გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210018002717004
საქმე №2/2166-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ საძაგლიშვილი
მოსარჩელე - ქ-------------–-------ი
მოპასუხე - შ-------------ე (მონაწილეობის გარეშე)
წარმომადგენელი - ე-------------------ე
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შ-------------ეს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების - 2011 წლის 09 აგვისტოს დაბადებული ა-–------------------ის და 2017 წლის 24 თებერვალს დაბადებული ი------------ის რჩენისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეული ბავშვისათვის 150 ლარის ოდენობით, რომელიც მოსამზადებელ ეტაპზე შეამცირა და მოითხოვა თითოეული ბავშვისთვის 120 ლარის გადახდა.
მოსარჩელის პოზიცია,მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2011 წლიდან 2018 წლის 26 ოქტომბრამდე. ერთად ცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ორი შვილი: ა-–------------------ე დაბადებული 2011 წლის 9 აგვისტოს და ი------------ე დაბადებული 2017 წლის 24 თებერვალს.
მათ შორის დაძაბული ურთიერთობის გამო მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე დაახლოებით 2017 წლის ზაფხულიდან, არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან ერთად დედის მშობლების საცხოვრებელ სახლში, სოფელ ძევერაში.
მოსარჩელის განმარტებით, თავად ვერ მუშაობს, სამსახურში ვერ დაბრუნდა დეკრეტული შვებულების დასრულების შემდეგ იქიდან გამომდინარე, რომ ივანე თებერვალში გახდა 2 წლის და მას დედის ზრუნვა სჭირდება, მოპასუხე არ ზრუნავს შვილებზე, არ ნახულობს მათ და მიუხედავად იმისა, რომ აქვს ხელობა და ბაკურიანში მშენებლობაზე მუშაობს სეზონურად, დაშორების შემდეგ თავის შვილებს არ ეხმარება მატერიალურად (იხ. სარჩელი და 29.03.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
წარმოდგენილი შესაგებლით, მოპასუხე შ-------------ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ იგი თავის შვილებს შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება, იგი თანახმაა თავის შვილებს გადაუხადოს ყოველთვიურად 75-75 ლარი, ვინაიდან მას არ აქვს სამუშაო, შესაბამისად, შემოსავალი, ყავს სხვა ოჯახიც, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი (იხ. შესაგებელი და 29.03.2019წ. სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მხარეები ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2011 წლიდან, ხოლო 2018 წლის 26 ოქტომბერს მხარეებს შორის ქორწინება შეწყდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- განქორწინების მოწმობა
3.1.2. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2011 წლის 09 აგვისტოს დაბადებული ა-–------------------ე და 2017 წლის 24 თებერვალს დაბადებული ი------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-–------------------ის დაბადების მოწმობა;
- ივანე ჩაჩანიიძის დაბადების მოწმობა
3.1.3. 2017 წლის ზაფხულიდან მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და დედა შვილებთან ერთად ცხოვრობს თავის მშობლებთან ერთად სოფელ ძევერაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.1.4. ა-–------------------ე ირიცხება გორის რაიონის სოფელ ძევერის საჯარო სკოლის მეორე კლასში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე შ-------------ე 2018 წლის 30 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ-----–-------–---–თან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა;
3.2.2. მოპასუხე შ-------------ეს მეორე ქორწინებიდან ყავს შვილი - ლ--------------ე, დაბადებული 2018 წლის 21 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლ--------------ის დაბადების მოწმობა
3.2.3. შ-------------ე ცხოვრობს ქ. ხაშურში, შუშის ქარხნის დასახლება, მეუღლის, ნ-----–-------–---–ის საცხოვრებელ სახლში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის დაზუსტებული მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე შ-------------ეს შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად უნდა დაეკისროს თითოეული ბავშვისთვის 110 ლარის გადახდა (ორივე ბავშვისთვის 220 ლარი), სარჩელის შეტანის დღიდან - 2018 წლის 09 ნოემბრიდან ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე, 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-1214-ე მუხლები.
„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის მიხედვით, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულები არიან ან ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები.
6.7. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ალიმენტის დანიშვნის დროს, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იქნეს, როგორც არასრულწლოვანი ბავშვის, ასევე იმ მშობლის მდგომარეობა, რომელსაც უნდა დაეკისროს ალიმენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.
„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, მშობელს (მშობლებს) აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
ბავშვის ასეთი განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალისწინებულია გენერალური ასამბლეის მიერ 1959 წლის 20 ნოემბერს მიღებული ბავშვთა უფლებათა დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას, შესაბამისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით. ბავშვი ექვემდებარება განსაკუთრებულ დაცვას. ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული, რათა ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა და საშუალებები განვითარდეს ფიზიკურად, გონებრივად, მორალურად, სულიერად და სოციალურად ჯანსაღი და მისაღები ფორმით, თავისუფლებისა და პატივისცემის ატმოსფეროში. ბავშვი უნდა იყოს სოციალურად დაცული. მას აქვს ჯანსაღ გარემოში აღზრდისა და განვითარების უფლება; სათანადო კვების, საცხოვრებლის, დასვენებისა და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება, განათლების მიღების უფლება. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მის აღზრდასა და განათლებაზე პასუხისმგებელი ყველა პირისათვის სახელმძღვანელო პრინციპია და ეს პასუხისმგებლობა, უპირველესყოვლისა, ეკისრებათ მშობლებს.
გარდა ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა, სასამართლომ, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, ბავშვების ინტერესებთან ერთად უნდა გაითვალისწინოს ალიმენტვალდებული პიროს მდგომარეობაც.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი ალექსანდრე და ი------------ეები ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან ერთად მისი მშობლების ოჯახში, მოსარჩელე - არასრულწლოვანი ბავშვების დედა - დღეის მდგომარეობით არ მუშაობს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მეორე შვილი მხოლოდ ოორი წლისაა და საბავშვო ბაღში არ დადის. ამდენად, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის საჭიროა ორივე მშობელმა ხელი შეუწყოს ბავშვის ინტერესების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ამდენად, მოპასუხემ უნდა გააცნობიეროს მისი ვალდებულებები შვილების მიმართ, იგი ვალდებულია არასრულწლოვან შვილებს შეუქმნას მინიმალური პირობები ღირსეული ცხოვრებისათვის და მისი განმარტება, რომ არ აქვს სამსახური და ორივე შვილისთვის 150 ლაზე მეტს ვერ გადაიხდის, საფუძველს მოკლებულია.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მშობლები თანაბრად არიან ვალდებულნი არჩინონ თავისი შვილები და შესაბამისად, ხარჯიც თანაბრად უნდა გაიღონ, მითუმეტეს, მოპასუხეს სხვა ოჯახიც ჰყავს და 4 თვის შვილი ჰყავს სარჩენი, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ თავად მოპასუხე მხარის პოზიციის გათვალისწინებით, 4 თვის ლ--------------ე ცხოვრობს ორივე მშობელთან ერთად და იზრდება ორივე მშობლის მზრუნველობის ქვეშ და დედაც ვალდებულია მატერიალურად მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში, ხოლო არასრულწლოვნებზე, ალექსანდრე და ი------------ეებზე, რომელთაგან ერთ ერთი 2 წლისაა, ზრუნავს მხოლოდ დედა და მამა მათ აღზრდაში არ იღებს მონაწილეობას.
ამდენად, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის საჭიროა ორივე მშობელმა ხელი შეუწყოს ბავშვების ინტერესების დაკმაყოფილებას. გარკვეულწილად ბავშვების აღზრდის პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი გადასულია მოსარჩელეზე, დედაზე, მითუმეტეს შვილის მცირეწლოვნობის გამო ვერ მუშაობს, მამა სათანადოდ არ მონაწილეობს მათ აღზრდაში და სწორედ ალიმენტის განსაზღვრით უნდა მოხდეს იმ მდგომარეობის გათანაბრება, რაც მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორისაა. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ამდენად, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები ვერ გახდება მშობლის ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველი.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მშობლებისა და შვილების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რათა რეალურად იყოს შესაძლებელი გადაწყვეტილების აღსრულება და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ალიმენტვალდებული პირი არ აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, არასრულწლოვანი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება ყოველთვიურად თითოეული ბავშვისთვის 110-110 ლარი სარჩელის აღძვრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ფასი შეადგენს 2640 ლარს, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე შ-------------ემ საქმის მომზადების ეტაპზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი (თითოეული ბავშვისთვის 75 ლარი), ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (თითოეული ბავშვისთვის 110 ლარი), შ-------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 16 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე ქ-------------–-------ის დაზუსტებული სარჩელი შ-------------ის მიმართ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე შ-------------ეს მოსარჩელე ქეთავან ჯოლბორდის სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილების, 2011 წლის 09 აგვისტოს დაბადებული ა-–------------------ის და 2017 წლის 24 თებერვალს დაბადებული ი------------ის რჩენა - აღზრდისათვის, დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეული ბავშვისათვის 110 ლარის ოდენობით (ორივე ბავშვისთვის 220 ლარის ოდენობით) სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 09 ნოემბრიდან მათ სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.
3. მოპასუხე შ-------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 16 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი