განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1593-19
N330310018002525538
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ა-----------------–ი
წარმომადგენელი - ჯ----–----–-----ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ს----------–-------ე
მესამე პირები - ა--------------–ი, პ---–------------–ი, შ--–-------------–ი, ნ---------------–ი, ს-------------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა-----------------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 სექტემბრის (საქმე №2/8----06) გადაწყვეტილებით ა-----------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებით დადგინდა ა-----------------–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის - მდებარე ქ. თბილისი, მ-----------–---------ში გამოთხოვა მოპასუხეების - ა--------------–ის, პ---–------------–ის, შ--–-------------–ის, ნ---------------–ის და ს-------------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან და მოსარჩელისათვის გადაცემა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე (საქმე №2/8----06) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 12 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი. სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღია 2007 წლის 19 ოქტომბერი.
სააღსრულებო ფურცელში მითითებული იქნა მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: ა--------------–ი, პ/ნ - 3----------; პ---–------------–ი, პ/ნ - 0----------; შ--–-------------–ი, პ/ნ- 0----------; ნ---------------–ი და ს-------------------–---–ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 ნოემბრის (საქმე №2/8----06) განჩინებით გასწორდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ივნისს გაცემულ №2/8----06 სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატში დაშვებული უზუსტობა და აღნიშნულ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატში მიეთითა მოვალე ნ---------------–ის პირადი ნომერი: „0----------“ და მოვალე ს-------------------–---–ის პირადი ნომერი: „5----------“ (ს.ფ. 59-66).
1.2.2. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, გ--------–------------ში მდებარე უძრავი ნივთის, მიწის (უძრავი ქონების) საკადატრო კოდი: №0--------------- (ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო; დაუზუსტებელი ფართობი: 450.00 კვ.მ.; ნაკვეთის წინა ნომერი: 34; შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 84.75; საცხოვრებელი ფართი: 71.55; სხვა ფართი: სამეურნეო ფართობი (სარდაფი) – 106.30 კვ.მ.) მესაკუთრეს წარმოადგენს ა-----------------–ი (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 2005 წლის 11 აგვისტოს დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულება (რეესტრის №1-----, ნოტარიუსი ლ---------ე) (ს.ფ. 11-12).
1.2.3. ა-----------------–მა 2018 წლის 09 თებერვალს განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციას (დელეგირებული ფუნქციები) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისს გაცემული №2/8----06 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოითხოვა სააღსრულებო წარმოების დაწყება მოვალე ა--------------–ის (პირადი ნომერი - 3----------), პ---–------------–ის (პირადი ნომერი - 0----------), შ--–-------------–ის (პირადი ნომერი -0----------), ნ---------------–ის (პირადი ნომერი - 0----------) და ს-------------------–---–ის (პირადი ნომერი - 5----------) მიმართ (ს.ფ. 57-58).
1.2.4. №A-------- სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციამ (დელეგირებული ფუნქციები) 2018 წლის 19 თებერვალს მოვალეებს ა--------------–ს, პ---–------------–ს, შ--–-------------–ს, ნ---------------–ს და ს-------------------–---–ს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ; მოვალეებს განემარტათ ნებაყოფლობით 10 დღის ვადაში უძრავი ქონების (მდებარე: თბილისი, მ-----------–--------) გამოთავისუფლების შესახებ. ასევე ეცნობათ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები, მათ შორის, იძულებითი გამოსახლების შესახებ. წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოვალეებს ჩაბარდათ პირადად (ს.ფ. 71-78).
1.2.5. სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 2018 წლის 09 მარტის ოქმის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ქ. თბილისის განყოფილების პოლიციელი აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეხვდა მოვალე შ--–-------------–ს. ოქმის თანახმად, მოვალემ ითხოვა დამატებითი ვადა ალტერნატიული ფართის მოსაძიებლად და მოძრავი ნივთების გადასატანად. მოვალემ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლიდა სააღსრულებო ფურცლის აღსრულებას.
სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 2018 წლის 01 მაისის ოქმის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ქ. თბილისის განყოფილების პოლიციელი გამოცხადდა მისამართზე: ქ. თბილისი, მ. გ--------–------------ში სიტუაციის გარკვევის მიზნით. მისამართზე კარი დახვდა დაკეტილი, რის გამოც ვერ განხორციელდა მოვალესთან კომუნიკაცია. 2018 წლის 08 მაისს აღსრულების პოლიციელი აღსრულების პოლიციის შენობაში შეხვდა შ--–-- და ა--------------–ებს. მოვალეებს განემარტათ, რომ იგეგმებოდა აღსრულების იძულებითი ღონისძიების განხორციელება. მოვალეების განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად სჭირდებოდათ გარკვეული დამატებითი დრო და 2018 წლის ივლისის თვის ბოლომდე თავისუფალ მდგომარეობაში ნებაყოფლობით გადასცემდნენ კრედიტორს უძრავ ქონებას (ს.ფ. 79-84).
1.2.6. 2018 წლის 20 აპრილს ა-----------------–ის წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა №A-------- სააღსრულებო საქმეზე აღსრულების უმოკლეს ვადაში დასრულება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 11 მაისის №3---- წერილით ა-----------------–ის წარმომადგენელს ზემოაღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით ეცნობა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს წარმოებაში იყო №A-------- სააღსრულებო საქმე; საქმის მწარმოებელი აღმასრულებლის მიერ განხორციელდა და მიმდინარეობდა სააღსრულებო კანონმდებლობით გათვალისწინებული სააღსრულებო მოქმედებები (ს.ფ. 13-14; 85-86).
1.2.7. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს 2018 წლის 31 მაისს №3---- მოხსენებითი ბარათით მიმართა აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, ამავე სამმართველოს თბილისის განყოფილების წარმოებაში არსებულ A-------- სააღსრულებო საქმეზე (კრედიტორი: ა-----------------–ი; მოვალეები: ა--------------–ი, პ---–------------–ი, შ--–-------------–ი, ნ---------------–ი, ს-------------------–---–ი) საქმის მწარმოებელი აღსრულების პოლიციელის (აღმასრულებელი) მიერ განხორციელებული მოქმედებების გაუქმებისა და მისთვის დავალების მიცემის თაობაზე.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2018 წლის 07 ივნისის №5-- ბრძანებით გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების წარმოებაში არსებული A-------- სააღსრულებო საქმის (კრედიტორი: ა-----------------–ი; მოვალეები: ა--------------–ი, პ---–------------–ი, შ--–-------------–ი, ნ---------------–ი, ს-------------------–---–ი) ფარგლებში, აღსრულების პოლიციელის - ჯ----–--------–---–ის (აღმასრულებელი) მიერ განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედება; აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების აღსრულების პოლიციელს - ჯ----–--------–---–ს დაევალა უზრუნველეყო კრედიტორისათვის ა-----------------–ისათვის სააღსრულებო წარმოების დაწყებაზე უარის თქმა, ასევე, სააღსრულებო ფურცლისა და თანდართული დოკუმენტაციის დაბრუნება. ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში აღსრულების ქვემდებარე აქტის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის დროისათვის (2018 წლის 09 თებერვალი) გასული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით (კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი 2007 წლის 19 ოქტომბერი) დადასტურებელი მოთხოვნის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა და მოცემული გადაწყვეტილება არ ექვემდებარებოდა იძულებით აღსასრულებლად მიღებას და მასზე წარმოების განხორციელებას (ს.ფ. 22-24).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა; ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, სააღსრულებო ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და სააღსრულებო ბიუროს დებულებით.
მითითებული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით - საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით.
1.3.2. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია მოითხოვოს მისი აღსრულება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 სექტემბრის (საქმე №2/8----06) გადაწყვეტილებით დადგინდა ა-----------------–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის - მდებარე ქ. თბილისი, მ. გ--------–------------ში გამოთხოვა მოპასუხეების - ა--------------–ის, პ---–------------–ის, შ--–-------------–ის, ნ---------------–ის და ს-------------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან და მოსარჩელისათვის გადაცემა. დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 19 ოქტომბერს, ხოლო განცხადება სააღსრულებო წარმოების დაწყების მოთხოვნით აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციაში (დელეგირებული ფუნქციები) მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ იქნა 2018 წლის 09 თებერვალს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-183 მუხლი მე-11 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2018 წლის 07 ივნისის №5-- ბრძანებით გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების წარმოებაში არსებული A-------- სააღსრულებო საქმის (კრედიტორი: ა-----------------–ი; მოვალეები: ა--------------–ი, პ---–------------–ი, შ--–-------------–ი, ნ---------------–ი, ს-------------------–---–ი) ფარგლებში, აღსრულების პოლიციელის - ჯ----–--------–---–ის (აღმასრულებელი) მიერ განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედება; აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების აღსრულების პოლიციელს დაევალა უზრუნველეყო კრედიტორისათვის ა-----------------–ისათვის სააღსრულებო წარმოების დაწყებაზე უარის თქმა, ასევე, სააღსრულებო ფურცლისა და თანდართული დოკუმენტაციის დაბრუნება. ადმინისტრაციულმა ორგანომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აღსრულების ქვემდებარე აქტის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის დროისათვის (2018 წლის 9 თებერვალი) გასული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით (კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი - 2007 წლის 19 ოქტომბერი) დადასტურებელი მოთხოვნის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა და მოცემული გადაწყვეტილება არ ექვემდებარებოდა იძულებით აღსასრულებლად მიღებას და მასზე წარმოების განხორციელებას.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება და მიიჩნია, რომ კანონით იმპერატიულად არის განსაზღვრული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (10 წელი), რაც მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა დაცული და განცხადება სააღსრულებო წარმოების დაწყების მოთხოვნით წარდგენილ იქნა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის გასვლის შემდეგ. აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2018 წლის 07 ივნისის №5-- ბრძანება მიღებულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა ასკ-ის 32-ე, ზაკ-ის მე-601 მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 7 ივნისის №5-- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არ არსებობს აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნის აღსრულების მიზნით ქმედების განხორციელების დავალების სამართლებრივი საფუძველი.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არ მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ ის გარემოება, რომ 14.09.2007წ. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით მოსარჩელემ ჯერ 13.07.2015წ. მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს (რაც დაუბრუნდა ხარვეზის შეუვსებლობის გამო), ხოლო შემდეგ, განმეორებით მიმართა - 06.07.2016წ., რაზეც ასევე დაუდგინდა ხარვეზი. უზუსტობა გასწორდა სასამართლოს 06.11.2017წ. განჩინებით (11 თვის შემდეგ). პარალელურად ა-----------------–მა სასამართლოში დაიწყო დავა, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილ ხარვეზთან დაკავშირებით. საქმე სააპელაციო ინსტანციაში შეწყდა, იმ მიზეზით, რომ 2018 წლის თებერვალში უკვე დაწყებული იყო სააღსრულებო წარმოება სადავო სააღსრულებო ფურცელზე, შესაბამისად, დავის გაგრძელების ინტერესი აღარ არსებობდა.
აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი. პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ თითქოს მოსარჩელემ გაუშვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული არ დასტურდება. აპელანტი ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლი უნდა გავრცელდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაზეც. აპელანტის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადის გავრცელება ხდება დარღვეული უფლების დასაცავად ხანგრძლივი დროის მანძილზე ზომების მიუღებლობის პრეზუმპციით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ დაზარალებული ან არ არის საკმარისად დაინტერესებული თავისი უფლების განხორციელებით, ან არ არის დარწმუნებული მოთხოვნის საფუძვლიანობაში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე 2016 წლიდან ცდილობდა თავისი უფლების დაცვას გადაწყვეტილების აღსრულების გზით, რის გამოც მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ამდენად, მოსარჩელე ცდილობდა დარღვეული უფლების აღდგენას მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია. სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლი არ უნდა იქნეს გაგებული ზედაპირულად. ამ ნორმის მიზანია, დაუკარგოს პირს აღსრულების უფლება მაშინ, როდესაც იგი 10 წლის განმავლობაში არ დააყენებს მოთხოვნას და არც არანაირ მოქმედებას არ განახორციელებს აღსრულების მიზნით. სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული მუხლი.
აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული N153 ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2016 წელს წარმოებაში მიიღო სააღსრულებო ფურცელი და განახორციელა გარკვეული სააღსრულებო მოქმედებები, რის გამოც მოსარჩელემ 2016 წელს დაწყებული დავა შეწყვიტა ბიუროსთან. ამის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ გააუქმა სააღსრულებო მოქმედებები და მიუთითა ხანდაზმულობაზე. ამ მოქმედებით დარღვეულია მოსარჩელის უფლება, ვინაიდან მას გააჩნდა კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობის ინსტიტუტი უნდა გავრცელდეს იმ ნორმებზეც, რომლებსაც დაეყრდნო აღსრულების ეროვნული ბიურო N5-- აქტით სააღსრულებო საქმის გაუქმებისას.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება. ამავე კანონის 25.1 მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველია სააღსრულებო ფურცელი.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.09.2007წ. №2/8----06 გადაწყვეტილებით დადგინდა თბილისში, მ. გ--------–------------ში მდებარე, ა-----------------–ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ნივთის გამოთხოვა მოპასუხეების: ა--------------–ის, პ---–------------–ის, შ--–-------------–ის, ნ---------------–ის და ს-------------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 19.10.2007წ., ხოლო სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ მოთხოვნა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციაში წარდგენილ იქნა 09.02.2018წ.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.
ამასთანავე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-183.11 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება.
დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 07.06.2018წ. №5-- ბრძანებით გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის წარმოებაში არსებული A-------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში, აღსრულების პოლიციელის მიერ განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედება (კრედიტორი: ა-----------------–ი; მოვალეები: ა--------------–ი, პ---–------------–ი, შ--–-------------–ი, ნ---------------–ი, ს-------------------–---–ი). ბრძანებაში მითითებულ იქნა, რომ აღსრულების ქვემდებარე აქტის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის დროისათვის (09.02.2018წ.) გასული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.09.2007წ. გადაწყვეტილებით (კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი - 19.10.2007წ.) დადასტურებელი მოთხოვნის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა. ამდენად, გადაწყვეტილება არ ექვემდებარებოდა იძულებით აღსასრულებლად მიღებას და მასზე წარმოების განხორციელებას.
პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლი, იმ პირობებში, როდესაც იგი 2016 წლიდან ცდილობდა თავისი უფლების დაცვას გადაწყვეტილების აღსრულების გზით, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი იყო. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის შეჩერებას ან შეწყვეტას რაიმე საფუძვლით. საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. შესაბამისად, პირს, რომლის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია მოითხოვოს მისი აღსრულება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში, კანონით იმპერატიულად განსაზღვრული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (10 წელი) მოსარჩელე მხარეს არ დაუცვია - ა-----------------–მა სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ განცხადება წარადგინა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის გასვლის შემდეგ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 7 ივნისის №5-- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არ არსებობს აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული მოთხოვნის აღსრულების მიზნით ქმედების განხორციელების დავალების სამართლებრივი საფუძველი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-----------------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი