გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2019
საქმის ნომერი
330310018002775027
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/7956-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი ეკატერინე მინდიაშვილი

მოსარჩელე - შპს „პ--–------ი“

წარმომადგენელი - კ-----------------------ი

მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

წარმომადგენელი - თ--------------ე

მესამე პირი - შპს „ჯ---------------------------------ი“

წარმომადგენელი - დ-------------------

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 29 ნოემბრის №9-/6 გადაწყვეტილება აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვის ნაწილში.

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მოსარჩელე შპს „პ--–------ის“ სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება. (იხ. 28.12.2018წ. დაზუსტებული სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირის - შპს „ჯ---------------------------------ის“ წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. შპს „პ--–------“ (ს/ნ 4--------) 2017 წლის 20 ოქტომბერს დარეგისტრირდა მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 20 ოქტომბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 245).

 

4.1.2. 2018 წლის 23 აგვისტოს, შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ შედგა „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი“ №0----- მასზედ, რომ შპს „პ--–------ი“ (ს/ნ 4--------), ქ. თბილისში, შ------–ის ქ. №12-ში (სასტუმრო) უკანონოდ (მრიცხველის გარეშე) მოიხმარდა სასმელ წყალს 032 პოლიეთილენის მილით. ამავე აქტის თანახმად, მილის გამტარუნარიანობის გათვალისწინებით, მოხმარებული წყლის ღირებულებამ 4---,17 ლარი (D 32 = 2,916 x 30 x 12 = 1049,76მ3 x 4,40022 = 4---,17) შეადგინა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 23 აგვისტოს „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი“ №0----- (CD დისკი) (ს.ფ. 255).

- (CD დისკი) (ს.ფ. 255).

 

4.1.3. 2018 წლის 23 აგვისტოს, შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ, შპს „პ--–------ის“ მიმართ შედგა №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 23 აგვისტოს №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (CD დისკი) (ს.ფ. 255).

 

4.1.4. შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2018 წლის 03 სექტემბრის №2--- დადგენილებით შპს „პ--–------ს“ (ს/ნ 4--------) დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 03 სექტემბრის №2--- დადგენილება (ს.ფ. 158-159).

 

4.1.5. 2018 წლის 12 სექტემბერს შპს „პ--–------მა“ №1----/01 საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას და 2018 წლის 03 სექტემბრის №2--- დადგენილების და 2018 წლის 23 აგვისტოს „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი“ №0----- აქტით დარიცხული თანხის გაუქმება მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „პ--–------ის“ 2018 წლის 12 სექტემბერის №1----/01 საჩივარი (ს.ფ. 154-157).

 

4.1.6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 29 ნოემბრის №9-/6 გადაწყვეტილებით შპს „პ--–------ის“ წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2018 წლის 3 სექტემბრის №2--- დადგენილება. საფუძვლიანად იქნა მიჩნეული შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2018 წლის 23 აგვისტოს №0----- „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით“ შპს „პ--–------ისათვის“ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 4---.17 ლარის დარიცხვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 29 ნოემბრის №9-/6 გადაწყვეტილება (ს.ფ. 147-151).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „პ--–------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარების და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესები“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 29 ნოემბრის №9-/6 გადაწყვეტილება (აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვის ნაწილში) წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.

 

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომ – კომისია) არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიანტებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიანტები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს, შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ შედგა „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი“ №0----- მასზედ, რომ შპს „პ--–------ი“ (ს/ნ 4--------), ქ. თბილისში, შ------–ის ქ. №12-ში (სასტუმრო) უკანონოდ (მრიცხველის გარეშე) მოიხმარდა სასმელ წყალს 032 პოლიეთილენის მილით. ამავე აქტის თანახმად, მილის გამტარუნარიანობის გათვალისწინებით, მოხმარებული წყლის ღირებულებამ 4---,17 ლარი (D 32 = 2,916 x 30 x 12 = 1049,76მ3 x 4,40022 = 4---,17) შეადგინა.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარების და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესებს“, რომლის მე-4 მუხლის თანახმად, ამ წესების შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის – ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, გადაცემის ან განაწილების ქსელიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსელიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით მოხმარების, აგრეთვე, 149-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის – სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ან წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ფაქტზე. ამავე წესების მე-9 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის დადება ოქმის საფუძველზე ხდება გაფრთხილების ან დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებით.

 

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს, შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მიერ, შპს „პ--–------ის“ მიმართ შედგა №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2018 წლის 03 სექტემბრის №2--- დადგენილებით შპს „პ--–------ს“ (ს/ნ 4--------) დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.

 

„ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარების და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესის“ მე-11 მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადების შესახებ დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, ხოლო ამავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია, დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვლიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

დადგენილია ასევე, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს შპს „პ--–------მა“ №1----/01 საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას და 2018 წლის 03 სექტემბრის №2--- დადგენილების და 2018 წლის 23 აგვისტოს „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი“ №0----- აქტით დარიცხული თანხის გაუქმება მოითხოვა.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 29 ნოემბრის №9-/6 გადაწყვეტილებით შპს „პ--–------ის“ წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2018 წლის 3 სექტემბრის №2--- დადგენილება. საფუძვლიანად იქნა მიჩნეული შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2018 წლის 23 აგვისტოს №0----- „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით“ შპს „პ--–------ისათვის“ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად 4---.17 ლარის დარიცხვა.

 

მოსარჩელე სადავო არ ხდის მის მიერ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტს, თუმცა, მიიჩნევს, რომ არ არსებობს უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის 4---.17 ლარის ოდენობით დარიცხვის საფუძველი.

 

7.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმადაც, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება.

 

ამავე წესების 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმით დადგენილი წესის შესაბამისად გამოითვლება იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია როგორც სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის, ასევე კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა.

 

აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენის მიზნით მიუთითებს „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტის“ შედგენის შემდგომ პერიოდში, კერძოდ, გამრიცხველიანების შედეგად გადახდილი მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის ოდენობაზე. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და მიიჩნევს, რომ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვის შემდგომ პერიოდში (მოწესრიგებული აღრიცხვიანობისას) მოხმარებული სასმელი წყლის ოდენობით შეუძლებელია წინა პერიოდში უკანონოდ (მრიცხველის გარეშე) მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც შპს „პ--–------ს“ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის გამოვლენის წინა პერიოდზე მოწესრიგებული აღრიცხვიანობა არ გააჩნდა, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ შპს „პ--–------ის“ მიერ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის გამოთვლა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მოსარჩელისთვის უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა კანონშესაბამისად განხორციელდა.

 

7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 29 ნოემბრის №9-/6 გადაწყვეტილების აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვის ნაწილში ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, შპს „პ--–------ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

7.2. რაც შეეხება საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების საკითხს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამდენად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში შპს „პ--–------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლო მიიჩნევს რომ არ არსებობს მოპასუხისათვის ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს „პ--–------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. მოსარჩელეს უარი ეთქვას ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ნანა დარასელია