გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.12.2018
საქმის ნომერი
330310018002572906
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4886-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ივანე ღლონტი

 

სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა

 

მოსარჩელე - თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვისცენტრი

წარმომადგენელი - ნ----- ბ------–---–ი

 

მოპასუხე - ა--------------

 

დავის საგანი - სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე - ა--------------ს, უსაფუძვლოდ მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების - 390 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - ა--------------მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან სადაოდ გამხდარი 2017 წლის დეკემბრის თვეში მის შვილს - ნ--–-----------ს ხელფასი და ბონუსები აღებული აქვს ჩვეულებისამებრ. ამასთან, როგორც მისთვის იყო ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტო თავად აწარმოებდა ოჯახის შემოსავლების კონტროლს და მისთვის ცნობილი არ იყო აღნიშნულის შეტყობინების ვალდებულებაზე.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 8 ივნისის №0---------- მოხსენებითი ბარათით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის უფლებამოსილ პირს ეცნობა, რომ ა-------------ის ოჯახის (ს/კ: 0-----------) ერთ-ერთი წევრი - ნ--–----------- (პ/ნ: 0----------) დასაქმებულია შპს ,,ს------------–---------------ში" და 2017 წლის დეკემბრის თვეში დაერიცხა ხელფასი, რომელი ცვლილებაც ოჯახმა არ აცნობა სააგენტოს.

 

მოცემულმა ოჯახმა, მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით მიმართა 2013 წლის 18 თებერვალს, ოჯახი გადამოწმდა ორჯერ და ბოლო გადამოწმების შემდეგ, 2017 წლის 7 ივლისს ოჯახს მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 44 500, რაც ითავლისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის განკუთვნილ სოციალური დახმარების მიღებას. ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია 2018 წლის იანვრის ჩათვლით. შესაბამისად, მოცემული ოჯახი საარსებო შემწეობის თანხას იღებდა ზედმეტად 1 თვის განმავლობაში. ჩარიცხვის თვე 2018 წლის იანვარი, თანხის ოდენობა - 390 ლარი.

 

2014 წლის 12 ივლისის №0------- საინსტრუქციო წერილის საფუძველზე არსებული დავალიანების შესახებ, ოჯახს ეცნობა 2018 წლის 5 აპრილს (0------------), სადაც მოთხოვნილი იქნა 390 ლარი, ხოლო 2018 წლის 7 მაისს (0------------) გაიგზავნა შეტყობინება 390 ლარის მოთხოვნით. ფოსტის მიერ ორივე წერილი დაბრუნებულია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 8 ივნისის №0---------- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 24);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 თებერვლის №04/9274 მიმართვა (ს.ფ. 14-16);

- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 5 აპრილის №0------------ წერილი (ს.ფ. 21-22);

- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 7 მაისის №0------------ წერილი (ს.ფ. 23);

 

3.2. საქართველოს ბანკის 2018 წლის 19 დეკემბრის ანგარიშიდან ამონაწერის (ამონაწერის პერიოდი: 31.10.2017-28.02.2018) მიხედვით, ა-------------ის ოჯახის წევრს - ნ--–-----------ს ჩაერიცხა:

08.11.2017 - თანხა 451,61 ლარი, დანიშნულება - ხელფასი;

08.11.2017 - თანხა 687,60 ლარი, დანიშნულება - ხელფასი;

29.11.2017 - თანხა 314,42 ლარი, დანიშნულება - ბონუსი;

07.12.2017 - თანხა 1274,70 ლარი, დანიშნულება - ხელფასი;

18.12.2017 - თანხა 450,82 ლარი, დანიშნულება - ბონუსი;

22.12.2017 - თანხა 910,00 ლარი, დანიშნულება - ბონუსი (მე-13 ხელფასი);

22.12.2017 - თანხა 1274,70 ლარი, დანიშნულება - ხელფასი (იანვრის თვის);

26.01.2018 - თანხა 391,29 ლარი, დანიშნულება - ბონუსი;

12.02.2018 - თანხა 1274,70 ლარი, დანიშნულება - ხელფასი;

26.02.2018 - თანხა 451,61275,07 ლარი, დანიშნულება - ბონუსი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ბანკის 2018 წლის 19 დეკემბრის ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 68-79).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილება „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვისცენტრის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე - ა-------------ის მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 390 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა სოციალური პაკეტი, ხოლო ამავე კანონის მე-121 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

სასამართლო მიუთითებს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები. აღნიშნული წესის პირველი მუხლის თანახმად, სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – სოციალური პაკეტი) მოცულობას, მიმღებ პირთა წრეს, დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს სოციალური პაკეტის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, ეს წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე, აგრეთვე სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

 

ამავე წესის მე-3 მუხლის თანახმად, სოციალური პაკეტის ადმინისტრირების ორგანოა - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), რომლის უფლება-მოვალეობებია: ა) სოციალური პაკეტის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება; ბ) თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატიზებული საშუალებების, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება (ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს); გ) სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.

 

განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ ა-------------ის ოჯახს (ს/კ: 0-----------) სოციალური პაკეტი - სუბსიდია დანიშნული ჰქონდა 2013 წლიდან.

 

6.3. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობების“ მე-4 მუხლში მითითებულია ბენეფიციარის უფლება-მოვალეობების შესახებ. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბენეფიციარი ვალდებულია: ა) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს სოციალური პაკეტის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა; ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.

 

ამავე წესის მე-12 მუხლში მოცემულია ის ჩამონათვალი, რა შემთხვევაშიც ხორციელდება სოციალური პაკეტის შეწყვეტა, მათ შორის, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტი შეწყდება ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა. აღნიშნული პუნქტის შესაბამისად კი, სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა.

 

აღნიშნული წესის მე-151 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ბანკის 2018 წლის 19 დეკემბრის ანგარიშიდან ამონაწერის (ამონაწერის პერიოდი: 31.10.2017-28.02.2018) მიხედვით, ნ--–-----------ს ჩაერიცხა:

 

08.11.2017 - თანხა 451,61 ლარი, დანიშნულება - ხელფასი;

08.11.2017 - თანხა 687,60 ლარი, დანიშნულება - ხელფასი;

29.11.2017 - თანხა 314,42 ლარი, დანიშნულება - ბონუსი;

07.12.2017 - თანხა 1 274,70 ლარი, დანიშნულება - ხელფასი;

18.12.2017 - თანხა 450,82 ლარი, დანიშნულება - ბონუსი;

22.12.2017 - თანხა 910,00 ლარი, დანიშნულება - ბონუსი (მე-13 ხელფასი);

22.12.2017 - თანხა 1 274,70 ლარი, დანიშნულება - ხელფასი (იანვრის თვის);

26.01.2018 - თანხა 391,29 ლარი, დანიშნულება - ბონუსი;

12.02.2018 - თანხა 1 274,70 ლარი, დანიშნულება - ხელფასი;

26.02.2018 - თანხა 275,07 ლარი, დანიშნულება - ბონუსი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, სადაო დროს წარმოადგენს ნ--–----------ის ანგარიშზე 2017 წლის დეკემბრის თვეში ჩარიცხული ხელფასის და ბონუსის თანხის ოდენობები, რომლებიც როგორც ნ--–----------ის ანგარიშის ამონაწერიდან ირკვევა არ წარმოადგენს იმაზე მეტ თანხას, ვიდრე იგი იღებდა წინა თვეებში, კერძოდ, დეკემბრის თვეში ერთხელ ჩაერიცხა ხელფასი - 07.12.2017-ში, ერთხელ ჩაერიცხა ბონუსი - 18.12.2017-ში, 22.12.2017-ში კი მოხდა მე-13 ხელფასის დარიცხვა, რაც შეეხება 22.12.2017-ში დარიცხულ თანხას, აღნიშნული წარმოადგენდა იანვრის თვის ხელფასს, რადგან იანვრის თვეში სხვა ხელფასის დანიშნულებით ჩარიცხვა ანგარიშზე არ ფიქსირდება. ამასთან დადგენილია, რომ მოსარჩელეს სოციალური პაკეტი დანიშნული ჰქონდა 2013 წლიდან. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ შეცვლილა ის გარემოებები, რაც იწვევდა სოციალური პაკეტის გაცემის შეწყვეტას.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა მოპასუხის ინფორმირება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ხელფასის თანხის ოდენობის ცვალებადობა იწვევდა დანიშნული სოციალური პაკეტის შეწყვეტას და მას ქონდა აღნიშნული გარემოების შეტყობინების ვალდებულება, ვინაიდან მოპასუხეს მიაჩნდა, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავად ახორციელებდა ოჯახის შემოსავლების კონტროლს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვისცენტრის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 24-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის-ცენტრის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივ. ღლონტი