გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3-----18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ს--------------------------------ი"
წარმომადგენლები - ს--–------------–-–---–ი, ვ--------–--------ა
მოპასუხე - შპს ,,ჯ------–-------------------------–--ი"
წარმომადგენლები - ვ-------------–-----–---–ი, ხ---------–-----ე, ნ-----------–-ა
დავის საგანი - სუბროგაციის წესით თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ჯ------–-------------------------–--ს მოსარჩელის სს „ს--------------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის 108962,88 ლარის ანაზღაურება;
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სს „ს--------------------------------სა“ და შპს „ჯ------–-------------------------–--ს“ შორისი გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ გასცა გენერალური სადაზღვევო პოლისი, სადაც მზღვეველს წარმოადგენს სს „ს--------------------------------ი“, დამზღვევეს - შპს „ჯ------–-------------------------–--ი“ , ხოლო მოსარგებელს - შპს „მ------------------–--“. პოლისის საფუძველზე მოპასუხემ მოითხოვა 8 ცალი 40 ფუტიანი კონტეინერის დაზღვევა, რაზეც გამოიწერა შესაბამისი პოლისი. ხელშეკრულების შესაბამისად, კონტეინერის დაზღვევა სრულდება მას შემდეგ, რაც იგი რეისის შემდეგ დაბრუნდება დაზღვეულის მფლობელობაში.
შპს „მ------------------–--ს“ ერთ-ერთი კომპანიიდან „S---------“-ისგან 2018 წლის 8 და 11 მაისის შემოსული შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ 8 ცალი კონტეინერი დაიტვირთა და გაიგზავნა ყაზახეთში, თუმცა ცარიელი კონტეინერები უკან არ დაბრუნებულა. ვინაიდან კონტეინერები 2018 წლის 15 იანვრამდე უნდა დაბრუნებულიყო, შპს „ჯ------–-------------------------–--ის“ სახელზე გამოიწერა მოცდენის თანხები, რამაც შეადგინა 11.05.2018 წლის მდგომარეობით 54180 აშშ დოლარი შეადგინა.
ხელშეკრულების თანახმად, თუკი კონტეინერის მოცდენის პერიოდი 60 დღეზე მეტი იქნებოდა, დამზღვევს შეეძლო, მოსარგებლისთვის კონტეინერების მთლიანი ღირებულება აენაზღაურებინა. თუ დამზღვევი დაარღვევდა ამ ვალდებულებას, მზღვეველი იღებდა ვალდებულებას, მოსარგებლისთვის გადაეხადა აღნიშნული თანხა. ხოლო გენერალური პოლისის თანახმად, მზღვევლის მიერ მოსარგებლისთვის ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, მზღვეველი სუბროგაციის წესით ითხოვს დამზღვევისაგან ამ თანხის ანაზღაურებას.
სს „ს--------------------------------მა“ მოსარგებელს აუნაზღაურა კონტეინერების საბაზრო ღირებულება, 41600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 108962,88 ლარი, რომლის ანაზღაურებაც სუბროგაციის წესით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
დაზღვევის ხელშეკრულებით, ასევე გენერალური სადაზღვევო პოლისით სახელშეკრულებო მომსახურების ვადად განისაზღვრა 12 თვე, 2018 წლის 26 იანვრის ჩათვლით, შესაბამისად ამ თარიღის შემდგომ დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებით ვერც დამზღვევი და ვერც ბენეფიციარი ვერ ისარგებლებდა. რას იმას ნიშნავს, რომ მის შემდგომ განხორციელებული ანგარიშგება ვერ ჩაითვლება ხელშეკრულების საფუძველზე და მის ფარგლებში განხორციელებულ შესრულებად და არც რაიმე სახის აქცესორულ უფლებას წარმოშობს მხარეთათვის.
მოპასუხემ განმარტა, რომ სადაზღვევო შემთხვევის აქტი მხარეებს შორის 2018 წლის 21 სექტემბერს შედგა, ხოლო მოსარჩელის მიერ მოსარგებლისთვის 108962,88 ლარის ანაზღაურების შესახებ მოპასუხისათვის ცნობილი გახდა 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ჯ------–-------------------------–--ს“ და სს „ს--------------------------------ს“ შორის 2017 წლის 26 იანვარს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, სადაც დამზღვევს (შემსყიდველს) - წარმოადგენს შპს „ჯ------–-------------------------–--ი“, მზღვეველს (მიმწოდებელს) - სადაზღვევო კომპანია, ხოლო მოსარგებლეს - პირი, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას (შესავალი, 1.9 პუნქტი).
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შემსყიდველის სახსრებით დაზღვევის მომსახურების შესყიდვა, ხოლო დაზღვევის ობიექტია 20, 40 და 45 ფუტიანი კონტეინერის ძარი (სავარაუდო რაოდენობა - 1800 ცალი) და რეფრეჟერატორული კონტეინერების ძარი (სავარაუდო რაოდენობა - 75 ცალი), სადაც 1 ერთეული კონტეინერის ძარის სადაზღვევო პრემია შეაგდნეს 7,8 ლარს, ხოლო რეფრეჟერატორული კონტეინერის ძარის - 10,13 ლარს (მე-3 მუხლი, 7.2.1. პუნქტი).
ხელშეკრულებით დაზღვეული იქნა შემდეგი რისკები: დაზიანება, განადგურება, ქურდობა/ყაჩაღობა/ძარცვა, დამზღვევის პასუხისმგებლობა მის მიერ მოსარგებლისთვის დაბრუნების ვადების და მოცდენების ხარჯების ჩათვლით (4.1. პუნქტი).
ხელშეკრულების დანართი N2-ით განისაზღვრა ის გამონაკლისები, რაც გამორიცხავდა სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურების ვალდებულებას, მათ შორის - კონტეინერის მიწოდების დაგვიანება არ შედის პოლისის დაფარვაში
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ინფორმაცია სადაზღვევო გამონაკლისების შესახებ (დანართი N2)
3.1.2. ხელშეკრულებით სადაზღვევო პერიოდი განიმარტა შემდეგნაირად: ხელშეკრულებასა და სადაზღვევო პოლისში მითითებული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც დაზღვევა ძალაშია. სადაზღვევო მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვე, დასვენების/უქმე დღეების ჩათვლით, 24 საათის განმავლობაში. თავად ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე და მოქმედებდა 2018 წლის 20 მარტის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული გენერალური სადაზღვევო პოლისის მოქმედების პერიოდი - 26.01.2017 წლიდან 26.01.2018 წლამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;
- გენერალური სადაზღვევო პოლისი.
3.1.3. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში სადაზღვევო კომპანიის მიერ გაიცა გენერალური სადაზღვევო პოლისი N-------, რომლის საფუძველზე დაზღვეული იქნა 40 ფუტიანი, 8 კონტეინერი, სადაც კონკრეტულად ამ კონტეინერების ტრანსპორტირების რისკებთან დაკავშირებით დაზღვევის პერიოდად განისაზღვრა 18/12/2017 წლიდან 27/01/2018 წლის პერიოდი. აღნიშნულ კონტეინერებთან მიმართებით მოსარგებლეს წარმოადგენს შპს „მ------------------–--“.
გენერალური სადაზღვევო პოლისით, ასევე ხელშეკრულების N3 დანართით (ინფორმაცია კონტეინერების ძარის დაზღვევის პირობების შესახებ) მხარეთა შორის დამატებით შეთანხმდა პირობები:
· დაზღვევის საგანი - კონტეინერის ძარის დაზღვევა, ასევე პასუხისმგებლობის დაზღვევა კონტეინერის დაგვიანებაზე;
· მზღვეველი განახორციელებს ანაზღაურებას სადაზღვეო შემთხვევის აღიარებიდან ზარალის 100%-ის მოცულობით (რაც არ უნდა აღემატებოდეს კონტეინერის სადაზღვევო თანხას). მზღვეველი აუნაზღაურებს მოსარგებლეს ზარალის ოდენობას სრულად, მაგრამ დამზღვევს ეკისრება ვალდებულება რეგრესის წესით აუნაზღაუროს მზღვეველს ზარალი. დამზღვევის რეგრესული ვალდებულება ძალაშია იმ შემთხვევაშიც, თუ ზარალზე უშუალო პასუხისმგებელი არის სხვა პირი (მათ შორის, დამზღვევის დაქირავებული პარტნიორი, გადამზიდველი, ქვეკონტრაქტორი, მესამე პირი), რომელთა ურთიერთობა დამზღვევის გადასაწყვეტია;
· იმ შემთხვევაში, თუ ხდება კონტეინერის დაგვიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, მზღვეველს უფლება აქვს რეგრესის წესით მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება დამზღვევისაგან.
· თუ არასადაზღვევო შემთხვევის შედეგად კონტეინერის დაბრუნება მოხდება დაგვიანებით, მზღვეველი მოახდენს დაგვიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას ყოველი ვადაგადაცილებისთვის, დამზღვევს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, გადაუხადოს მოსარგებელს კონტეინერის მთლიანი ღირებულება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს კონტეინერის ღირებულება, თუ კონტეინერის მოცდენის პერიოდი აღემატება 90 დღეს. თუ დამზღვევი არ მოახდენს თანხის გადახდას, მზღვეველი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მოსარგებლეს აღნიშნული თანხა, რის შემდეგაც მოსარგებლის ყველა უფლება თანხის მოთხოვნასთან (ზიანის ანაზღაურებასთან) დაკავშირებით დამზღვევის მიმართ გადაეცემა მზღვეველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალური სადაზღვევო პოლისი N-------;
- წერილი N-----------;
- ინფორმაცია კონტეინერების ძარის დაზღვევის პირობების შესახებ (დანართი N3).
3.1.4. 2017 წლის 13 დეკემბერს შპს „ჯ------–-------------------------–--მა“ მიიღო დაკვეთა 8 ცალი, 40 ფუტიანი კონტეინერების გადაზიდვის თაობაზე, მარშუტი: ფოთი- ჟეტისუ (ყაზახეთი), რომლის ფარგლებშიც მოხდა დასახელებული კონტეინერების ტრანსპორტირების რისკების დაზღვევა. კონტეინერები მოპასუხეს გადაეცა 2017 წლის 18 დეკემბერს და უკან დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 იანვარი.
კონტეინერები გაიგზავნა ყაზახეთში, თუმცა მისი დაბრუნება აღარ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ჯ------–-------------------------–--ის“ 18.05.2018 წლის წერილი;
- წერილი N-----------;
3.1.5. 2018 წლის 21 სექტემბერს შპს „ჯ------–-------------------------–--ს“ და სს „ს--------------------------------ს“ შორის შედგა სადაზღვევო შემთხვევის აქტი, რომლის თანახმად, დადგენილი ზარალის ოდენობა განისაზღვრა 41600 აშშ დოლარით, რომლის ექვივალენტი 108962,88 ლარი სადაზღვევო კომპანიამ მოსარგებლის - შპს „მ------------------–--ს სასარგებლოდ 2018 წლის 16 ოქტომბერს აანაზღაურა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სადაზღვევო შემთხვევის აქტი N------;
- საგადასახადო დავალება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სს „ს--------------------------------ის“ მიერ მოსარგებლისთვის თანხის ანაზღაურების საფუძველი გახდა არასადაზღვევო შემთხვევა - გენერალური სადაზღვევო პოლისით შეთანხმებული, მე-2 სექციის ქვეშ განსაზღვრული კონტეინერის დაგვიანებისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაზღვევა. აღნიშნული მსჯელობის საფუძველს იძლევა გენერალური სადაზღვევო პოლისი და კონტეინერების ძარის დაზღვევის პირობების შესახებ ინფორმაცია.
გენერალური სადაზღვევო პოლისის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ არასადაზღვევო შემთხვევის შედეგად გადამზიდველის მიერ კონტეინერის დაბრუნება არ/ვერ მოხდება მოსარგებლესთან წინასწარ შეთანხმებულ ვადაში, მზღვეველი (სადაზღვევო კომპანია) მოახდენს მოსარგებლისთვის კონტეინერის დაგვიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ყოველი დაგვიანებული დღისათვის. ხოლო კონტეინერების ძარის დაზღვევის პირობების შესახებ ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება, რომ თუ არასადაზღვევო შემთხვევის შედეგად კონტეინერის დაბრუნება მოხდება დაგვიანებით, დამზღვევს (შპს „ჯ------–-------------------------–--ი) შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, გადაუხადოს მოსარგებლეს კონტეინერის მთლიანი ღირებულება. ასეთი ანაზღაურება უნდა განხორციელდეს, თუ კონტეინერის მოცდენის პერიოდი აღემატება 60 დღეს. იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევი დაარღვევს მოსარგებლის მიმართ ნაკისრ ვალდებულებას და არ გადაუხდის მას კონტეინერის ღირებულებას, მზღვეველი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მოსარგებლეს აღნიშნული თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალური სადაზღვევო პოლისი N-------;
- ინფორმაცია კონტეინერების ძარის დაზღვევის პირობების შესახებ (დანართი N3).
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტება, რომ ხელშეკრულებასა და გენერალურ სადაზღვევო პოლისში ზიანის რეგრესული წესით დამზღვევის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმები ცალმხრივად არის სადაზღვევო კომპანიის მიერ შემოთავაზებული და მათი გაზიარება არ უნდა მოხდეს.
დადგენილია, რომ შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შპს „ჯ------–-------------------------–--სა“ და სს „ს--------------------------------ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის, გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, სადაც ხელშეკრულების პირობების შეთავაზება თავად შემსყიდველის მხრიდან ხდება. ხელშეკრულების 6.1.2 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსყიდველს მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით.
ხელშეკრულებითვეა შეთანხმებული პირობა, რომ მასზე თანდართული დოკუმენტები (დანართები) წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხოლო N3 დანართით (ინფორმაცია კონტეინერების ძარის დაზღვევის პირობები) მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობაზე, თუ დამზღვევი დაარღვევს მოსარგებლის მიმართ ნაკისრ ვალდებულებას და არ გადაუხდის მას კონტეინერის ღირებულებას პირგასამტეხლოს დაფიქსირებიდან 60 დღის განმავლობაში, მზღვეველი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მოსარგებლეს აღნიშნული თანხა, რის შემდეგაც მოსარგებლის ყველა უფლება თანხის მოთხოვნასთან (ზიანის ანაზღაურებასთან) დაკავშირებით დამზღვევის მიმართ გადაეცემა მზღვეველს.
ამდენად, ის ფაქტი, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები შეთავაზებული იყო თავად შემსყიდველის (მოპასუხის) მიერ, აღნიშნული ქმნის ნების ნამდვილობის პრეზუმფციას.
რაც შეეხება გენერალურ სადაზღვევო პოლისში გათვალისწინებულ მზღვევლის უფლებას დამზღვევისაგან რეგრესის წესით მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება, მასზე ხელმოწერით შპს „ჯ------–-------------------------–--ი“ დაეთანხმა მასში მოყვანილ პირობებს და განაცხადა თანხმობა, აღნიშნული პირობის დადგომის შემთხვევაში შეესრულებინა სადაზღვევო კომპანიის მიმართ არსებული ვალდებულება.
ამდენად, მხარეებმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ხელშეკრულებით, მისი დანართებითა და გენერალური სადაზღვევო პოლისით გაითვალისწინებს შესყიდვის ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა, მათ შორის დამზღვევის პასუხისმგებლობა რეგრესული წესით ზიანის ანაზღაურებაზე. უფრო მეტიც, 2018 წლის 21 სექტემბერის სადაზღვევო შემთხვევის აქტით, უკვე დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის პირობებში, მოპასუხემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალური სადაზღვევო პოლისი N-------;
- ინფორმაცია კონტეინერების ძარის დაზღვევის პირობების შესახებ (დანართი N3);
- შესყიდვის ხელშეკრულება.
3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს „ჯ------–-------------------------–--ის“ განმარტებას, რომ დაზღვევის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ განხორციელებული ანაზღაურება არ უნდა ჩაითვალოს ხელშეკრულების საფუძველზე და მის ფარგლებში განხორციელებულ შესრულებად.
გენერალური სადაზღვევო პოლისის თანახმად, კონტეინერი ჩაითვლება დაზღვეულად მისი დაზღვეულის მიერ დამზღვევისთვის გადაცემის მომენტიდან და დაზღვევა სრულდება მას შემდეგ, რაც რეისის შემდეგ დაუბრუნდება დაზღვეულის მფლობელობაში;
მხარეებს შორის არაა სადავო, რომ შპს „ჯ------–-------------------------–--მა“ 40 ფუტიანი 8 კონტეინერის გადაზიდვის თაობაზე დაკვეთა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურების ვადაში, 2017 წლის 13 დეკემბერს მიიღო. ასევე არაა სადავო, რომ კონტეინერები მოპასუხეს გადაეცა 2017 წლის 18 დეკემბერს და მათი უკან დაბრუნება უნდა მოეხდინა 2018 წლის 15 იანვრამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, კონკრეტულად ამ კონტეინერების ტრანსპორტირების რისკებთან დაკავშირებით დაზღვევის პერიოდად განისაზღვრა 18/12/2017 წლიდან 27/01/2018 წლის პერიოდი.
სადავო არაა, რომ არც ამ პერიოდში და არც შემდგომში კონტეინერები ყაზახეთიდან არ დაბრუნებულა, რის გამოც თავდაპირველად წარმოიშვა მოსარგებლისთვის ყოველი დაგვიანებული დღისათვის კონტეინერის დაგვიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო 60 დღის დაგვიანების შემდგომ - კონტეინერის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. ის გარემოება, რომ სადაზღვევო კომპანიამ ანაზღაურება მოსარგებლის სასარგებლოდ განახორციელა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ ანაზღაურების ვალდებულება არ არსებობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულების ვადის ბოლო რიცხვებში პოლისის გაცემა კონტეინერების დაგვიანებით გამოწვეულ ზიანზე შეთანხმებით აზრს კარგავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი N-----------;
- 15.08.2018 წლის წერილი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს--------------------------------ის“ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
ამავე კოდექსის 836-ე მუხლის თანახმად, დამზღვევს შეუძლია მზღვეველთან დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი სახელით სხვა პირის სასარგებლოდ. ამ პირის დასახელება სავალდებულო არ არის. ხოლო 837-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევისას ის უფლებები, რომლებიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან, ეკუთვნის ამ პირს.
საქართველო სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. ხოლო 821-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
როგორც საქმის მასალებით არის უდავოდ დადგენილი, სს „ს--------------------------------მა“ სახელწიფო შესყიდვის ხელშეკრულების და გენერალური სადაზღვევო პოლისის ფარგლებში მოსარგებლის - შპს „მ------------------–--ს“ სასარგებლოდ განახორციელა ზარალის ანაზღაურება - 108962,88 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანხმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო მე-2 ნაილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით, მისი დანართებითა და გენერალური სადაზღვევო პოლისით გაითვალისწინებს შესყიდვის ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა, მათ შორის დამზღვევის პასუხისმგებლობა რეგრესულის წესით ზიანის ანაზღაურებაზე. აღნიშნული შეთანხმება საკმარისი საფუძველია, რომ სადაზღვევო კომპანიამ მოითხოვს მის მიერ მოსარგებლის სასარგებლოდ გადახდილი თანხის დამზღვევის - მოპასუხის მიერ ანაზღაურება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებულიშემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისთვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელე ითხოვს ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანისთის 42,12 ლარის და საჯარო რეესტრის მოსაკრებლის - 10 ლარის მოპასუხისთის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მხოლოდ 42,12 ლარის გადახდა, ხოლო 10 ლარის ანაზღაურებაზე უარის უნდა ეთქვას სათანადო მტკიცებულების წარუდგენლობის გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა შპს „ჯ------–-------------------------–--ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3270,15 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 48,43 ლარი.
7.სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ს--------------------------------ი"- ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შპს ,,ჯ------–-------------------------–--ი"-ს სს ,,ს--------------------------------ი"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 108962.88 (ასრვაათას ცხრაასსამოცდაორი ლარი და 88 თეთრი) ლარი;
3. მოპასუხე შპს ,,ჯ------–-------------------------–--ი"-ს სს ,,ს--------------------------------ი"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 3270.15 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ;
4. მოპასუხე შპს ,,ჯ------–-------------------------–--ი"-ს სს ,,ს--------------------------------ი"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 42.12 ლარი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანისათვის გადახდილი თანხის სანაცვლოდ;
5. სს ,,ს--------------------------------ი"-ს (ს/ნ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 12.10.2018 წელს სს ,,ტერა ბანკში” (საგადასახადო დავალება N-----) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 ლარიდან, (გადამხდელის სს ,,ს--------------------------------ი" (ს/ნ 4--------), გადამხდელის ბანკი - სს ,,ტერა ბანკი’’, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22) 48.43 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე