით. გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე რიცხული საგადასახადო დავალიანების თანხა მოიცავდა სადავო საგადასახადო მოთხოვნის თანხებსაც.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს 2013 წლის 15 ოქტომბრის თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართვით განმეორებით გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს 2014 წლის 12 თებერვლის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართვით ეცნობა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს ,,კა--- რუ-------–ის’’ შორის 27.08.2012წ. გაფორმებული საგადასახადო შეთანხმება, შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს მორიგების აქტად, რაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველს. აღნიშნულისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, რომელიც ითვალისწინებს აღსრულების პროცესში კრედიტორისა და მოვალის მორიგების შესაძლებლობას და მისი 3 დღის ვადაში სასამართლოში დასამტკიცებლად წარდგენას, მოვალემ გაუგზავნა რა ადმინისტრაციულ ორგანოს საგადასახდო შეთანხმების მასალები, ითხოვა მითითებული გარემოების გათვალისწინება.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 0- მარტის მიმართვით სსიპ შემოსავლების სამსახურს გაეგზავნა შპს ,,კა--- რუ-------–ის’’ წარმომადგენლის განცხადება და ამავდროულად განმეორებით მიეცა წინადადება ნებაყოფლობით, დაუყოვნებლივ აღესრულებინა სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა.

 

2014 წლის 20 მარტს, შემოსავლების სამსახურმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 12 თებერვლის N21-14/8717 წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი მასალების სასამართლოში გადაგზავნის დავალება, რათა შეწყვეტილი ყოფილიყო სააღსრულებო წარმოების მხარეებს შორის მორიგების დამტკიცების საკითხი. მოსარჩელე ასევე მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების შეწყვეტის დავალება. 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

 

2018 წლის 18 იანვარს, შპს ,,კა--- რუ-------–ის’’ წარმომადგენელმა გი-----ი უს-----–---–მა განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა წერილობითი ინფორმაცია სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. ანალოგიური შინაარსის განცხადებით კვლავ მიმართა შპს ,,კა--- რუ-------–ის’’ წარმომადგენელმა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 14 თებერვალს.

 

2018 წლის 06 მარტს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა წერილობით აცნობა მოსარჩელე მხარეს, რომ აღნიშნული განცხადების საფუძველზე 2018 წლის 6 მარტს გაეგზავნა NA100------025/001 წერილი შემოსავლების სამსახურს, რომლითაც გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოვალის მხრიდან სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული მოქმედებების შესახებ.

 

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 აპრილის N21-14/48215 წერილით აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის Nბს-90--899 (კ-16) განჩინების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტში გადაანგარიშდა შპს ,,კა---- რუ-------–ის’’ მიმართ დარიცხული თანხები, რაზეც შედგენილ იქნა 2017 წლის 22 სექტემბრის დასკვნა, გამოიცა 2017 წლის 26 სექტემბრის N258-- ბრძანება და 2017 წლის 26 სექტემბრის N005-2-- საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალურო ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით 2017 წლის 26 სექტემბერს.

 

როგორც გასვლითი საგადასახადო შემოწმების მე-4 სამმართველოს 2017 წლის 22 სექტემბრის N1474 დასკვნიდან ირკვევა, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშება განხორციელდა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24.01.2017 წლის ს-90--899 (კ-16) განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება, რომლის მიხედვით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება. 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნაზე, რომელიც გულისხმობდა 2009 წლის 9 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების აღსრულების შეწყვეტას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წინამდებარე დასკვნაში განხილულია ის საკითხები, რომლებიც შეეხება 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

სასამართლომ მიუთითა აუდიტორის შეფასებაში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით: გასაჩივრებული საგადასახადო შემოწმების აქტი ამ ნაწილში ეფუძნება ფინანსური პოლიციის გამომძიებლის 2006 წლის 29 ნოემბრის წერილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2006 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში ხელოვნურად არის შემცირებული შემოსავალი, წერილის ავტორი შემოსავლის შემცირების პერიოდად მიიჩნევს მხოლოდ ორ თვეს, ხოლო დღგ-ს დარიცხვა, შემოწმების აქტის მიხედვით მოხდა 12 თვიანი პერიოდის განმავლობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილი იქნა საქმის ირგვლივ არსებული მასალები/ მტკიცებულებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან, იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურიდან და შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოდან. მიღებული მასალების/მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ფინანსური პოლიციის მასალებში შემოსავლების შემცირების შესახებ ინფორმაცია მოიპოვება მხოლოდ 2006 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის საანგარიშო პერიოდების მიხედვით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2006 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-სში დარიცხული თანხების შემცირებას დაექვემდებარა 2005 წლის ოქტომბრიდან 2006 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდებში.

 

დამატებითი ღირებულების გადასახადი შემცირებულია 58856 ლარისა და ჯარიმის

5 264 ლარის ოდენობით. შენიშვნის სახით აღნიშნულ იქნა, რომ დასკვნით შესამცირებელ თანხებში გათვალისწინებულია (გამოკლებულია) 2012 წლის 27 აგვისტოს საგადასახადო შეთანხმებით შემცირებული დღგ-ის ბარათზე რიცხული დავალიანების თანხები, სულ 18 968 ლარის ოდენობით.

 

აუდიტორის შეფასებაში აღინიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების მიხედვით: გასაჩივრებული საგადასახადო შემოწმების აქტი ამ ნაწილში ეფუძნება ფინანსური პოლიციის გამომძიებლის 2006 წლის 29 ნოემბრის წერილით თბილისის საგადასახადო ინსპექციაში გადაგზავნილ მასალებს, რომელთა მიხედვით გაცემულმა ხელფასმა 2005 წლის ნოემბრიდან 2006 წლის ოქტომბრის ჩათვლით შეადგინა სულ 286 974 ლარი, ხოლო 2006 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულია 512 339 ლარი, აღნიშნული შეუსაბამობის გარდა, სასამართლომ არ გაიზიარა ანგარიშვალდებულ პირზე ბაზარში საქონლის შესაძენად გაცემული 44 327 ლარის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით, ვინაიდან შესყიდვის აქტების მხოლოდ ნაწილზე არ ფიქსირდება გამყიდველის ხელმოწერა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილი იქნა საქმის ირგვლივ არსებული მასალები/მტკიცებულებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან, იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურიდან და შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოდან. მიღებული მასალების შესწავლის შედეგად კი დადგენილად მიიჩნია, რომ ფინანსური პოლიციის მასალების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში ხელფასის სახით განაცემებმა შეადგინა სულ 294 908 ლარი. შედეგად შემცირებას დაექვემდებარა 2006 წლის 14 დეკემბრის აქტით დამატებით დარიცხული საშემოსავლო და სოციალური გადასახადები შესაბამის საანგარიშო თვეებში. საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 26 092 ლარით, ხოლო სოციალური გადასახადი 43 486 ლარით. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის N258-- ბრძანების თანახმად, შპს ,,კა--- რუ-------–ს’’ საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ძირითადი გადასახადი 128434 ლარი, დაერიცხა ჯარიმა 8253 ლარი. დასარიცხი/შესამცირებელი გადასახადები/გადამხდელები შპს ,,კა--- რუ-------–ის პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახა ბრძანების დანართში მითითებული გადასახადების (გადასახდელების სახეებისა და გადახდის ვადების მიხედვით). განმარტებულ იქნა ბრძანების გასაჩივრების წესი, რომლის თანახმად ბრძანება საჩივრდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობით ან ელექტრონული საჩივრის წარდგენის გზით. აგრეთვე სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით. საფუძველი: ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის განჩინება. გასვლითი საგადასახადო შემოწმების მე-4 სამმართველოს 2017 წლის 22 სექტემბრის N1474 დასკვნა.

 

ამასთან, შპს ,,კა--- რუ-------–ს’’ სასამართლო აქტებით ბათილად ცნობილი აქტით დარიცხული თანხებიდან ბიუჯეტში გადახდილი აქვს ძირითადი თანხა, სულ 221725.79 ლარი, მათ შორის: დღგ-ს გადასახადი-87867.22 ლარი, საშემოსავლო გადასახადი-50196.84 ლარი, სოციალური გადასახადი -83661.73 ლარი. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის N005-2-- საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, შპს ,,კა--- რუ-------–ს’’ თავდაპირველად დარიცხული 221 725,79 ლარი შეუმცირდა 128434 ლარით და საბოლოოდ 121680.77 ლარი კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტობად აისახა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 27 ივნისის N44006 წერილით შპს ,,კა--- რუ-------–ის’’ წარმომადგენელს ეცნობა, რომ აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში 2018 წლის 12 აპრილს მოვალემ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მომართა წერილით, რომელსაც ერთვის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 26 სექტემბრის N258-- ბრძანება და სხვა დოკუმენტაცია. აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემულ ახალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აქედან გამომდინარე, N3/13---- სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა აღსრულებულია და დასრულებულია სააღსრულებო წარმოება.

 

2018 წლის 06 ნოემბერს, შპს ,,კა--- რუ-------–ის’’ წარმომადგენელმა გი-----ი უს-----–---–მა კვლავ მიმართა განცხადებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილობით, სადაც აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის N258-- ბრძანება არ წარმოადგენს ახალ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რამდენადაც ამ აქტით კორექტირებული იქნა სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი აქტი და არ აღსრულებულა N3/13---- სააღსრულებო ფურცლიდან გამომდინარე მოთხოვნა, შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა შპს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 18.02.2010 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული NA100----- სააღსრულებო წარმოების გაგრძელება. ასევე მოითხოვა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაგზავნა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მითითებული ნორმის ფარგლებში, რამდენადაც მოსარჩელე ითხოვს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 18.02.2010 წელს გაცემული N3/13---- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული NA100----- სააღსრულებო წარმოების გაგრძელების დავალებას.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლში გაწერილია აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი, ამ მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებულ აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულების სავალდებულობას ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმისა. ამავე მუხლის მ-5 პუნქტის მიხედვით იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს: ა) გადახდევინება: ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებას, ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს; ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული პენსიიდან), სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლიდან; ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან; ბ) მოვალისთვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს; გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.

 

ამდენად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააღსრულებო წარმოების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს აღსრულების აქტი, რომლის შინაარსი განსაზღვრავს წარმოების მონაწილე მხარეებსა და აღსრულების წესს, კერძოდ, ვის მიმართ, რა სახის და რა მოცულობით უნდა განხორციელდეს სააღსრულებო მოქმედებები. აღსრულების ბიურო ვალდებულია სააღსრულებო წარმოების განხორციელებისას იხელმძღვანელოს აღსრულებას დაქვემდებარებული აქტით და მისი შინაარსის გათვალისწინებით გაატაროს კანონით რეგლამენტირებული ღონისძიებები.

 

საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. ამას გარდა, საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტლებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

საქმეში დაცული მასალის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 200- წლის 09 იანვრის N დ/0- ბრძანება, 200- წლის 11 იანვრის N 97- საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო მტკიცებულებების შეფასების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული კი გულისხმობს შემდეგს: თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება საქმის გარემოებათა გამოკვლევა და შესწავლა. თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს ასეთ ადმინისტრაციულ აქტს, თუ აშკარაა, რომ კანონის ამ დარღვევის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. საკითხის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის დროს სასამართლო არ იყენებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით მინიჭებულ უფლებას საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. ამ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოსცეს ისეთივე ან განსხვავებული ადმინისტრაციული აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ შეფასებული უნდა ყოფილიყო საგადასახადო ორგანომ გამოიკვლია თუ არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და ისე მიიღო თუ არა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქმის მასალებით დადასტურებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში ბათილად ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით შპს ,,კა----რუ-------–ის’’ მიმართ დარიცხული თანხების გადაანგარიშების ფაქტი, რაზეც შედგენილია 2017 წლის 22 სექტემბრის დასკვნა, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოცემულია 2017 წლის 26 სექტემბრის N258-- ბრძანება და 2017 წლის 26 სექტემბრის N005-2-- საგადასახადო მოთხოვნა.

 

წარმოდგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე შპს ,,კა--- რუ-------–ს შეუმცირდა ძირითადი გადასახადი 128434 ლარი, დაერიცხა ჯარიმა 8253 ლარი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ როგორც გასვლითი საგადასახადო შემოწმების მე-4 სამმართველოს 2017 წლის 22 სექტემბრის N1474 დასკვნით ირკვევა, წინამდებარე დასკვნაში განხილულია ის საკითხები, რომლებიც შეეხება 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულებას. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის N258-- ბრძანების თანახმად, შპს ,,კა--- რუ-------–ს’’ საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ძირითადი გადასახადი 128434 ლარი, დაერიცხა ჯარიმა 8253 ლარი. დასარიცხი/შესამცირებელი გადასახადები/გადამხდელები შპს ,,კა--- რუ-------–ის პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახა ბრძანების დანართში მითითებული გადასახადების (გადასახდელების სახეებისა და გადახდის ვადების მიხედვით. განმარტებულ იქნა ბრძანების გასაჩივრების წესი, რომლის თანახმად ბრძანება საჩივრდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობით ან ელექტრონული საჩივრის წარდგენის გზით. აგრეთვე სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით. საფუძველი: ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის განჩინება და გასვლითი საგადასახადო შემოწმების მე-4 სამმართველოს 2017 წლის 22 სექტემბრის N1474 დასკვნა. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის N005-2-- საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, შპს ,,კა--- რუ-------–ს’’ 221 725,79 ლარი შეუმცირდა 128434 ლარით და საბოლოოდ 121680.77 ლარი კომპანიის პირად აღრიცხვის ბარათზე ზედმეტობად აისახა.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 27 ივნისის N44006 წერილით შპს ,,კა--- რუ-------–ის’’ წარმომადგენელს ეცნობა, რომ აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში 2018 წლის 12 აპრილს მოვალემ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართა წერილით, რომელსაც თან ერთვის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 26 სექტემბრის N258-- ბრძანება და სხვა დოკუმენტაცია. აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემულ ახალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აქედან გამომდინარე, N3/13---- სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა აღსრულებულია და სააღსრულებო წარმოება დასრულებულია.

 

სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კარით დადგენილია საგადასახადო დავის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესი. ამავე მუხლით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს. სასამართლოში საგადასახადო დავის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით.

 

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლი ადგენს საგადასახადო დავის დაწყების საფუძვლებს, კერძოდ, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ხოლო საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.

 

გასვლითი საგადასახადო შემოწმების მე-4 სამმართველოს 2017 წლის 22 სექტემბრის N1474 დასკვნის საფუძველზე, რომელშიც განხილულია ის საკითხები, რომლებიც შეეხება 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულებას, გამოცემულია საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის N258-- ბრძანება, მოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში განმარტებულია მათი გასაჩივრების წესი, მათი გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობით ან ელექტრონული საჩივრის წარდგენის გზით. აგრეთვე სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, მხარე უზრუნველყოფილი იყო კანონისმიერი გარანტიებით ედავა და მოეთხოვა კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის შემოწმება კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

 

სასამართლოს მოსაზრებით, კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა, სააღსრულებო ქმედებების კეთილსინდისიერად და გულისხმიერად შესრულება, მოვალის უფლებათა დაცვასთან ერთად გულისხმობს ეფექტურ და რეალურ აღსრულებას, კრედიტორის ინტერესების დაცვას. საქმეში დაცული მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ შეამოწმა საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული კვლევა, შეაფასა ის გარემოება, რომ აუდიტის დეპარტამენტმა თავის დასკვნაში იმსჯელა სასამართლო გადაწყვეტილებით გაუქმებული ადმინისტრაციული აქტებით დარიცხულ გადასახადებთან მიმართებაში, რომლის გამოკვლევაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის საფუძველზე ევალებოდა. საქმეში დაცული მასალებით დადგენილია, რომ ჩატარებულია კვლევები იმ გადასახადებთან მიმართებით, რაზეც იმსჯელა სასამართლომ და ხელახალი კვლევისათვის დაუბრუნა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს. აუდიტის ზემოაღნიშნული დასკვნა კი საფუძვლად დაედო საგადასახადო მოთხოვნასა და ბრძანების გაცემას. ამდენად, მოპასუხემ შეაფასა იმ მოქმედებები, რაც უნდა განეხორციელებინა სასამართლო აქტების საფუძველზე მოპასუხეს, ხოლო რაც შეეხება მათ შინაარსში შესვლას, სასამართლო სრულიად იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ საგადასახადო შემოწმების ჩატარება, დარიცხვების კანონიერების შესწავლა და მისი რევიზია სცილდება კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, ამ ფუნქციის მატარებელი კანონით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ მიღებული აქტების შემოწმებას ახორციელებს სასამართლო და დაუშვებელია სააღსრულებო ბიუროს მიენიჭოს იმგვარი ფუნქციის განხორციელება, რაც საგადასახადო მიზნებისათვის გამოიწვევს კონკრეტულ უფლებამოსილების განხორციელებაში არამართებულ ჩარევას.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას დარიცხვის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო კვლავ მიუთითებს საგადასახადო კოდექსზე, კერძოდ, მე-4 მუხლი ადგენს, რომ გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. ხოლო გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ვადების ათვლის წესი დადგენილია ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-11 პუნქტი ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ თუ მოსარჩელე არ ეთანხმება გადასახადის დარიცხვას ხანდაზმულობის საფუძვლით, საგადასახადო შემოწმების, გადასახადების დარიცხვის ხანდაზმულობის საკითხის შესწავლა ასევე სცილდება მოპასუხე ორგანოს კომპეტენციას, რამდენადაც მოცემული საფუძვლით დავა შესაძლებელია დაწყებულ და განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. შესაბამისად, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს, მოსარჩელის მოსაზრებას სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში მოპასუხის უფლებამოსილებას აღნიშნული საკითხის შესწავლისა და შეფასების კუთხით.

 

ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის უარი ქმედების განხორციელებაზე შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 26 სექტემბრის N258-- ბრძანება წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემულ ახალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

აპელანტის განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.1.9 პუნქტში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 20 მარტს შემოსავლების სამსახურმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 12 თებერვლის N21-14/8717 წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი მასალების სასამართლოში გადაგზავნის დავალება, რათა შეწყვეტილი ყოფილიყო სააღსრულებო წარმოების მხარეებს შორის მორიგების დამტკიცების საკითხი. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ”’ქვეპუნქტის თანახმად აღსრულების შეწყვეტის დავალება. 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. სასამართლომ, მართალია სწორად დაადგინა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, თუმცა ყურადღება უნდა გაემახვილებინა 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე, კერძოდ, სასამართლოს რა მოთხოვნებით და საფუძველბით მიმართა შემოსავლების სამსახურმა სასამართლოს, რატომ არ ცნო მოპასუხე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სარჩელი, რა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები უდევს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების ეროვნულ ბიურო ვალდებული იყო შეეფასებინა საგადასახადო ორგანომ გამოიკვლია თუ არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და ისე მიიღო თუ არა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რადგან სწორედ ეს დაავალა სასამართლომ საგადასახადო ორგანოს. სადაო საკითხი, არა მხოლოდ აქტის შინაარსი, არამედ ის არის, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული არ არის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ საგადასახადო ორგანომ კორექტირება შეიტანა ბათილ აქტში და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჩათვალა, რომ აღსრულდა სასამართლო გადაწყვეტილება, ასევე არ დაინტერესებულა საგადასახადო ორგანომ, გამოიკვლია თუ არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რაც ასევე პირდაპირ ევალებოდა. მოპასუხე აღსრულების ეროვნულმა ბიუროს ცნობებში (საქმის წარმოების დამთავრების შესახებ) არ არის აღნიშნუული, რატომ ჩათვალა, რომ საგადასახადო ორგანომ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ასევე რატომ ჩათვალა, რომ საგადასახადო ორგანომ გამოსცა ახალი აქტი. | სასამართლო მიიჩნია, რომ მოპასუხის უარი ქმედების განხორციელებაზე შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სასამართლოს მოხმობილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვადასხვა მუხლები, თუმცა გადაწყვეტილებაში არსად არის მითითებული, თუ კონკრეტულად რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე ჰქონდა მოპასუხეს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის, ან დასრულებულის სტატუსის მინიჭების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზე გვაქვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რადგან იურიდიულად დაუსაბუთებელია და შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვიანობის შემოწმება. ---

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 09 თებერვლის N3/13---- გადაწყვეტილებით შპს ,,კა--- რუ-------–ის’’ დირექტორის იოსებ ქოქოლაძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 200- წლის 09 იანვრის N დ/0- ბრძანება, 200- წლის 11 იანვრის N97- საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო მტკიცებულებების შეფასების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამავე გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ ცენტრს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 389 ლარის გადახდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის N3ბ/60--09 განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 0- დეკემბრის განჩინებით

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის

რეგიონალური ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2010 წლის 18 თებერვალს.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 19 მარტს განცხადებით მიმართა შპს ,,კა--- რუ-------–მა’’, წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2010 წლის 18 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრისათვის დაკისრებული 10 389 ლარის მოთხოვნის აღსრულება.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 22 მარტის NA100------004 მიმართვით სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს ეცნობა სააღსრულებო წარმოების შესახებ და მიეცა წინადადება სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 28 ივლისის NA 100------00-/001 მიმართვით აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალური ჯგუფის უფროსს ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ ნებაყოფლობით არ იქნა აღსრულებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, გავიდა მისი ნებაყოფლობით აღსრულების კანონით დადგენილი 03 თვიანი ვადა და ეთხოვა განეხორციელებინათ აღნიშნულთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს 2010 წლის 14 მაისის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის N21-0-/3611 მიმართვით ეცნობა, რომ ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ და ,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული მიმდინარე წლის ასიგნება ფინანსთა სამინისტროს არ აძლევს საშუალებას აანაზღაუროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებები.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 30 იანვრის N 980 ბრძანებით შპს ,,კა--- რუ-------–ის’’ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულება და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო მტკიცებულების შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამავე ბრძანებით გაუქმდა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2011 წლის 24 ოქტომბრის N 005-5--- ბრძანება. მომსახურების დეპარტამენტს დაევალა შპს ,,კა--- რუ-------–ის’’ მიმართ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 08 აგვისტოს N21-13--- ბრძანებით წარდგენილი წინადადების გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალა შპს ,,კა--- რუ-------–ი’’-თან საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმება და გადასახდელი საგადასახდო დავალიანების თანხა განისაზღვრა 500 ლარით.

 

2012 წლის 27 აგვისტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის 08.08.2012 წ. N21-13--- ბრძანების საფუძველზე გაფორმდა საგადასახდო შეთანხმება ერთის მხრივ შპს ,,კა--- რუ-------–სა’’ და მეორეს მხრივ სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის, რომელიც მიზნად ისახავდა გადასახდის გადამხდელისათვის დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების ოდენობის შემცირებას შეთანხმებით განსაზღვრული პირობების გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულების შემთხვევაში. შეთანხმების თანახმად, გადასახდელი საგადასახადო დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 500 ლარით, ხოლო გადახდის ვადა - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 10 კალენდარული დღე.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 0- სექტემბრის N167-- ბრძანებით შპს ,,კა--- რუ-------–ს’’ 2012 წლის 31 ივლისის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით განესაზღვრა სხვა არაკლასიფიცირებულ ჯარიმებსა და საურავებში 500 ლარით.

 

2013 წლის 19 აგვისტოს, კრედიტორმა გაზარდა მოთხოვნა და მოითხოვა აღსრულება იმ ნაწილშიც, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 200- წლის 09 იანვრის N დ/0- ბრძანება, 200- წლის 11 იანვრის N 97- საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო მტკიცებულებების შეფასების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს 2013 წლის 18 სექტემბრის თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართვით მიეცა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. აღნიშნული წერილის პასუხად თბილისის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის 08.08.2012წ, N 21-13--- ბრძანების შესაბამისად მხარეებს შორის 27.08.2012 წ. გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 31.0-.2012 წ. მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანების თანხა (146 513,56 ლარი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით განისაზღვრა 500 ლარის ოდენობით. გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე რიცხული საგადასახადო დავალიანების თანხა მოიცავდა სადავო საგადასახადო მოთხოვნის თანხებსაც.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს 2013 წლის 15 ოქტომბრის თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართვით განმეორებით გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს 2014 წლის 12 თებერვლის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართვით ეცნობა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს ,,კა--- რუ-------–ის’’ შორის 27.08.2012წ. გაფორმებული საგადასახადო შეთანხმება, შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს მორიგების აქტად, რაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველს. აღნიშნულისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, რომელიც ითვალისწინებს აღსრულების პროცესში კრედიტორისა და მოვალის მორიგების შესაძლებლობას და მისი 3 დღის ვადაში სასამართლოში დასამტკიცებლად წარდგენას, მოვალემ გაუგზავნა რა ადმინისტრაციულ ორგანოს საგადასახდო შეთანხმების მასალები, ითხოვა მითითებული გარემოების გათვალისწინება.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 0- მარტის მიმართვით სსიპ შემოსავლების სამსახურს გაეგზავნა შპს ,,კა--- რუ-------–ის’’ წარმომადგენლის განცხადება და ამავდროულად განმეორებით მიეცა წინადადება ნებაყოფლობით, დაუყოვნებლივ აღესრულებინა სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა.

 

2014 წლის 20 მარტს, შემოსავლების სამსახურმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 12 თებერვლის N21-14/8717 წერილით თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი მასალების სასამართლოში გადაგზავნის დავალება, რათა შეწყვეტილი ყოფილიყო სააღსრულებო წარმოების მხარეებს შორის მორიგების დამტკიცების საკითხი. მოსარჩელე ასევე მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად აღსრულების შეწყვეტის დავალება. 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

 

2018 წლის 18 იანვარს, შპს ,,კა--- რუ-------–ის’’ წარმომადგენელმა გი-----ი უს-----–---–მა განცხადებით მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა წერილობითი ინფორმაცია სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. ანალოგიური შინაარსის განცხადებით კვლავ მიმართა შპს ,,კა--- რუ-------–ის’’ წარმომადგენელმა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 14 თებერვალს.

 

2018 წლის 06 მარტს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა წერილობით აცნობა მოსარჩელე მხარეს, რომ აღნიშნული განცხადების საფუძველზე 2018 წლის 6 მარტს გაეგზავნა NA100------025/001 წერილი შემოსავლების სამსახურს, რომლითაც გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოვალის მხრიდან სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული მოქმედებების შესახებ.

 

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 აპრილის N21-14/48215 წერილით აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის Nბს-90--899 (კ-16) განჩინების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტში გადაანგარიშდა შპს ,,კა---- რუ-------–ის’’ მიმართ დარიცხული თანხები, რაზეც შედგენილ იქნა 2017 წლის 22 სექტემბრის დასკვნა, გამოიცა 2017 წლის 26 სექტემბრის N258-- ბრძანება და 2017 წლის 26 სექტემბრის N005-2-- საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალურო ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით 2017 წლის 26 სექტემბერს.

 

როგორც გასვლითი საგადასახადო შემოწმების მე-4 სამმართველოს 2017 წლის 22 სექტემბრის N1474 დასკვნიდან ირკვევა, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშება განხორციელდა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24.01.2017 წლის ს-90--899 (კ-16) განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება, რომლის მიხედვით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება. 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნაზე, რომელიც გულისხმობდა 2009 წლის 9 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების აღსრულების შეწყვეტას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წინამდებარე დასკვნაში განხილულია ის საკითხები, რომლებიც შეეხება 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

სასამართლომ მიუთითა აუდიტორის შეფასებაში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით: გასაჩივრებული საგადასახადო შემოწმების აქტი ამ ნაწილში ეფუძნება ფინანსური პოლიციის გამომძიებლის 2006 წლის 29 ნოემბრის წერილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2006 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში ხელოვნურად არის შემცირებული შემოსავალი, წერილის ავტორი შემოსავლის შემცირების პერიოდად მიიჩნევს მხოლოდ ორ თვეს, ხოლო დღგ-ს დარიცხვა, შემოწმების აქტის მიხედვით მოხდა 12 თვიანი პერიოდის განმავლობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილი იქნა საქმის ირგვლივ არსებული მასალები/ მტკიცებულებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან, იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურიდან და შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოდან. მიღებული მასალების/მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ფინანსური პოლიციის მასალებში შემოსავლების შემცირების შესახებ ინფორმაცია მოიპოვება მხოლოდ 2006 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის საანგარიშო პერიოდების მიხედვით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2006 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-სში დარიცხული თანხების შემცირებას დაექვემდებარა 2005 წლის ოქტომბრიდან 2006 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდებში.

 

დამატებითი ღირებულების გადასახადი შემცირებულია 58856 ლარისა და ჯარიმის 5 264 ლარის ოდენობით. შენიშვნის სახით აღნიშნულ იქნა, რომ დასკვნით შესამცირებელ თანხებში გათვალისწინებულია (გამოკლებულია) 2012 წლის 27 აგვისტოს საგადასახადო შეთანხმებით შემცირებული დღგ-ის ბარათზე რიცხული დავალიანების თანხები, სულ 18 968 ლარის ოდენობით.

 

აუდიტორის შეფასებაში აღინიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით: გასაჩივრებული საგადასახადო შემოწმების აქტი ამ ნაწილში ეფუძნება ფინანსური პოლიციის გამომძიებლის 2006 წლის 29 ნოემბრის წერილით თბილისის საგადასახადო ინსპექციაში გადაგზავნილ მასალებს, რომელთა მიხედვით გაცემულმა ხელფასმა 2005 წლის ნოემბრიდან 2006 წლის ოქტომბრის ჩათვლით შეადგინა სულ 286 974 ლარი, ხოლო 2006 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულია 512 339 ლარი, აღნიშნული შეუსაბამობის გარდა, სასამართლომ არ გაიზიარა ანგარიშვალდებულ პირზე ბაზარში საქონლის შესაძენად გაცემული 44 327 ლარის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით, ვინაიდან შესყიდვის აქტების მხოლოდ ნაწილზე არ ფიქსირდება გამყიდველის ხელმოწერა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილი იქნა საქმის ირგვლივ არსებული მასალები/მტკიცებულებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან, იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურიდან და შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოდან. მიღებული მასალების შესწავლის შედეგად კი დადგენილად მიიჩნია, რომ ფინანსური პოლიციის მასალების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში ხელფასის სახით განაცემებმა შეადგინა სულ 294 908 ლარი. შედეგად შემცირებას დაექვემდებარა 2006 წლის 14 დეკემბრის აქტით დამატებით დარიცხული საშემოსავლო და სოციალური გადასახადები შესაბამის საანგარიშო თვეებში. საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 26 092 ლარით, ხოლო სოციალური გადასახადი 43 486 ლარით. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის N258-- ბრძანების თანახმად, შპს ,,კა--- რუ-------–ს’’ საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ძირითადი გადასახადი 128434 ლარი, დაერიცხა ჯარიმა 8253 ლარი. დასარიცხი/შესამცირებელი გადასახადები/გადამხდელები შპს ,,კა--- რუ-------–ის პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახა ბრძანების დანართში მითითებული გადასახადების (გადასახდელების სახეებისა და გადახდის ვადების მიხედვით). განმარტებულ იქნა ბრძანების გასაჩივრების წესი, რომლის თანახმად ბრძანება საჩივრდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობით ან ელექტრონული საჩივრის წარდგენის გზით. აგრეთვე სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით. საფუძველი: ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის განჩინება. გასვლითი საგადასახადო შემოწმების მე-4 სამმართველოს 2017 წლის 22 სექტემბრის N1474 დასკვნა.

 

ამასთან, შპს ,,კა--- რუ-------–ს’’ სასამართლო აქტებით ბათილად ცნობილი აქტით დარიცხული თანხებიდან ბიუჯეტში გადახდილი აქვს ძირითადი თანხა, სულ 221725.79 ლარი, მათ შორის: დღგ-ს გადასახადი-87867.22 ლარი, საშემოსავლო გადასახადი-

50196.84 ლარი, სოციალური გადასახადი -83661.73 ლარი. შემოსავლების სამსახურის

2017 წლის 26 სექტემბრის N005-2-- საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, შპს ,,კა--- რუ-------–ს’’ თავდაპირველად დარიცხული 221 725,79 ლარი შეუმცირდა 128434 ლარით და საბოლოოდ 121680.77 ლარი კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტობად აისახა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 27 ივნისის N44006 წერილით შპს ,,კა--- რუ-------–ის’’ წარმომადგენელს ეცნობა, რომ აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში 2018 წლის 12 აპრილს მოვალემ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მომართა წერილით, რომელსაც ერთვის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 26 სექტემბრის N258-- ბრძანება და სხვა დოკუმენტაცია. აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემულ ახალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აქედან გამომდინარე, N3/13---- სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა აღსრულებულია და დასრულებულია სააღსრულებო წარმოება.

 

2018 წლის 06 ნოემბერს, შპს ,,კა--- რუ-------–ის’’ წარმომადგენელმა გი-----ი უს-----–---–მა კვლავ მიმართა განცხადებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილობით, სადაც აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის N258-- ბრძანება არ წარმოადგენს ახალ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რამდენადაც ამ აქტით კორექტირებული იქნა სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი აქტი და არ აღსრულებულა N3/13---- სააღსრულებო ფურცლიდან გამომდინარე მოთხოვნა, შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა შპს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 18.02.2010 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული NA100----- სააღსრულებო წარმოების გაგრძელება. ასევე მოითხოვა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაგზავნა.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. ამასთან, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს რომ მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 18.02.2010 წელს გაცემული N3/13---- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული NA100----- სააღსრულებო წარმოების გაგრძელების დავალებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.

 

ამავე კანონის მე-17 მუხლის თანახმად აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი, ამ მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებულ აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულების სავალდებულობას ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმისა. ამავე მუხლის მ-5 პუნქტის მიხედვით იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს: ა) გადახდევინება: ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებას, ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს; ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული პენსიიდან), სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლიდან; ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან; ბ) მოვალისთვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს; გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

პალატა განმარტავს, რომ აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააღსრულებო წარმოების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს აღსრულების აქტი, რომლის შინაარსი განსაზღვრავს წარმოების მონაწილე მხარეებსა და აღსრულების წესს, კერძოდ, ვის მიმართ, რა სახის და რა მოცულობით უნდა განხორციელდეს სააღსრულებო მოქმედებები. აღსრულების ბიურო ვალდებულია სააღსრულებო წარმოების განხორციელებისას იხელმძღვანელოს აღსრულებას დაქვემდებარებული აქტით და მისი შინაარსის გათვალისწინებით გაატაროს კანონით რეგლამენტირებული ღონისძიებები.

 

საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. ამას გარდა, საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტლებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 200- წლის 09 იანვრის Nდ/0- ბრძანება, 200- წლის 11 იანვრის N97- საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო მტკიცებულებების შეფასების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. შესაბამისად სადავო აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება საქმის გარემოებათა გამოკვლევა და შესწავლა. თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს ასეთ ადმინისტრაციულ აქტს, თუ აშკარაა, რომ კანონის ამ დარღვევის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. საკითხის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის დროს სასამართლო არ იყენებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით მინიჭებულ უფლებას საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. ამ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოსცეს ისეთივე ან განსხვავებული ადმინისტრაციული აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ შეფასებული უნდა ყოფილიყო საგადასახადო ორგანომ გამოიკვლია თუ არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და ისე მიიღო თუ არა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქმის მასალებით დადასტურებული იქნა აუდიტის დეპარტამენტში ბათილად ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით შპს ,,კა----რუ-------–ის’’ მიმართ დარიცხული თანხების გადაანგარიშების ფაქტი, რაზეც შედგენილია 2017 წლის 22 სექტემბრის N1474 დასკვნა, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოცემულია 2017 წლის 26 სექტემბრის N258-- ბრძანება და 2017 წლის 26 სექტემბრის N005-2-- საგადასახადო მოთხოვნა. წარმოდგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე შპს ,,კა--- რუ-------–ს“ შეუმცირდა ძირითადი გადასახადი 128434 ლარი, დაერიცხა ჯარიმა 8253 ლარი. დასარიცხი/შესამცირებელი გადასახადები/გადამხდელები შპს ,,კა--- რუ-------–ის პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახა ბრძანების დანართში მითითებული გადასახადების (გადასახდელების სახეებისა და გადახდის ვადების მიხედვით. განმარტებულ იქნა ბრძანების გასაჩივრების წესი, რომლის თანახმად ბრძანება საჩივრდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობით ან ელექტრონული საჩივრის წარდგენის გზით. აგრეთვე სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით. საფუძველი: ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის განჩინება და გასვლითი საგადასახადო შემოწმების მე-4 სამმართველოს 2017 წლის 22 სექტემბრის N1474 დასკვნა. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 26 სექტემბრის N005-2-- საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, შპს ,,კა--- რუ-------–ს’’ 221 725,79 ლარი შეუმცირდა 128434 ლარით და საბოლოოდ 121680.77 ლარი კომპანიის პირად აღრიცხვის ბარათზე ზედმეტობად აისახა.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 27 ივნისის N44006 წერილით შპს ,,კა--- რუ-------–ის’’ წარმომადგენელს ეცნობა, რომ აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში 2018 წლის 12 აპრილს მოვალემ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართა წერილით, რომელსაც თან ერთვის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 26 სექტემბრის N258-- ბრძანება და სხვა დოკუმენტაცია. აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემულ ახალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად N3/13---- სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა აღსრულებულია და სააღსრულებო წარმოება დასრულებულია.

 

საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კარით დადგენილია საგადასახადო დავის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესი. ამავე მუხლით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს. სასამართლოში საგადასახადო დავის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით.

 

ამავე კოდექსის 299-ე მუხლი ადგენს საგადასახადო დავის დაწყების საფუძვლებს, კერძოდ, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ხოლო საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ აუდიტის დეპარტამენტმა თავის დასკვნაში იმსჯელა სასამართლო გადაწყვეტილებით გაუქმებული ადმინისტრაციული აქტებით დარიცხულ გადასახადებთან მიმართებაში, რომლის გამოკვლევაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის საფუძველზე ევალებოდა. აუდიტის ზემოაღნიშნული დასკვნა კი საფუძვლად დაედო საგადასახადო მოთხოვნასა და ბრძანების გაცემას. შესაბამისად, მოპასუხემ ადექვატურად შეაფასა ის ქმედებები, რაც უნდა განეხორციელებინა სასამართლო აქტების საფუძველზე მოპასუხეს, ხოლო რაც შეეხება მათ შინაარსში შესვლას, საგადასახადო შემოწმების ჩატარება, დარიცხვების კანონიერების შესწავლა და მისი რევიზია სცილდება კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, რამეთუ ამ ფუნქციის მატარებელი კანონით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ მიღებული აქტების შემოწმებას ახორციელებს სასამართლო და დაუშვებელია სააღსრულებო ბიუროს მიენიჭოს იმგვარი ფუნქციის განხორციელება, რაც საგადასახადო მიზნებისათვის გამოიწვევს კონკრეტულ უფლებამოსილების განხორციელებაში არამართებულ ჩარევას.

 

რაც შეეხება დარიცხვის ხანდაზმულობის საკითხს, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. ხოლო გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ვადების ათვლის წესი დადგენილია ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამავე მუხლის მე-11 პუნქტი ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულებისას ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება.

 

პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ თუ მოსარჩელე არ ეთანხმება გადასახადის დარიცხვას ხანდაზმულობის საფუძვლით, საგადასახადო შემოწმების, გადასახადების დარიცხვის ხანდაზმულობის საკითხის შესწავლა ასევე სცილდება მოპასუხე ორგანოს კომპეტენციას, რამდენადაც მოცემული საფუძვლით დავა შესაძლებელია დაწყებულ და განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში მოპასუხისთვის აღნიშნული საკითხის შესწავლისა და შეფასების კუთხით დავალების თაობაზე უასაფუძვლოა.

 

სააპელაციო პალატა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის შესაბამისად მიუთითებს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს დაავალოს კონკრეტული მოქმედების განხორციელება, უნდა დაადგინოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული უმოქმედობის კანონშეუსაბამობა.

 

დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის უარი ქმედების განხორციელებაზე შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.

 

საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი. სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო არ არსებობს ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს „კა--- რუ-------–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი