გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/21-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი
მოსარჩელე - თ----- კ-------–---–ი;
მოსარჩელის წარმომადგენელი - რ--------- ხ----–--–--ა;
მოპასუხე - მ-------- ხ----–--ე;
მოპასუხის წარმომადგენელი - მ---- დ---------ე;
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე მ-------- ხ----–--ეს მისი მცირეწლოვანი შვილების - ნ-----–--ზ ხ----–--ის (დაბადებული: 2010 წლის 10 დეკემბერს), ი-------–ა ხ----–--ის (დაბადებული: 2012 წლის 31 მაისს) და ლ---- ხ----–--ის (დაბადებული: 2015 წლის 15 დეკემბერს) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის სახით თითოეულ შვილზე ყოველთვიურად 250 ლარის გადახდა, ჯამში 750 ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან მათ სრულწლოვანებამდე.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: თ----- კ-------–---–ი და მ-------- ხ----–--ე წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები - 2010 წლის 10 დეკემბერს დაბადებული ნ-----–--ზ ხ----–--ე, 2012 წლის 31 მაისს დაბადებული ი-------–ა ხ----–--ე და 2015 წლის 15 დეკემბერს დაბადებული ლ---- ხ----–--ე. უთანხმოების გამო მხარეებმა ერთად ცხოვრება შეწყვიტეს. თანაცხოვრების შეწყვეტის დღიდან ბავშვებს ზრდის მოსარჩელე და მოპასუხე მ-------- ხ----–--ე არანაირ მონაწილეობას არ ღებულობს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მ-------- ხ----–--ემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, განმარტა, რომ თანახმა არის შვილების - ნ-----–--ზ ხ----–--ის, ი-------–ა ხ----–--ის და ლ---- ხ----–--ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაიხადოს 250 ლარი, სამივე ბავშვზე ერთად. არ მუშაობს, არანაირი შემოსავალი არ გააჩნია, ცხოვრობს პენსიონერ მამასთან ერთად და გარდა მამის პენსიისა სხვა შემოსავალი არ აქვს. ბავშვები ცხოვრობენ მასთან, დედასთან მხოლოდ სტუმრად დადიან, იხდის ხარჯებს, რაც ბავშვების მოვლას ჭირდება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე თ----- კ-------–---–ი წლების განმავლობაში ცხოვრობდა მ-------- ხ----–--ესთან. უთანხმოების გამო მხარეებმა ერთად ცხოვრება შეწყვიტეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. თ----- კ-------–---–ს და მ-------- ხ----–--ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები: 2010 წლის 10 დეკემბერს დაბადებული ნ-----–--ზ ხ----–--ე, 2012 წლის 31 მაისს დაბადებული ი-------–ა ხ----–--ე და 2015 წლის 15 დეკემბერს დაბადებული ლ---- ხ----–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 15-16).
3.1.3. თ----- კ-------–---–ი არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.1.4. მ-------- ხ----–--ე ცხოვრობს პენსიონერ მამასთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ უნდა გადახდეს ალიმენტი ყოველთვიურად - 125-125-125 ლარის ოდენობით ჯამში 375 ლარი, 2019 წლის 09 იანვრიდან მათ სრულწლოვანებამდე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები; „ბავშვის უფლებათა“ კონვენცია;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლების მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
კანონის მოხმობილი ნორმებით გათვალისწინებული საალიმენტო სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე ბავშვს უჩნდება უფლება, მოითხოვოს უზრუნველყოფა საარსებო სახსრებით, ანუ ალიმენტის გადახდა, მშობლებს კი უჩნდებათ მოვალეობა უზრუნველყონ არასრულწლოვანი შვილი ამგვარი საშუალებებით.
6.2. ბავშვთა უფლებების კონვენციით, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.
გადასახდელი ალიმენტის ოდენობაზე მშობლები ვერ თანხმდებიან. მოპასუხე შესაგებელში აცხადებს, რომ თანახმა არის ალიმენტის სახით სამივე ბავშვზე ერთად გადაიხადოს 250 ლარი.
დადგენილია, რომ მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ნ-----–--ზ ხ----–--ე, ი-------–ა ხ----–--ე და ლ---- ხ----–--ე ფაქტობრივად ცხოვრობს დედასთან, თ----- კ-------–---–თან ერთად. მოპასუხე მ-------- ხ----–--ე არ მუშაობს, იგი ცხოვრობს პენსიონერ მამასთან ერთად. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ ბავშვებს სჭირდება ზრუნვა და მატერიალური უზრუნველყოფა, რომლის ვალდებულება თანაბრად ეკისრება ორივე მშობელს. ამ თვალსაზრისით, მოპასუხის უპირობო ვალდებულებაა არჩინოს არასრულწლოვანი შვილები, შექმნას მისთვის ცხოვრების ნორმალური პირობები აღზრდისა და განვითარებისათვის.
6.3. ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.
კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის მე-2 პრინციპის მიხედვით, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ამავე რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთიანობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.
6.4. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო, რელიგიურ თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით.
6.5. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მისი მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლო ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ გადაწყვეტილებებში განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
6.6. განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნების - ნ-----–--ზ ხ----–--ის, ი-------–ა ხ----–--ის და ლ---- ხ----–--ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვები ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს. ბავშვები არიან მცირეწლოვნები, რომელთა აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მშობლის მატერიალური მდგომარეობა არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ვალდებული პირის პირობების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ფინანსური შესაძლებლობებით, არამედ მნიშვნელოვანია ასევე მისი პოტენციალიც, თუ რამდენად შრომისუნარიანია იგი და აქვს თუ არა შესაძლებლობა, უზრუნველყოს შვილის მატერიალური გარემო. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე.
კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ობიექტური გარემოებების განსჯის და შეფასების სტანდარტი, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ის გარემოებაც, თუ რამდენად სტაბილური და მყარია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილებზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის თებერვლის თვისათვის - 179.1 ლარს).
6.7. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთ-ერთ საქმეში – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტავს, რომ: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.
სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს, შესაბამისად, მშობლის სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვების რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი.
მოპასუხე მ-------- ხ----–--ე თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით თანახმაა, გადაიხადოს არასრულწლოვანი შვილებისთვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 250 ლარი, სამივე ბავშვზე ერთად, რაც არ წარმოადგენს გონივრულ თანხას ბავშვების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით. შვილის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი.
6.8. მოსარჩელე ითხოვს ალიმენტის დაკისრებას 750 ლარის ოდენობით, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მცირეწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში - 125-125-125 ლარი, ჯამში 375 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2019 წლის 09 იანვრიდან, შვილების - ნ-----–--ზ ხ----–--ის, ი-------–ა ხ----–--ის და ლ---- ხ----–--ის სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. 39-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (სსსკ-ის 46-ე მუხლი; ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონი);
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან თ----- კ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო შვილების სასარგებლოდ 250 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულობის და მოპასუხის პოზიციის გათვალისწინებით, მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 45 ლარი.
7.2. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.
ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურებისათვის გაღებული ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას 300 ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ----- კ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე მ-------- ხ----–--ეს მისი არასრულწლოვანი შვილების - ნ-----–--ზ ხ----–--ის (დაბ. 2010 წლის 10 დეკემბერს ), ი-------–ა ხ----–--ის (დაბ. 2012 წლის 31 მაისს) და ლ---- ხ----–--ის ( დაბ. 2015 წლის 15 დეკემბერს) სარჩოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად 125-125-125 ლარი, ჯამში 375 ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 09 იანვრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
3. მოპასუხე მ-------- ხ----–--ეს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 45 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. მოპასუხე მ-------- ხ----–--ეს მოსარჩელე თ----- კ-------–---–ის სასარგებლოდ გადახდეს საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 150 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა დიდავა