განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119002923350
N1/74-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 აპრილი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-–-- გ--–-------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - გ--------- ჩ--------;
ბრალდებული - კ---------------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 5----------), საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლეობის არმქონე, მცხოვრები: ჭ----------------------------–-----–-----ი; ამჟამად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი (ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ); 2) საქართველოს სსკ 255-ე მუხლის მე-2 ნაწილი (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვა); 3) საქართველოს სსკ 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილი (მარიხუანას უკანონო შენახვა); 4) საქართველოს სსკ 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილი (დიდი ოდენობით მარიხუანას უკანონო შენახვა);
სხდომის სახე - დახურული.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ჭ----------------–----–----------------–----–-----ში მცხოვრებმა კ---------------ემ, რომელიც სოციალურ ქსელ "ფ-------–-" დარეგისტრირებული იყო როგორც „დ------------ე“, 2018 წლის აგვისტოში, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ დ------–-–ი მცხოვრებ არასრულწლოვან, 0-.1--2--- წელს დაბადებულ ე------------ეს, რომელიც მისი "ფ-------" მეგობარი იყო და იცოდა მისი არასრულწლოვნების შესახებ, ფსიქიკური ზემოქმედების შედეგად აიძულა არასრულწლოვანი ე------------ე შეესრულებინა მოქმედება, რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლება იყო, კერძოდ, შიშველი სხეულისათვის გადაეღო ფოტოები და გადაეგზავნა მისთვის. უარის თქმის შემთხვევაში, კ---------------ემ მოახდინა რა მასზე საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, დაჰპირდა მისი შიშველი სხეულის ე.წ. „ფოტოშოპების“ შექმნას და სოციალურ ქსელში გავრცელებას. აღნიშნულით შეშინებულმა ე------------ემ, კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით, გადაიღო შიშველ სხეულზე ფოტოები და ე.წ. „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა კ---------------ეს.
2. ჭ----------------–----–----------------–----–-----ში მცხოვრებმა კ---------------ემ, რომელიც სოციალურ ქსელ "ფესუქში" დარეგისტრირებული იყო, როგორც „დ------------ე“, 2018 წლის აგვისტოში, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ დ------–-–ი მცხოვრებ არასრულწლოვან, 0-.1--2--- წელს დაბადებულ ე------------ეს, რომელიც მისი "ფ-------" მეგობარი იყო და იცოდა მისი არასრულწლოვნების შესახებ, შიშველი სხეულისათვის გადაეღო ფოტოები და გადაეგზავნა მისთვის. უარის თქმის შემთხვევაში, კ---------------ემ მოახდინა რა მასზე საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, დაჰპირდა მისი შიშველი სხეულის ე.წ. „ფოტოშოპების“ შექმნას და სოციალურ ქსელში გავრცელებას. აღნიშნულით შეშინებულმა ე------------ემ კუთვნილი მობილური ტელეფონის გამოყენებით გადაიღო შიშველ სხეულზე ფოტოები და ე.წ. „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა კ---------------ეს, რასაც ეს უკანასკნელი ინახავდა.
3. 2018 წლის 28 სექტემბერს, ჭ----------------–----–----------------–----–-----ში მცხოვრები კ---------------ე, კუთვნილ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა 11--68 გრამ ნარკოტიკულ საშუალებას „ნედლ მარიხუანას“.
4. 2018 წლის 28 სექტემბერს, ჭ----------------–----–----------------–----–-----ში მცხოვრები კ---------------ე, კუთვნილ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით 204.3 გრამ ნარკოტიკულ საშუალებას „გამომშრალ მარიხუანას“.
5. კ---------------ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
6. წინასასამართლო სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
7. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
8. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
9. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
1-- სასამართლოს მიაჩნია, რომ კ---------------ის მიერ დანაშაულების ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: არასრულწლოვანი დაზარალებულის ე------------ის გამოკითხვის ოქმები; მოწმეების: თ-------------–---–ის, ლ------------------ის, თ---------------ის, თ------------------ის, რ-------------------ის, თ-----------------იას და მი--------------ის გამოკითხის ოქმები; დათვალიერების ოქმები, თანდართული ამონაწერები და ფოტოსურათები; ამოღების ოქმი; საცხოვრებელი სახლის, დამხმარე სათავსოს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ჩხრეკის ოქმი; ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმი; ე.კ--------ის დაბადების მოწმის ასლი; ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
11. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია კ---------------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
12. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისაგან (სსკ 150-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. როგორც ამ მუხლის დისპოზიციიდან ჩანს, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების შეზღუდვა უნდა იყოს უკანონო. ამდენად, განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში. პირის ფსიქიკური იძულება იგივე მუქარაა. მუქარა შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის. კერძოდ: მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების, და სხვა. ამდენად, აქ მუქარა უფრო ფართოდაა გაგებული, ვიდრე სსკ 151-ე მუხლში. ფსიქიკური ზემოქმედებით ადამიანს აიძულებენ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. საერთოდ, სსკ 150-ე მუხლის შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ე.ი. კანონით მისი გადასაწყვეტია ამ ქმედებას ჩაიდენს თუ არა. აღსანიშნავია, რომ სსკ 150-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელი არ არის ის ქმედება, რის ჩადენასაც პირს აიძულებენ, იკრძალებოდეს სამართლის ან მორალის ნორმით. სსკ 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს რაიმე ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), ანდა აიძულებენ საკუთარ თავზე გამოსცადოს მისი ნების საწინააღმდეგო ზემოქმედება, იმის მიუხედავად, შეასრულა თუ არა მან დამნაშავისთვის სასურველი ქმედება. იძულების ამსრულებელია ყოველი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს, იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. ხოლო მიზანს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა აქვს. ფიზიკური და ფსიქიკური იძულების მიზანია სხვა პირს ჩაადენინოს რაიმე ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), ან საკუთარ თავზე განაცდევინოს მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. მიაღწია თუ არა მიზანს დამნაშავემ, ამას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს იგივე ქმედება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. არასრულწლოვანია პირი, ვისაც არ შესრულებია 18 წელი. დამნაშავეს შეცნობილი უნდა ჰქონდეს, რომ ის პირი, ვისაც აიძულებს რაიმე ქმედების ჩადენას, არაა მიღწეული 18 წელს. ამ შემთხვევაში მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის მიმართ იძულება, მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.
13. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაული (სსკ 255-ე მუხლი), ხელყოფს საზოგადოებრივ ზნეობას, პიროვნების ნორმალურ ზნეობრივ და სექსუალურ განვითარებას, საზოგადოებაში აღიარებულ წარმოდგენას ადამიანთა სექსუალური ინტიმური ცხოვრების სფეროში ნებადართულისა და აკრძალულის შესახებ. ამგვარად, სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი ზნეობა. დანაშაულის საგანია პორნოგრაფიული ნაწარმოები, ნაბეჭდი გამოცემა, ფოტო, კინო, ვიდეო პროდუქცია, ფერწერული ან გრაფიკული გამოსახულება ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგანი. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება გამოიხატოს ალტერნატიული ხასიათის ისეთ მოქმედებაში, როგორიცაა: პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის ვაჭრობა, ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური პირი, ასევე, იურიდიული პირი. დანაშაული გულისხმობს პირდაპირ განზრახვას. განსახილველი დანაშაულის ჩამდენს გაცნობიერებული აქვს, რომ მის მიერ შეძენილი/შენახული, დამზადებული, რეკლამირებული, გაყიდული ან სხვა გზით გავრცელებული ნივთი პორნოგრაფიული შინაარსისაა და სურს ეს მოქმედება. სსკ 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის პასუხისმგელობის დამამძიმებელ გარემოებად გათვალისწინებულია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ჩვენებაზე დასწრება, შეთავაზება, გავრცელება, გადაცემა, რეკლამირება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის საზღვრები გაფართოებულია, კერძოდ აქ კრიმინალიზებულია არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების არა თუ შეძენა/შენახვა, არამედ ნებისმიერი ფორმით მისი ხელმისაწვდომად გახდომა (შეთავაზება, გადაცემა, ჩვენებაზე დასწრება, გავრცელება, გასაღება, რეკლამირება და სხვ.). ქმედების სუბიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს ამ შემთხვევაში, განსხვავებით 1-ლი ნაწილისა, არ წარმოადგენს აღნიშნული პორნოგრაფიული ნაწარმოების ანდა მასალის გასაღების მიზანი. საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე, არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვაც კი დანაშაულად არის აღიარებული.
14. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რაც მოწესრიგებულია ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესით. აღნიშნული წესი დადგენილია როგორც კანონით, ისე იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომელსაც საქართველო შეუერთდა და რომლებიც აწესრიგებენ ამ საკითხს. ნარკოტიკული საშუალების ცნება მოიცავს ორ ასპექტს, სამედიცინო და იურიდიულ ასპექტებს. სისხლის სამართლის კოდექსში იგულისხმება ცნების იურიდიული ასპექტი. კერძოდ, ნარკოტიკულ საშუალებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოების ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ჩამონათვალში. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკულ საშუალებას მიეკუთვნება მცენარე კანაფი, მარიხუანა (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) და სხვა. საკითხის გადაწყვეტისას - მიეკუთვნება თუ არა ესა თუ ის ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებას, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს იმ სპეციალური სიით, რომელიც თან ახლავს საქართველოს კანონს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“. ესე იგი ნარკოტიკულ საშუალებად უნდა ჩაითვალოს სწორედ ის ნივთიერება, რაც ჩამოთვლილია ამ სიაში.
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში (მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). კანონის N1 დანართის პირველ სიაში 157 ნომრით „ტეტრაჰიდროკანაბინოლები“ შეტანილია, როგორც ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება.
განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება შემდეგ ქმედებებში: მითითებულ ნივთიერებათა უკანონო შეძენა; უკანონო შენახვა; უკანონო გადაზიდვა; უკანონო გადაგზავნა. შესაბამისად, სახეზეა ერთიანი დანაშაული, ალტერნატიული ქმედებებით, საიდანაც ერთერთის ჩადენა საკმარისია დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის. ჩამოთვლილ ქმედებათა უკანონობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ქმედებები ჩადენილია ნარკოტიკული ნივთიერების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვაში იგულისხმება ნებისმიერი განზრახი ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენაში, როგორიც შეიძლება იყოს მისი შენახვა ბინაში, დამხარე სათავსოში, ავტოფარეხში, ავტომანქანაში და სხვა. შენახვა, ასევე შესაძლებელია ნარკოტიკული საშუალების თან ტარებით (მაგალითად: პიჯაკის ან ქურთუკის ჯიბეში მოთავსებით და ტარებით, ავტომანქანაში მოთავსებით და ტარებით). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვალიფიკაციისათვის არა აქვს მნიშვნელობა დროს, რომლიც განმავლობაშიც უკანონოდ იყო შენახული ნარკოტიკული საშუალება. შენახვის ხანგრძლივობა სასამართლოს შეუძლია მიიღოს მხედველობაში მხოლოდ სასჯელის განსაზღვრისას. ბრალის ფორმის მიხედვით განსახილველი ქმედება (დანაშაული), ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა შეიძლება ჩადენილი იქნეს მხოლოდ განზრახ.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებებით კ---------------ემ ჩაიდინა: 1) ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფსიქიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 150-ე მუხლის 2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით); 2) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვა (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 255-ე მუხლის მე-2 ნაწილით); 3) მარიხუანას უკანონო შენახვა (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით); 3) დიდი ოდენობით მარიხუანას უკანონო შენახვა (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით).
16. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, არ დასტურდება კ---------------ის მხრიდან ე------------ის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტი. როგორც უკვე აღინიშნა, იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. პირის ფსიქიკური იძულება იგივე მუქარაა. მუქარა შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის. კერძოდ: მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების და სხვა. ფსიქიკური ზემოქმედებით ადამიანს აიძულებენ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. საერთოდ, სსკ 150-ე მუხლის შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ე.ი. კანონით მისი გადასაწყვეტია ამ ქმედებას ჩაიდენს თუ არა. სსკ 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს რაიმე ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), ანდა აიძულებენ საკუთარ თავზე გამოსცადოს მისი ნების საწინააღმდეგო ზემოქმედება, იმის მიუხედავად, შეასრულა თუ არა მან დამნაშავისთვის სასურველი ქმედება. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, დაზარალებულის და მოწმეების ჩვენებებით, დათვალიერების ოქმებით, თანდართული ამონაწერებითა და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ სოციალურ ქსელ "ფ-------–-" კომუნიკაციის დროს, კ---------------ე ე------------ეს აიძულებდა მისთვის ისეთი სურათების გადაგზავნას, რომლის გადაღებას ე------------ეს არ სურდა. ხოლო თუ სურათებს არ გადაიღებდა, ემუქრებოდა, რომ სოციალურ ქსელში გაუვრცელებდა ე.წ. "ფოტოშოპირებულ" სურათებს და ასევე, მის სურათებს გადაუგზავნიდა დედამისს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, აშკარად, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ კ---------------ის ბრალეულობას საქართველოს სსკ 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მისამართით განხორციელებული მუქარის შემცველი მინაწერები, სურათების არ გადაგზავნის შემთხვევაში, ე.წ. "ფოტოშოპირებული" სურათების სოციალურ ქსელში გავრცელების და სხვა პირისათვის სურათების გადაზგავნის შესახებ, იძლევა იძულების შემადგენლობას.
17. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარეს კ---------------ის განმარტებას, რომ როდესაც სოციალურ ქსელ "ფ-------–-" ესაუბრებოდა ე------------ეს, არ იცოდა არასრულწლოვანი თუ იყო. როგორც კი გაიგო, მაშინვე შეეშვა მასთან კომუნიკაციას. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მხარეებს მიერ, წინასასამართლო სხდომაზე უდავოდ იქნა მიჩნეული საქმეზე მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები. შესაბამისად, არასრულწლოვან დაზარალებულ ე------------ის გამოკითხვის ოქმით, ნათლადაა დადასტურებული ფაქტი იმისა, რომ როდესაც მას კ---------------ესთან ჰქონდა სოციალური ქსელის საშუალებით მიმოწერა, კ---------------ემ იცოდა მისი ასაკის შესახებ, რომ იყო 14 წლის.
18. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან - პრეიუდიცია.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც მათ სადავოდ არ გაუხდიათ. აღნიშნული მტკიცებულებები (მათ შორის, არარსულწლოვან დაზარალებულ ე------------ის ჩვენებები, დათვალიერების ოქმები თანდართული ამონაწერებით და ფოტოსურათებით, მოწმეთა ჩვენებები) ცნობილი იქნა უდავო მტკიცებულებებად და დაშვებული იქნა საქმის არსებით განხილვაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში არცერთი მტკიცებულება არ გამოკვლეულა და ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს კ---------------ემ ფაქტობრივად თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში. ასეთ ვითარებაში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია კ---------------ის დანაშაულების ჩადენაში მამხილებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ გაბათილდება ბრალდებულისა და მისი ადვოკატის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით, ვინაიდან, ამ განმარტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, მათ სხდომაზე არ წარმოუდგენიათ და არც გამოუკვლევიათ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
19. კ---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები, არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
21. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კ---------------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
22. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ი---------------–---–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბ----–------–---–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).
მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).
23. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ კ---------------ე არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან და დაზარალებულთან შერიგებულია, მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ: საქართველოს სსკ 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა)თვის ვადით; საქართველოს სსკ 255-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით; საქართველოსსსკ 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ კ---------------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
24. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ 255-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;
საქართველოს სსკ 255-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით;
საქართველოსსსკ 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ კ---------------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
კ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 4 მარტიდან;
კ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
საქმეზე დართული ნივთები და საგნები: გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული კ---------------ის ,,S------ G----- J-’’ მოდელის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ჭიათურის შს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კოტე მოდებაძეს ან მის ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული და კვლევის შემდეგ დარჩენილი 110.25 გრამი ნედლი მარიხუანა და 203.72 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული 10 ცალი ფოტოსურათი, დალუქული NFCD731629 პაკეტში, რომელიც ინახება ჭიათურის შს რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე