გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5700-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე
მოსარჩელე - მა-------–----–---–ი
მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მესამე პირი - შპს „მ----–---ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 ივლისის №------------------ ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ;
1.2. დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღადგინოს 10 კალენდარულ დღიანი ვადა შპს „მ----–---ის“ 2018 წლის 07 მარტს გამარტივებული წარმოების წესით მოთხოვნილ სესხის ძირითადი თანხის და პირგასამტეხლოს (3579.80 ლარის) გადახდაზე მოსარჩელის მიერ შესაბამისი მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - შპს „მ----–---ის” წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა. მესამე პირისათვის ცნობილი იყო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ კანონით დადგენილი წესით.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. შპს „მ----–---მა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა გამარტივებული წარმოების გზით მა-------–----–---–ისთვის დავალიანების - 3579.8 ლარის, ასევე სააპლიკაციო საფასური - 100 ლარის დაკისრების მიზნით გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა, საიდანაც მოთხოვნის ძირითადი თანხაა - 300 ლარი, სარგებელი - 60 ლარი, პირგასამტეხლო - 3119.8 ლარი.
შპს „მ----–---მა“ განცხადებას დაურთო განაცხადი ონლაინ სესხზე, საგადახდო დავალება, სესხის ხელშეკრულება, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, მინდობილობა,გაფრთხილების წერილი, გაფრთხილების წერილის მა-------–----–---–ისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „მ----–---ის“ განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი და თანდართული მასალები - ს/ფ 58-77.
4.2. გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 02 ივლისის №------------------ შეტყობინებით მა-------–----–---–ს ეცნობა, რომ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ----–---ის“ განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამარტივებული წარმოება, ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. მა-------–----–---–ს განემარტა, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლო განეხორციელებინა შეტყობინებაში მითითებული მოქმედებები, მათ შორის, განეცხადებინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას. რესპოდენტს, ასევე, განემარტა, რომ შეტყობინებაში მითითებული მოქმედებების განუხორციელებლობის შემთხვევაში გამოიცემოდა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ. აღნიშნული შეტყობინება მა-------–----–---–ს ჩაბარდა პირადად 2018 წლის 05 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 02 ივლისის შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ - ს/ფ 79-80;
- დასტური - ს.ფ. 81.
4.3. მა-------–----–---–ს შეტყობინების ჩაბარებიდან კანონით დადგენილ ათდღიან ვადაში აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის არ მიუმართავს. შესაბამისად, 2018 წლის 20 ივლისს მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა დავალიანების გადახდევინების შესახებ №------------------ ბრძანება, რომლითაც მა-------–----–---–ს დაეკისრა 3579.8 ლარის გადახდა შპს „მ----–---ის“ სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 ივლისის №------------------ ბრძანება - ს/ფ 83.
4.4. თელავის სამშობიარო სახლის შპს „ს--------–ის“ მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მა-------–----–---–მა ექიმს მიმართა 2018 წლის 09 ივლისს, დადგენილი დიაგნოზისათვის დაენიშნა ამბულატორიული მკურნალობა და დამზოგველი შრომითი მუშაობა 14 დღის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თელავის სამშობიარო სახლის შპს „ს--------–ის“ მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა - ს.ფ. 22-23.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ამავე კოდექსის 24-ე მუხლი კი განსაზღვრავს სარჩელის ისეთ საპროცესო-სამართლებრივ საშუალებას, როგორიცაა სარჩელი ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
რაც შეეხება ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე სასკ-ის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელის სახეს, ის შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასევე, განსაზღვრულია, რომ სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს - 1. დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 ივლისის №------------------ ბრძანების ბათილად ცნობა, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან და ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებთან; 2. მოპასუხის დავალდებულება შპს „მ----–---ის“ 2018 წლის 07 მარტს გამარტივებული წარმოების წესით მოთხოვნილ სესხის ძირითადი თანხის და პირგასამტეხლოს (3579.80 ლარის) გადახდაზე მოსარჩელის მიერ შესაბამისი მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით 10 კალენდარულ დღიანი ვადის აღდგენის დავალდებულება, რომლის ფარგლებშიც უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ არა მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7.2 აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით ახორციელებს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მითითებული საკანონმდებლო აქტის 914 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს „მ----–---მა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა მოპასუხე - აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა გამარტივებული წარმოების გზით მა-------–----–---–ისთვის დავალიანების - 3579.80 ლარის, ასევე, სააპლიკაციო საფასური - 100 ლარის დაკისრების მიზნით გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა, საიდანაც მოთხოვნის ძირითადი თანხაა - 300 ლარი, სარგებელი - 60.00 ლარი, პირგასამტეხლო - 3119.80 ლარი. შპს „მ----–---მა“ განცხადებას დაურთო განაცხადი ონლაინ სესხზე, საგადახდო დავალება, სესხის ხელშეკრულება, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, მინდობილობა, გაფრთხილების წერილი, უკუგზავნილი.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტით განსაზღვრულია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტები, კერძოდ იგი უნდა უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.
სასამართლო ასევე მიუთითებს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ გამარტივებული წარმოებისას, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება. ამასთან, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე; დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში − მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით აპლიკანტის ძირითად მოთხოვნასთან ერთად რესპონდენტს დაეკისრება ასევე გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის გადახდა, რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურებისაგან. რესპონდენტს დამატებითი ხარჯის გადახდა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება.
საქმის მასალებით დგინდება, რაც მხარეებსაც არ გაუხდიათ სადაოდ, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა მა-------–----–---–ს, რომლითაც აცნობა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ და განუსაზღვრა 10 კალენდარული დღე სათანადო რეაგირებისათვის. აღნიშნული შეტყობინება 2018 წლის 05 ივლისს პირადად ჩაიბარა მა-------–----–---–მა, რომელსაც მისთვის განსაზღვრული 10 დღის ვადაში შეტყობინებაზე რეაგირება არ განუხორციელებია. შესაბამისად, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 20 ივლისს გამოსცა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება.
სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათავლისწინებით, იზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმის თაობზე, რომ კანონმებლობით დადგენილი 10 დღიანი ვადის გაშვება მოხდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. კერძოდ, სარჩელს ერთვის მტკიცებულება იმისა, რომ მა-------–----–---–მა 2018 წლის 09 ივლისს მიმართა ექიმს, დაესვა მწვავე სალპინგოოფორიტის დიაგნოზი, მიეცა სათანადო დანიშნულება და მკურნალობა, ამასთან, დაენიშნა დამზოგველი შრომითი რეჟიმი 14 დღის ვადით. ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ობიექტური გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რის გამოც მას არ ჰქონდა შესაძლებლობა 10 კალენდარული დღის ვადაში რეაგირება მოეხდინა 2018 წლის 05 ივლისს ჩაბარებულ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებაზე. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94- მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.
7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას, 331 მუხლის თანახმად კი თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 ივლისის №------------------ ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ქმედების განხორციელების დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 108 (ას რვა) ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ელი, მე-2, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა-------–----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 ივლისის №---------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ;
3. დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღადგინოს 10 კალენდარულ დღიანი ვადა შპს „მ----–---ის“ 2018 წლის 7 მარტს გამარტივებული წარმოების წესით მოთხოვნილ სესხის ძირითადი თანხის და პირგასამტეხლოს (3579,8 ლარის) გადახდაზე მოსარჩელის მიერ შესაბამისი მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით.
4. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 108 (ას რვა) ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მეშვეობით.
მოსამართლე თამარ მეშველიანი