გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5743-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - ქ----------------
წარმომადგენლები - ვ--------------------, ა----------------
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენლები - მ-------------------, გ-------------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 26 ივნისის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სანქციის შეფარდების ნაწილში;
1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს №2---- ბრძანება სანქციის ძალაში დატოვების ნაწილში;
1.3. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ქ----------------ს შეეფარდება სანქცია 10%-ის ოდენობით (იხ. 2019 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 26 ივნისის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2018 წლის 26 ივნისს საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში დაახლოებით 05:20 სთ-ზე აზერბაიჯანის მხრიდან შევიდა მ----------- მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი საქართველოს სახელმწიფო ნომრით P------, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ქ---------------- პ/ნ1----------. აღნიშნულ პიროვნებას მებაჟე-ოფიცერის მხრიდან ინტერვიურებისას დაესვა კითხვა, ჰქონდა თუ არა რაიმე დასადეკლარირებელი მათ შორის, თანხაც, რაზეც მან უარყოფითი პასუხი გასცა. ეჭვის საფუძველზე ავტომანქანის დათვალიერებისას სალონში, წინა სავარძლების თავზე არსებულ ჭერში შალითის ქვეშ (ე.წ. „აბივკის“ ქვეშ) აღმოჩენილ იქნა ნაღდი ფული ათასიანი და ხუთასიანი კუპიურებით საერთო ჯამში 7700000 რუსული რუბლი ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში 300122.9 (ეროვნულ ვალუტაში 100 რუბლი - 3.877 ეროვნული ბანკის მონაცემებით, სულ სამასიათასასოცდაორი ლარი და 90 თეთრი). ზემოაღნიშნულიდან, გამომდინარე, სამართალდამრღვევი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა ზემოაღნიშნული არადეკლარირებული ნაღდი ფულის ჩამორთმევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 26 ივნისის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.15-16);
- 2018 წლის 26 ივნისის №2-- საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი (ს.ფ.17);
- 2018 წლის 26 ივნისის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის აქტი (ს.ფ.30-31).
3.2. ქ----------------ს წარმომადგენელმა 2018 წლის 26 ივლისს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს.
საჩივრის თანახმად, ქ---------------- არ ფლობს ქართულ ენას, იგი მხოლოდ აზერბაიჯანულ ენაზე საუბრობს და მას არ ჰქონდა საშუალება, ესარგებლა თარჯიმნის მომსახურებით, რაც სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 26 ივნისის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის საფუძველია. საჩივრით სადავოდ არის გამხდარი ასევე სანქციის განსაზღვრისას საგადასახადო ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების თანაზომიერება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს №2---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბრძანების თანახმად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადახადო ორგანოს არ დაურღვევია ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები. გამოყენებული სანქციით დაცულია თანაზომიერების პრინციპი, უზრუნველყოფილია იურიდიული თანასწორობა. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს საგადასახადო ორგანო. ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, კონკრეტულ შემთხვევაში საქონლის ჩამორთმევის გარეშე სხვა სანქციის შეფარდებით (ჯარიმა - არადეკლარირებული თანხის 10%) ვერ იქნება მიღწეული სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანი. ბრძანებაში, ასევე, მითითებულია, რომ მომჩივანი სისტემატიურად გადაადგილდება (664 შესვლა/გასვლა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე და მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი საბაჟო პროცედურები, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და შეღავათები. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის კანონით დადგენილი რომელიმე საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ ჩაითვლება მომჩივნის მიმართ შედგენილი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ვინაიდან მომჩივანს აღმოაჩნდა დეკალირებას დაქვემდებარებული ნაღდი ფული 7700000 (შვიდიმილიონშვიდასიათასი) რუსული რუბლი - 300122.9 ლარის ეკვივალენტი, რომლის გადმოტანასაც სამართალდამრღვევი შეეცადა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად. ამდენად საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქცია (საქონლის ჩამორთმევა) კანონშესაბამისია და მისი გაუქმების ან შეცვლის კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ----------------ს წარმომადგენლის 2018 წლის 26 ივლისის საჩივარი (ს.ფ.60-62);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს №2---- ბრძანება (ს.ფ.56-59).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 43-ე, 207-ე, 209-ე, 215-ე, 269-ე და 289-ე მუხლები, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-6 მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-6 და მე-7 მუხლები, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქცია“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 26 ივნისის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს №2---- ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ქა--------------ს შეეფარდება სანქცია 10%-ის ოდენობით.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა, ხოლო „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
მითითებული კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის ჩამორთმევას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის მხრიდან შევიდა ქ---------------- მ----------- მარკის სამგზავრო მიკროავტობუსით (საქართველოს სახელმწიფო ნომრით P------). ავტომანქანაში წინა სავარძლების თავზე არსებულ ჭერში შალითის ქვეშ (ე.წ. „აბივკის“ ქვეშ) აღმოჩენილ იქნა ნაღდი ფული ათასიანი და ხუთასიანი კუპიურებით საერთო ჯამში 7700000 რუსული რუბლი ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში 300122.9 (ეროვნულ ვალუტაში 100 რუბლი - 3.877 ეროვნული ბანკის მონაცემებით, სულ სამასიათასასოცდაორი ლარი და 90 თეთრი). შესაბამისად, ქ---------------- დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილით და სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული ნაღდი ფულის ჩამორთმევა.
სასამართლო მოიხმობს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგს ექვემდებარება 30000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა.
ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს საზღვარზე გადაადგილებული 30000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ნაღდი ფულის – ეროვნული და უცხოური ვალუტების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების − გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირების იდენტიფიკაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მიზნებისათვის საქონელი არის მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.
ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დეკლარანტი არის პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება ამ კარით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/საქონლის მფლობელს.
მითითებული ბრძანების 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქონლის დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა - საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსი განეკუთვნება საჯარო სამართლის ნორმატიულ აქტს, რომლის მეათე კარი არეგულირებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილების შესახებ წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობებს, რომელიც თავისი ბუნებით განეკუთნება სახელმწიფო მმართველობის სფეროში წარმოშობილ სამართალურთიერთობებს. მისი ერთ‑ერთი სუბიექტი უცილობლად არის სახელმწიფო მმართველობის განმხორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად, საბაჟო საქმიანობა წარმოადგენს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლებრივი ფუნქციის განხორციელებას. სამართლებრივი ურთიერთობა საბაჟო სფეროში არის სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუტების, ფიზიკური და იურიდიული პირების (სამართლის სუბიექტების) სამართლებრივი ნორმებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების შესრულება, რომლებიც წარმოიშობა საბაჟო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით, ხოლო სამართალურთიერთობის მონაწილეებს საბაჟო სფეროში ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ სამართლის ნორმით დადგენილი უფლებანი და მოვალეობანი, რომელთა შესრულება უზრუნველყოფილია დარწმუნებით, ანუ კანონმორჩილებით და მისი დარღვევის შემთხვევაში – სახელმწიფო იძულებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით. პირმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, რაც მიზნად ისახავს საბაჟო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. თუმცა ამასთანავე, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულისა საგადასახადო ორგანოების საქმიანობის შეზღუდვები, რომელიც თავისი არსით მნიშვნელოვანი ხარისხით ხელს უწყობს გადასახადის გადამხდელისა და საგადასახადო წარმოების სხვა მონაწილე პირების სამართლებრივ დაცვას.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ქა--------------ს დეკლარირებას დაქვემდებარებული ფულადი თანხა გადმოჰქონდა საბაჟო კონტროლის მალულად, რისთვისაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილით, თუმცა მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტებით, საგადასახადო ორგანოს მიერ არ ყოფილა დაცული თანაზომიერების პრინციპი საგადასახადო პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას.
სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
მითითებული კოდექსის მე-7 მუხლის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს სანქციის შემფარდებელ ორგანოს გაითვალისწინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები. პასუხისმგებლობის დაკისრებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, მის შეფარდებამდე დარღვევის არ არსებობა, გადაცდომის სიმძიმე, პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს პასუხისმგებლობის გამოყენებული სახის ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს საგადასახადო ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები. პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის პასუხისმგებლობის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერებაზე მსჯელობისას იკვლევს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე ვრცელდება იმ მასშტაბით, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო გადაწყვეტილებაში გამოყენებულია თუ არა საკითხის გადაწყვეტის ყველაზე მისაღები საშუალება და დასაბუთებულია თუ არა გამოყენებული ღონისძიების ყველაზე მისაღები ხასიათი შესაძლო ალტერნატიულ ღონისძიებებთან შედარებით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომ თანხა, რომელიც მას გადაჰქონდა არ იყო მისი საკუთრება, აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს. ამასთან, როგორც სასამართლოს სხდომაზე, ისე საქმეში წარმოდგენილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერის მიხედვით, ქ---------------- აღნიშნავდა, რომ მისთვის უცნობი იყო გადასატანი თანხის ოდენობა. მოსარჩელის წარმომადგენლებმა დამატებით განმარტეს, რომ ვინაიდან ქ---------------- მიკრო ავტობუსის მძღოლია და გადაჰყავს მგზავრები, სადავო თანხის ოდენობიდან გამომდინარე, მისი უსაფრთხოდ გადატანის მიზნით იგი შეინახა ისეთ ადგილას, რომელიც არ იყო ხელმისაწვდომი მგზავრებისათვის. აგრეთვე დადგენილია, რომ ქა--------------ს საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთა განხორციელებული აქვს 664-ჯერ და აღნიშნული წარმოადგენს პირველ შემთხვევას მის სამართალდამრღვევად დაფიქსირების.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილით განსაზღვრულია სანქციის შეფარდების სახეები განცალკევებულად, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ საქმეზე არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გონივრული და ჯეროვანი შეფასების შედეგად. სასამართლოს მითითებით მნიშვნელოვანია დისკრეციული უფლებამოსილება გამოყენებულ იქნეს ისე, რომ დაცულ იქნეს სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანები, რათა არ იქნეს დაუსაბუთებლად შეზღუდული მოქალაქეთა უფლებები და ინტერესები. მართალია, აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აძლევს უფლებას, თავად შეარჩიოს მისაღები სანქცია, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, მას შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს დაუსაბუთებლად. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, თავის საქმიანობაში აბალანსებდეს საჯარო და კერძო ინტერესებს და რომელიმე მათგანს გაუმართლებელ პრივილეგიას არ უნდა ანიჭებდეს, ვინაიდან თითოეული ადამიანის ინტერესი არანაკლებ ფასეულია, ვიდრე სახელმწიფოსი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო როდესაც სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ევალება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ არც საგადასახადო ორგანოს და არც დავების განმხილველ ორგანოს სადავო აქტი არ შეიცავს ქ----------------სათვის ყველაზე მძიმე სანქციის გამოყენების დასაბუთებას. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში დაუსაბუთებელია მოსარჩელის მიმართ უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა მოსარჩელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის სანქციის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. სანქციის შეფარდებისას თანაზომიერების პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად საგადახადო ორგანოს უნდა მიეღო მხედველობაში ქ----------------ს მიერ სამართალდარღვევის პირველად ჩადენის ფაქტი, ის რომ ეს თანხა არ წარმოადგენდა მის საკუთრებას, მან არ იცოდა სადავო თანხის რაოდენობა, მებაჟე-ოფიცრის მეირ არ მომხდარა მისთვის სათანადო წესით მიწოდება ინფორმაციის, კერძოდ, დასადეკლარირებელი თანხის დამალვის შემთხვევაში რა სამართლებრივი ღონისძიებები გატარდებოდა მის მიმართ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება კანონს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი სანქციის შეფარდების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ქ----------------ს შეეფარდება სანქცია 10%-ის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 (ასი) ლარი, რომლის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ქ----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 26 ივნისის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 აგვისტოს №2---- ბრძანება.
3. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ქა--------------ს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილის შესაბამისად, შეეფარდება სანქცია 10%-ის ოდენობით.
4. სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე