გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N080210017002103885
№ 2/2701-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 მარტი 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე – შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ-------------ი“;
წარმომადგენელი - მი----- ბუ-------–ი;
მოპასუხე – ავ--------– ნა---–--–-–---–ი;
წარმომადგანელი – ა-- წი–--–-–---–ი;
მოპასუხე –სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი – მი------ა კი------ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ავ--------– ნა---–--–-–---–ს (პ.ნ. 6----------) შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკიროს 12 108.33 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი თა-----–---–ის 22 (ყოფილი თა-----–---–ის 8, ყოფილი მარქსის ქუჩა 8), ბინა 30 (ს.კ. 0------------------) იძულებით რეალიზაციის გზით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2012 წლის 13 ივნისს მოსარჩელეს და ავ--------– ნა---–--–-–---–ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N3510, ასევე მის საფუძველზე გაფორმდა ამავე ხელშეკრულების დანართები: 13.06.2012 წლის იპოთეკის ხელშეკრულება N3510 და 21.06.2012 წლის საკრედიტო ხელშეკრულება N3510. აღნიშნულ გარიგებათა საფუძველზე მოსარჩელემ გაასესხა, ხოლო მოპასუხემ ისესხა თანხა 10000 აშშ დოლარი შემდეგი პირობებით: სესხის ვადა 10 წელი, სარგებელი სესხზე –წლიური 30%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ძირითადი თანხის 0.5% ყოველდღიურად. ავ--------– ნა---–--–-–---–მა სესხის ხელშეკრულება დაარღვია 2017 წლის 21 აგვისტოდან, ამ პერიოდიდან დაიწყო სესხზე პირგასამტეხლოს დარიცხვა, რამაც 32 დღეზე გაანგარიშებით შეადგინა 1600 აშშ დოლარი. ავ--------– ნა---–--–-–---–ის მიერ საპროცენტო სარგებლის სახით გადახდილია 15150 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლოს სახით – 400 აშშ დოლარი. მისი დავალიანება შეადგენს 12108.33 აშშ დოლარს, საიდა--ც 10000 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხაა, პროცენტი – 508.33 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 1600 აშშ დოლარი. სახელმწიფოს წინაშე ავ--------– ნა---–--–-–---–ის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, მისი კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული ქონება, საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ავ--------– ნა---–--–-–---–მა არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
2.2. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობასა და უსაფუძვლობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 13 ივნისს მოსარჩელეს და ავ--------– ნა---–--–-–---–ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N3510, ასევე მის საფუძველზე გაფორმდა ამავე ხელშეკრულების დანართები: 13.06.2012 წლის იპოთეკის ხელშეკრულება N3510 და 21.06.2012 წლის საკრედიტო ხელშეკრულება N3510. აღნიშნულ გარიგებათა საფუძველზე მოსარჩელემ გაასესხა, ხოლო მოპასუხემ ისესხა თანხა 10000 აშშ დოლარი შემდეგი პირობებით: სესხის ვადა 36 თვე, სარგებელი სესხზე –წლიური 30%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ძირითადი თანხის 0.5% ყოველდღიურად. მხარეები 2012 წლის 13 ივნისის ხელშეკრულების 2.4. პუნქტით შეთანხმდნენ, რომ მხარეთა შორის შესაძლებელი იყო ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, რაც გულისხმობდა მოპასუხის მიერ ყოველთვიურად სარგებლის თანხის გადახდას, ძირითადი თანხის სრულად დაფარვამდე. შესაბამისად, მოპასუხე, ისე რომ არ დაუბრუნებია სესხის ძირითადი თანხა, აგრძელებდა ყოველთვიურად პროცენტის სახით 250 აშშ დოლარის გადახდას 2017 წლის 21 ივნისამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება N3510 (ს.ფ. 16–18)
- 13.06.2012 წლის იპოთეკის ხელშეკრულება N3510 ( ს.ფ. 19-22);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.24-25);
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ.84-85);
3.1.2. სახელმწიფოს წინაშე ავ--------– ნა---–--–-–---–ის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, მისი კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული ქონება, 2014 წლის 17 ივლისს საკუთრების უფლებით გადაეცა სახელმწიფოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აღსრულების ეროვნული ბიურის განკარგულება უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ ( ს.ფ. 26)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 27-28);
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ ავ--------– ნა---–--–-–---–ის დავალიანება შეადგენს 12108.33 აშშ დოლარს, საიდანაც 10000 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხაა, პროცენტი – 508.33 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 1600 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ ( ს.ფ. 29);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტებისა მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში, 2012 წლის 13 ივნისს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ-------------ს“ და ავ--------– ნა---–--–-–---–ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N3510, ასევე მის საფუძველზე გაფორმდა ამავე ხელშეკრულების დანართები: 13.06.2012 წლის იპოთეკის ხელშეკრულება N3510 და 21.06.2012 წლის საკრედიტო ხელშეკრულება N3510. აღნიშნულ გარიგებათა საფუძველზე მოსარჩელემ გაასესხა, ხოლო მოპასუხემ ისესხა თანხა 10000 აშშ დოლარი შემდეგი პირობებით: სესხის ვადა 36 თვე, სარგებელი სესხზე –წლიური 30%. მხარეები 2012 წლის 13 ივნისის ხელშეკრულების 2.4. პუნქტით შეთანხმდნენ, რომ შესაძლებელი იყო ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, რაც გულისხმობდა მოპასუხის მიერ ყოველთვიურად სარგებლის თანხის გადახდას, ძირითადი თანხის სრულად დაფარვამდე. შესაბამისად, მოპასუხე აგრძელებდა ყოველთვიურად პროცენტის სახით 250 აშშ დოლარის გადახდას 2017 წლის 21 ივნისამდე. ავ--------– ნა---–--–-–---–ს მითითებული პერიოდის შემდეგ არ დაუბრუნებია სესხის ძირითადი თანხა 10000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების შეწყვეტამდე (2017 წლის 26 სექტემბრამდე) დარიცხულმა პროცენტის ოდენობამ კი შეადგინა 508.33 აშშ დოლარი, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს განაკვეთი - სესხის ძირითადი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასამართლოს მოსაზრებით ეს ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1600 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 500 აშშ დოლარამდე.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
განსახილველ შემთხვევაში, 2012 წლის 13 ივნისს მოსარჩელეს და ავ--------– ნა---–--–-–---–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N3510, რომლითაც უძრავი ქონება ს.კ. 0------------------, დაიტვირთა იპოთეკით.
2014 წლის 17 ივნისს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 17 ივლისის განკარგულებით მითითებული უძრავი ქონება ნატურით გადაეცა სახელმწიფოს, კრედიტორის სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილით, სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.
მოცემულ შემთხვევაში, იპოთეკის უფლება არ გაუქმებულა, ძველი მესაკუთრის ავ--------– ნა---–--–-–---–ის ადგილი იპოთეკის ხელშეკრულებაში დაიკავა სახელმწიფომ, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით დავალიანების დაფარვის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით, 1. სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, ავ--------– ნა---–--–-–---–მა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები დაარღვია 2017 წლის 21 აგვისტოს, როდესაც არ გადაიხადა სარგებლის თანხა, სასამართლოში სარჩელი კი წარმოდგენილია 2017 წლის 26 სექტემბერს. შესაბამისად, არ არის დარღვეული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 902 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ავ--------– ნა---–--–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 819.28 ლარი.
7. სარჩელის უზრუნველყოფა.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ-------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ავ--------– ნა---–--–-–---–ს (პ.ნ. 6----------) შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ-------------ის“ (ს.ნ. 205034639) სასარგებლოდ დაეკიროს 11608.33 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი თა-----–---–ის 22 (ყოფილი თა-----–---–ის 8, ყოფილი მარქსის ქუჩა 8), ბინა 30 (ს.კ. 0------------------) იძულებით რეალიზაციის გზით.
2. მოპასუხე ავ--------– ნა---–--–-–---–ს (პ.ნ. 6----------) შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 819.28
ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე