განაჩენი

სისხლის სამართლის 22.02.2019
საქმის ნომერი
330100118002639521
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/4-----8

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - გიორგი დარახველიძე

სხდომის მდივანი - ნათია კოპალიანი

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი ნუ-------------ე,დაცვის მხარე

 

ადვოკატი გი-------------ე,ბრალდებული: ვა-------–-----–-ა,დაბადების თარიღი: 1----------------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,პირადი N0----------,განათლება: უმაღლესი,ნასამართლობა: არ მქონე,რეგისტრაციის ადგილი: ქ. თბილისი, ვ-–----–----–------------------------

საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, ზ------–--–---–----------------------.

სისხლის სამართლის საქმე 0------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

ოჯახში, ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისში, და------------ში, ბა------–---–------------ ,,ა“-ში, ვა-------–-----–-ამ თავის დას სო-------–-----–--ს თავის არეში რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი, რის შემდეგაც სო-------–-----–--მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, ვა-------–-----–-ას არ დაუდასტურდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა სო-------–-----–--მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

მოწმე მა---------------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს იმყოფებოდა და------------ში, შვილებთან სო-------–-----–--სთან და ვა-------–-----–-ასთან ერთად. მათთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ სო-------–-----–--ს მეგობრები. ვა-------–-----–-ას და სო-------–-----–--ს ერთმანეთში მოუვიდათ უთანხმოება, ვა-------–-----–-ამ მოთხოვა სო-------–-----–--ს მეგობრებს დაეტოვებინათ მისი სახლი, ხოლო სო-------–-----–-- აპროტესტებდა ამ მოთხოვნას და იყო აგრესიული. ვა-------–-----–-ამ მის ქალიშვილს - სო-------–-----–--ს ხელი მოჰკიდა, მიიყვანა კართან და უთხრა, რომ სახლიდან წასულიყო. ამ დროს სო-------–-----–--ს მეგობარი ირ----–ი გოგო უკვე გარეთ იმყოფებოდა.

 

მოწმე თა------------–---–მა განმარტა, დაახლოებით 5 საათისთვის სამსახურის შემდეგ ის და მისი მეუღლე - ვა-------–-----–-ა ავიდნენ და------------ში, სადაც იმყოფებოდა მისი დედამთილი. სახლში ასევე დახვდათ ვა-------–-----–-ას და - სო-------–-----–-- მეგობრებთან ერთად. ვა-------–-----–-ას და სო-------–-----–--ს სტუმრების თაობაზე უთანხმოება მოუვიდათ ერთმანეთში, ვა-------–-----–-ა მოითხოვდა სო-------–-----–--ს თავის მეგობრებთან ერთად დაეტოვებინა სახლი. ვა-------–-----–-ამ სო-------–-----–--ს მხრებში მოკიდა ხელი, ჭიშკართან მიიყვანა და მოუწოდა, რომ არ დაბრუნებულიყო. მან უარყო ვა-------–-----–-ას მხრიდან სო-------–-----–--სთვის ფიზიკური შეურაცხყოფის (ხელის დარტყმა) მიყენების ფაქტი.

 

ბრალდებულმა ვა-------–-----–-ამ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ სო-------–-----–--სთან მოუვიდა უთანხმოება. ის (ვა-------–-----–-ა) ითხოვდა სახლიდან წასულიყვნენ სო-------–-----–-- თავის სტუმრებთან ერთად, რის გამოც მან ხელი მოკიდა სო-------–-----–--ს და გაიყვანა სახლის ეზოდან. მისი განმარტებით, მას არ მიუყენებია სო-------–-----–--სთვის ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

მოწმე ქი------------------------------ის გამოქვეყნებული ჩვენებით ირკვევა, რომ ის თო---------------–-–---–ი და სო-------–-----–-- იმყოფებოდნენ, სო-------–-----–--ს სააგარაკე სახლში, და------------ში. საღამოს საათებში სახლში მივიდა ვა-------–-----–-ა, რომელმაც პროტესტი გამოთქვა თო---------------–-–---–ის იქ ყოფნის თაობაზე. შემდეგ ვა-------–-----–-ამ სო-------–-----–--ს თავის არეში მიაყენა რამდენიმე დარტყმა, ვა-------–-----–-ას გაშველებას ცდილობდნენ ის (ქი------------------------------ის) და მა---------------.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0--------- დასკვნის თანახმად, 2--------- წ. მოქ. სო-------–-----–--ს პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანება მარჯვენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე სისხლნაჟღენთის სახით. სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გუ-–--------------–---–მა.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მხარეებმა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები (მი----–--------–---–ის ჩვენება და ფონოსკოპიური ექსპერტიზის N1----- დასკვნის) უდავოდ მიიჩნიეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებათა ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

მოწმე პოლიციის თანამშრომელი მი----–--------–---–ი ჩვენებაში უთითებს, რომ ინფორმაცია მიიღო ვა-------–-----–-ას ადგილსამყოფლის შესახებ, რაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, ხოლო მოწმეები კო----------------------ი და ზუ------------–-–---–ი მონაწილეობას იღებდნენ ბრალდებულის დაკავებაში. დაზარალებულმა სო-------–-----–--მ კი მასზე განხორციელებული ძალადობა სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა (გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ). ერთადერთი თვითმხილველი მოწმე, რომელიც ადასტურებს დაზარალებულზე ბრალდებულის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას არის მოწმე ქი------------------------------ი. მისი ჩვენების მიხედვით ვა-------–-----–-ამ რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი თავის არეში სო-------–-----–--ს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის ბრალდებულის მეუღლის და დედის, ასევე თავად ვა-------–-----–-ას ჩვენებებთან, რომლებიც უარყოფენ ფიზიკური ძალადობის ფაქტს. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქი------------------------------ი არ დაკითხულა სასამართლო სხდომაზე, ეს უკანასკნელი ცალმხრივად გამოიკითხა გამოძიებაში, რომლის ჩვენებაც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე. დაცვის მხარეს (მათ შორის ბრალდებულს), არ მიეცა ჯვარედინი (კრიტიკული) დაკითხვის საშუალება მის მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ამ ჩვენებას სასამართლო ვერ დაეყრდნობა და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ ამ მტკიცებულებას ვერ დაუდებს. აღსანიშნავია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნებოდეს მხოლოდ გამოქვეყნებულ ჩვენებას.

 

ამასთან, საყურადღებოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, როდესაც ბრალდების მოწმე არ ცხადდება არსებითი განხილვის სხდომაზე, გამოძიების დროს მიცემული ინფორმაცია მტკიცებულებად არის დაშვებული და მსჯავრდება ძირითადად ეფუძნება გამოუცხადებელი მოწმის (მოწმეები) ჩვენებას - ,,გადამწყვეტი მტკიცებულებები“.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ითვალისწინებს უფლებას საქმის სამართლიან განხილვაზე. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს, რომ „ყოველი ადამიანი, ... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამოკვლევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით...“

 

მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად,„3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:

...

დ) თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები...“

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მოცემული გარანტია მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიან განხილვაზე უფლების კონკრეტული ასპექტია, რომელიც სამართალწარმოების სამართლიანობის მთლიანობაში შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული (ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom), განაცხადები nos. 26766/05 , 22228/06 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 118). შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იმ შემთხვევებს, როდესაც ბრალდებულს არ შეეძლო დაეკითხა ბრალდების მოწმე და სასამართლომ მისი ინფორმაცია მტკიცებულებად დაუშვა, განიხილავს აღნიშნულ ორ ნორმასთან მიმართებაში (ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Bonev v. Bulgaria), განაცხადი no. 60018/00, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტი 40). ამ კონტექსტში, სამართალწარმოების სამართლიანობის მთლიანობაში შეფასებისას, ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე საზოგადოების და დაზარალებულის ინტერსებს, რომ დანაშაული სისხლის სამართლის წესით იქნეს დასჯილი (ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Horncastle and Others v. the United Kingdom), განაცხადი no. 4184/10, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 130).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთხელ მიუთითებს თავის გადაწყვეტილებებში, რომ მტკიცებულებათა დასაშვებობას, უპირატესად, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა უნდა აწესრიგებდეს და როგორც წესი, ეროვნული სასამართლოების პრეროგატივაა მათ ხელთ არსებული მტკიცებულების შეფასება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამოცანაა, რომ მთლიანობაში შეაფასოს სამართალწარმოების სამართლიანობა, იმის ჩათვლით, თუ რამდენად სამართლიანად იყო მტკიცებულება მოპოვებული (ზოგადი პრინციპი დადგენილია, inter alia, საქმეზე გეფგენი გერმანიის წინააღმდეგ (Gäfgen v. Germany), განაცხადი no. 22978/05 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტი 162).

 

ჩვეულებრივ, ყველა მტკიცებულება სასამართლოს უნდა წარედგინოს ბრალდებულის თანდასწრებით, რათა მოხდეს მათი გამოკვლევა შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად. კერძოდ, როგორც წესი, მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული უფლებები მოითხოვს, რომ განმცხადებელს ჰქონდეს ადეკვატური და ჯეროვანი შესაძლებლობა, რომ ბრალდების მოწმეს კითხვა დაუსვას და მისი პასუხი ეჭვქვეშ დააყენოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოწმემ ინფორმაცია ყოველთვის სასამართლოში, საჯაროდ უნდა მისცეს, რათა იგი მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეუძლებელია. გამოძიების ეტაპზე პირის მიერ გაკეთებული განცხადებების სასამართლოს მიერ გამოყენება თავისთავად არ არღვევს მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს იმ პირობით, თუ დაცვის უფლება გარანტირებულია (აში ავსტრიის წინააღმდეგ (Asch v. Austria), განაცხადი no. 12398/86, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1991 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, § 27).

 

როგორც ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა ბოლოდროინდელ საქმეზე გარბუზი უკრაინის წინააღმდეგ (Garbuz v. Ukraine, განაცხადი no. 72681/10, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტი 34), ზოგადი პრინციპები, რომლებიც უნდა იქნეს გამოყენებული იმ შემთხვევებში, როდესაც ბრალდების მოწმე არ ცხადდება არსებითი განხილვის სხდომაზე და გამოძიების დროს მიცემული ინფორმაცია მტკიცებულებად არის დაშვებული, ჩამოყალიბდა საქმეებზე ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom), განაცხადები nos. 26766/05 , 22228/06 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება) და ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (Schatschaschwili v. Germany), განაცხადი no. 9154/10, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება). აღნიშნული პრინციპები ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიმეორა, მაგალითად, შემდეგ საქმეებში: სეტონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Seton v. the United Kingdom), განაცხადი no. 55287/10, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების პუნქტები 57-59) და ბოეცი უკრაინის წინააღმდეგ (Boyets v. Ukraine), განაცხადი no. 20963/08, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტები 74-76) და შემდეგში მდგომარეობს:

 

ა) თავდაპირველად სასამართლომ უნდა განიხილოს, არსებობს თუ არა საპატიო მიზეზი გამოუცხადებელი მოწმის მიერ მიცემული ინფორმაციის მტკიცებულებად დასაშვებად იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც წესი, მოწმემ ჩვენება უნდა მისცეს სასამართლო სხდომაზე და ყველა გონივრული ძალისხმევა უნდა იქნეს გამოყენებული მისი სხდომაზე დასწრების უზრუნველსაყოფად;

 

ბ) შეიძლება სხვადასხვა ლეგიტიმური მიზეზი არსებობდეს, რის გამოც მოწმე ვერ ესწრება სასამართლო სხდომას;

 

გ) როდესაც მოწმე არ დაკითხულა დაცვის მიერ სამართალწარმოების არც ერთ მანამდე ეტაპზე, მისი ინფორმაციის მტკიცებულებად დაშვება ბოლო ღონისძიება უნდა იყოს;

 

დ) გამოუცხადებელი მოწმის ინფორმაციის მტკიცებულებად დაშვება იწვევს დაცვის პოტენციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებას, რადგანაც მას, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, უნდა ჰქონდეს ქმედითი შესაძლებლობა, რომ ეჭვს ქვეშ დააყენოს მტკიცებულება. კერძოდ, მას უნდა შეეძლოს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების უტყუარობისა და საიმედოობის შემოწმება იმით, მოწმეს ზეპირად დაესვას შეკითხვები ბრალდებულის თანდასწრებით;

 

ე) „ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულების“ წესის თანახმად, თუ ბრალდებულის მსჯავრდება ეფუძნება მხოლოდ ან ძირითადად იმ მოწმის ინფორმაციას, რომლის დაკითხვის შესაძლებლობა ბრალდებულს არ ჰქონია სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე, მისი დაცვის უფლებები უსამართლოდ იზღუდება;

 

ვ) ამ კონტექსტში, სიტყვა „გადამწყვეტი მტკიცებულება“ შეზღუდვითად უნდა იქნეს გაგებული, როგორც მტკიცებულება, რომელსაც ისეთი მნიშვნელობა აქვს, რომ შეუძლია გადაწყვიტოს საქმის შედეგი. როდესაც გამოუცხადებელი მოწმის ჩვენება დამატებითი მტკიცებულებით არის გამყარებული, იმის შეფასება, თუ რამდენად არის აღნიშნული მტკიცებულება გადამწყვეტი, დამოკიდებულია დამატებითი მტკიცებულების მტკიცებით ძალაზე. რაც უფრო მაღალია პირის საწინააღმდეგო სხვა არსებული მტკიცებულების მტკიცებითი ძალა, მით უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოუცხადებელი მოწმის ჩვენება გადამწყვეტ მტკიცებულებად ჩაითვალოს;

 

ზ) თუმცა, კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი უნდა განიმარტოს სამართალწარმოების მთლიანობაში სამართლიანობის კონტექსტში და „ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულების“ წესის თანახმად, ხისტად არ უნდა იქნეს გამოყენებული;

 

თ) როდესაც მსჯავრდება ეფუძნება მხოლოდ და გადამწყვეტად გამოუცხადებელი მოწმის ჩვენებას, ევროპული სასამართლო განსაკუთრებით მკაცრად ამოწმებს, თუ რამდენად იყო სასამართლო პროცესი სამართლიანი, გამომდინარე იმ საფრთხეებიდან, რომლებიც თან ახლავს ასეთი მტკიცებულების დაშვებას. ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია საპირწონე ინტერესებს შორის წონასწორობის დამყარება და საჭიროა საკმარისი გამაწონასწორებელი ფაქტორების, მათ შორის, მძლავრი საპროცესო გარანტიების არსებობა. თითოეულ საქმეზე უნდა არსებობდეს გამაწონასწორებელი ფაქტორები, მათ შორის ის ღონისძიებები, რომლებიც საშუალებას იძლევა მტკიცებულების სანდოობა სამართლიანად და სათანადოდ შეფასდეს. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა, რომ მსჯავრდება დაფუძნებოდა მხოლოდ ისეთ მტკიცებულებას, რომელიც საკმარისად სანდო იქნებოდა, საქმისთვის მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით.

 

ხოლო რაც შეეხება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ასევე იმ მტკიცებულებებს, რომლებიც უდავოდ იქნა მხარეების მიერ მიჩნეული, სასამართლო მიუთითებს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ვა-------–-----–-ას ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, ლოკალიზაცია, რაოდენობა, თუმცა ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ სო-------–-----–--ს აღენიშნებოდა დაზიანება, თუმცა აღნიშნული დასკვნით იმ ფაქტის დადგენა თუ ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა მას (სო-------–-----–--) აღნიშნული დაზიანება, შეუძლებელია. ბრალდების მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ეს დაზიანება დაზარალებულს მიაყენა ვა-------–-----–-ამ, უშუალოდ ამ მტკიცებულების შინაარსიდან არ გამომდინარეობს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს.

 

ამასთან, სასამართლო სრულად ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის პრევენცია, ქმედითად დაიცვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი და დასაჯოს მოძალადეები, ანუ სრულად განახორციელოს ევროპის საბჭოს 2011 წლის სტამბულის კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, თუმცა, მიუხედავად ამ საქმეთა უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის ვერ გაამართლებს ბრალდებულის მსჯავრდებას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე – სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები (გარდა გამოქვეყნებული ჩვენებისა, რის თაობაზეც უკვე აღინიშნა), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. მხოლოდ იმის გამო, რომ პირს ბრალად ედება სენსიტიური დანაშაულის ჩადენა, მისთვის სამართლიანი სამართალწარმოების გარანტიების უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. Mutatis mutandis, აღნიშნული თავად ევროპულმა სასამართლომ განაცხადა საქმეში მატოჩა იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება). კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირსაც, რომელსაც ბრალად ედება ფსიქიკური პრობლემების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობა, უნარჩუნდება სამართლიანი სასამართლო განხილვის გარანტიები, რომელთა უგულებელყოფასაც მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები არ ამართლებს (პუნქტი 71). სასამართლომ მსგავსი მიდგომა რომ აირჩიოს, ის დაარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რომლის განუყოფელ ნაწილსაც შეადგენს პირის უფლება დასაბუთებულ მსჯავრდებაზე (ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი no. 19997/02, 2007 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების პუნქტები 28-35). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ეროვნული სასამართლოები სათანადოდ ვერ ასაბუთებენ პირის მსჯავრდებას, პირი ვერ სარგებლობს სამართლიანი სამართალწარმოებით, რაც არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს (ჭანკოტაძე საქართველოს წინააღმდეგ (Tchankotadze v. Georgia, განაცხადი no. 15256/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტები 108-109).

 

და ბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს.

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1\1\548 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ - მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 76, 77).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ვა-------–-----–-ას ბრალეულობა, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271- 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-279 - ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვა-------–-----–-ა უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ვა-------–-----–-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ვა-------–-----–-ას სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

ლაზერული დისკები - დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე გიორგი დარახველიძე