განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 მარტი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
ფატიმა გოგიშვილის მდივნობით
პროკურორ – ნ----- ნ------ის
ბრალდებულ – მ----- ტ--------ის
ადვოკატების – მ----- ჩ-------ის, გ--- მ-----–---–ის და ლ--- ც---–---ის
თარჯიმან - ე-–--- თ---–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– მ----- ტ--------ის, დაბადებულის 1--- წლის--------------- უკრაინის მოქალაქის (პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ------–--ში, ა-----–------------- ქუჩა #-, კორპუსი #-, ბინა #--ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ----- ტ--------ს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისათვის, დამცირებისათვის და ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ----- ტ--------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის მარტის თვიდან 2018 წლის ოქტომბრის თვემდე დროის მონაკვეთში, მ----- ტ--------ი სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას მის მეუღლეს - ნ---- ი-----ეს და ამცირებდა მას. კერძოდ, მუდმივად ეუბნებოდა ნ---- ი-----ეს, რომ იყო მსუქანი და მახინჯი. ამავდროულად, მ----- ტ--------ი ეროვნული კუთვნილების ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ახორციელებდა ნ---- ი-----ის მიმართ დისკრიმინაციის შემცველ გამონათქვამებს. ხოლო 2018 წლის 12 ოქტომბრის დილის საათებში, მ----- ტ--------მა ფიზიკური ძალადობა განახორციელა ნ---- ი-----ის მიმართ, კერძოდ, ორივე ხელი მოკიდა ყელის არეში და მოუჭირა ძლიერად, შემდეგ კი თავი მიარტყმევინა კედელზე. აღნიშნული ქმედებებით ნ---- ი-----ემ განიცადა მორალური ტანჯვა და ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. მ----- ტ--------ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მ----- ტ--------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მ----- ტ--------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ მას ბრალად შერაცხული ქმედებები არ ჩაუდენია. მას ძალიან უყვარს თავისი მეუღლე და იგი არ არის მოძალადე ქმარი.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ---- ი-----ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ნ---- ი-----ის მეგობარი და მეზობელი ნ---- გ------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ ნ---- ი-----ეს და მ----- ტ--------ს ერთმანეთთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. 2018 წლის 12 ოქტომბერს, ნ---- ი-----ე შეხვდა კიბეებზე. იგი ძალიან აღელვებული იყო და სთხოვა პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. გზაში ნ---- ი-----ემ მას უამბო მომხდარის შესახებ და უთხრა, რომ მ----- ტ--------მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასევე, ფიზიკურადაც იძალადა მასზე. მოწმის განმარტებით, ნ---- ი-----ე ყელს იტკიებდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებულ ნ---- ი-----ის დედა გ--–--- ი-----ე, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 12 ოქტომბერს, მასთან მისულმა შვილმა - ნ---- ი-----ემ უთხრა, რომ მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი და ქმარმა ხელი ჰკრა. მოწმის განმარტებით, ნ---- ი-----ე ფიზიკურ ტკივილს არ განიცდიდა, დაზიანება არ აღენიშნებოდა, „უბრალოდ გაბრაზებული იყო“.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილების თანამშრომელი - კ--- ჯ------–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 17 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნ---- ი-----ის მიმართ ოჯახში ძალადობის განმახორციელებელი პირი - მ----- ტ--------ი იმყოფებოდა სამსახურში - პ-----–-----------–------–ი, ქ------–--ში, ი--------------------- #---ში. მიღებული ინფორმაციის შესახებ მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
2018 წლის 13 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებით 2018 წლის 12 ოქტომბერს, მოქალაქე ნ---- ი-----ეს სხეულზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა. შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 08:15 საათზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის აუდიო ჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად (02.11-2018), აუდიო ჩანაწერის ხანგრძლივობა შეადგენს 01:34 წუთს. ჩანაწერში ისმის ქალბატონის ხმა, რომელიც ითხოვს პატრულის გამოძახებას ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ოპერატორის კითხვაზე ქალბატონი პასუხობს, რომ მისი სახელი და გვარია ნ---- ი-----ე და რომ მასზე ძალადობს მეუღლე. ინიციატორი ოპერატორს ასევე ეუბნება, რომ მისი მეუღლე „ფსიქოლოგიური მოძალადეა, მაგრამ ეხლა ხელებითაც იძალადა“, ასევე „მე თვითონ დავარტყი ხელი პირველადო“.
სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა მ----- ტ--------ის მიერ ნ---- ი-----ის მიმართ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის სამტკიცებლად, რომ მ----- ტ--------მა ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.
სასამართლომ დეტალურად შეისწავლა და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლივი ანალიზის შედეგად ვერ დადასტურდა ბრალდების მხარის ვერსია, კერძოდ:
ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში მ----- ტ--------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად მტკიცებულებებად მიუთითა: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის ოპერატიულ სამსახურში ნ---- ი-----ის მიერ განხორციელებული შეტყობინება, რომლის თანახმად, იგი აცხადებს, რომ მასზე ქმარმა იძალადა და საჭიროებს საპატრულო პოლიციის დახმარებას; ბ) ნ---- ი-----ის მიერ ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში შეტანილი განცხადება, რომლის თანახმად, იგი სამართალდამცავ ორგანოებს ატყობინებს მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ; გ) დაზარალებულის მეგობრის და მეზობლის ნ---- გ------–--ის ჩვენება, რომლის თანახმად, მას ნ---- ი-----ემ უთხრა, რომ ქმარმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა გამოიხატა ყელში ხელის წაჭერით; დ) დაზარალებულის დედის - გ--–--- ი-----ის ჩვენება, რომელსაც ნ---- ი-----ემ უთხრა, რომ ქმარმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა გამოიხატა ხელის კვრაში; ე) სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, პირადი შემოწმებისას ნ---- ი-----ემ ექსპერტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ქმარმა მასზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა.
როგორც ვხედავთ, ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულება ემყარება მხოლოდ ერთი წყაროდან - დაზარალებულიდან მიწოდებულ ინფორმაციას, ხოლო ბრალდების მხარის აზრით, ვინაიდან დაზარალებულმა ნ---- ი-----ემ არაერთ უწყებას და პირს მიაწოდა ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, აღნიშნული საკმარისია პირის ძალადობაში მხილებისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რასაც სასამართლო არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენ უწყებას ან ადამიანს მიაწვდის მსხვერპლი მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ინფორმაციას, არამედ ის, თუ რამდენად სწორ/ნამდვილ ინფორმაციას მიაწვდის იგი მათ, რადგან არსებობს ალბათობა იმისა, რომ პირმა გარკვეული მიზეზების გამო მცდარი ინფორმაცია მიაწოდოს სხვას და მხოლოდ ერთი წყაროდან მიღებული ინფორმაცია, სათანადო წესით გადამოწმებისა და დადასტურების გარეშე, არ უნდა იქნეს საკმარისად მიჩნეული მხოლოდ იმის გამო, რომ მან ეს ინფორმაცია მიაწოდა არაერთ პირს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, შესაბამისად, ნ---- ი-----ის მიერ გამოძიების ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უცილობლად უტყუარია. იგი უნდა გადამოწმდეს სხვა მტკიცებულებებით და მხოლოდ მათი ერთობლივი ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს ნ---- ი-----ის ნათქვამის ნამდვილობა, თუმცა ბრალდების მხარემ აღნიშნულის გადასამოწმებლად სასამართლოში ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება და ამის მიზეზად მიუთითა ის გარემოება, რომ ძალადობა/კონფლიქტი განხორციელდა ორ პირს შორის და სხვა პირი აღნიშნულ ძალადობას არ შესწრებია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ასეთ საქმეებში უმეტესწილად თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს, შესაბამისად, ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ იმ მომენტში ბინაში მყოფ პირებს - დაზარალებულს და ბრალდებულს, რომელთაგან დაზარალებული გამოძიების ეტაპზე უთითებდა, რომ მეუღლემ განახორციელა ძალადობა, ხოლო ბრალდებული ამბობდა, რომ მას არავის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია. ამ ფონზე სასამართლოსთვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულის ან ბრალდებულის პოზიციის სისწორეს. მაგალითად, თუნდაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა ძალადობის შედეგად დაზარალებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებს მაინც.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი, როდესაც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირებიდან დაზარალებულმა ნ---- ი-----ემ სასამართლოში დაკითხვისას გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდებულმა უარყო მეუღლის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი, და ამ ფონზე კი სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ არსებობს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დადასტურებულად მიიჩნიოს ძალადობის განხორციელების ნამდვილობა, ისევე, როგორც სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ნამდვილობა და იმსჯელოს პირის მსჯავრდების საფუძვლიანობაზე.
ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ ორი ირიბი მოწმე, რომლებმაც დაზარალებულისაგან შეიტყვეს, რომ ქმარმა იძალადა მასზე, თუმცა მათი ჩვენებები, გარდა იმისა, რომ ვერ გადამოწმდა პირველწყაროსთან, არ არის ერთმანეთთან თანხვედრაშიც, რაც გამოიხატა მაგალითად იმაში, რომ თუ ნ---- გ------–--ის თქმით, ძალადობის შედეგად დაზარალებული ყელს იტკიებდა, გ--–--- ი-----ის თქმით, დაზარალებული ფიზიკურ ტკივილს არ განიცდიდა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას, რის გამოც ნაკლებია ამ ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა. სწორედ ამიტომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----- ტ--------ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ----- ტ--------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. გაუქმდეს მ----- ტ--------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-----------------ის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოდან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
4. მ----- ტ--------ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი