განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4-19
გამოძიების №0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
4 აპრილი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული -გ--–--------–----------–-----, - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–----------------, პირადი #6----------, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: ქ. თეთრიწყარო, კ-–---------------.
ადვოკატები - ა-----–------------ ნ-----–------------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (2 ეპიზოდი).
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2018 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თეთრიწყაროში, კ-–----------------ში მდებარე გ--–------–------- და თ------------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, გ--–------–------ ხელების ხელისა და მხრების არეში დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის თ------------- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულს შეესწრო მათთან მუდმივად მცხოვრები პირი - არასრულწლოვანი მ---------–------
2. 2018 წლის 1 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. თეთრიწყაროში, კ-–----------------ში მდებარე გ--–------–------- და თ------------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, გ--–------–------ ხელების ხელისა და მხრების არეში დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის თ------------- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი ე-–--------–------
სასამართლომ დაადგინა:
3. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა გ--–------–------ მიერ 2018 წლის 25 ნოემბერს მ---------–------, ხოლო 1 დეკემბერს ე-–--------–------ თანასწრებით მეუღლეზე - თ--------------- ძალადობისა და აღნიშნული ძალადობით გამოწვეული ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს უტყუარობის, რელევანტურობისა და დასაშვებობის პრინციპების საფუძველზე.
5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მიზნებისთვის (ამ მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, შვილი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას), ამდენად გ--–------–----- და თ------------ არიან მეუღლეები და შესაბამისად ერთი ოჯახის წევრები, ხოლო ერთი მხრივ ისინი და მეორე მხრივ მ---------–----- და ე-–--------–----- მათი ოჯახის წევრები. 1261 მუხლის მიზნებისათვის ძალადობა გულისხმობს როგორც ცემას, ანუ არაერთჯერად დარტყმას, ასევე ძალადობის სხვაგვარ ფორმებს. ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი - ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება. ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი შეიძლება დადგინდეს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმით. ამ მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ხოლო არასრულწლოვანი 18 წლამდე პირია.
6. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ბრალდებულმა გ--–------–------ არ მისცა ჩვენება, ასევე უარი თქვა ჩვენების მიცემაზე დაზარალებულმა თ------------მ, ხოლო მოწმეების - მ----------------------------- გამოკითხვის ოქმები და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მხარეებმა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე უდავო გახადეს.
2018 წლის 25 ნოემბრისა და 1 დეკემბრის ძალადობის ეპიზოდები:
7. ორივე ეპიზოდთან მიმართებით სასამართლო ერთად მიმოიხილავს მტკიცებულებებს, ვინაიდან ისინი იმდენად უკავშირდება ერთმანეთს, რომ მათი ცალ-ცალკე განხილვა შეფასების გამეორებას გამოიწვევდა.
8. ჯ--–-------–-------- (გამომძიბელი) განაცხადა, რომ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, გამოკითხა მ------------- და მისი მამა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რასაც შეესწრნენ ბრალდებულის დედა და გოგონა, რომელიც მათთან იზრდება, დედა ჩადგა შუაში და არ მისცა საშუალება. პირველ ფაქტზე - მხოლოდ ბრალდებული და დაზარალებული და დედა იყვნენ, ხოლო მეორე ფაქტზე მიზეზი - ქორწილში მშობლების არწასვლა გახდა. #2------ შეტყობინების მიხედვით, მ-------------მ განაცხადა შესაძლო დანაშაულის შესახებ. მოწმე მ-------------- (დაზარალებულის ნათესავი) გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 24 ნოემბერს ჰქონდა ქორწილი, სადაც იყვნენ თ------------, მისი მეუღლე და უფროსი შვილი. 7 დეკემბერს დაურეკა თ------------მ და სთხოვა დაერეკა 112-ში, ვინაიდან მეუღლესთან ჰქონდა ჩხუბი და კონფლიქტი, თუმცა არ უთქვამს, რომ მეუღლე სცემდა, ამის შესახებ პოლიციაში შეიტყო. არ გაუგია არასდროს მსგავსი ფაქტის შესახებ. მოწმე ბ-------------- (დაზარალებულის მამის ძმა) გამოკითხვის ოქმის მიხედვით, თ------------მ მას მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა 7 დეკემბერს დაახლოებით 17:00 საათზე და სთხოვდა მასთან მისვლას, რომ მივიდა პოლიციაც მალე მივიდა სახლში. მან არაფერი იცის დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის რაიმე კონფლიქტის შესახებ, ხოლო ძალადობის შესახებ გაიგო პოლიციაში.
9. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (თარიღდება 2018 წლის 8 დეკემბრით) მიხედვით, თ------------მ მიუთითა მეორე სართულზე პირველივე ოთახზე და განმარტა, რომ 2018 წლის 25 ნოემბერს, საღამოს საათებში, მისმა მეუღლემ გ--–------–------ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მის მიმართ, ასევე გაიხსენა 2018 წლის 1 დეკემბერს მისი მეუღლის მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი და დასძინა, რომ მარჯვენა ხელის ზედა მხარეს მხრის ქვემოთ მიაყენა სხეულის დაზიანება. მოწმე შ-----------–---–-- (გამომძიებელი) განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში დაეხმარა გამომძიებელს, რა დროსაც დაზარალებულმა აღიდგინა, რომ 1 დეკემბერს და 25 ნოემბერს მასზე იძალადა მეუღლემ.
10. ვიზუალური დათვალიერების ოქმის (თარიღდება 2018 წლის 7 დეკემბრით) მიხედვით, თ------------ს აღენიშნება მარჯვენა მკლავის (მხრის) წინა არეში მოლურჯო-მოყვითალო ფერის დაჟეჟილობა და სისხლჩაქცევა, ხოლო რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნას, პირადი გასინჯვის მონაცემებით (08.12.18), თ------------ს აღენიშნება სისხლჩაქცევა მარჯვენა მხრის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2018 წლის 1 დეკემბერს. მოწმე მ------------------- (გამომძიებელი) განმარტებით, მან დაათვალიერა გარეგნულად დაზარალებული, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანება და იტკიებდა იმ მომენტში. დაზარალებულმა განუცხადა, რომ მეუღლემ განახორციელა ძალადობა ორჯერ, მაშინ და 1 კვირის წინ.
11. სასამართლოს შეფასებით, პირველ რიგში, 2018 წლის 25 ნოემბრის ეპიზოდთან მიმართებით ბრალდების მხარეს არ წარუდგენია არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ დაადასტურებდა, რომ ის დაზიანება, რომელიც დაზარალებულს აღენიშნებოდა სწორედ გ--–------–------ მიაყენა და სწორედ 25 ნოემბერს განხორციელებული ძალადობის შედეგია. მოწმე ჯ--–-------–-------, ისევე როგორც სხვა პირები, რომლებიც დაიკითხნენ ან გამოიკითხნენ, არ შესწრებიან გ--–------–-----სა და თ------------ს შორის რაიმე ძალადობას. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არც კი მიემართება 25 ნოემბრის ეპიზოდს და მხოლოდ 1 დეკემბერზე აკეთებს აქცენტს, რის გამოც მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების ოქმი ვერ იქნება იმის უტყუარი მტკიცებულება, რომ თ------------მ დაზიანება სწორედ 25 ნოემბერს მიიღო, მით უფრო, ისეთ ვითარებაში, რომ მხოლოდ ერთი სისხლჩაქცევა იქნა იდენტიფიცირებული და რთულია იმის მტკიცება, რომ გ--–------–-------თვის ბრალად წარდგენილ ორივე ძალადობის ფაქტს სწორედ ერთი და იმავე ადგილზე მოჰყვა სხეულის დაზიანება. აღნიშნული გარემოება ასევე ეჭვს აჩენს 1 დეკემბერთან მიმართებითაც, ვინაიდან ექსპერტს არ უმსჯელია ეს დაზიანება რამდენად ადრე შეიძლება ჰქონოდა დაზარალებულს მიღებული, რაც ბუნებრივია არ შეიძლება უტყუარად ადასტურებდეს, რომ დაზარალებულის მხარზე არსებული დაზიანება სწორედ 1 დეკემბერს განხორციელებული სავარაუდო ძალადობის შედეგია.
12. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოწმე გ----------------- (ბრალდებულის ნათესავი) განმარტა, რომ 25 ნოემბერს იყო ნათესავის ქორწილის მეორე დღე, მან გაუარა გ--–--------------- და მათ უფროს შვილთან ერთად წაიყვანა, ხოლო საღამოს, უკვე ბნელოდა, მოიყვანა უკან და იმ ღამეს დარჩა გ--–------ სახლში. ქორწილში არ მიუღია ალკოჰოლური სასმელი, ვინაიდან საჭესთან იყო. სახლში მოსვლისას მ---------–-----ს, რომელიც ბრალდებულის ძმის შვილია და დიდი ხანია ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობს, უკვე ეძინა, სახლში იყვნენ ბრალდებულის დედა და უმცროსი შვილი ნ--–-. ცოტა ისაუბრეს და დაწვნენ, მას მ----- და ბიცოლას ერთ ოთახში ეძინათ, რომელშიც არის გ--–------–------- და თ------------- საძინებელში შესასვლელი კარიც და ყველა ოთახი ერთმანეთს ესაზღვრება. სახლში შესვლის შემდეგ გარეთ არ გასულა, არც კამათი გაუგია და არც ჩხუბი, ყველა ოთახი ერთმანეთის გვერდით არის და გაიგებდა. მეორე დილით მ---- წაიყვანა სკოლაში, თავად მასწავლებელია. მოწმის განმარტებით, ქორწილში თ------ სთხოვა ეცეკვა, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი უთხრა, რადგან მხარი სტკიოდა. ანალოგიური განაცხადა არასრულწლოვანმა მოწმემ მ---------–-----მ, იგი 10 წელია ცხოვრობს ბიძასთან, 25 ნოემბერს რომ დაბრუნდნენ ქორწილიდან მას ეძინა, კონფლიქტს, შეგინებას ან დარტყმას არ შესწრებია არასდროს, გ--–------–----- კარგი მამაა, შვილებს ძალიან კარგად ექცევა და ოჯახზე ზრუნავს. 26 ნოემბერს ბიძამ გ-------- წაიყვანა სკოლაში. მეორე მხრივ, 1 დეკემბრის ეპიზოდთან მიმართებით არ გამოკითხულა/დაკითხულა ბრალდებულის დედა და არც არასრულწლოვანი ე-–--------–-----, რომელიც ბრალდების დადგენილების თანახმად, შეესწრო მის მშობლებს შორის ძალადობის ფაქტს. მტკიცებულებები მხოლოდ ცალსახად და დაზარალებულზე ორიენტირებითაა მოპოვებული და წარდგენილი სასამართლოში, ხოლო საბოლოოდ ბრალდების მხარის ირიბი მოწმეები - გამომძიებლები და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მიუთითებს, რომ გ--–------–------ იძალადა თ--------------- ორჯერ, 25 ნოემბერსა და 1 დეკემბერს, ხოლო სასამართლო ირიბი მოწმეების ჩვენებებს, რომლებმაც დაზარალებულისგან იციან ამის შესახებ ვერ დააყრდნობს რაიმე ფააქტის უტყუარად არსებობას.
13. ასევე, ასეთ ვითარებაში მხოლოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ გ--–------–------ განახორციელა ძალადობა თ---------------, არც საკმ-----ია და არც უტყუარი მაშინ, როდესაც სავარაუდო ძალადობის მომენტში შემსწრე პირები გამორიცხავენ მსგავს. უფრო მეტიც, ბრალდების ის ნაწილი, რომელიც მ---------–------ თანდასწრებით ძალადობის განხორციელებას ეხება არაფერს ეფუძნება. დადასტურებულია, რომ სადავო მომენტში მას ეძინა და არაფერი იცის, ხოლო მოწმე გ----------------, რომელიც ბრალდებულის სახლში იყო არაფერი გაუგია. სამწუხაროა, რომ ბრალდების მხარემ გამოძიებისას არც კი გამოკითხა მ---------–----- და ბრალდებულის დედა, რომლებზეც გამომძიებელ ჯ--–-------–------- ინფორმაცია ჰქონდა, რომ დედა აშველებდა, ხოლო ბრალდების დადგენილებაში პირდაპირ მითითებულია მ---------–------ ის მიზეზი, რომ მათთან გასაუბრების მიზნით გამომძიებლები გამოცხადდნენ სახლში, რომელიც დაკეტილი დახვდათ და ფაქტობრივად ამით გამოძიებამ „პასუხისმგებლობა მოიხსნა“ საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოძიების თვალსაზრისით, რასაც მას ავალდებულებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი, უფრო მეტ ეჭვებს და კითხვებს აჩენს იმ ფაქტების სისწორესთან მიმართებით, რაც ბრალდების დადგენილებაშია აღნიშული. თუ რატომ არ მოხდა სავარაუდო ინციდენტის შემსწრე პირების გამოკითხვა ბრალდების მხარეს გონივრული ახსნა არ წარმოუდგენია. ასე აშკარად იცოდე არსებითი მტკიცებულებების შესახებ და არ მოიპოვო ან არ შეამოწმო და არც მტკიცებულებად წარადგინო სასამართლოში მაშინ, როდესაც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაშია ასახული, სრულიად წარმოუდგენელია და რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს სასამართლო ამის განხილვაში აღარ შევა. ბუნებრივია, აღნიშნული მოწმეების გამოკითხვას „დაკეტილი კარი“ ვერ შეუზღუდავდა ბრალდების მხარეს (2018 წლის 9 დეკემბრის ოქმის მიხედვით გამომძიებელი ჯ--–-------–------- შ-----------–---–---- ერთად გამოცხადდა კ-–----------------ში გ--–------–------ დედის - ნ---------–------------–----- და ძმისშვილის - მ---------–-----სთან გასაუბრების მიზნით, თუმცა სახლი დაკეტილი დახვდათ). იგივე ითქმის მოწმე გ------------------, რომელიც ასევე იმავე სახლში იმყოფებოდა 25 ნოემბრის საღამოდან მეორე დილამდე, რაც ასევე ბუნდოვანს ხდის მის არ გამოკითხვას მოცემულ საქმეში. ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულებაზე მხოლოდ საპროცესო კანონის ზემოაღნიშული მუხლი არ მიანიშნებს და ასეთ შემთხვევებში მეორეხარისხოვანია ის, რომ ბრალდების მხარე თავად ირჩევს რა მტკიცებულება მოიპოვოს და წარადგინოს. ეს უკანასკნელი წესი ყველა შემთხვევაში სწორი არ არის. ამ საქმეში ისიც გაუგებარია, თუ რატომ არ იქნა სამედიცინო ექსპერტიზაზე შეკითხვა დასმული 25 ნოემბერთან მიმართებით და რატომ შემოიფარგლა დასმული შეკითხვები მხოლოდ 1 დეკემბრით, არადა წესით, ბუნდოვანი გარემოებების გამოსარიცხად სწორედ ამ გზით უნდა წასულიყო ბრალდების მხარე, რათა გონივრული ეჭვები თავისივე მოქმედებებითა და გადაწყვეტილებებით არ გაეჩინა და შემდეგ ასეთ საქმეზე ედავა სასამართლოში. ისიც ნიშანდობლივია, რომ ე-–--------–------ სავარაუდო ძალადობის შესწრებაზე საერთოდ არცერთი მტკიცებულება მიუთითებს.
14. ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო ვერ დაეყრდნობა თ------------სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება მოწმის ინფორმაციას და იმ პირობებში, როდესაც მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, იგი განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებად. მაშინ, როდესაც დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში (სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულებები აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის. სასამართლო მოცემული განმარტების ფარგლებში მოიაზრებს საგამოძიებო მოქმედების ოქმს იმ ნაწილში, რაც ეხება მოწმის ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს მისი უფლებიდან გამომდინარე არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება საგამოძიებო ექსპერიმენტის (მოცემულ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ბრალდების მხარე მას ჩვენების ადგილზე შემოწმებას უწოდებს, თუ ვითარების ადგილზე აღდგენას, რაც იმ მნიშვნელობით, რასაც სასამართლო ეხება, იდენტურ მონაცემებს შეიცავს და ისედაც, სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-3 ნაწილიც ანალოგიურად არის ფორმულირებული) ოქმის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულება, დაირღვეოდა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცემოდა საშუალება შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რითაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების ეჭვქვეშ დაყენების რეალური შესაძლებლობა მოესპობოდა, რითაც ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა დაცვის მხარე. განსაკუთრებით, როდესაც მოცემულ საქმეში არსებობს მთელი რიგი ბუნდოვანი გარემოებები, უმნიშვნელოვანესი იქნებოდა დაზარალებულის დეტალური დაკითხვა და იმ წინააღმდეგობების გამორიცხვა, რაც ამ საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით ვლინდება. ამის გარეშე კი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული ინფორმაციის შეუმოწმებლად, უტყუარ მოცემულობად მიღება აშკარად გააუარესებდა ბრალდებულის მდგომარეობას. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, გამომძიებელი არარელევანტური პირია და ვერ შეცვლის ინფორმაციის წყაროს. და ბოლოს, სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი არ არის გამოკითხვის ოქმის ჩანაცვლება და ამით პარალელური რეალობის შექმნა, რომლითაც, დაცვის მხარისათვის სათანადო გარანტიების გარეშე (აქ უპირველესად იგულისხმება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მასში მონაწილე პირის გაფრთხილების გარეშე არ მისცეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, თუნდაც საგამოძიებო ექსპერიმენტი გამოკითხვის შემდეგ განხორციელდეს, რა დროსაც ასეთი განმარტება უკვე გაკეთებულია, ვინაიდან ყოველი ახალი კომუნიკაცია საჭიროებს მსგავსი გაფრთხილების აუცილებლობას, როგორც ეს ხდება ყოველი ახალი გამოკითხვისას/დაკითხვისას), ბრალდების მხარე მიიღებს იდენტურ შედეგს, როგორც ეს გამოკითხვის ოქმის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა, რაც სსსკ-ის 129-ე მუხლის მიღმაა.
15. ფაქტების დადგენის თვალსაზრისით, საბოლოო ჯამში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ვერ დგინდება სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2018 წლის 25 ნოემბრის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ელემენტები, როგორიცაა ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი არაერთი ეჭვის არსებობა დასტურდება.
სამართლებრივი შეფასება:
16. სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა გ--–------–------ მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.). მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ სწორედ გ--–------–------ განახორციელა ძალადობა მეუღლეზე 2018 წლის 25 ნოემბერსა და 1 დეკემბერს, რასაც შეესწრნენ არასრულწლოვნები - მ---- და ე-–--------–-----ები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმ-----ი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77) უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება ( იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.austria, პუნქტი 15.).
17. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
18. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ--–------–------ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--–------–----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 25 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
2. გ--–------–----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
3. გ--–------–------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს და განაჩენის არსრულებიდან 1 თვეში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს - გ---------------- (პ/ნ 2----------).
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გ--–------–-----ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი