განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119002803555
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/43-19 4 მარტი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031050119002)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი სახიაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: სამველ ჩობანიანი
ბრალდებული: ზ----- ა-----------ი
მამის სახელი: ნაბი
დაბადებული: 1----–-–--------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------–----------–---------–-------------------
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში მდებარე ზ----- ა-----------ის და ზ----- ა-----------ის ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის საძინებელში, ზ----- ა-----------მა, აზარტული თამაშების გამო შელაპარაკებისას, შეშის ნაჭერის ზურგის არეში ერთჯერადი დარტყმის და ხელის მარცხენა მკლავის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ზ----- ა-----------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2 2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში მდებარე ბაირამალიევების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ----- ა-----------მა, განქორწინების გამო შელაპარაკებისას მუშტის თავის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის- ზ----- ა-----------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ზ----- ა-----------ის მიერ ზ----- ა-----------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი-ა---- ა-----------ი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.
დადგენილია რომ ზ----- ა-----------ი არის დაზარალებული ზ----- ა-----------ას მეუღლე, ხოლო ა---- ა-----------ი (დაბადებული: 03.11.2016 წელი) არის მათი არასრულწლოვანი შვილი.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებული ზ----- ა-----------ას გამოკითხვის ოქმით, მოწმეების ეთარ ბაირამალიევას, ომარ ბაირამალიევის, აფის ბაირამალევის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 6 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (ვითარების აღდგენაზე) და ფოტოსურათებით, 2019 წლის 6 იანვრის ოქმით გარეგნული დათვალიერების შესახებ, შემაკავებელი ოდერით N001067, სამედიცინო ექსპერტიზის N001001819 დასკვნით დადგენილია, რომ ზ----- ა-----------მა მეუღლის ზ----- ა-----------ას მიმართ განახორციელა ძალადობა (20.12.2018 წლის ეპიზოდი) და მან, ასევე ძალადობა მეუღლის მიმართ განხორციელა არასრულწლოვანი შვილის - ა---- ა-----------ის თანდასწრებით. (05.01.2019 წლის ეპიზოდი)
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ზ----- ა-----------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ზ----- ა-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ზ----- ა-----------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ:დაზარალებული ზ----- ა-----------ას გამოკითხვის ოქმი, მოწმეების ეთარ ბაირამალიევას, ომარ ბაირამალიევის, აფის ბაირამალევის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 6 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (ვითარების აღდგენაზე) და ფოტოსურათები, 2019 წლის 6 იანვრის ოქმი გარეგნული დათვალიერების შესახებ, შემაკავებელი ოდერი N001067, სამედიცინო ექსპერტიზის N001001819 დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ზ----- ა-----------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ზ----- ა-----------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ზ----- ა-----------მა ზ----- ა-----------ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითავლისწინებს რომ ზ----- ა-----------ი შერიგებულია დაზარალებულთან, აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ ზ----- ა-----------მა ძალადობა განახორციელა მეუღლის მიმართ, ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედებების მოტივს. ასევე იმ გარემოებას, რომ მან დროის მოკლე პერიოდში ორჯერ განახორციელა ძალადობა ერთიდაიმავე დაზარალებულის მიმართ, მათ შორის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.
5.3. აღნიშნული ცხადყოფს, რომ სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - ისეთი სასჯელით, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან ვერ იქნება მიღწეული, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და შერიგებულია დაზარალებულთან. შესაბამისად, ზ----- ა-----------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით. საბოლოოდ კი მას სასჯელი დაენიშნება შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით და განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ----- ა-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
ზ----- ა-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავას ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ ზ----- ა-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
ზ----- ა-----------ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 6 იანვრიდან.
ზ----- ა-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე