გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/2061718-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21.03.2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: შპს „ე-----------------“,წარმომადგენელი: ა-----------–---–ი
მოპასუხეები: თ------------–-----ი, მ-------–------ე, გ--------------–---–ი,დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თ------------–-----ს, მ-------–------ეს და გ--------------–---–ს დაეკისროთ შპს „ე-----------------“ სასარგებლოდ 4 970,52 აშშ დოლარის გადახდა (ძირი - 2 578 აშშ დოლარი; სარგებელი - 2 392,52 აშშ დოლარი);
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 26 აპრილს თ------------–-----სა და შპს „ე-----------------“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 2 578 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, თვეში 4% დარიცხვით. აღნიშნული ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა ავტომანქანა B-----. ვალდებულების დარღვევის მოტივით მოსარჩელემ უზრუნველყო ავტომობილის რეალიზაცია 295 აშშ დოლარად. 2016 წლის 26 აპრილის ხელშეკრულება ასევე უზრუნველყოფილია მ-------–------ის და გ--------------–---–ის თავდებობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2018 წლის 24 ივლის სთბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შესაგებელი წარმოადგინა თ------------–-----მა, რითიც სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 26 აპრილს თ------------–-----სა და შპს „ევ-----------------“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 2 578 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, თვეში 4% დარიცხვით.
3.1.2. 2016 წლის 26 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია გირავნობის უფლებით, კერძოდ, გირავნობით დაიტვირთა ავტომანქანა B------; გამოშვების წელი 19--; ს/ნ W------
3.1.3. აღნიშნული ხელშეკრულება, ასევე უზრუნველყოფილია მ-------–------ის და გ--------------–---–ის თავდებობით;
3.1.4. 2016 წლის 26 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულების მე-6 პუნქტის, მე-4 ქვეპუქნტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე.
3.1.5. 2016 წლის 25 მარტს ვალდებულების დარღვევის მოტივით,შპს „ე-----------------“ გაასხვისა გირავნობის უფლებით დათვირთული ავტომანქანა B------; გამოშვების წელი 19--; ს/ნ W------ - 295 აშშ დოლარად;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს „ე-----------------“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლი
სამოქალაქო კოდექსის 267-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის თანახმად, ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვ.
კერძო სამართალში მოქმედი მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი მოიცავს ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის თავისუფლებას. მხოლოდ მხარეთა რეალური თანასწორობის პირობებში მოქმედებს სრულყოფილად ეს პრინციპი, ხოლო იქ, სადაც მხარეები მხოლოდ ფორმალურად არიან თანასწორი, რეალურად კი - ერთ-ერთი მხარე აშკარა უპირატესობით სარგებლობს ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისას, მეორე მხარეს კი მხოლოდ - შეთავაზებულ პირობებზე დათანხმება ან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა შეუძლია, ამ დროს ნების ავტონომია სრულყოფილად ვერ ხორციელდება და მხარეთა ინტერესების სამართლიანი გათანაბრების მიზნით კანონი უშვებს ხელშეკრულების შინაარსის კონტროლს. ხელშეკრულების შინაარსის კონტროლის ერთ-ერთი გამოხატულებაა სტანდარტული პირობების ბათილობის შესახებ საკანონმდებლო დანაწესები.
სტანდარტულ პირობებად ითვლება ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ ცალმხრივად წინასწარ შემუშავებული პირობები, რომლებიც მრავალჯერადი გამოყენებისთვის არის გამიზნული და მზა სახით არის შეთავაზებული მეორე მხარისთვის, ე.წ. „ფორმულარის“ სახით.
ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამცავი რეგულირების გამოყენებამდე უნდა შეფასდეს, ცალკეული პირობა წინასწარ ჩამოყალიბებული და მხარისთვის შეთავაზებულია, თუ - მხარეთა შორის ინდივიდუალურადაა შეთანხმებული. შესაძლებელია, ხელშეკრულების ზოგიერთი პირობა იყოს სტანდარტული, ზოგი კი - ინდივიდუალურად შეთანხმებული. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ ხელშეკრულების ტექსტი საკრედიტო დაწესებულების მიერ იყო წინასწარ შემუშავებული და ხელმოსაწერად შეთავაზებული კლიენტისთვის. სადავოდ არ გამხდარა ისიც, რომ 2016 წლის 26 აპრილის ხელშეკრულების 6.4 პუნქტი ცალკე ინდივიდუალურად არ ყოფილა კლიენტთან შეთანხმებული.
სტანდარტული პირობებით ხელშეკრულების დადებისას კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა წარმოადგენს მომხმარებლის დამატებითი საფრთხეების უზრუნველყოფის გარანტიას, რადგან შეთანხმება, რომელიც ბოჭავს მას გარკვეული ვალდებულებებით, არის არა კონსესუსის, არამედ ცალმხრივად შემუშავებული შეთავაზების შედეგი. ამის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსი სტანდარტული პირობებით დადებული ხელშეკრულების შინაარსის კონტროლის მიზნით აწესებს მთელ რიგ შეზღუდვებს, რათა აიძულოს ოფერენტი, კეთილსინდისიერად გამოიყენოს არსებული უპირატესობა და ამით გაანეიტრალოს არსებული პოზიციური დისბალანსი.
ამდენად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამცავი ფუნქციის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს 2016 წლის 26 აპრილის ხელშეკრულების 6.4. პუნქტის განსაზღვრა ხელშეკრულების სტანდარტულ პირობის ფორმით. შედეგად, იგი უნდა შეფასდეს კეთილსინდისიერების კონტექსტში.
სამართლებრივი რეგულაციების განსაზღვრის მიზნით, უპირველესყოვლისა უნდა შეფასდეს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება მონაწილეთა სტატუსის გათვალისწინებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენებული უნდა იქნეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მომწესრიგებელი რეგულაციები, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
მართალია, ”მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტში, მისო-ს საქმიანობის სფეროში გამოყენებულია ტერმინი ”სესხი”, თუმცა აღნიშნული კანონი ვერ გახდება მისო-ს ეკონომიკური ურთიერთობების სამართლებრივი შინაარსის განმსაზღვრელი. ”მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შინაარსი უთითებს, რომ ამ კანონის მიზანს წარმოადგენს მისო-ს ორგანიზაციული და სტრუქტურული საკითხების მოწესრიგება. ხოლო, ხელშეკრულებების სამართლებრივი შინაარსის განმსაზღვრელია მისი შემადგენელი უფლება-მოვალეობების სისტემა.
გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება არ თავსდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის სპეციფიკაში. განსხვავებით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისაგან, სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებების ტიპს მიეკუთვნება. ანუ, ხელშეკრულების მონაწილეთა ნების გამოვლენას თან სდევს ნივთის გადაცემაც. შესაბამისად, უფლება-მოვალეობები, რომლებიც აღნიშნული ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, წარმოიშობა არა მხარეთა კონსენსუსის მიღწევისას, არამედ კონკრეტული ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი გარკვეული მოქმედების შესრულებით. სესხის ხელშეკრულების რეალური ხასიათიც სწორედ იმით არის განპირობებული, რომ იგი დადებულად მიიჩნევა თანხის გადაცემის მომენტიდან. მხოლოდ ფაქტობრივი გადაცემის შემდეგ წარმოეშობა გამსესხებელს ნივთის უკან დაბრუნების უფლება.
რაც შეეხება საბანკო კრედიტის ხეელშეკრულებებს - მისი ნორმატიული ბუნება კონსესუალურია და მხარეთა შორის უფლება-მოვალეობები წარმოიშობა შეთანხმებისას. თუ გავითვალისწინებთ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიაობის სპეციფიკა, ასევე მოიცავს გენერალური ხელშეკრულების სახით მომსახურების გაწევას, სადაც მისო სამომავლოდ კისრულობს ვალდებულებას განსაზვრული ლიმიტისა და ვადებში, მსესხებლის მოთხოვნის შესაბამისად, გასცეს კრედიტი, ამ შინაარსის ხელშეკრლებები ვერ იქნება რეალურ ხასიათის მატარებელი. ამდენად, თუ მივიჩნევთ, რომ მისო-ს საქმიანობის სფერო, სესხის გაცემის ნაწილში, რეგულირდება სესხის ხელშეკრულების ნორმატიული რეგულაციებით, მივიღებთ იმგვარ შედეგს, რომ საკრედიტო ხელშეკრულებებს, რომლებიც მოიცავენ სამომავლო შესრულებას და მით, უმეტეს გენერალურ ხელშეკრულებებს არ ექნებათ იურიდიული ძალა.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი და შემდგომი დებულებები წარმოადგენს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მარეგულირებელ ცენტრალურ ნორმებს, რომელებიც განსაზღვრავენ სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს და მისი გამოყენების პროცედურულ საკითხებს ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში.
ვინაიდან სადავო საკითხი წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების სივრცეში, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეაფასოს მისთვის დამახასიათებელი სამართლებრივი ასპექტები, რაც აქცევს მას ხელშეკრულების ცალკეულ სახედ. მიუხედავად იდენტური შინაარსისა, სამოქალაქო კოდექსი სესხის ხელშეკრულების დეფინიციისგან მიჯნავს და სპეციალური მოწესრიგების სფეროში აქცევს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას. კანონმდებლის ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე სუბიექტების კლასიფიკაციით, სადაც გარიგების ერთ-ერთ მხარედ ყოველთვის საკრედიტო დაწესებულება ფიგურირებს. სესხის ხელშეკრულების ერთგვაროვანი რეგულაციების გავრცელება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე ვერ იქნება შესატყვისი საკრედიტო კომერციაში დამკვიდრებულ თავისებურებებთან, რაც უარყოფითად აისახება საკრედიტო დაწესებულებასთან შედარებით პოზიციურად არახელსაყრელ პირობებში მყოფ მხარეზე.
სამოქალაქო კოდექსის ტენდენცია, რომ დამოუკიდებელი მოწესრიგების ფარგლებში მოაქციოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, მეტყველებს იმაზე, რომ კანონმდებლის მიერ გაზიარებულია ეკონომიკურ ურთიერთობებში დანერგილი „ძლიერი“ და „სუსტი“ მხარის იურიდიული მოდელი, რომლის ფუნქციაა, უზრუნველჰყოს არათანაბარ პირობებში მყოფი მხარეების, ეკონომიკურად უფრო სუსტი მხარის სამართლებრივი მდგომარეობა და დაიცვას ისინი საბანკო ურთიერთობებში არსებული ჩვეულებრივი რისკებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს ურთიერთობის მონაწილეთა დაცვის ერთიან სტანდარტს, „სუსტი მხარის“ ინტერესების დაცვის აუცილებლობა და აღნიშნული მიზნების სამართლიანი განხორციელება მოითხოვს კანონით გარანტირებული მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან ფორმალურ გადახვევას. პოზიციური ბალანსის დაცვა ფაქტობრივად უზრუნველყოფს სუსტი მხარის დამატებით უფლებებს და შესაბამისად, აკისრებს მის ოპონენტს იმაზე მეტ ვალდებულებებს, ვიდრე სხვა სამართლებრივ ურთიერთობებში. ამავდროულად, სასამართლო განმარტავს, რომ „სუსტი მხარის“ დეფინიცია არ გულისმობს პირის სტატუსს, არამედ მის მდგომარეობას სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება იურიდიულ დოქტრინაში განიხილება გარიგების იმგვარ სახედ, სადაც, ხშირ შემთხვევაში, მხარეები ერთმანეთის ოპონირებას ახორციელებენ არათანაბარი პოზიციებიდან. ერთის მხრივ, გარიგების ერთ-ერთ მონაწილედ ყოველთვის ფიგურირებს საკრედიტო დაწესებულება, მისი სავაჭრო ძალაუფლებით, ფინანსური და ინტელექტუალური რესურსით. ხელშეკრულების ცალკეულ სახედ მისი ფორმირება, წარმოადგენს საკანონმდებლო კონტროლის გამოხატულებას, გაანეიტრალოს არსებული დისბალანსი „სუსტი“ მხარის ინტერესების უპირატესი დაცვის კუთხით, რომლის დროსაც საკრედიტო დაწესებულება შებოჭილია მოქმედების უფრო მაღალი სტანდარტებით. მაგალითისათვის, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შინაარსი, რომელიც არეგულირებს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობას, ამკვიდრებს გართულებულ პროცედურას და ავალდებულებს კრედიტორს, გამოიჩინოს მაქსიმალური ძალისხმევა გარიგების შესანარჩუნებლად მიზნით. გარიგების ვადამდე შეწყვეტის უფლების გამოყენება მას შეუძლია მხოლოდ ვალდებულების ზედიზედ ორჯერ დარღვევის შემთხვევაში და, ამავდროულად, კრედიტორი ვალდებულია, მისცეს მოვალეს დამატებითი ორკვირიანი საშეღავათო პერიოდი, ვალდებულების ვადამოსული ნაწილის შესასრულებლად. სხვა შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტა არალეგიტიმურია და ართმევს საკრედიტო დაწესებულებას მასთან დაკავშირებული უფლებების გამოყენების შესაძლებლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერი ქცევის ტესტი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში დამატებით ავალდებულებს საკრედიტო დაწესებულებას, როგორც ძლიერ მხარეს, უზრუნველჰყოს „სუსტი“ მხარის - მსესხებლის ინფორმაციული ხელმისაწვდომობა გარიგების ყველა მნიშვნელოვან პირობაზე, რომ მან შეძლოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება ხელშეკრულების ხელმოწერისას.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმებისას ინფორმაციული უზრუნველყოფის დაცვის ვალდებულება ასახულია ასევე ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2008 წლის 23 აპრილის 2008/48 დირექტივაში (DIRECTIVE 2008/48/EC OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 23 April 2008), რომელიც აწესრიგებს მომხმარებლის მონაწილეობას საბანკო-სამართლებრივ ურთიერთობებში. (საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება სავალდებულო წესით ითვალისწინებს აღნიშნული დირექტივის იმპლემენტაციას). მართალია, მისი იურიდიული მოქმედების არეალი არ მოიცავს ისეთ გარიგებებს, რომლებიც მიმართულია უძრავი ქონების შესაძენად, ან - უზრუნველყოფილია საგარანტიო ქონებით, თუმცა გასაზიარებელია დირექტივის სულისკვეთება, დაუწესოს ხელშეკრულების „ძლიერ“ მხარეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტი უზრუნველყოფა, რაც სწორედ „სუსტი მხარის“ დაცვის პერსპექტივიდან გამომდინარეობს.
2008/48 დირექტივაზე დაყრდნობით, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „...ინფორმირების და განმარტების ვალდებულება, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი წარმოადგენს წინა სახელშეკრულებო მოვლენას, სავალდებულოდ უნდა შესრულდეს საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერამდე. ამასთან, ინფორმირების და განმარტების ვალდებულება არ გულისხმობს სპეციალური დოკუმენტით მისი მიწოდების აუცილებლობას, არამედ შესაძლებელია ზეპირსიტყვიერი გასაუბრების პირობებშიც...“ (court of justice of the european union 18 december 2014. judgment in case C-449/13.CA Consumer Finance SA V Ingrid Bakkaus and Others). საკრედიტო დაწესებულების მიერ ინფორმირების ვალდებულების სრულფასოვანი შესრულება, შესაძლებლობას აძლევს მსესხებელს, თანასწორი შესაძლებლობების პირობებში, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება ნების თავისუფალი და გაცნობიერებული ფორმირებით. სხვა შემთხვევაში, ინფორმაციული უთანასწორობა შესაძლებლობას აძლევს გარიგების „ძლიერ“ მხარეს, თავს მოახვიოს ოპონენტს მისთვის ხელსაყრელი, წინასწარ შემუშავებული დებულებები.
სტანდარტული პირობის შეთავაზებისას, პირის სრული ინფორმირება, როგორც კეთილსინდისიერი მოქმედების მაჩვენებელი, გაზიარებულია ასევე 2010 წლის უნიდრუას საერთაშორისო პრინციპებით (UNIDROIT PRINCIPLES), კერძოდ, 2.1.20. მუხლის თანახმად, პირობას, რომელიც სტანდარტული სახისაა და გააჩნია იმგვარი ხასიათი, რომ მეორე მხარე გონივრულად არ მოელოდა მას, არ გააჩნია ძალა, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნული პირობა მეორე მხარის მიერ ნათლად იყო მიღებული. (Surprising terms).
მხარე, რომელიც იღებს მეორე მხარის სტანდარტულ პირობებს, იბოჭება მათი სამართლებრივი შინაარსით, მიუხედავად იმისა, ცნობილი იყო თუ არა მისთვის ამ პირობის შინაარსის შემცველი ყველა დეტალი ან რამდენად გასაგები იყო მისთვის პირობის მნიშვნელობა. ამ წესისაგან გამონაკლისი ასახულია უნიდრუას 2.1.20 მუხლში, რომლის მიზანია, დაიცვას მომხმარებელი მეორე მხარის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებისაგან, რომელიც სტანდარტულ პირობების გამოყენებით ცდილობს თავისი პოზიციის მართლსაწინააღმდეგო უპირატესობის უზრუნველყოფას, მომხმარებელზე საკუთარი პირობების ფარულად თავს მოხვევის გზით და რომელსაც მეორე მხარე, გონივრული ვარაუდით, არ მიიღებდა. აღნიშნული ნორმა იცავს მომხმარებელს სტანდარული პირობის შინაარსით გამოწვეული მოულოდნელი შედეგებისაგან.
2016 წლის 26 აპრილის ხელშეკრულების 6.4. ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი წარმოადგენს სტანდარტულ პირობას. შესაბამისად, მისი შინაარსი საჭიროებდა სავალდებულო განმარტებას. ხელშეკრულების ეს დათქმა განსაზღვრავს შპს „ე-----------------“-ს ხელმისაწვდომობას მოპასუხეთა სხვა ქონებრივ აქტივებზე, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს კრედიტორის მოთხოვნას. ამ საფუძველზე დაყრდნობით, შპს „ე-----------------“-ს საგარანტიო ქონების გარდა სააღსრულებო პროცედურები მიაქცია მოპასუხეთა სხვა ქონებაზე. შესაბამისად, მისი მნიშვნელობა არსებითია და ინფორმაციული დეფიციტის პირობებში გამოირიცხებოდა მსესხებლის გაცნობიერებული არჩევანის შესაძლებლობა და რისკების ეფექტური მართვის ჭრილში.
სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა გონივრული ქცევის სტანდარტიდან გამომდინარე, საგარანტიო ქონების ღირებულება, როგორც წესი, ტოლია ან აღემატება უზრუნველყოფილი ვალდებულების მოცულობას. შესაბამისად, დათქმა, რომ აღსრულება მიექცეს საგარანტიო ქონების გარდა სხვა ქონებაზეც, წარმოადგენს გამონაკლის რეგულირებას. ასეთი რეგულირების არსებობა, როგორც წესი, არ არის მოსალოდნელი და იგი მხოლოდ საგამონაკლისო წესით უნდა შეთანხმდეს მხარეთა შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის საკანონმდებლო დანაწესიც სწორედ ამაზე მიუთითებს.
შესაბამისად, თუკი სხვა რამ არ დასტურდება, ივარაუდება, რომ თ------------–-----ის მოლოდინი ქონებრივი პასუხისმგებლობის მოცულობაზე მოიცავდა მხოლოდ საგარანტიო ქონების ფარგლებს. შესაბამისად, დამატებითი უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც ზრდიდა მისი ქონებრივი რისკების არეალს, უნდა ყოფილიყო მკაფიოდ გააზრებული მსესხებლის მიერ. ამის გააზრების შესაძლებლობა კი მას ექნებოდა მხოლოდ საკრედიტო დაწესებულების მხრიდან ხელშეკრულებაში ამგვარი ვალდებულების განმსაზღვრელი დათქმების არსებობის შესახებ ინფორმირების შემთხვევაში.
მხარის ინფორმირებულობის მეორე ასპექტს წარმოადგენს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მომხმარებელისათვის მისაღები ფორმით, რომელიც გულისხმობს საკრედიტო დაწესებულების ვალდებულებას, მიაწოდოს მომხმარებელს საჭირო ცნობები, აღქმადი, გასაგები და ინდივიდუალურად მორგებული ფორმით. თანაბარმნიშვნელოვანია მომხმარებლის ფსიქოლოგიური განწყობა, პიროვნული აღქმადობის დონე, ვითარება, რომელშიც იდება ხელშეკრულება, ან - ყველა დასახელებული ფაქტორი ერთად. ამავდროულად, სასამართლო განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი ინფორმაციის და განმარტების ვალდებულების სრულფასოვან შესრულებაზე ეკისრება საკრედიტო დაწესებულებას. სწორედ მის ხელთ არის ბერკეტი იმისა, რომ შექმნას სარწმუნო მტკიცებულებები ინფორმირების ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად. ამ არგუმენტის თვალსაჩინოებისთვის სასამართლო მოიხმობს მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომელმაც 2014 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნა „....ეფექტურობის პრინციპი ხორციელდება იქ, სადაც კრედიტორმა უნდა დაუმტკიცოს სასამართლოს, რომ ინფორმირების და განმარტების წინასახელშეკრულებო ვალდებულება მის მიერ შესრულდა. გონიერი კრედიტორი უნდა აცნობიერებდეს მტკიცებულებების შეგროვების და შენახვის აუცილებლობას, რომ მის მიერ ვალდებულება ინფორმაციის უზრუნველყოფის და განმარტების თაობაზე შესრულებულია.....“. (court of justice of the european union 18 december 2014. judgment in case C-449/13.CA Consumer Finance SA V Ingrid Bakkaus and Others).
უფრო მეტიც, „სუსტი“ მხარის დაცვის საკანონმდებლო სტრატეგია მოიაზრებს მის პასიურ მდგომარეობას ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით. ამგვარი სულიკვეთება გაზიარებულია მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაში, სადაც აღნიშნულია: „...მეწარმე პირი ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს იმის მოლოდინის გარეშე, რომ ისინი დამოუკიდებლად მოიძიებენ ამ ინფორმაციას. მომხმარებელი პასიური უნდა რჩებოდეს ინფორმაციის მოპოვების კუთხით...“ (court of justice of the european union 5 jule 2012. judgment in case C-49/11. Content services Ltd v Bundesarbeitskammer).
შპს „ე-----------------“ აცხადებს, რომ მოპასუხეებისათვის ცნობილი იყო აღნიშნული დათქმის თაობაზე და მას განემარტა მისი შინაარსი, თუმცა, ეს გარემოება სადავოდ არის გამხდარი თ------------–-----ის მიერ და ზემოთ მოყვანილი მსჯელობის საწინააღმდეგოდ, საკრედიტო დაწესებულებას არ წარმოუდგენია ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ე-----------------“ როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის „ძლიერი სუბიექტი“, არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა მოვალეთა მიმართ, მაშინ როდესაც მისი გაცნობიერებული მოლოდინი აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მიმართ შემოიფარგლებოდა გირავნობის საგნით. მან დაარღვია მოვალის ინფორმირებულობის ვალდებულება, 2016 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებაში 6.4 ქვეპუნქტის, როგორც უფლების დამატებითი შემზღუდველი ღონისძიების არსებობის და მასთან დაკავშირებული შედეგების განმარტების შესახებ, რამაც, თავის მხრივ, წაართვა მოპასუხეებს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.
გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2016 წლის 26 აპრილის სესხის ხელშეკრულება განგებ შესრულებულია წვრილი შრიფტით, რაც ართულებდა მის აღქმადობას არა მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობის კუთხით, არამედ ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მონაწილე პირის ფსიქო-ემოციური ფაქტორების ზეგავლენით. სასამართლო განმარტავს, რომ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსესხებლის მონაწილეობა გარიგების პირობების შემუშავებისას ნიველირებული იყო, გარდა ინფორმირებულობის და განმარტების ვალდებულებისა, საკრედიტო დაწესებულება ასევე ვალდებული იყო, ხელშეკრულების შედგენისას, ამ შინაარსის მატარებელი დათქმები მკაფიოდ გამოეკვეთა, რათა გამოერიცხა მათი შენიღბვით გამოწვეული მოულოდნელობის ეფექტი. როგორც აღინიშნა, თ------------–-----ის გაცნობიერებული რისკი შემოიფარგლებოდა მხოლოდ გირავნობის საგარანტიო ვალდებულებით, შესაბამისად, დამატებით სხვა ქონებრივ აქტივებზე სააღსრულებო პროცედურების მიქცევის შესაძლებლობა განსაკუთრებული წესით უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი და განმარტებული მოვალეებისათვის. სასამართლო მიიჩნევს, რომ შესრულებული დათქმის ფორმა და მისი არასისტემური მდებარეობა, ობიექტურად გამორიცხავდა მოსარჩელის შესაძლებლობას, გასცნობოდა მას. ამგავარდ, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2016 წლის 26 აპრილის სესხის ხელშეკრულების 6.4 პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს შპს „ე-----------------“-ს ხელმისავდომობას მოვალის სხვა ქონებაზე ბათილია . შესაბამისად, გირავნობის საგნის რეალუიზაციით შეწყდა მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა და არ არსებობს მოთხოვნის სამართლებრივი წინაპირობები. (მუხლი 276).
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს არ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ე-----------------“ სარჩელი თ------------–-----ის, მ-------–------ის და გ--------------–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე #2/2061718-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
21.03.2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: შპს „ე-----------------“,წარმომადგენელი: ა-----------–---–ი
მოპასუხეები: თ------------–-----ი, მ-------–------ე, გ--------------–---–ი,დავის საგანი: თანხის დაკისრება
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ე-----------------“ სარჩელი თ------------–-----ის, მ-------–------ის და გ--------------–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი