გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4184-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - შპს „თ----“
წარმომადგენელი - დ----------------
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ა-–---------------------
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - თ----------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 28 თებერვლის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 მარტის №6--- ბრძანება.
1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება (№5---------- საჩივარზე). (იხ. 2018 წლის 3 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გ-----ს რაიონული სამმართველოს 2018 წლის 19 თებერვლის №M------------- წერილის თანახმად, შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, გ-----ს რაიონული სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №0----------1 საქმე, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 3 სექტემბერს, ქალაქ გო--–------------ას ქუ-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებული იქნა „მ----“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით S------, რომელსაც მართავდა გი----------–---–---–ი. მძღოლს ავტომანქანით გადაჰქონდა ხის მასალა - ფიცარი, სულ 22.67მ3, საიდანაც 16.17მ3 ფიცარი ეკუთვნოდა თე------------–-------–-ილს, ხოლო 6.50მ3 ფიცარი ეკუთვნოდა ნო----------–---–ს. აღნიშნული 6.50მ3 ფიცარი თე------------–-------–-ილს, მესაკუთრის თხოვნით და მასთანვე შეთანხმებით, გადაჰქონდა ნო----------–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს ქალაქ გო--–---------–---–ის ქ---------ში. საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა თე------------–-------–-ილი, რომელმაც განმარტა, რომ მის საკუთრებაშია შპს „თ----“, რომლის ძირითადი საქმიანობაა ხე-ტყის გადამუშავება. სახერხი საამქრო მოწყობილი აქვს გ-----ს რაიონის სოფელ ტ-------ში. იგი ყიდულობს სამასალე მორებს ლიცენზიანტი ორგანიზაციებისაგან და შემდგომ ყიდის სხვადასხვა პირებსა და ორგანიზაციებზე. ჰყავს ბუღალტერი დ----------------, რომელიც აწესრიგებს შპს „თ----ს“ საბუღალტრო საქმიანობას. მოწმის განმარტებით, 2017 წლის 12 სექტემბერს, გი----------–---–---–ის კუთვნილ მანქანაზე დატვირთა 22მ3 ფიცარი, აქედან 16,17მ3 იყო შპს „ნა-------ისაგან“ შეძენილი და გადამუშავებული ფიცარი, რომელიც უნდა მიეყიდა შპს „ნ----სთვის“, ხოლო დანარჩენი იყო ფიზიკური პირის - ნო----------–---–ის კუთვნილი მასალა, რომელსაც მასალის მოპოვების და გადამუშავების შესაბამისი ნებართვა ჰქონდა ქალაქ გ-----ს გამგეობისგან მიღებული და აღნიშნული მასალა ჭირდებოდა სახლში არსებული სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. მოწმის განმარტებით, მას თავის კომპანიის ბუღალტრის და-----------–--ის მეშვეობით მასალის მოპოვებასთან, გადამუშავებასა და გადაზიდვასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვს და რამე კანონდარღვევას მისი მხრიდან ადგილი არ ქონია. საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა შპს „თ----ს“ ბუღალტერი - დ----------------, რომელმაც განაცხადა, რომ 2017 წლის აგვისტოს თვიდან მუშაობს შპს „თ----ს“ ბუღალტრად. შპს „თ----“ არის სახერხი საამქრო და მას ევალება აღნიშული საამქროს ბუღალტრული საქმიანობის მოწესრიგება. 2017 წლის 22 სექტემბერს, 19:55 საათზე შემოსავლების სამსახურის გადამხდელის საგადასახადო გვერდზე (RS.ge) გარემოს დაცვის სააგენტოს სახერხი საამქროს ელექტრონულ გვერდზე (E--------ge) ატვირთა მრგვალი ხე-ტყის მცენარეთა პირველადი გადამუშავების პროდუქტების სახერხი საამქროდან გატანის შესახებ ცნობები: ცნობა №1 - 0------------------, ფიცრის მოცულობა 3მ3; ცნობა №2-----------------------, ფიცრის მოცულობა 8,15მ3; ცნობა №3 - 0------------------- ფიცრის მოცულობა 5,02მ3, ჯამში 16,17მ3 ფიცარი, აღნიშნული ფიცრის გადატანა უნდა დაწყებულიყო სოფელ ტ-------იდან გი----------–---–---–ის სახელზე რეგისტრირებული „მ----“ ფირმის სატვირთო ავტომანქანით, ხოლო ტრანსპორტირება უნდა განხორციელებულიყო ტ-------იდან ქალაქ გ-----ს მიმართულებით შ------ის გზატკეცილი №2 კილომეტრზე. მოწმის განმარტებით, 2017 წლის 2 სექტემბერს საღამოს საათებში, როდესაც შეყავდა მონაცემები ელექტრონულ ბაზაში, იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და სასაქონლო ზედნადებში მონაცემები შეიყვანა შეცდომით, ხოლო 3 სექტემბერს, დილის საათებში, გადაამოწმა ზედნადებები და აღმოაჩინა, რომ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ნომრები იყო არასწორად მექანიკური შეცდომის გამო, რაც ნახვისთანავე დააკორექტირა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩასწორებული ვერსია შენახული არ იყო, რის გამოც კიდევ ერთხელ გაასწორა 2017 წლის 3 სექტემბრის 06:56 საათზე და უკვე სწორად მიუთითა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომრები, რაც ასახულია ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებში. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 15 სექტემბრის წერილის თანახმად, ავტომანქანა „მ---ზე“ სახელმწიფო ნომრით S------, გამოწერილი სასაქონლო ზედნადები შევსებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანების 252 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით. შესაბამისად, ითვლება, რომ ტრანსპორტირება ხორციელდებოდა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რომელზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულია სანქცია - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევით. აღნიშნული, ასევე, დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხულმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის განყოფილების მთავარმა ოფიცერმა გ-------–------------–---–მა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან მიღებული წერილით ირკვევა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შპს „თ----ს“ და მოქალაქე ნო----------–---–ის მხრიდან ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებთან დაკავშირებით რაიმე დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. 2018 წლის 17 თებერვალს შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის №0----------1 საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გ-----ს რაიონული სამმართველოს 2018 წლის 19 თებერვლის №M------------- წერილის მიხედვით, საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გ-----ს რაიონული სამმართველოს 2018 წლის 19 თებერვლის №M------------- წერილი (ს.ფ.151-153);
- სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 17 თებერვლის დადგენილება (ს.ფ.154-156).
3.2. სსიპ შემოსავლების საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2018 წლის 23 თებერვალის №4---------- დასკვნის თანახმად, გ-----ს რაიონში სოფელ ახ--–-------–ის პოლიციის შენობის მიმდაბრე ტერიტორიაზე შპს „თ----ს“ კუთვნილი დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის მოცულობა შეადგენს 16.05 კუბ.მეტრს, საორიენტაციო საბაზრო ღირებულებით 9309 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2018 წლის 23 თებერვალის №4---------- დასკვნა (ს.ფ.159-163).
3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 28 თებერვალს 11:02 საათზე შედგა №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ შპს „თ----ს“ მიერ დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები (სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით), კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობისათვის 9309 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - „დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხის მასალა“ (16.05 მ3 x 580.00 ლარი), ტრანსპორტირებას (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი S------ მძღოლი გი----------–---–---–ი, გადამოწმების დრო 2018 წლის 3 სექტემბერი 04:54 სთ) ახორციელებდა კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე. შესაბამისად, შპს „თ----“ დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე ფულადი ჯარიმით 5000 ლარით და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევით. ოქმი შედგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გ-----ს რაიონული სამმართველოს 2018 წლის 19 თებერვლის №M------------- წერილის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 28 თებერვლის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.26-27);
3.4. შპს „თ----მ“ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 28 თებერვლის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 მარტის №6--- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბრძანების თანახმად, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ ზედნადებში არასწორად იქნა მითითებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომრები, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 მარტის №6--- ბრძანება (ს.ფ.23-25).
3.5. შპს „თ----მ“ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 28 თებერვლის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 მარტის №6--- ბრძანების გაუქმება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების თანახმად, გადასახადის გადამხდელის არგუმენტი, რომ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის არასწორის ნომრების ზედნადებში მითითება გამოწვეული იყო მექანიკური შეცდომით და ამის გამო სსიპ შემოსავლების სამსახურს მოცემულ შემთხვევაში არ უნდა განეხილა ზედნადების უქონლობად და ამის შედეგად უნდა გაეუქმებინა სადავო სამართალდარღვევის ოქმი, დავების განხილვის საბჭომ არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მიერ გადამხდელის მიერ მითითებული ზედნადები საერთოდ ვერ იქნა განხილული ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული საქონლისათვის განკუთვნილ ზედნადებად, შესაბამისად, გადამხდელის განმარტება იმის თაობაზე, რომ ზედნადების შევსების დროს არასწორი მონაცემების დაფიქსირება არარსებითი ხასიათის შეცდომად უნდა განხილულიყო, საბჭომ არამართლზომიერად მიიჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „თ----ს“ საჩივარი (ს.ფ.96-100);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება (ს.ფ.17-22).
3.6. 2017 წლის 13 აგვისტოს №ე-–----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მიხედვით შპს „თ----მ“ შპს „ნა-------ისაგან“ შეიძინა მრგვალი ხე-ტყე (მორები), ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომერი 5--------------------.
2017 წლის 15 აგვისტოს №ელ----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მიხედვით შპს „თ----მ“ შპს „ნა-------ისაგან“ შეიძინა მრგვალი ხე-ტყე (მორები), ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომერი 5--------------------.
2017 წლის 31 აგვისტოს №ე-–----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მიხედვით შპს „თ----მ“ შპს „ნა-------ისაგან“ შეიძინა მრგვალი ხე-ტყე (მორები), ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომერი 5--------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №5-------------------- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი (ს.ფ.177);
- 2017 წლის 13 აგვისტოს №ე-–----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.178-180);
- №5-------------------- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი (ს.ფ.181);
- 2017 წლის 15 აგვისტოს №ელ----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.182-184);
- №5-------------------- ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი (ს.ფ.185);
- 2017 წლის 31 აგვისტოს №ე-–----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.186-188).
3.7. „მრგვალი ხე-ტყის, ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ“ 2017 წლის 2 სექტემბრის (შედგენის დრო:19:40სთ) №0------------------- ცნობის თანახმად, შპს „თ----ს“ სახერხი საამქროდან, შპს „თ----ს“ მფლობელობაში არსებული 3მ3 ფიცრის გამტან პირად დაფიქსირდა გი----------–---–---–ი პ/ნ 5---------- (ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი S-----).
„მრგვალი ხე-ტყის, ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ“ 2017 წლის 2 სექტემბრის (შედგენის დრო:19:44სთ) №0------------------- ცნობის თანახმად, შპს „თ----ს“ სახერხი საამქროდან, შპს „თ----ს“ მფლობელობაში არსებული 8.15მ3 ფიცრის გამტან პირად დაფიქსირდა გი----------–---–---–ი პ/ნ 5---------- (ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი S-----).
„მრგვალი ხე-ტყის, ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ“ 2017 წლის 2 სექტემბრის (შედგენის დრო:19:48სთ) №0------------------- ცნობის თანახმად, შპს „თ----ს“ სახერხი საამქროდან, შპს „თ----ს“ მფლობელობაში არსებული 5.02მ3 ფიცრის გამტან პირად დაფიქსირდა გი----------–---–---–ი პ/ნ 5---------- (ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი S-----).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მრგვალი ხე-ტყის, ხემ-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ 2017 წლის 2 სექტემბრის (შედგენის დრო:19:40სთ) №0------------------- ცნობა (ს.ფ.30);
- მრგვალი ხე-ტყის, ხემ-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ 2017 წლის 2 სექტემბრის (შედგენის დრო:19:44სთ) №0------------------- ცნობა (ს.ფ.31);
- მრგვალი ხე-ტყის, ხემ-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ 2017 წლის 2 სექტემბრის (შედგენის დრო:19:48სთ) №0------------------- ცნობა (ს.ფ.32).
3.8. 2017 წლის 2 სექტემბრის (შედგენის დრო: 19:54:00სთ) №ე-–----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების თანახმად, შპს „თ----მ“ შპს „ნ----ს“ მიჰყიდა 6791.4 ლარის ღირებულების - 3მ3, 8.15მ3, 5.02მ3 ფიცრები (ფირნიშის/ცნობის ნომრებით: 0-------------------, 0------------------- და 0-------------------; ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომრები: 0----------------------, 1-------------------, 1-------------------), ზედნადების თანახმად, ტრანსპორტირების სახედ განისაზღვრა საავტომობილო, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი S------ სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პ/ნ 5----------.
2017 წლის 2 სექტემბრის 19:55:23 სთ-ზე აღნიშნულ ზედნადებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომრები დაკორექტირდა, კერძოდ, მიეთითა 0----------------------, 0----------------------, 0----------------------.
2017 წლის 3 სექტემბერს 06:56:45სთ-ზე №ე-–----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომრები, კიდევ ერთხელ, დაკორექტირდა და მიეთითა - 5--------------------, 5--------------------, 5--------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 2 სექტემბრის №ე-–----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.148-150);
- 2017 წლის 2 სექტემბრის №ე-–----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები კორექტირებული (ს.ფ.145-147);
- 2017 წლის 2 სექტემბრის №ე-–----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები კორექტირებული (ს.ფ.142-144).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 136-ე, 269-ე და 286-ე მუხლები; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლები; საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლი; „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 28 თებერვლის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 მარტის №6--- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს, ასევე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) საქონლის ტრანსპორტირება (გადაადგილება) და შენახვა.
აღნიშნული ბრძანების 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი; ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს; გ) მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; დ) მე-6 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი (თუ როგორ ხდება საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება): დ.ა) შიდა გადაზიდვა (საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება); დ.ბ) მიწოდება ტრანსპორტირებით (საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება); დ.გ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება); დ.დ) დისტრიბუცია (საქონლის მიწოდება გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლების (დისტრიბუტორების) მიერ. აგრეთვე, მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ფარგლებში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ); დ.ე) უკან დაბრუნება (მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის გამყიდველისათვის/გამგზავნისათვის დაბრუნება); ე) მე-7 და მე-8 სტრიქონებში იწერება შესაბამისად ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი); ვ) მე-9 სტრიქონში იწერება ტრანსპორტირების სახე: ვ.ა) საავტომობილო; ვ.ბ) სარკინიგზო; ვ.გ) საავიაციო; ვ.დ) სხვა; ზ) ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ზ.ა) მე-10 სტრიქონში იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა; ზ.ბ) მე-11 სტრიქონში იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი; ზ.გ) მე-12 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი ლარებში. თუ ტრანსპორტირება ხორციელდება მყიდველის/მიმღების ან გამყიდველის/გამგზავნის საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა) არსებული სატრანსპორტო საშუალებით, ზედნადების მე-12 სტრიქონი არ ივსება; თ) ამ პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ბ“ – ,,ვ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მე-10 – მე-12 სტრიქონები არ ივსება; ი) ზედნადების ცხრილში იწერება: ი.ა) I სვეტში - საქონლის რიგითი ნომერი; ი.ბ) II სვეტში - საქონლის დასახელება; ი.გ) III სვეტში - საქონლის კოდი (გადასახადის გადამხდელის მიერ ნებისმიერი კომბინაციით შექმნილი ან საბუღალტრო პროგრამაში არსებული ან საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით განსაზღვრული კოდი); ი.დ) IV სვეტში - საქონლის ზომის ერთეული; ი.ე) V სვეტში - საქონლის რაოდენობა; ი.ვ) VI სვეტში - საქონლის ერთეულის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); ი.ზ) VII სვეტში - საქონლის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე, დღგ-ის და აქციზის ჩათვლით); კ) მე-13 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა (ციფრებით და სიტყვიერად); ლ) მე-14 სტრიქონში იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-16 სტრიქონში – გამყიდველის/გამგზავნის ან საქონლის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; მ) მე-15 სტრიქონში იწერება მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, ხოლო მე-17 სტრიქონში – მყიდველის/მიმღების ან საქონლის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; ნ) მე-18 სტრიქონში იწერება მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი); ო) მე-19 სტრიქონში აღინიშნება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაკეთებული შენიშვნა; პ) მე-14 – მე-19 სტრიქონების შევსება სავალდებულო არ არის, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე ბრძანების 252 მუხლით მოწესრიგებულია ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის საფუძვლები და წესი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის №II-013 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე: მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, კერძოდ: ფიცარზე – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი.
მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ ინსტრუქციის 251 მუხლით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება ამავე ინსტრუქციის №II-013 დანართით დამტკიცებული ფორმის ზედნადებზე.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ, მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები.
აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზედნადების ცხრილის VIII სვეტში იწერება: ა) ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებული თითოეული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის სპეციალური ფირნიშის ერთი კონკრეტული ნომერი. სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება ასევე სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – პროდუქტი) ტრანსპორტირებისას (გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება, მისი ტრანსპორტირების ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან, ზედნადების ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ, კონკრეტული დასახელების თითოეულ პროდუქტზე, ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სავალდებულოა მიეთითოს შესაბამისი ერთი კონკრეტული სპეციალური ფირნიშის ნომერი, რომლით მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-მცენარის გადამუშავების შედეგადაც არის მიღებული პროდუქტი. იმ შემთხვევაში, თუ ერთი დასახელების პროდუქტი მიღებულია სხვადასხვა სპეციალური ფირნიშით მარკირებული ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარისგან, თითოეულისაგან მიღებული პროდუქტი, ასევე ცალ-ცალკე იწერება ზედნადების ცხრილის II სვეტში რიგითი ნომრის მიხედვით; ბ) ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების თითოეულ პროდუქტზე, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით დამტკიცებული, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის“ (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – რეგლამენტი) №14 დანართით გათვალისწინებული, მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ ცნობის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – ცნობა) ნომერი, თუ რეგლამენტით განსაზღვრული სახერხი საამქროდან მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტი გატანილია ამავე რეგლამენტით გათვალისწინებულ ელექტრონულ ჟურნალში ცნობის გენერირების სახერხი საამქროსათვის ვალდებულების დადგენის მომენტიდან.
საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლის „შ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხე-ტყე − საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსი. „ც“ ქვეპუნქტის მიხედვით, მრგვალი ხე - ტყე (მორი) − ხე - ტყის დამზადების შედეგად (მათ შორის, მოთხრილ - მოტეხილისგან) მიღებული , 12 სმ - ზე მეტი (წვრილი ბოლოდან) დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი.
სასამრთლო განმარტავს, რომ ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის სპეციფიკისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, გარემოსდაცვითი მიზნებიდან გამომდინარე საჯარო ინტერესების დაცულობის უზრუნველსაყოფად კანონმდებელმა, ერთი მხრივ, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლიდან ცალკე გამოჰყო ხე-ტყე და მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოუწერლობაზე დააწესა განსხვავებული და უფრო მკაცრი სანქცია, ხოლო, მეორე მხრივ, შემოღებულ იქნა სასაქონლო ზედნადების სპეციალური სახე - ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომელიც მოიცავს ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადებისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამასთან, დამატებულია მე-20 და 21-ე სტრიქონები (პირველადი დოკუმენტი და ფირნიშის ნომერი).
სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულია ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მე-20 სტრიქონში მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელების, თარიღისა და ნომრის მითითების ვალდებულება, ხოლო 21-ე სტრიქონში - მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის სპეციალური ფირნიშის ნომრისა. ამასთან, ფირნიში ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრგვალი ხე-ტყის (მორის) კანონიერ წარმოშობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ მე-20 და 21-ე სტრიქონების შევსება ემსახურება ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების გადამოწმებას, რათა გამოირიცხოს პირის მიერ ხე-ტყის მოპოვება კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
დადგენილია, რომ შპს „თ----ს“ მიმართ 2018 წლის 28 თებერვალს 11:02 საათზე შედგა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და იგი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე ფულადი ჯარიმით 5000 ლარით და ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევით, რაც გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2018 წლის 28 მარტის №6--- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება უცვლელი დარჩა ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს 2017 წლის 2 სექტემბრის №ე-–----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მე-20 სტრიქონში მითითებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემების შეცდომით შეყვანის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის გამოყენება.
სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით სასამართლო მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რომლის მიხედვით, ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე): ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი ან/და ნომერი; ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი; გ) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 251 მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მოახდინოს ზედნადების გაუქმება ან მასში შეტანილი მონაცემების კორექტირება (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა).
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კანონმდებლობა შესაძლებლობას იძლევა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარკვეული მონაცემები დაკორექტირდეს და ეს ვერ გახდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ შეცდომის არსებობა სასაქონლო ზედნადებში არ შეიძლება გახდეს სადავო შემთხვევის სასაქონლო ზედნადების არარსებობასთან გაიგივების საფუძველი, რადგან სასაქონლო ზედნადების არარსებობა შეუძლებელს ხდის/ართულებს კონტროლის განხორიცლების შესაძლებლობას და იმთავითვე ქმნის გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების საფრთხეს, ხოლო სასაქონლო ზედნადებში დაშვებული გარკვეული შეცდომა, მით უფრო, თუკი იგი არის ტექნიკური ხასიათის, ავტომატურად არ ქმნის იმ სამართლებრივ უკანონო შედეგებს, რაც მოჰყვება სასაქონლო ზედნადების არარსებობას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „თ----მ“ შპს „ნა-------ისაგან“2017 წლის 13 აგვისტოს №ე-–-----------, 2017 წლის 15 აგვისტოს №ელ----------- და 2017 წლის 31 აგვისტოს №ე-–----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებების მიხედვით შეიძინა მრგვალი ხე-ტყე (მორები) (ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომრებით 5--------------------, 5-------------------- და 5--------------------).
2017 წლის 2 სექტემბერს გამოიწერა „მრგვალი ხე-ტყის, ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ“ №0-------------------, №0------------------- და №0------------------- ცნობები, რომელთა თანახმად, შპს „თ----ს“ სახერხი საამქროდან გი----------–---–---–ს (პ/ნ 5----------) ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი S-----) უნდა გაეტანა 3მ3, 8.15მ3 და 5.02მ3 ფიცრები.
2017 წლის 2 სექტემბერს 19:54:00სთ-ზე გამოიწერა №ე-–----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად, „თ----მ“ შპს „ნ----ს“ მიჰყიდა 6791.4 ლარის ღირებულების - 3მ3, 8.15მ3, 5.02მ3 ფიცრები (ფირნიშის/ცნობის ნომრებით: 0-------------------, 0------------------- და 0-------------------) ზედნადების თანახმად, ტრანსპორტირების სახედ განისაზღვრა საავტომობილო, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი S------ სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პ/ნ 5----------. ამასთან, №ე-–----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში შეცდომით მოხდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომრების ასახვა და რომელიც გადასახადის გადამხდელმა საბოლოოდ გაასწორა 2017 წლის 3 სექტემბერს 06:56:45სთ-ზე და ზედნადებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომრებად მიუთითა - 5--------------------, 5--------------------, 5--------------------.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომრების არასწორად მითითება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში თავისი არსით წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას, რომლის შესწორების უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 251 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც №ე-–----------- ხე-ტყის სასაქონლო ელექტრონულ ზედნადებში ფაქტობრივად შესაძლებელი გახდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნომრების შესწორება და ამასთან, მასში მითითებული ფიცრების ოდენობა, „მრგვალი ხე-ტყის, ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ“ ცნობების ნომრები, საქონლის რაოდენობა და სახეობა, ტრანსპორტირების განმხორციელებელი პირის ვინაობა და სატრანსპორტო საშუალების ნომერი არ შეცვლილა. აღნიშნული მონაცემები კი თავისი არსით იძლეოდა შესაძლებლობას მომხდარიყო იდენტიფიცირება ტრანსპორტირებული სადავო ფიცრებისა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-246-243(კ-14)).
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-463-451(კ-13), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტების გამოცემისას მოპასუხეთა მიერ დარღვეულ იქნა აღნიშნული ნორმები. არც საგადასახადო ორგანოს და არც დავების განმხილველი ორგანოებს არ გამოუყენებიათ კანონით მათთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაედგინათ და შეესწავლათ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რადგან მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოსარჩელე კონკრეტული საქონლის ტრანსპორტირებას ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის, რაზედაც გამოწერილი იყო სათანადო სასაქონლო ზედნადები და მასში კონკრეტული სტრიქონის არასწორად შევსება ვერ გაუთანაბრდება სასაქონლო ზედნადების არარსებობას, რამეთუ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ერთობლივი ანალიზი შესაძლებელს ხდის იდენტიფიცირდეს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს „მ----“ მარკის ავტომობილის ძარაზე განთავსებული შპს „თ----ს“ კუთვნილი ფიცრები არის თუ არა იდენტური 2017 წლის 2 სექტემბრის №ე-–----------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში (რომელიც დაკორექტირდა 2017 წლის 3 სექტემბერს 06:56:45სთ-ზე) დაფიქსირებულ ცნობებსა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებში მითითებული მასალის. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იმსჯელოს საგადასახადო ორგანომ ადგილი ჰქონდა თუ არა შპს „თ----ს“ მიერ საქართვლოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 150 (ასორმოცდაათი) ლარი, რომლის გადახდა სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს „თ----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 28 თებერვლის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 მარტის №6--- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება (№5---------- საჩივარზე).
3. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში.
4. სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე