გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.04.2019
საქმის ნომერი
330210118002743934
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე (ძირითად სარჩელში) - ქ-----------------

წარმომადგენელი - ა-----–-----------ა

მოპასუხე (ძირითად სარჩელში) - სს ,,ს----------–--------ი"

დავის საგანი (ძირითად სარჩელში) - დავალიანების შემცირება

 

მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში) - სს ,,ს----------–--------ი"

წარმომადგენელი - ლ------------ე

მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში) - ქ-----------------

დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სს „ს----------–--------სა“ და ქ-----------------ს შორის 2018 წლის 9 იანვარს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და ჯამში დავალიანების 60000 ლარით განსაზღვრა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მხარეებს შორის 2018 წლის 9 იანვარს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე იმავე რიცხვში გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება და ქ----------------ის სასარგებლოდ გაიცა კრედიტი 45410 ლარი, წლიური 30% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით პირგასამტეხლო განისაზღვრა 1,5%-ით, რაც წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მოთხოვნასთან. გარდა ამისა, სესხის სრულად გამოთხოვა უნდა მომხდარიყო 45 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში, რა დროსაც დავალიანება იქნებოდა 46755 ლარი (აქედან ძირითადი თანხა 44741 ლარი, პროცენტი - 1654,8 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 360 ლარი). აღნიშნულისგან განსხვავებით დავალიანება არის 78749,82 ლარი, რაც შეუსაბამოდ მაღალია.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სადავო სესხზე დავალიანება წელიწადში არ უნდა აჭარბებდეს ჯამში 67111 ლარს (ნარჩენი ძირითადი თანხის 150%-ს), მოცემულ შემთხვევაში კი წლიური თანხა ჯამურად არის 117741 ლარი, რაც ნარჩენი ძირითადი თანხის 263%-ია.

 

დავალიანების გამო ბანკის მიერ მოთხოვნილია მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, სადაც დავალიანება დაფიქსირებულია 76064,8 ლარი. აღნიშნული თანხიდან პირგასამტეხლოს სახით ზედმეტად დარიცხულია 29309 ლარი, საიდანაც სადავოა 15000 ლარი. სწორედ ამ ოდენობით უნდა შემცირდეს პირგასამტეხლო და დავალიანება განისაზღვროს 60000 ლარით.

 

2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

 

2.1. მოპასუხე ქ-----------------ს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 9 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 86076,16 ლარის გადახდა (აქედან ძირითადი თანხა 44741,03 ლარი, სარგებელი - 8971,98 ლარი, პირგასამტეხლო - 32238,58 ლარი და ვალდებულებასთან დაკავშირებული საკომისიო - 124,57 ლარი);

 

2.2. მოპასუხე ქ-----------------ს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის შეტანიდან (25.12.2018 წლიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 2018 წლის 9 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 44741,03 ლარზე, წლიური 30%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 36,77 ლარს;

 

2.3. მოპასუხე ქ-----------------ს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის შეტანიდან (25.12.2018 წლიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 2018 წლის 9 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხისა და პროცენტის ჯამზე - 53713,01 (44741,03+8971,98) ლარზე, პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%, რაც ყოველდღიურად შეადგენს 268,57 ლარს. ამასთან, 2.1. და 2.3. მოთხოვნებში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნარჩენი ძირითადი დავალიანების - 44741,03 ლარის 150%-ს, რაც შეადგენს 67111,55 ლარს;

 

2.4. მოპასუხე ქ-----------------ს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 13 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 341,51 ლარის გადახდა (აქედან ძირითადი თანხაა 213,03 ლარი, საკომისიო - 14 ლარი, პირგასამტეხლო - 114,48 ლარი);

 

2.5. მოპასუხე ქ-----------------ს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათიდან (სესხი #5------) გამომდინარე დავალიანების 5053,64 ლარის გადახდა (აქედან ძირითადი დავალიანებაა 1066,31 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 2029,60 ლარი, პირგასამტეხლო - 1957,73 ლარი);

 

2.6. 2018 წლის 9 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (2.1., 2.2. და 2.3. მოთხოვნები) ფულადი ვალდებულებების შესრულების, ასევე მასთან დაკავშირებული დავალიანებების (მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული თანხების და მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების) მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია:

 

- ქ. ზ-----------–---------------------. საკადასტრო კოდი N------------.

 

2.7. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, გადახდევინება მიექცეს (აღსრულება განხორციელდეს) ქ----------------ის ნებისმიერ სხვა ქონებაზე;

 

2.8. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

შეგებებული სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ქ-----------------სა და სს „ს----------–--------ს“ შორის 2018 წლის 9 იანვარს დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება და მის უზრუნველსაყოფად იმავე რიცხვში მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების ფარგლებში ქ----------------ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 45410 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 30% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ათვისებული კრედიტის თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილების დროისთვის ვადაგადაცილებული თანხის 1,5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე დამატებით - პირველი ვადაგადაცილებული დღისთვის ერთჯერადად 10 ლარი. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა უძრავი ქონების დაზღვევის მართვის საკომისიოს - წლიურ 0,27%-ს.

 

გარდა აღნიშნულისა, მხარეებს შორის 2018 წლის 13 იანვარს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით მოპასუხის სახელზე გაიცა სარგებლიანი კრედიტი 334,75 ლარი, 11 თვის ვადით, სადაც სესხის გაცემის საკომისიო შეადგენდა 19,75 ლარს, დაზღვევის მართვის საკომისიო - ყოველთვიურად 2 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ასევე, მსესხებლის მიერ 2016 წლის 14 აპრილის ონლაინ განაცხადის საფუძველზე აღებულია ე.წ. ექსპრეს ქარდი (საკრედიტო ბარათი), 1066,31 ლარი ლიმიტით, რაც ასევე ითვალისწინებდა სარგებლის, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში - პირგასამტეხლოს გადახდას.

 

ვალდებულება მოპასუხის მიერ არ შესრულებულა.

 

3. მოპასუხის პოზიცია (პირვანდელ სარჩელზე)

 

3.1. მოპასუხე სს „ს----------–--------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა კანონშეუსაბამო არ იყო. გარდა ამისა, თავად მხარეები განსაზღვრავენ ხელშეკრულების შინაარს და მისი გაფორმების ეტაპზე არ არსებობდა შეზღუდვა პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით.

 

4. მოპასუხის პოზიცია (შეგებებულ სარჩელზე)

 

4.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი არ ცნო პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში, ხოლო 2019 წლის 25 თებერვალს გამართლ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო ბანკის მოთხოვნები, სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის, პროცენტის ნაწილში. რაც შეეხება პირგასამტეხლოს - ქ-----------------მ ცნო მოთხოვნა: 09.01.2018 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს 20%, 13.01.2018 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს 10%, ასევე საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 10%.

 

5. ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1.1. სს „ს----------–--------სა“ და ქ----------------ეს შორის 2018 წლის 9 იანვარს დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რაც გულისხმობდა ბანკის მხრიდან კლიენტის სასარგებლოდ სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურებას.

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე და მის უზრუნველსაყოფად, ამავე მხარეებს შორის, 2018 წლის 9 იანვარს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკით დაიტვირთა ქ----------------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ზ--------–---–---------------------------–--------------------------–-------) საკადასტრო კოდი N------------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 09.01.2018 წლის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება;

- 09.01.2018 წლის იპოთეკის ხელშეკრულება;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

 

5.1.2. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, 2018 წლის 9 იანვარს სს „ს----------–--------ს“ და ქ----------------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. ხელშეკრულება შეიცავდა შეთანხმებას შემდეგ ძირითად პირობებზე: კრედიტის თანხა - 45410 ლარით, კრედიტის ვადა - 60 თვე, საპროცენტო განაკვეთი - წლიური 30%. ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, დავალიანების (ვადაგადაცილებულ ძირითადი თანხისა და პროცენტის ჯამის) 1,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

სესხის დაფარვა უნდა განხორციელდეს ბანკის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად.

 

ხელშეკრულება ითვალისწინებდა მსესხებლის ვალდებულებას სიცოცხლის უბედური შემთხვევის დაზღვევის მართვის საკომისიოს სახით 8 ლარის და უძრავი ქონების დაზღვევის მართვის საკომისიოს სახით წლიური 0,27%-ის გადახდის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 09.01.2018 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #--------------------

- საკრედიტო ხელშეკრულების დანართი;

- გადახდის გრაფიკი;

 

5.1.3. სს „ს----------–--------სა“ და ქ----------------ეს შორის 2018 წლის 13 იანვარს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. ხელშეკრულება შეიცავდა შეთანხმებას შემდეგ ძირითად პირობებზე: კრედიტის თანხა - 334,75 ლარი, კრედიტის ვადა - 11 თვე, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - წლიური 30,9%, პირგასამტეხლო - მაქსიმუმ 10 ლარი პირველი ვადაგადაცილებული დღისთვის, ასევე დავალიანების 0,5% - ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 13.01.2018 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #-------;

- სტანდარტული სახელშეკრულებო ინფორმაცია - დანართი;

- გადახდის გრაფიკი;

 

5.1.4. 2016 წლის 14 აპრილს, ქ----------------ის მიერ ონლაინ განაცხადის საფუძველზე გაიცა ექსპრეს ბარათის საკრედიტო ბარათი და რომლთაც საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 1066,31 ლარით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - გახარჯული თანხის 48%. ამასთან, ყოველთვიურად მსესხებელს უნდა გადაეხადა მინიმალური გადასახადი, რომელშიც შედიოდა საანგარიშო პერიოდის დასრულების მომენტისთვის ათვისებული კრედიტის 4%, საანგარიშგებო პერიოდში დარიცხული პროცენტი, საკომისიოს თანხის 100%, პირგასამტეხლოს 100% ან/და საკრედიტო ლიმიტის გახარჯული თანხის 100%.

 

პირგასამტეხლოს დაანგარიშება ხდებოდა შემდეგი წესით: გადახდის დღისთვის მინიმალური გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში 10 ლარი და დავალიანების 1,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში ბარათის გაუქმებისას - 100 ლარი და სრული დავალიანების 5%; დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში ბარათის გაუქმებისას ყოველი ვადაგადაცილებული დავალიანებისთვის - დავალიანების 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- უნივერსალური ბარათით მომსახურების ძირითადი პირობები;

 

5.1.5. სს „ს----------–--------ის“ მიმართვის საფუძველზე შპს „თბილისის სააუქციონო სახლის“ მიერ მოხდა იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე აუქციონის დანიშვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „თბილისის სააუქციონო სახლის“ წერილი.

 

6.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

6.2.1. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან და საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ქ----------------ეს ჯეროვნად არ შეუსრულებია და დავალიანება 25.12.2018 წლის მდგომარეობით არის:

 

ა) N5170939 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 86076,16 ლარი, აქედან ძირითადი თანხა - 44741,03 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 8971,98 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%) – 32238,58 ლარი და საკომისიო - 124,57 ლარი;

 

ბ) N5189771 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 341,51 ლარი, აქედან ძირითადი თანხა - 213,03 ლარი, საკომისიო - 14 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%) - 114,48 ლარი;

 

გ) საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5053,64 ლარი, აქედან ძირითადი თანხა - 1066,31 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 2029,60 ლარი და პირგასამტეხლო - 1957,73 ლარი.

 

მსესხებელი არ უარყოფს მისი მხრიდან სამივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას, თუმცა სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს დარიცხვის წესს და მიაჩნია იგი შეუსაბამოდ დიდი, ვინაიდან ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებულ წესს, რომლის თანახმად, დავალიანება წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს ნარჩენი ძირითადი თანხის 150%.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მსესხებლის განმარტებას, ვინაიდან სს „ს----------–--------ის“ მიერ შეგებებული სარჩელით საკრედიტო დავალიანების დაანგარიშება სწორედ ამ წესის გათვალისწინებით მოხდა, რომლის თანახმად, ბანკი პირგასამტეხლოს სახით ითხოვს ჯამში სესხის ძირითადი თანხის - 44741,03 ლარის 150%-ს, რაც შეადგენს 67111,55 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, ქ----------------ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს სს ს----------–--------ის“ შეგებებული სარჩელი.

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. ქ----------------ის მოთხოვნა 09.01.2018 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს თითოეული დღისთვის. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული 0.27 პროცენტის მიზნებისათვის, გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ/დაკისრებულ პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსურ სანქციაში არ გაითვალისწინება სესხის ვადის გადაცილებისას (ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე) პირგასამტეხლოს სახით ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარის (ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტის), აგრეთვე ამ მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად სესხის რეფინანსირების ან სესხის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიოს დაკისრება. სესხის ვადის გადაცილებისას ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (მათ შორის, სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ისეთი ხარჯების, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ყოველი ვადის გადაცილებისას ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. ამ ნაწილის მიზნებისათვის, სესხის ნარჩენ ძირითად თანხაში არ გაითვალისწინება სესხის ვადის გადაცილებისას სესხის გადავადების, სესხის რეფინანსირების ან/და სესხის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ნაზარდი, ხოლო სესხის ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრად არ მიიჩნევა ვადის გადაცილების აღმოფხვრა სესხის რესტრუქტურიზაციის, სესხის რეფინანსირების (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ გამსესხებელთან ხელშეკრულების დადებით) ან/და გადავადების გზით. ამ ნაწილის მიზნებისათვის, სესხის ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრად სესხის რესტრუქტურიზაცია, სესხის რეფინანსირება (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ გამსესხებელთან ხელშეკრულების დადებით) და გადავადება მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელმა სრულად გადაიხადა ვადის გადაცილებისას დაკისრებული პირგასამტეხლოს, ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის, საკომისიოს და ფინანსური ხარჯის შესაბამისი ფულადი სახსრები.

 

მითითებული ნორმით დაწესდა საკანონმდებლო შეზღუდვა, კერძოდ, მაქსიმალური ზღვარი სესხის გაცემის შემთხვევაში, ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ჯამური ოდენობის განსაზღვრის მიმართ სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 150%-ის ოდენობით. კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშებისას სს „ს----------–--------ის“ მხრიდან დაცულია აღნიშნული წესი.

 

მიუხედავად ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შინაარსი არ წარმოადგენს სასამართლოსთვის ამავე კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილების ფარგლების განმსაზღვრელ ნორმას, რადგან 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო პირგასამტეხლოს შეამცირებს თუ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობას მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, აღნიშნული კი უნდა დადგინდეს განსახილველი დავის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

 

მიუხედავად იმისა, რომ სს ‘ს----------–--------ის“ მხრიდან პირგასამტეხლოს ოდენობა არის შემცირებული, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1,5%-ის ნაცვლად 0,5%-ის დაკისრება, ჯამურად მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და 32238,58 ლარის ნაცვლად ქ----------------ეს უნდა დაეკისროს მისი 20% - 6447,71 ლარი. სწორედ ამ ოდენობით ცნო ქ----------------ემ ბანკის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში.

 

8.2. სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ ქ----------------ისთვის 09.01.2018 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ჯამში 86076,16 ლარის დაკისრება (აქედან ძირითადი თანხა - 44741,03 ლარი, პროცენტი - 8971,98 ლარი, პირგასამტეხლო - 32238,58 ლარი, საკომისიო - 124,57 ლარი).

 

ასევე შეგებებული სარჩელის აღძვრიდან (25.12.2018 წლიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დავალიანების ძირითად თანხაზე - 44741,03 ლარზე წლიური 30%-ის დარიცხვა, რაც დღეზე შეადგენს 36,77 ლარს.

 

ასევე დავალიანების ძირითად თანხისა და დარიცხულ პროცენტის ჯამზე - 53713,01 ლარზე პირგასამტეხლოს 0,5%-ის დარიცხვა შეგებებული სარჩელის აღძვრიდან (25.12.2018 წლიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არც ყოველდღიურად შეადგენს 268,57 ლარს. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 44741,03 ლარის 150%-ს - 67111,55 ლარს.

 

8.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქმის მასალებით და მათ შორის გადახდების ისტორიით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, სესხის ძირითადი თანხის, პროცენტისა და ჯარიმის დავალიანებას. საქმის განხილვის მთავარი სხდომის ეტაპზე ქ----------------ემ ცნო ბანკის მოთხოვნები კრედიტის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში სრულად, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში 6447,71 ლარის ოდენობით.

 

8.2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

8.2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლომ, გადაწყვეტილების 8.1. პუნქტში, სს „ს----------–--------ის მიერ ჯამურად მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 32238,58 ლარი მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და შემცირდა იგი 6447,71 ლარამდე. რაც შეეხება დანარჩენ მოთხოვნებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია ბანკის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულებამდე პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8.3. 2018 წლის 9 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკის საგნის რეალიზაცია. თუ ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება მოთხოვნის სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

იპოთეკის ხელშეკრულით მხარეები შეთანხმდნენ, რომ (8.4. პუნქტი) თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევი მიღებული სარგებელი სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნას, და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.

 

გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებით და მის საფუძველზე 2018 წლის 9 იანვარს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილია 09.01.2018 წელს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით.

 

ამდენად, სს „ს----------–--------ის“ აღნიშნული მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8.4. ქ----------------ისთვის 13.01.2018 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ჯამში - 341,51 ლარის დაკისრება (აქედან ძირითადი თანხა - 213,03 ლარი, საკომისიო - 14 ლარი, პირგასამტეხლო - 114,48 ლარი) და საკრედიტო ბარათიდან (ექსპრეს სესხი) გამომდინარე დავალიანების ჯამში 5053,64 ლარის დაკისრება (აქედან ძირითადი თანხა - 1066,31 ლარი, პროცენტი - 2029,60 ლარი, პირგასამტეხლო - 1957,73 ლარი).

 

8.4.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

8.4.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანებებთან დაკავშირებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე ქ----------------ემ ცნო ბანკის მოთხოვნები სრულად ძირითადი თანხისა და პროცენტის/საკომისიოს ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში ცნო ნაწილობრივ, მოთხოვნილი თანხების 10-10 პროცენტი. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილებისა და პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა ორივე ხელშეკრულებასთან მიმართებით უნდა შემცირდეს, მსესხებლის მიერ ცნობილ ოდენობებამდე. შესაბამისად, ქ----------------ეს სრულად უნდა დაეკისროს ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხისა და პროცენტის/სარგებლის გადახდა, ხოლო პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 14 ლარი და 195,77 ლარი.

 

9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებით, ასევე საკრედიტო და უნივერსალური ბარათით მომსახურების ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული შეთანხმება კი სს „ს----------–--------ს“ აძლევს უფლებას, მოითხოვოს სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

 

10. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

ძირითად სარჩელზე ქ----------------ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 450 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარი. შეგებებულ სარჩელზე სს „ს----------–--------ის“ მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი. ვინაიდან ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი, სადაც მოსარჩელემ მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ძირითადი სარჩელის ნაწილში სს „ს----------–--------ს“ ქ----------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 500 (450+50) ლარის გადახდა, შეგებებული სარჩელის ნაწილში - სს „ს----------–--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 1381,10 ლარი, ხოლო ქ-----------------ს ბანკის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2788,93 ლარის ანაზღაურება და დარჩენილი 829,97 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქ----------------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. 2018 წლის 9 იანვრის N----------------- საკრედიტო ხელშეკრულებაზე გადასახდელ საკრედიტო დავალიანებად განისაზღვროს 60285.29 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 44741.03 ლარი, დარიცხული პროცენტი - 8971.98 ლარი, პირგასამტეხლო 6447.71 ლარი და დაზღვევის საკომისიო 124.57 ლარი.

 

3. მოპასუხე სს ,,ს----------–--------ი“-ს ქ----------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს (450+50) 500 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

4. სს ,,ს----------–--------ი“-ს შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

5. მოპასუხე ქ-----------------ს სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2018 წლის 9 იანვრის 7---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხა 60285.29 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 44741.03 ლარი, დარიცხული პროცენტი - 8971.98 ლარი, პირგასამტეხლო 6447.71 ლარი და დაზღვევის საკომისიო 124.57 ლარი.

6. მოპასუხე ქ-----------------ს სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2018 წლის 9 იანვრის N----------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 44741.03 ლარზე, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი წლიური 30% მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველდღიურად 36.77 ლარის ოდენობით, სარჩელის სასამართლოში წარდგენის დღიდან 2018 წლის 25 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

7. მოპასუხე ქ-----------------ს სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2018 წლის 9 იანვრის N----------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 44741.03 ლარზე და დარიცხულ პროცენტზე 8971.98 ლარზე (ჯამში 53713.01 ლარი) პირგასამტეხლოს გადახდა 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 268.57 ლარს, სარჩელის სასამართლოში წარდგენის დღიდან 2018 წლის 25 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე (ამასთან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-7 პუნქტებში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ძირი დავალიანების 44741.03 ლარის 150%-ს, რაც შეადგენს 67111.545 ლარს);

8. მოპასუხე ქ-----------------ს სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2018 წლის 13 იანვრის N------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხა 238.47 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 213.03 ლარი, პირგასამტეხლო 11.44 ლარი და საკომისიო 14 ლარი.

9. მოპასუხე ქ-----------------ს სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სარჩელის სასამართლოში წარდგენის ეტაპზე 2018 წლის 25 დეკემბერი) არსებული დავალიანების თანხა 3291.68 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1066.31 ლარი, საპროცენტო სარგებელი 2029.60 ლარი და პირგასამტეხლო 195.77 ლარი.

10. მოპასუხე ქ----------------ის სს ,,ს----------–--------ი“-ს მიმართ 2018 წლის 9 იანვრის N----------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ზ-----------–--------------------- (ყოფილი კ----------------------–------------), მესაკუთრე ქ----------------- - პ/ნ 1----------, საკადასტრო კოდი - 4-----------, თუ იპოთეკით დატვირთული ქონება არ იქნება საკმარისი 2018 წლის 9 იანვრის N----------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებების სრულად დასაფარად, გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხე ქ----------------ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერ სხვა ქონებიდან.

11. მოპასუხე ქ-----------------ს სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2788.93 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

12. სს ,,ს----------–--------ს“ (ს.კ. 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 20.12.2018წ. N---- საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი (5000 ლარიდან) 1381.10 ლარი (გადამხდელი სს ,,ს----------–--------ი“ (ს.კ. 2--------) გადამხდელის ბანკი - სს ,,ს----------–--------ი”, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები ბანკი - ხაზინა);

 

13. მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში) სს ,,ს----------–--------ი"-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხა 829.97 ლარი ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.

 

14. გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

15. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში (მე-14 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

16. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

17. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე