გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210018002703815
2-1196-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
10 აპრილი, 2019 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე სააქციო საზოგადოება "ს----------–---------"
წარმომადგენელი ბ-–----–-–-ი
მოპასუხეები: ჯ---------------–---–--------------------–---–---–-------------–---–--------------------------------------------------------------–--ლი
ჯ---------------–---–-ს წარმომადგენლები თ----–---------შვილი და მ---------------ძე
დავის საგანი თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელე ითხოვს, სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სოლიდარულად გადახდეთ 6 868.02 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი, საიდანაც 5318.71 დოლარი ძირი თანხაა, 897.23 დოლარი - პროცენტი, 652.08 დოლარი - პირგასამტეხლო. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მოხდეს იპოთეკით დატვირთული, ქ.ქ-----––-, ა------------------ში მდებარე ჯ---------------–---–-ს უძრავი ნივთის რეალიზაცია. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად, აღსრულება მოხდეს ჯ---------------–---–-ს, შ-------------შვილის, გ----------------შვილის და გ---------------შვილის სხვა ქონებიდან.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2015 წლის 24 მარტს, სს ,,ს----------–---------ა“ და ჯ---------------შვილს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება. იმავე დღეს, ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მხერეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა ქ. ქ-----––-, ა------------------ში მდებარე ჯ---------------–---–-ს უძრავი ნივთი;
2015 წლის 1 აპრილს, ჯ---------------შვილსა და სს ,,ს----------–---------" შორის 2015 წლის 24 მარტის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც ჯ---------------შვილზე 32 თვით გაიცა კრედიტი 11 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის ოდენობით, წლიური 15%-ით. გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5% -ის ოდენობით;
სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს "ს----------–---------ა" 2015 წლის 17 მარტს გ---------------შვილთან, 2015 წლის 1 აპრილს შ-------------შვილთან და გ----------------შვილთან დადო თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც აღნიშნულმა პირებმა იკისრეს სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ჯ---------------–---–-ს მიერ ნაკისრი ვალდებულის შესრულებაზე;
მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხეებმა არ გადაიხადეს სესხი შეთანხმებული გრაფიკით და საქმის აღძვრის მომენტისათვის, მათი დავალიანება იყო 7318.02 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი. საქმის აღძვრის შემდეგ, მოპასუხემ გადაიხადა გარკვეული თანხა. მოსარჩელემ ორჯერ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეებისათვის 6 868.02 ამერიკის შეერთებული შტატების სოლიდარულად დაკისრება (იხ.2019 წლის 12 მარტის მოსამზადებელი სხდომის ოქმი:15:36:30-15:38:07; 2 აპრილის მთავარი სხდომის ოქმი:14:18:43-14:19:10);
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ჯ---------------შვილმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო - 6275.94 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის მოთხოვნის ნაწილში - დაეთანხმა ძირი თანხის 5318.71 დოლარის, პროცენტის 897.23 დოლარის მოთხოვნას, მიუთითა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 652.08 დოლარი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ 60 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 24 მარტს, სს ,,ს----------–---------ა“ და ჯ---------------შვილს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება. იმავე დღეს, ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მხერეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა ქ. ქ-----––-, ა------------------ში მდებარე ჯ---------------–---–-ს უძრავი ნივთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ (ს.ფ.16-26);
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.27-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2015 წლის 1 აპრილს, ჯ---------------შვილსა და სს ,,ს----------–---------" შორის 2015 წლის 24 მარტის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, დაიდო შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც ჯ---------------შვილზე 32 თვით გაიცა კრედიტი 11 000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის ოდენობით, წლიური 15%-ით. გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5% -ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ.36-38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს "ს----------–---------ა" 2015 წლის 17 მარტს გ---------------შვილთან, 2015 წლის 1 აპრილს შ-------------შვილთან და გ----------------შვილთან დადო თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც აღნიშნულმა პირებმა იკისრეს სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულის შესრულებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადებები თავდებობის შესახებ და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ.41-58);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის დაფარვის გრაფიკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნაერთი ამონაწერი ჯ---------------–---–-ს პირადი ანგარიშიდან (ს.ფ.39-40);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 420-ე, 626-ე, 891-ე მუხლები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;
317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხთა ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე მხარემ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მათგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;
891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში ჯ---------------შვილს და მოსარჩელეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რითიც გათვალისწინებული იყო პროცენტი. მოპასუხეს ვალი უნდა დაებრუნებინა შეთანხმებული გრაფიკით. მან დაარღვია გრაფიკი თანხა საერთოდ აღარ გადაიხადა, რაც უფლებას აძლევს კრედიტორს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ჯ---------------–---–-სა და სხვა მოპასუხეებისაგან, რომლებიც თავდებად დაუდგნენ კრედიტორის წინაშე მსესხებელს და სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს მისი ვალდებულების შესასრულებლად;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;
მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;
მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ სასარჩელო მოთხოვნა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების პირობებიდან გამომდინარეა;
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
იმავე ტიპის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის Nას-103-99-2016 განჩინებაში აღნიშნულია: პირგასამტეხლოს განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს“;
პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობისას, ,,სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვ. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, ამით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს“;
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს გაცემული სესხის ოდენობას, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობას - რომ რომ სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 2015 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის1 დეკემბრამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 873-ე მუხლით მინიჭებული უფლებით კრედიტის გამცემს შეეძლო მანამდეც შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა, რადგან გათვალისწინებული იყო კრედიტის დაბრუნება ნაწილ- ნაწილ, კრედიტის ამღების მიერ ზედიზედ ორი ვადის გადაცილების შემთხვევაში, კრედიტორმა კი სასამართლოს მომართა 2018 წლის ნოემბერში, რითიც ხელი შეეწყო პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდას. ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 652.08 დოლარი ლარი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს - განისაზღვროს 60 დოლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;
49-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 615 ლარი. სასარჩელო მოთხოვნა იყო 20435 ლარი, რაშიც შედის ცალკე ჯ---------------–---–-საგან მოთხოვნილი 655.8 ლარიც.
მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ უარი თქვა ჯ---------------–---–-საგან 655.8 ლარის და სოლიდარული მოპასუხეებისაგან 300 აშშ დოლარის მოთხოვნაზე. შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 44 ლარი (20 ლარი 655 ლარის შესაბამისი და 24 ლარი - სოლიდარული მოვალეებისაგან მოთხოვნილი თანხის შესაბამისი) უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.;
მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ უარი თქვა კიდევ 150 დოლარის მოთხოვნაზე და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 6 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. სულ, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილზე უარის თქმის გამო, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 50 ლარი.;
სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - მოპასუხეებს დაეკისრათ 6275.94 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც 5318.71 დოლარი ძირი თანხაა, 897.23 დოლარი - პროცენტი, 60 დოლარი - პირგასამტეხლო);
მოპასუხემ მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო 6275.94 დოლარის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 254 ლარი ( 6275.94 დოლარის 3% : 2-ზე. (1 აშშ დოლარი = 2.70 ლარს ) უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სულ - 304 ლარი;
დარჩენილი სახელმწიფო ბაჟიდან 311 ლარიდან, მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს 592.08 დოლარის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 48 ლარი, რადგან პირგასამტეხლოს მოთხოვნა ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეთ სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 263 ლარი (311 – 48 = 263).
8.სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებები
გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე, 233-237-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
ჯ---------------შვილს, გ----------------შვილს, შ-------------შვილს, გ---------------შვილს დაეკისროთ სს ,,ს----------–---------ს” სასარგებლოდ 6275.94 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის გადახდა, საიდანაც 5318.71 დოლარი ძირი თანხაა, 897.23 დოლარი - პროცენტი, 60 დოლარი - პირგასამტეხლო;
2. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია - აუქციონზე გაიყიდოს ქ. ქ-----––-, ა------------------ში მდებარე უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 6------------ რომელზეც ჯ---------------–---–-ს საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული.
თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად, აღსრულება მოხდეს ჯ---------------–---–-ს, შ-------------შვილის, გ----------------შვილის და გ---------------შვილის სხვა ქონებიდან;
3. მოსარჩელე სს ,,ს----------–---------“ დაუბრუნდეს 2018 წლის 25 ოქტომბერს, N21 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 615 ლარის ნაწილი 304 (სამას ოთხი) ლარი.
ჯ---------------შვილს, გ----------------შვილს, შ-------------შვილს, გ---------------შვილს დაეკისროთ სს ,,ს----------–---------ს” სასარგებლოდ 263 (ორას სამოცდასამი) ლარი - მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი