განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 მარტი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – ნ----ა ქ-----–---–ის
ბრალდებულ – რ------- მ-----------ს
ადვოკატ – დ----- ჭ-----ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– რ------- თ-----ის ძე მ-----------ს, დაბადებულის 1--- წლის-----------, მოქალაქეობის არმქონის, ნასამართლობის მქონის, საშუალი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ------–--–-, მ--------–------------–---- კ--------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ------- მ---------ნს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 28 ნოემბრისა და 2018 წლის 2 დეკემბრის ეპიზოდები).
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ------- მ-----------ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. თბილისში, მ--------–------------–---- კ--------------------ში, რ------- მ---------ნმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - მ------ ს---–-------ას სახის არეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რა დროსაც მ------ ს---–-------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ასევე, 2018 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ------–--–-, ლ--–-----------–---, I-----------------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე რ------- მ---------ნმა მეუღლეს - მ------ ს---–-------ას სახის არეში გაარტყა ხელი, რა დროსაც მ------ ს---–-------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. რ------- მ---------ნს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 ნოემბრისა და 2018 წლის 2 დეკემბრის ეპიზოდები).
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება რ------- მ-----------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა რ------- მ---------ნმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ------ ს---–-------ამ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ------ მ---------ნმა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მ------ ს---–-------ას დედა - მ------ ს---–-------ა, რომელმაც განმარტა, რომ მისთვის შვილისაგან - მ------ ს---–-------ასაგან არის ცნობილი, რომ მას 2018 წლის 28 ნოემბერს, ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა მეუღლემ რ------- მ---------ნმა და 2018 წლის 2 დეკემბერსაც, მათი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სახეში გაარტყა ხელი. მოწმის განმარტებით, იგი პირადად არ შესწრებია ზემოაღნიშნული ძალადობის არცერთ ფაქტს და არც რაიმე სახის დაზიანება შეუნიშნავს შვილისთვის.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მ------ ს---–-------ას და - ხ------- ბ------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს, დაურეკა დამ - მ------ ს---–-------ამ და სთხოვა მასთან მისულიყო. ადგილზე მისვლისას გაარკვია, რომ ცოლ-ქმარს შორის მომხდარა კონფლიქტი, კერძოდ, დამ - მ------ ს---–-------ამ უთხრა, რომ რ------- მ---------ნმა სცემა. ამასთან, მ------ ს---–-------ას სახეზე სიწითლე აღენიშნებოდა, თუმცა აღნიშნული გამოწვეული იყო ხელის დარტყმით თუ ტირილის შედეგად, ამის თქმა არ შეუძლია. აღნიშნულის გამო მან მ------ ს---–-------ა წაიყვანა დედამისის სახლში. ასევე, მისთვის მ------ ს---–-------ასაგან არის ცნობილი, რომ 2018 წლის 2 დეკემბერს, დედამისის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმის გამო, რომ მ------ ს---–-------ას უარი უთქვამს შერიგებაზე, რ------- მ---------ნს ხელი გაურტყამს მისთვის სახის არეში.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–--- მ--------------–---ს თანამშრომელი - დ----- ქ-----–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა რ------- მ-----------ს მიერ მ------ ს---–-------ას მიმართ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტების დასადასტურებლად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის სამტკიცებლად, რომ რ------- მ---------ნმა ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაულები.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.
ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში რ------- მ-----------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების დამადასტურებელ მტკიცებულებებად მიუთითა: მოწმეების მ------ ს---–-------ას, ხ------- ბ------–---–ის და გამომძიებელ დ----- ქ-----–---–ის ჩვენებები, რომელთაც განმარტეს, რომ დაზარალებულ მ------ ს---–-------ასაგან იციან მის მიმართ 2018 წლის 28 ნოემბერსა და 2018 წლის 2 დეკემბერს რ------- მ-----------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ასეთ საქმეებში უმეტესწილად თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს, შესაბამისად, ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ კონფლიქტის მონაწილე პირებს - დაზარალებულს და ბრალდებულს, რომელთაგან დაზარალებულმა მ------ ს---–-------ამ გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. ასევე, საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა ბრალდებულმა, ხოლო ასეთ ვითარებაში, როდესაც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირები უარს აცხადებენ ჩვენების მიცემაზე და სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულება კი არ არსებობს, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას დადასტურებულად მიეჩნია ძალადობის განხორციელების ფაქტები, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს პირის მსჯავრდების საკითხზე.
ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ ირიბი მოწმეები, რომლებმაც დაზარალებულისაგან შეიტყვეს, რომ ქმარმა იძალადა მასზე, თუმცა მათი ჩვენებები ვერ გადამოწმდა პირველწყაროსთან - დაზარალებულთან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას, რის გამოც ნაკლებია ამ ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა. სწორედ ამიტომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ------- მ----------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ------- მ----------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 28 ნოემბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. რ------- მ----------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 2 დეკემბრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------ის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და რ------- მ----------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. რ------- მ---------ნს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი