გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.04.2019
საქმის ნომერი
210210118002726054
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210118002726054

საქმე №2/793-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

03 აპრილი 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი

 

მოსარჩელე: შპს „ ხ-- ”

წარმომადგენელი ბა-------------–---ი

მოპასუხე: შპს ,, მე-------------ი “

წარმომადგენელი: გი---------------–---–ი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1.სარჩელის მოთხოვნები:

 

1.1.მოპასუხე შპს „ მე-------------ი - 20--“-ს მოსარჩელე შპს „ ხ--ის “ სასარგებლოთ დაეკისროს 13 818.6 (ცამეტი ათას რვაას თვრამეტი ლარი და 60 თეთრი) ლარის გადახდა.

 

სარჩელის დასაბუთება:

 

მოსარჩელე შპს „ ხ--ის“ და მოპასუხე შპს ,,მე-------------ს“ შორის საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა 2017 წლის ივნისში, რა დროსაც მხარეებს შორის დაიდო ზეპირი შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხე სისტემატურად ყიდულობდა პროდუქტს (ცემენტს). შექმნილი პროდუქციის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა მოპასუხე, რის შემდეგაც, შეთანხმებისამებრ, ვალდებული იყო გადაეხადა შესაბამისი ღირებულება. შპს ,,მე-------------ი - 20--“-ის მიერ განხორციელდა საქონლის შესყიდვა 13-ჯერ, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 70 636.2 ლარი. შპს ,, მე-------------მა “ ნაწილობრივ შეასრულა მისი ვალდებულება, გადახდილმა თანხამ შეადგინა 56 817.6 ლარი, ხოლო მოპასუხეს დავალიანება შეადგენს 13 818.6 (ცამეტი ათას რვაას თვრამეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადაოდ არ ხდის იმას, რომ შპს ,, ხ--ის “ მიწოდებული აქვთ საქონელი და გადახდის ვალდებულება ბოლომდე არ აქვს შესრულებული, რის გამოც ერისრებათ დავალიანება. შესაბამისად, შპს ,,მე-------------ი 20--“ მზად არის შეასრულოს ვალდებულება მოსარჩელისათვის თანხის გადახდაზე, თუმცა ამის საშუალება სამწუხაროდ არ გააჩნია, რადგან იმ ობიექტზე, სადაც დაიხარჯა მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონელი დედოფლისწყაროში და სადაც მოსარჩელის მხრიდან შესრულებულია გზის მშენებლობის სამუშაოები, დრემდე მოპასუხეს შემკვეთისაგან არ მიუღია კუთვნილი თანხა. აღნიშნული თანხის მიღებისთანავე მოპასუხე გადაუხდის მოსარჩელეს მის კუთვნილ თანხას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის ივნისიდან, მოსარჩელე შპს „ ხ--“-ს მიერ მოპასუხე შპს ,, მე-------------ისთვის “ პერიოდულობით მიწოდებული იქნა პროდუქტი (ცემენტი), რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 70 636.2 (სამოცდაათი ათას ექვსას ოცდათექვსმეტი ლარი და 2 თეთრი) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო ანგარიშფაქტურები

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს ,, მე-------------მა “ ნაწილობრივ შეასრულა მისი ვალდებულება, გადახდილმა თანხამ შეადგინა 56 817.6 ლარი, ხოლო მოპასუხეს დავალიანება შეადგენს 13 818.6 (ცამეტი ათას რვაას თვრამეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარს. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება მოპასუხეს სრულად გადახდილი არა აქვს და დავალიანება შეადგენს 13 818.6 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო ანგარიშფაქტურები

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ

ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე,317-ე, 361-ე, 477-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძოდ სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

აღნიშნული ნორმების ანალიზით, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა. შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც, რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - გამყიდველსა და მყიდველს გააჩნიათ.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის წარმოიშვა სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან, იგი ეფუძნება ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის დადებული იყო ზეპირი ფორმით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. გარიგების შესრულებულად მიჩნევისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ჯეროვნად და სრულყოფილად განხორციელება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ფორმალურად არ ცნო, მაგრამ დაადასტურა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ დაადასტურა საქმეში წარმოდგენილი ანგარიშფაქტურების ნამდვილობა და ის რომ, ამ ანგარიშფაქტურების მიხედვით საქონლის მიწოდება ნამდვილად განხორციელდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადებში და შპს „ ხ--ის “ მიერ მისთვის შპს „ მე-------------ისთვის“ მიწოდებული იქნა ნივთობრივად უნაკლო ნივთი, კერძოდ ცემენტი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 70636.2 (სამოცდაათი ათას ექვსას ოცდათექვსმეტი ლარი და ორი თეთრი) ლარს და მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურებული აქვს თანხის ნაწილი 56 817.6 ლარი, ხოლო მოპასუხის დავალიანება შეადგენს 13 818.6 (ცამეტი ათას რვაას თვრამეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის არგუმენტი, რომ შპს ,,მე-------------ი 20--“ არ აქვს საშუალება გადაუხადოს მოსარჩელეს გადასახდელი თანხა ვინაიდან მის მიმართ მესამე პირს (დამკვეთს) არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულება, არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად „ მოვალე პასუხისმგებელია შესრულებისათვის მაშინაც, როცა შესრულების საგანი სხვა პირისაგან უნდა მიეღო და ვერ მიიღო, თუკი ხელშეკრულებიდან ან სხვა გარემოებებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს“.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის დავალიანების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრული მოცულობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 415 (ოთხას თხუთმეტი) ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოპასუხემ სასამართლოს სხდომაზე სარჩელი არ ცნო და ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 415 და უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

1.1.მოპასუხე შპს „ მე-------------ი 20-- “-ს მოსარჩელე შპს „ ხ--“-ის სასარგებლოთ დაეკისროს 13 818.6 (ცამეტი ათას რვაას თვრამეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე შპს „ მე-------------ი 20-- “-ს მოსარჩელე შპს „ ხ--“-ის სასარგებლოთ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 415 (ოთხას თხუთმეტი) ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე