გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/9762-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
05 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე - სს ,,თე-–--ი”
წარმომადგენელი - ვლ---------------–---–ი
მოპასუხე - სს ,,Hu----------------------------------------e”
წარმომადგენელი - ნი------------–---ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს ,,Hu----------------------------------------e”-ს მოსარჩელე სს ,,თე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანების - 4393,83 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოპასუხე სს ,,Hu----------------------------------------e” წარმოადგენს სს ,,თე-–--ის“ მომხმარებელს, რომლის სააბონენტო ნომერია N3------. მოპასუხეს სარჩელის აღძვრის დროისათვის ერიცხება მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება 4393,83 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოიშვა 2017 წლის აგვისტოდან ელექტროენერგიის საფასურის არასრულყოფილი გადახდების გამო, ხოლო 2018 წლის 29 იანვრიდან დღემდე მოპასუხეს შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება სემეკის 18.09.2008წ. N20-ე დადგენილების პირობების (მე-9 მუხლი) შესაბამისად.
მოპასუხეს ბოლო გადახდა უფიქსირდება 2017 წლის 31 აგვისტოს, გადახდილი თანხა 144,79 ლარი. 2018 წლის იანვრიდან, მიუხედავად ელ. ენერგიის შეწყვეტისა, მოპასუხე არ იხდის სს ,,თე-–--ი“-ს მიერ გაწეული მომსახურების - მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სს ,,თე-–--მა“ უსაფუძვლოდ და უკანონოდ არ უზრუნველყო მომხმარებლის უფლების დაკმაყოფილება - მოთხოვნის შესაბამისად ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტა. რითიც დაარღვია სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის დადგენილება N20-ის ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ მე-14 მუხლი, რომლის თანახმადაც მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას განაწილების ლიცენზიატის მომსახურებაზე, რის შესახებაც მან 10 დღით ადრე მაინც უნდა აცნობოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. მოპასუხემ არაერთხელ აცნობა სს ,,თე-–--ს“ თუმცა მომხმარებლის მოთხოვნა უგულვებელყვეს და დაარღვიეს მომხმარებლის უფლება უარი განაცხადოს ელექტროენერგიის მიღებაზე. სს ,,თე-–--მა“ ბოროტად გამოიყენა მისი მდგომარეობა, უფლება და არ გაითვალისწინა მოპასუხის კანონიერი მოთხოვნა ელექტროენერგიის შეწყვეტის თაობაზე, რაც სარჩელს უსარფუძვლოს ხდის და უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „თე-–--ი“ აბონენტს #3------, მოპასუხე სს ,,Hu----------------------------------------e”-ს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აწვდიდა ელექტროენერგიას. მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.
დღეის მდგომარეობით მოპასუხეს გააჩნია მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება 4393,83 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 17-58);
- დარიცხვა-შემოსავლის ისტორია (ს.ფ. 61-66);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. სს ,,თე-–--ის” აბონენტის №3------ სს ,,Hu----------------------------------------e”-ს დავალიანება 4393,83 ლარის ოდენობით, მოიცავს 2017 წლის ივლისის თვიდან 2018 წლის 29 იანვრამდე მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას.
N3------ სააბონენტო ნომერზე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდებოდა N7----- მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 17-58);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. სს ,,თე-–--მა” N3------ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა 2018 წლის 29 იანვარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის გათიშვა-აღდგენის ისტორია (ს.ფ. 67);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ N3------ სააბონენტო ნომერზე არსებული N7----- მრიცხველით ელექტროენერგიის მოხმარება ხდებოდა სს ,,Hu----------------------------------------e”-ს მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს, მაშასადამე მან არამარტო უნდა გამოთქვას საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ მტკიცებულებასა და ფაქტთან დაკავშირებით, არამედ უნდა დაასაბუთოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოპასუხე მისი პოზიციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008წ. N20 დადგენილების იმ ნაწილზე (მე-14 მუხლი), სადაც მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას განაწილების ლიცენზიატის მომსახურებაზე. მოპასუხეს მიაჩნია, რომ მითითებული უფლება დაარღვია სს ,,თე-–--მა“, რადგან არ გაითვალისწინა მოპასუხის მოთხოვნა ელექტროენერგიის შეწყვეტის თაობაზე.
სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სს ,,თე-–--ი“-ს მხრიდან მყისიერად არ მოხდა რეაგირება სს ,,Hu----------------------------------------e”-ს მოთხოვნაზე და დარღვეული იქნა 18.09.2008წ. N20 დადგენილებით გათვალისწინებული ვადები, განსახილველი დავა უნდა მოწესრიგდეს სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი სამართლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნორმებით.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ N20 დადგენილების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას განაწილების ლიცენზიატის მომსახურებაზე, რის შესახებაც მან 10 დღით ადრე მაინც უნდა აცნობოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს, თუმცა ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
როგორც დგინდება, N3------ სააბონენტო ნომერზე არსებული N7----- მრიცხველით ელექტროენერგიის მოხმარება ხდებოდა სს ,,Hu----------------------------------------e”-ს მიერ, შესაბამისად, მხარეთა შორის ჩამოყალიბდა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მოპასუხემ სასამართლოს წარმოუდგინა სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის დასტურად არის 2017 წლის წერილები, რომლითაც მოპასუხე სს ,,თე-–--ს“ სთხოვდა ელექტროენერგიის შეწყვეტას. თუმცა იმ პირობებში როდესაც სს ,,თე-–--ი“-ს დაბალი ძაბვის ენერგოზედამხედველობის ჯგუფის მიერ მოხდა აბონენტის N3-------ის მრიცხველებისა და ქსელის, ასევე ქვეაბონენტების აღრიცხვის კვანძების შემოწმება და დადგინდა, რომ ყველა აღრიცხვის კვანძი მუშაობდა ნორმის ფარგლებში, სს ,,თე-–--ი“-ს მხრიდან ელექტროენერგიის გათიშვის მიზნით დაგვიანებული ქმედებები, არ წარმოშობს ელექტროენერგიის საფასურის გადახდისაგან მოპასუხის გათავისუფლების საფუძველს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თავად მოპასუხის ახსნა-განმარტებაზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ სს ,,Hu----------------------------------------e”-ს კუთვნილ შენობაში იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ობიექტის დაცვას.
საქმეში წარმოდგენილია, აგრეთვე სს ,,თე-–--ი“-ს უფლებამოსილი პირის მიერ 2017 წლის 15 დეკემბერს შედგენილი ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც სს ,,Hu----------------------------------------e”-ს განცხადების საფუძველზე მოხდა მისი კუთვნილი მრიცხველის და ელ. ქსელის დათვალიერება. აღნიშნული დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ აღრიცხვის კვანძები, როგორც ძირითადი, ასევე ქვეაბონენტთა, აღრიცხავდნენ ნორმის ფარგლებში, შემოწმების მომენტში ძირითადი აბონენტი მოიხმარდა 27,4 კვ.ტ. ელ. ენერგიას სთ-ში. ამ მომენტისათვის ძირითადი აბონენტის დარაჯს ჩართული ჰქონდა ელ. ღუმელი 2,5 კვტ., ტელევიზორი და განათება. (ს.ფ. 76);
მოცემულ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ N3------ სააბონენტო ნომერზე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდებოდა N7----- მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება დენის მიტაცების ფაქტი. საქმეში არსებობს ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტები, რომლის მიხედვითაც ქსელის და აღრიცხვის კვანძების შემოწმება ჩატარდა ობიექტის წარმომადგენლის თანდასწრებით და დარღვევა არ დაფიქსირებულა, ქსელი წესრიგშია.
ამგვარად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, საფუძველს აცლის მოპასუხის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მას ვალდებულება არ აკავშირებს სს ,,თე-–--თან“ და მის მიერ სადავო პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება არ ხდებოდა N7----- მრიცხველის მეშვეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტები (ს.ფ. 76-78, 80-81);
- სს ,,თე-–--ის“ პასუხები სს ,,Hu----------------------------------------e”-ს წერილებზე (ს.ფ. 133-136);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სს ,,თე-–--ი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 427-ე, 477-ე მუხლები.
''ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სს „თე-–--ი“ მოპასუხე სს ,,Hu----------------------------------------e”-ს (აბონენტი #3------), ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აწვდიდა ელექტროენერგიას. მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
''ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის დადგენილების მესამე მუხლის მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ''ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის დადგენილების მე–9 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად.
სადავო არ არის ის გარემოება, რომ ელექტროენერგიის მიმდინარე საფასურის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ აბონენტს მიაწოდა ელექტროენერგია, რომლის ღირებულების გადახდა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხე მხარის ვალდებულებას წარმოადგენდა.
დღეის მდგომარეობით მოპასუხეს გააჩნია მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება - 4393,83 ლარი. დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს არ აუნაზღაურა მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება.
საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ N3------ სააბონენტო ნომერზე არსებული N7----- მრიცხველით ელექტროენერგიის მოხმარება ხდებოდა სს ,,Hu----------------------------------------e”-ს მიერ.
გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საფუძველს აცლის მოპასუხის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მას სს ,,თე-–--ის“ მიმართ სარჩელით მოთხოვნილი თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია და რომ სადავო პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება არ ხდებოდა N7----- მრიცხველის მეშვეობით.
მოპასუხე მისი პოზიციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18.09.2008წ. N20 დადგენილების მე-14 მუხლზე, რომლის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას განაწილების ლიცენზიატის მომსახურებაზე. მოპასუხის მტკიცებით, სს ,,თე-–--მა“ დაარღვია აღნიშნული უფლება, რადგან არ გაითვალისწინა მოპასუხის მოთხოვნა ელექტროენერგიის შეწყვეტის თაობაზე.
სასამართლოს მოსაზრებით, მიუხდავად იმისა, რომ სს ,,თე-–--ი“-ს მხრიდან მყისიერად არ მოხდა რეაგირება სს ,,Hu----------------------------------------e”-ს მოთხოვნაზე და დარღვეული იქნა 18.09.2008წ. N20 დადგენილებით გათვალისწინებული ვადები, განსახილველი დავა უნდა მოწესრიგდეს სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი სამართლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნორმებით.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ N20 დადგენილების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას განაწილების ლიცენზიატის მომსახურებაზე, რის შესახებაც მან 10 დღით ადრე მაინც უნდა აცნობოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს, თუმცა, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ N3------ სააბონენტო ნომერზე არსებული N7----- მრიცხველით ელექტროენერგიის მოხმარება ხდებოდა სს ,,Hu----------------------------------------e”-ს მიერ, მხარეთა შორის ჩამოყალიბდა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მოპასუხემ სასამართლოს წარმოუდგინა მოთხოვნის უსაფუძვლობის დასტურად არის 2017 წლის წერილები, რომლითაც მოპასუხე სს ,,თე-–--ს“ სთხოვდა ელექტროენერგიის შეწყვეტას. თუმცა, როგორც აღინიშნა, იმ პირობებში როდესაც სს ,,თე-–--ი“-ს მიერ მოხდა აბონენტის N3-------ის მრიცხველებისა და ქსელის, ასევე ქვეაბონენტების აღრიცხვის კვანძების შემოწმება და დადგინდა, რომ ყველა აღრიცხვის კვანძი მუშაობდა ნორმის ფარგლებში, სს ,,თე-–--ი“-ს მხრიდან ელექტროენერგიის გათიშვის მიზნით დაგვიანებული ქმედებები, არ წარმოშობს ელექტროენერგიის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და 102-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრება იმ გარემოებათა დამტკიცება, რაც მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის საფუძვლიანობაში დაარწმუნებს სასამართლოს. მეორე მხრივ კი, მოპასუხეს ეკისრება მის მიმართ წაყენებული მოთხოვნის გაქარწყლება. სასამართლოს მიაჩნია, რომ წერილობითი მტკიცებულებები, რომლითაც გამყარებულია მოსარჩელის მოთხოვნა და საქმეში არსებული ყველა ამ მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით სარჩელით მოთხოვნილ თანხაზე უფლებამოსილ პირს, სწორედ მოსარჩელე წარმოადგენს. საპირისპირო მტკიცებულება კი, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია შესასრულებელი ვალდებულება. სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 131,82 ლარი (ს.ფ. 85);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სს ,,Hu----------------------------------------e”-ს სს ,,თე-–--ი”-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 131,82 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,თე-–--ი”-ს სარჩელი მოპასუხე სს ,,Hu----------------------------------------e”-ს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე სს ,,Hu----------------------------------------e”-ს მოსარჩელე სს ,,თე-–--ი”-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანების - 4393,83 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე სს ,,Hu----------------------------------------e”-ს მოსარჩელე სს ,,თე-–--ი”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 131,82 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი