გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.03.2019
საქმის ნომერი
330210018002592160
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/24155-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 მარტი, 2019 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი

მოსარჩელე - ელ--------------ე

წარმომადგენლები - 1 - მა--------–-----–-

2 - ირ------------

მოპასუხე - ზუ------------------

წარმომადგენელი - გი-------------------

დავის საგანი - უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ზუ-----------------ის უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვით ელ--------------ეს ნება დაერთოს მოპასუხის ნებართვის გარეშე ამოიღოს და დათვალიერების შემდეგ აღადგინოს წე------–--ის საფლავის მიწა, რომელსაც ელ--------–-------–ის საფლავად მიიჩნევს.

(ს.ფ. 128)

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2015 წლის 01 მაისს ელ--------------ემ სარჩელი აღძრა ზუ------------–---–ის მიმართ მოთხოვნით გადაესვენებინა მოპასუხე მხარეს მზ---–--------–ი სამსამარიანი საფლავიდან, სადაც 1930 წელს დაკრძალული იყო ელ--------------ის პაპა - პე---------–------------–--------–ი, ხოლო 1942 წელს კი დიდი ბებია - ელ--------–--------–ი. სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა და დადგინდა, რომ სადავო სასაფლაოზე 1952 წელს დაკრძალულ იქნა 1944 წელს გარდაცვლილი ჯ--------–--------–ი, ხოლო 1999 წელს მზ---–--------–ი. სასამართლომ არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებდნენ სადავო საფლავში მოსარჩელის წინაპრების დაკრძალვის ფაქტს. სასამართლო დავის დასრულების შემდგომ, მოსარჩელემ თავისი ინიციატივით ჩაატარა ექსპერტიზა სამარის აღმოჩენის მიზნით. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2018 წლის 21 მაისს გაცემული დასკვნით დადგინდა, რომ კვლევის შედეგად ვ-------------–------ ეკლესიის მახლობლად ჩატარდა გეოფიზიკური ხელსაწყო გეორადარით პროფილების შესწავლა და ჩანაწერების კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებულ რადაროგრამებზე რამდენიმე ადგილას დაფიქსირდა სტრუქტურული რღვევები, რაც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო სამარხის არსებობით. დასკვნის მიხედვით, ერთმნიშვნელოვნად სამარხის არსებობის მტკიცება შეუძლებელია, რადგან ასეთი სახის ანომალიები შეიძლება სხვა ბევრი ფაქტორითაც ყოფილიყო გამოწვეული. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო სასაფლაოზე ორი პირია დაკრძალული და საექსპერტო დასკვნა არ არის ერთმნიშვნელოვანი, აუცილებელია მესამე სამარხის გათხრა, რომ დადასტურდეს მოსარჩელის მტკიცება მისი წინაპრის - დიდი ბებიის მითითებულ საფლავში დამარხვის თაობაზე. აღნიშნულს კი ეწინააღმდეგება მოპასუხე მხარე, თუმცა კონკრეტულ მიზეზს ვერ მიუთითებს და შედეგად ადგილი აქვს მისი მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ და მისმა წარმომადგენლებმა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხემ მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ უკვე გამოკვლეულ იქნა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელთა სადავოდ გახდომა ახალი სასარჩელო წარმოებით დაუშვებელია. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მზ---–--------–ი 1999 წელს დაიკრძალა მართლზომიერად, მისი ძმის - ჯო------–-------–-ს გვერდით. მოსარჩელე მხარეს კი სადავო საფლავთან დაკავშირებით არანაირი უფლება არ გააჩნია, თუნდაც მოითხოვოს ცარიელი სამარხის გათხრა და შესწავლა. საერთოდ გაუგებარია რა თვალსაზრისით ითვლება მოპასუხის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება, მაშინ როდესაც დადგენილი და დადასტურებულია, რომ სადავო სამარხში დაკრძალული არიან მისი დედა და ბიძა. მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან გასულია საერთო ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ვ-------------–------ დაკრძალულია მზ---–--------–ი თავისი ძმის გვერდით, რის თაობაზეც გაცემულია სასაფლაოს ადმინისტრაციის შესაბამისი ნებართვა და ცნობა. საქმის მასალებით კი არ დადგენილა, რომ მზ---–--------–ი დაკრძალული იყო იმ საფლავში, სადაც განისვენებდა სხვა პირის ნეშტი. შესაბამისად, მზ---–-------–-ს დაკრძალვა განხორციელდა მართლზომიერად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, რომლითაც ელ--------------ე მოითხოვდა მოპასუხე ზუ------------–---–ს დავალებოდა მზ---------–--------–--–-------–ის გადასვენება მოსარჩელე ელ--------------ის მფლობელობაში არსებული საგვარეულო სასაფლაოდან, არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სადავო საფლავი არ წარმოადგენდა იმ საფლავს, სადაც დაკრძალული იყო ელ--------–-------–ის ნეშტი. სასამართლოს მიერ გამოკვლეულ გარემოებათა შესაბამისად არსებულ საფლავზე შპს „ჰ--------“ მიერ გაცემული ნებართვის თანახმად, მზ---–-------–-ს დაკრძალვის თაობაზე ნებართვა გაიცა არა როგორც ახალ საფლავზე, არამედ უკვე არსებულ საფლავზე სამარხის გაჭრის თაობაზე, რაც ადასტურებდა, რომ მზ---–--------–ი განსვენებულ იქნა მისი ძმის -ჯო------–-------–-ს სამარხის გვერდით. ამდენად დადგინდა, რომ მოპასუხე მხარე წარმოადგენდა სადავო სამარხის მართლზომიერ მფლობელს და მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო საფლავის ფლობის ფაქტი.

 

(მტკიცებულება: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, ს.ფ. 28-32)

 

3.2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით ელ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე მიეთითა, რომ მზ---–-------–-ს დაკრძალვისათვის შესაბამისი ნებართვის გაცემა მოხდა არა წინა საფლავის მიტოვებულად აღიარების საფუძვლით, არამედ მისი ოჯახის წევრის - ძმის გვერდით დაკრძალვის უფლების მინიჭების სახით.

 

(მტკიცებულება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინება, ს.ფ. 33-43)

 

3.2.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით ელ--------------ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დატოვებულ იქნა განუხილველად.

 

(მტკიცებულება: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინება, ს.ფ. 85)

 

3.2.4. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2018 წლის 21 მაისს გაცემული დასკვნის თანახმად, გეორადარით კვლევა განხორციელდა ქალაქ თბილისში, ვ-------------–------, ეკლესიის მახლობლად, რისთვისაც გამოყენებულ იქნა გეოფიზიკური ხელსაწყო გეორადარი 500 მგც სიხშირის ანტენით, რომლის ჩაწვდომის სიღრმეა 6 მეტრი. საკვლევ ტერიტორიაზე გატარდა როგორც გრძივი, ასევე განივი პროფილები. ჩანაწერის კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებულ რადაროგრამებზე რამოდენიმე ადგილას დაფიქსირდა სტრუქტურული რღვევები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სამარხების არსებობით, თუმცა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნულის მტკიცება შეუძლებელია, რადგან ამ სახის ანომალიები შეიძლება სხვა ბევრი ფაქტორითაც იყოს გამოწვეული.

 

(მტკიცებულება: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 21 მაისის დასკვნა, ს.ფ. 49-52)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებული უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში, ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით სასამართლო ამოწმებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, ყოველმხრივ, ობიექტურად და იღებს გადაწყვეტილებას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნა ვერ იძლევა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული გამოკვლევით დედგენილი იქნა სამარხების არსებობა. 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად კი გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამდენად, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მოპასუხე ზუ-----------------ის მხრიდან ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენების გზით ხელშეშლას, რაც გამოიხატება სადავო სასაფლაოზე სამარხის ამოღებისა და დათვალიერების ხელისშეშლაში.

 

სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ შეიძლება მიენიჭოს პრეიუდიციული ძალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან ხსენებული ნორმა ეხება სხვა საქმეზე იგივე მხარეებს შორის განხილულ დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს. განსახილველი დავის მონაწილეები კი არ წარმოადგენენ იგივე მხარეებს (წინამდებარე სარჩელის მოპასუხე სხვა პირია), თუმცა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით გამოკვლეულ და დადგენილ ფაქტებს აქვთ მტკიცებულებითი ძალა და ისინი უნდა შეფასდეს მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს გარემოება, რომ საფლავი არის სამსამარიანი. მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით და 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით კი დადგენილია, რომ სადავო საფლავი იმყოფება მოპასუხე მხარის მფლობელობაში. მოსარჩელის განმარტებით, საფლავის ამოთხრა და შესწავლა უნდა მოხდეს თავისუფალი სამარის ადგილას, ვინაიდან მისი განმარტებით სწორედ იქ არის განსვენებული მისი წინაპრის - ელ--------–-------–ის ნეშტი. სადავო საფლავში სამარხის არსებობის თაობაზე ვარაუდი კი მითითებულია საექპსერტო დასკვნაში.

 

მოსარჩელის განმარტების საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ სადავო საფლავი იმყოფება მის მართლზომიერ მფლობელობაში და იქ განსვენებული არიან მისი დედა - მზ---–--------–ი და ბიძა - ჯ--------–--------–ი, რაც დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით დადგენილია, რომ სადავო სასაფლაო იმყოფება მოპასუხე მხარის მართლზომიერ მფლობელობაში. თავდაპირველ დავაში მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო რაიმე მტკიცებულებით იმ ფაქტის დადასტურება, რომ სადავო საფლავში განსვენებული იყო მისი დიდი ბებია - ელ--------–--------–ი. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ სადავო სამარხში დაკრძალულია 1944 წელს გარდაცვლილი ჯ--------–--------–ი, რომლის განსვენებაც მოხდა 1952 წელს, ხოლო ჯ--------–--------–ის გვერდით კი დაკრძალულია მისი და - 1999 წელს გარდაცვლილი მზ---–--------–ი. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება წინამდებარე დავის ფარგლებში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მის ზეპირ ახსნა-განმარტებას კი არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე და შესაბამისად, ვერ მიეცემა მტკიცებულებითი ძალა.

რაც შეეხება საექსპერტო დასკვნას, სასამართლო მიუთითებს, რომ საექსპერტო დასკვნით გამოთქმულია მხოლოდ ვარაუდი სადავო სასაფლაოში სამარხის არსებობის თაობაზე. აღნიშნული დასკვნა არ შეიცავს რაიმე ფორმით ვარაუდს სადავო საფლავში მესამე ნეშტის არსებობის თაობაზე, იგი მხოლოდ მიუთითებს თეორიულ შესაძლებლობაზე სამარხის არსებობის შესახებ.

 

3.2.5. მოწმის ა-----–--------------- განმარტებით, მისი მშობლების საფლავი არის ახლოს, მას მხოლოდ მოსარჩელის ოჯახის წევრისგან (ძმისგან) სმენია საფლავის არსებობის თაობაზე (ნანახი ყავს მითითებულ საფლავთან), ხოლო თავად საფლავზე განთავსებული ქვა ან რაიმე წარწერა არ შეუმჩნევია და არ ახსოვს.

 

(მტკიცებულება: მოწმის განმარტება, ს.ფ.183, 11:47:58 )

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით საქმეში მონაწილე პირებს აკისრიათ მათ მიერ მითითებულ გარემოებათა დამტკიცების მოვალეობა. აღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელეს აკისრია ტვირთი დაადასტუროს ის ფაქტები, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლებელია დადგინდეს საქმის დადებითად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები, ხოლო ამ ფაქტების დადასტურების შემდგომ კი მოპასუხეს წარმოეშვება ვალდებულება გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილება მიზნად ისახავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენას, ვინაიდან მხოლოდ ფაქტების დადგენითაა შესაძლებელი კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირება, რომელიც კონკრეტულ იურიდიულ შედეგთანაა დაკავშირებული.

 

სადავო შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ საფლავი იმყოფება მოპასუხის მართლზომიერ მფლობელობაში და აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა, მან ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც შეიძლება უფლების ბოროტად გამოყენებად იქნეს მიჩნეული სასამართლოს მიერ და რომლის შესაბამისადაც მართლზომიერ მფლობელს შეიძლება აღეკვეთოს ამ უფლების ბოროტად გამოყენებით ხელშეშლა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 159-ე, 161-ე, 172-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უფლების ბოროტად გამოყენება გულისხმობს ნებისმიერი სამართალურთიერთობის მონაწილე პირისათვის თავისი უფლების კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულებას. ნებისმიერი უფლება და მოვალეობა უნდა განხორციელდეს კეთილსინდისიერად. აღნიშნული პრინციპი ვლინდება სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტის მიერ სხვა პირის ინტერესების გათვალისწინებაში, თუმცა იმ მოცულობით, რომ არ მოხდეს თავად უფლების მქონე პირის ინტერესების არათანაზომიერად შეზღუდვა. უფლების გამოყენების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ამ უფლების მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების შემთხვევაში, როდესაც უფლების მქონე პირის ინტერესი სხვისთვის ზიანის მიყენებისკენ არის მიმართული და უფლების გამოყენება არ ისახავს მისი განხორციელების აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესების დაცვას. უფლების ბოროტად გამოყენების შეფასებისას, აუცილებელია დადგინდეს უფლების მქონე პირის ქმედება ობიექტური მოქმედებაა, რაც უფლების გამოყენებას ამართლებს, თუ იგი უპირატესად მხოლოდ სხვა პირისათვის ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად და აღნიშნულის გამო მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა.

 

ამდენად, უფლების გამოყენების მართლზომიერების ფარგლები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკეული უფლებებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით უნდა დადგინდეს. უფლების ბოროტად გამოყენებაზე მითითებისას კი მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტის თანახმად, ეკისრება იმ პირს, რომელიც აპელირებს უფლების ბოროტად გამოყენებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მოპასუხის მოქმედება წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. უფლების ბოროტად გამოყენება კი ვლინდება იმ ხელშეშლაში, რომ მოსარჩელეს არ ეძლევა საშუალება გათხაროს საფლავი, შეისწავლოს იგი და დაადგინოს სადავო სამარხში მისი წინაპრის ნეშტის არსებობა-არარსებობის ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია, რომ როგორც მესაკუთრეს, ისე მართლზომიერ მფლობელს, უფლება აქვს მოითხოვოს თავისი საკუთრებისა და მფლობელობის დაცვა, მოითხოვოს უფლებით სარგებლობისას ხელის შეშლის ყოველგვარი აღკვეთა. უფლება კი, როგორც აღინიშნა, უნდა განხორციელდეს კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით. დაუშვებელია საკუთრებისა თუ მართლზომიერი მფლობელობის უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ არ იყოს გამოკვეთილი უფლებამოსილი პირის ინტერესების უპირატესობა და ამ მოქმედებით შეილახოს სხვა პირის კანონით დაცული უფლებები და ინტერესები.

 

წინამდებარე დავის გადაწყვეტისათვის სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ საკითხს, რომ ერთ მხარესაა მოსარჩელის ინტერესი, რომელიც ცდილობს თავისი წინაპრების სამარხების დადგენას და ამ გზით მათდამი პატივის მიგებას, ხოლო მეორე მხარესაა მოპასუხის უფლება და ინტერესი, არ დაუშვას სხვა პირის მიერ თავისი ოჯახის წევრების საფლავის შელახვა, თუნდაც ამ მიცვალებულთა გვერდით სამარხის ამოთხრის გზით. ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციების თანახმად, წინაპართა საფლავებისა და მათი სამარეების მოვლა-პატივისცემა მნიშვნელოვანი ღირებულებაა და ამ უფლებაში რაიმე ფორმით ჩარევა გამოწვეული უნდა იყოს იმ უტყუარი და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებული ფაქტებითა თუ მტკიცებულებებით, რომელიც ჩარევას გამართლებულად აქცევს. მარტოოდენ მითითება, ალბათობა და ვარაუდი ვერ გახდება საკმარისი საფუძველი ამ უფლებაში ჩარევის მართლზომიერად მიჩნევისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს საფლავის მართლზომიერ მფლობელს, სადაც განსვენებული არიან მისი დედა და ბიძა. მოსარჩელე მხარე კი მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებითა და საექსპერტო დასკვნით გათვალისწინებული ვარაუდით მიუთითებს სადავო საფლავში თავისი წინაპრის ნეშტის არსებობაზე. ის ფაქტი, რომ სადავო სამარხში სავარაუდოდ განსვენებული არის მოსარჩელის დიდი ბებია, საქმეზე გამოკვლეული არცეთრი ზეპირი თუ წერილობითი მტკიცებულებით დადასტურებული არ არის. ამ მოცემულობაში კი გაუმართლებელია მოპასუხის უფლებაში ჩარევა და მისი ოჯახის წევრების სამარის გვერდით საფლავის გათხრა-დათვალიერება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის მოპასუხის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება, რითაც მოსარჩელეს ხელი ეშლება თავისი წინაპრების საფლავის მოძიებაში და შესაბამისად, ელ--------------ის სარჩელი დაუსაბუთებლად უნდა იქნეს ცნობილი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. რაც შეეხება მოპასუხის შუამდგომლობას იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე, იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელეს უნდა დაეკისროს მისი გადახდა დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 160 ლარს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ელ--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე ელ--------------ეს მოპასუხე ზუ-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული 160 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე ელ--------------ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი