გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2019
საქმის ნომერი
190210017001984145
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
05.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1332-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 მარტი 2019 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს "კ------- ბანკი"

წარმომადგენელი ბექა ნამორაძე

მოპასუხეები გ------- ფ---------–---–ი

ი----- კ----ე

ი--- ფ---------–---–ი

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები

1.1. გ------- ფ---------–---–ის, ი----- კ----ის და ი--- ფ---------–---–ისთვის სოლიდარულად 2893.42 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1874.57 აშშ დოლარი, პროცენტი 590.28 აშშ დოლარი, ჯარიმა 303.25 აშშ დოლარი, საკომისიო 22.23 აშშ დოლარი, 103.09 აშშ დოლარი სიცოცხლის დაზღვევის თანხა;

1.2. გ------- ფ---------–---–ისათვის 500.66 აშშ დოლარი დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა350.32 აშშ დოლარი, სოცოხლის დაზღვევა 8.46 აშშ დოლარი, ჯარიმა 141.88 აშშ დოლარი.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2014 წლის 09 ივლისს შპს მისო „კ-------სა“ და გ------- ფ---------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო სესხი 2400 აშშ დოლარი 28 თვის ვადით, 2016 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით. სესხის სარგებელია ყოვლეთვიურად კლებადი საპროცენტო განაკვეთი 2.75%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება, რომლის შენატანები უნდა განეხორციელებინა მსესხებელს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დარუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,27%.-ის ოდენობით. მსესხებელს ჰყავს თავდებები ი----- კ----ე და ი--- ფროდონაშვილი, რომლებმაც თავდებობის ხელშეკრულებებით იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა გ------- ფ---------–---–ის სესხის დაბრუნების ვალდებულების ნაწილში.

 

მსესხებელმა დაარღვია სესხის დაბრუნების გრაფიკი, 2015 წლის 1 აპრილიდან შეწყვიტა ყოველთვიურად თანხის გადახდა და ვალდებულება არც დამატებით ვადაში შეასრულა. მოპასუხეების დავალიანებაა 2893,42 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1874,57 აშშ დოლარი, პროცენტი 590,28 აშშ დოლარი, ჯარიმა 303,25 აშშ დოლარი, 103,09 აშშ დოლარი სიცოცხლის დაზღვევის თანხა, საკომისიო - 22,23 აშშ დოლარი.

 

2014 წლის 9 ივლისს გ------- ფ---------–---–სა და შპს მისო კ-------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე განვადების ბარათის მეშვეობით მოპასუხემ ისესხა 389.25 აშშ დოლარი 48 თვის ვადით. თანხა ბარათიდან გადარიცხულია 2015 წლის 8 იანვარს. სესხის სარგებელია თვეში 1.32%. ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.27%, მაგრამ მაქსიმუმ 150 დღის მანძილზე. მოპასუხემ არ დააბრუა სესხის თანხა. მისი დავალიანებაა 500,66 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 350,32 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა 8,46 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 141,88 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განმარტეს, რომ თანახმა, არიან გადაიხადონ სარჩელით მოთხოვნილი სესხის თანხა პირგასამტეხლოს გარდა. მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და იგი უნდა შემცირდეს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 09 ივლისს შპს მისო კ-------სა“ და გ------- ფ---------–---–ს შორის შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო სესხი 2400 აშშ დოლარი 28 თვის ვადით, 2016 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით. თვეში საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 2.75%-ით. ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება, რომლის შენატანები უნდა განეხორციელებინა მსესხებელს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,27%.-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 150 დღისა. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია სიცოცხლის დაზღვევა გამსესხებლის მიერ შერჩეულ სადაზღვევო კომპანიაში მსესხებლის ხარჯით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის თანხის მიღება 2 ეტაპად. 2000 აშშ დოლარი და 400 აშშ დოლარის ოდენობით. თანხის გაცემის ვაუჩერებში მითითებულია, რომ გ------- ფ---------–---–მა 2014 წლის 9 ივლისს ცალ-ცალკე მიიღო 705,2 ლარი და 1750 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 19-48. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 4-6. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 102-106. ტომი 1)

- თანხის გაცემის ვაუჩერები (ს.ფ. 155-156. ტომი 1 )

 

3.1.2. 2014 წლის 9 ივლისს ი----- კ----ემ და ი--- ფ---------–---–მა შპს მისო კ-------ში წარადგინეს თავდებობის განცხადებები, რომლებითაც იკისრეს გ------- ფ---------–---–ის სესხის დაბრუნების საკითხში პასუხისმგებლობა მსესხებელის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. თავდებობის განცხადებების საფუძველზე ერთის მხრივ შპს მისო კ-------სა და მეორეს მხრივ ი----- კ----ეს და ი--- ფ---------–---–ს შორის წერილობით დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც იკისრეს გ------- ფ---------–---–ის სესხის დაკისრების საკითხში სოლიდარული პასუხისმგებლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- თავდებობის ხელშეკრულებების ასლები (ს.ფ.49-52. ტომი 1)

 

3.1.3. გ------- ფ---------–---–მა ნაწილობრივ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, მან 2014 წლის 9 ივლისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადაიხადა 1029,30 აშშ დოლარი, საიდნაც ძირითადი თნხაა 525,43 აშშ დოლარი, სარგებელი 460,91 აშშ დოლარი, სიცოცლი დაზღვევა 42,51 აშშ დოლარი, პირგასმატეხლო 0,55 აშშ დოლარი. 2015 წლის 1 აპრილის შემდეგ სესხის დასაბრუნებლად თანხა აღარ გადაუხდია. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია ძირითადი თნხა 1874,57 აშშ დოლარი, სარგებელი 590,28 აშშ დოლარი, ჯარიმა 303,25 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა 103,09 აშშ დოლარი, საკომისიო 22,23 აშშ დოლარი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 53. ტომი 1)

 

3.1.4. 2014 წლის 9 ივლისს გ------- ფ---------–---–სა და შპს მისო კ-------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე განვადების ბარათის მეშვეობით მოპასუხემ ისესხა 389.25 აშშ დოლარი 48 თვის ვადით. თანხა ბარათიდან გადარიცხულია 2015 წლის 28 იანვარს. სესხის სარგებელია თვეში 1.32%. ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.27%, მაგრამ მაქსიმუმ 150 დღის მანძილზე. განვადების ბარათით გათვალისწინებული თანხით გ------- ფ---------–---–მა შეიძინა სარეცხი მანქანა. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გ------- ფრიდინაშვილს სესხის დასაბრუნებლად თანხა სრულად არ გადაუხდია. მან გადახდა განახორციელა ერთხელ და 2015 წლის 1 მარტს მოსარჩელეს გადაუხადა 39,87 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 55-60. ტომი 1)

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 61. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ვალდებულების შესრულება, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 867-ე, 868-ე, 463–ე, 891-ე, 892-ე, 893-ე, 895-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 867-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამ შემთხვევაში შპს მისო კ-------სა და გ------- ფ---------–---–ს შორის 2014 წლის 9 ივლისს დადებული სესხის ხელშეკრულებები სარგებლიანია და ითვალისწინებს სესხზე სარგებლის დარიცხვას. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი.

 

2014 წლის 9 ივლისის სესხის ხელშკერულების საფუძველზე გ------- ფ---------–---–მა სესხად მიიღო 2400 აშშ დოლარი 28 თვის ვადით, რომელიც სრულად კრედიტორისათვის არ დაუბრუნებია. თანხის დაბრუნება შეწყვიტა 2015 წლის აპრილიდან, დასაბრუნებელია ძირითადი თანხა 1874,57 აშშ დოლარი, სარგებელი 590,28 აშშ დოლარი, ჯარიმა 303,25 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა 103,09 აშშ დოლარი, საკომისიო 22,23 აშშ დოლარი.

 

ამ დავალიანების არსებობას მოპასუხეები ადასტურებენ და თანხის გადახდის მოთხოვნას ცნობენ პირგასამტეხლოს თანხის გამოკლებით.

 

2014 წლის 9 ივლისს განვადების ბარათის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გ------- ფ---------–---–მა მიიღო სესხი 389,25 აშშ დოლარი, რომლის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა. ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია ძირითადი თანხა 389,25 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 8,46 აშშ დოლარი და დარიცხულია პირგასამტეხლო 141,88 აშშ დოლარი. მოპასუხის განმარტებით, მას თანხა არ დაუბრუნებია, ხოლო ცნო სესხის ძირითადი თანხის და დაზღვევის თანხის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

ამდენად, მოპასუხეებმა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე მოთხოვნილი სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის და სიცოცხლის დაზღვევის დავალიანების დაკისრების მოთხოვნები ცნეს, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების და მოპასუხეებისათვის ამ თანხის დაკისრების შესახებ.

 

2014 წლის 9 ივლისის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრეს ი--- ფ---------–---–მა და ი----- კ----ემ, რის გამოც მოპასუხეთა ვალდებულება სოლიდარულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ძირითადმა მოვალემ დაარღვია სესხის დაბრუნების ვალდებულება, სრულად არ დააბრუნა თანხა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. ამ შემთხვევაში ი--- ფ---------–---–თან და ი----- კ----ესთან დადებული შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა სასესხო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და 2014 წლის 9 ივლისის N20140709GFRID ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

მხარეთა შეთანხმებით ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდევინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.27%-ს, ხოლო მოთხოვნილია 303,25 აშშ დოლარის დაკისრება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია და იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

417-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ისეთი პირგასმატეხლოს შემცირებას რაც აშკარად და თვალსაჩინოდ შეუსაბამოა ვალდებულების დარღევის გარემოებებთან. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად. ხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია იმის გამო, რომ მოპასუხემ ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, მან სესხად მიღებული 2400 აშშ დოლარიდან გადაიხადა 1029,30 აშშ დოლარი. ამის გამო მიზანშეწონილი არ არის მოვალეს დაეკისროს ისეთი ოდენობის პირგასამტეხლო, რაც შესაძლოა დაკისრებოდა ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში.

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს განსაზღვრის მთავარი დანიშნულებაა ვალდებულების დარღვევის პრევენცია, მოვალეზე „ზეწოლა“, რათა მომავალში ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით მოვალემ მიიღოს ზომები ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის. ვალდებულების დარღვევის შემდეგ პირგასამტეხლო იძენს ასევე ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციას, რადგან ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობის გამო მას პრევენციის მნიშვნელობა აღარ აქვს. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის დროს შესაძლოა სასამართლოს შეფასების საგანი გახდეს ვალდებულების გარემოებებისადმი შესაბამისი გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოა თუ არა მოთხოვნილი. პირგასამტეხლოს გონივრულობისათვის მნიშვნელოვანია, რომ მოვალეს არ დაეკისროს იმ ოდენობის ფინანსური სანქცია, რაც ვალდებულების შესრულებას გაართულებს და მოვალეს მძიმე ტვირთად დააწვება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის (ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილობრივ დარღვევას) გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 70 აშშ დოლარით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების გარემოების გათვალისწინებით, ვადის გადაცილების ხანგრძლივი პერიოდის და სესხის დავალიანების გათვალისწინებით ამ ოდენობის პირგასამტეხლო მოპასუხის მიერ გადასახდელი საკმარისი ფინანსური სანქციაა, რაც უზრუნველყოფის კრედიტორის მიერ განცდილი ზიანის მინიმალურად ანაზღაურებასაც.

 

ამდენად, მოპასუხეების გ------- ფ---------–---–ის, ი--- ფ---------–---–ის და ი----- კ----ის მიერ სოლიდარულად გადასახდელი თანხაა 2660,17 აშშ დოლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განვადების ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განასაზღვრისას გასათვალისწინებელია როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში, დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის პერიოდი.

 

პირგასამტეხლოს შემცირების მიზანია გონივრული და სამართლიანი თანხის დადგენა, რაც ნიშნავს არა მარტო მოვალის ინტერესების გათვალისწინებას და მისთვის შეღავათის დადგენას, არამედ კრედიტორის მართლზომიერი ინტერესის გათვალისწინებასაც, რადგან პირგასამტეხლო არის მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი კრედიტორისათვის ასანაზღაურებელი ფულადი გადასახდელი. პირგასამტეხლოს ერთერთი ფუნქციაა კრედიტორისათვის ზიანის სწრაფად და მარტივად ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ორგვარი ფუნქცია აქვს. იგი როგორც ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება, მოვალეს უბიძგებს სამომავლოდ ფინანსური სანქციის დაკისრების თავიდან აცილების მიზნით იზრუნოს ვალდებულების ჯეროვნად შესასრულებლად. ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ფუნქცია არის მოვალისათვის ვალდებულების დარღვევის გამო ფინანსური სანქციის დაკისრება, რის გამოც მისი მიზანი არ არის მოვალისათვის სიმბოლური პასუხისმგებლობის დაკისრება. ასეთ შემთხვევაში კრედიტორის ინტერესი პირგასამტეხლოს მიმართ არის ზიანის მინიმალურად ანაზღაურება მოვალისათვის ფინანსური სანქციის დაკისრების გზით. მოპასუხის მიერ განვადებით ნივთის შესაძენად სესხად აღებულია 389,25 აშშ დოლარი, საიდანაც დააბრუნა მცირე თანხა, ხოლო ვალდებულება შეუსრულებელია 2 წელზე მეტია. ძირითადი თანხის დავალიანებაა 350,32 აშშ დოლარი. ასეთ პირობებში პირგასამტეხლოს თანხა 141,88 აშშ დოლარი, ვალდებულების დარღვევის შესაბამისი გონივრული ფინანსური სანქციაა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მოპასუხეების მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება უნდა განისაზღვროს მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რაც მოპასუხემ არ ცნო, რადგან ამ ნორმის შესაბამისად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

სოლიდარულ სესხზე მოსარჩელის მოთხოვნაა 2 893.42 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხეებს დაეკისრათ 2660.17 აშშ დოლარის გადახდა, რაც არის სასარჩელო მოთხოვნის 92%. ამ სასარჩელო მოთხოვნაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟია 195.51 ლარი, რომლის 92% 179.86 ლარი უნდა განაწილდეს მხარეებს შორის სსსკ 49-ე და 53-ე მუხლებით დადგენილი წესით. დაკისრებული თანხიდან მოპასუხეებმა ცნეს 2590,17 აშშ დოლარის მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 96%, შესაბამისად, 179.86 ლარის 96% მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც შეადგენს 172.66 ლარს. მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 7.2 ლარის გადახდა.

 

განვადების სესხის ხელშეკრულების საფუძველზე აძრულ სასარჩელო მოთხოვნაზე გადახდილი სახელმწიფ ბაჟია 50 ლარი. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნაა 500.66 აშშ დოლარი, საიდანაც მოპასუხემ ცნო 358.78 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნა, რაც არის სარჩელის მოთხოვნის 73%. სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 73% არის 36.5 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხოლო მოპასუხე გ------- ფ---------–---–ს უნდა დაეკისროს 13.5 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

ამდენად, საერთო ჯამში სს კ------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 209.16 ლარი, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის სახელმწიფო ბაჟს 7.20 ლარის გადახდა. ინდივიდუალურად გ------- ფ---------–---–ს უნდა დაეკისროს 13.5 ლარის მოსარჩელისთვის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „კ------- ბანკის“ სარჩელი;

1.1. გ------- ფ---------–---–ს, ი--- ფ---------–---–ს და ი----- კ----ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს „კ------- ბანკისათვის“ 2660,17 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა;

 

1.2. გ------- ფ---------–---–ს დაეკისროს სს „კ------------ისათვის“ 500,66 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 2014 წლის 9 ივლისის N20140709GFRID სესხის ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს 233,25 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ;

 

2. გ------- ფ---------–---–ს, ი--- ფ---------–---–ს და ი----- კ----ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს „კ------------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 7.2 ლარის გადახდა;

 

3. გ------- ფ---------–---–ს დაეკისროს სს კ------------ისათვის სახელმწიფო ბაჟის 13.5 ლარი გადახდა;

 

4. სს „კ------------ს“ დაუბრუნდეს 2017 წლის 26 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 209.16 ლარი. თანხა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტის შემდეგ ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინა, სახაზინო კოდი 300063150 (საგადახდო დავალება N550 );

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი