განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5------
(#00----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
05 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ-------------ლი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გი-----------–---------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–--–-----–--------------------------------------------------------ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ქვეშ მყოფი;
ადვოკატი - ლავ-------------–--ლი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ქ.თბილისში, გლდანის მ------------------------1-ში მცხოვრები გ------- პ----–---–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შუერაცხყოფას თავის შვილს - თ----- პ----–---–ს, რაც გამოიხატებოდა მის მიმართ ლანძღვა-გინებაში, რა დროსაც შეურაცხყოფის მიყენების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, თ----- პ----–---–ი განიცდიდა ტანჯვას. 2017 წლის 06 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 სთ-დან 22:30 სთ-მდე დროის მონაკვეთში, ქ.თბილისში, გლდანის მ------------------------1-ში გ------- პ----–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი შვილის, თ----- პ----–---–ის მიმართ, კერძოდ: თ----- პ----–---–ის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე, გ------- პ----–---–მა დაუწყო გინება თ----- პ----–---–ს, რის შემდგომაც სიგარეტის კოლოფი ხელის მოძრაობით მიასრისა სახეზე, ცხვირის არეში, ხოლო აღნიშნულის შემდგომ სახეში ესროლა სანთებელა. თ----- პ----–---–მა მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - გ------- პ----–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზებით სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------- პ----–---–ის მიერ ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულის ახლო ნათესავებმა - დაზარალებულმა თ----- პ----–---–მა, ასევე ბრალდებულის მეუღლემ ს------- ც------ემ და ბრალდებულის შვილმა ლ-–- პ----–---–მა გამოიყენეს კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი მუხლის ,,დ“ ქ/პუნქტით მათთვის მინიჭებული უფლება და როგორც ბრალდებულის - გ------- პ----–---–ის - ახლო ნათესავებმა უარი განაცხადა ჩვენებების მიცემაზე.
3.2. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ა---------–--ნმა განმარტა, რომ იგი მუშაობს რამდენიმე ადგილზე, მათ შორის „ჯ----აში“ ექსპერტად ბავშვთა ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით. მან აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებული პირი თავდაპირველად სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო. თ----- პ----–---–ი იცნობდა მის ერთ-ერთ მეგობარს, რომელსაც უამბო თავისი ისტორია - კერძოდ, თუ როგორ იყო ძალადობის მსხვერპლი წლების განმავლობაში, რომელმაც იგი დააკავშირა ს-----–---თან. კერძოდ, თ----- პ----–---–ის თანხმობით მისმა მეგობარმა მას ე.წ. „სქრინების“ მეშვეობით გაუზიარა ის მიმოწერა, სადაც პ----–---–ი ყვებოდა ძალადობის ფაქტების შესახებ და ჰკითხა, თუ რა შეიძლებოდა რომ გაეკეთებინათ. მან არჩია პირადად დაკავშირებოდა თ-----ს, რის შემდეგაც, დაახლოებით ერთი წლის წინ, დაიწყო მისი და თ----- პ----–---–ის კომუნიკაცია სოციალური ქსელის საშუალებით. მათ თვეების განმავლობაში ჰქონდათ ინტენსიური კომუნიკაცია, თუმცა ვერ დგამდნენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რადგან თ-----ი ამისთვის მზად არ იყო - ეშინოდა, რომ თუ კი რაიმეს გააკეთებდა, მაგალითად განაცხადებდა სადმე, ეს გამოიწვევდა უარეს ძალადობას. იმ პერიოდისთვის რაიმე მწვავე შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, ფონი ძალადობრივი იყო, ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობას. იგი ვერ ხვდებოდა თ-----ს პირადად, რადგან სკოლის გარდა, სადმე გასვლა მას ეკრძალებოდა, სკოლასა და სახლს მიღმა მას კომუნიკაცია არ ჰქონდა არავისთან. მოწმე იხსენებს თ-----ის მიერ მისთვის მოყოლილ ისტორიას, როდესაც სკოლიდან იგი სკოლელ ბიჭთან ერთად წამოვიდა და ქუჩაში მასთან ერთად გაისეირნა, რაც გაიგო მამამისმა და სწორედ ამის შემდეგ, იგი მამამ იძულებით წაიყვანა გინეკოლოგთან იმის შესამოწმებლად იყო თუ არა იგი კვლავ ქალიშვილი, რაც დადასტურდა კიდეც. როგორც მასთან კომუნიკაციისას თ----- პ----–---–მა აღნიშნა მისთვის ეს სერიოზული ტრამვა იყო და თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა, რადგან უცხო მამაკაცის წინაშე ამ პროცედურის გავლა მოუწია, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იყო დასკვნა მომდევნო დღეს. აღნიშნულის გამო, როგორც ეს თ. პ----–---–მა უამბო, იგი ტიროდა სახლში, რა დროსაც ოთახში შეკეტილი მამამისმა ის ქამრით სცემა. მოწმე აღნიშნავს, რომ 2017 წლის 06 ნოემბრის ფაქტამდეც, თ----- პ----–---–ი იყო მუდმივი სტრესის ქვეშ, სისტემატური ხასიათი ჰქონდა ცემისა და მოკვლის მუქარას მის მიმართ, იგი ვერ ახერხებდა თ----- პ----–---–თან შეხვედრას, რადგან მისი ყოველი ნაბიჯი კონტროლდებოდა, ტელეფონით კი ჰქონდა კომუნიკაცია და იცოდა, რომ ნებისმიერ დროს შეეძლო დაერეკა და ეთხოვა დახმარება მისთვის, თუკი სიტუაცია გამწვავდებოდა. 2017 წლის 06 ნოემბრის საღამოს, მას თ-----მა საპირფარეშოდან ჩუმად დაურეკა და უთხრა, რომ მამამ სიგარეტის კოლოფი ჩააჭყლიტა ცხვირში. მოწმე მიხვდა, რომ რაიმეს გადადებას აზრი აღარ ჰქონდა, გამოიძახა სასწრაფო და პოლიცია და თვითონაც მისი საცხოვრებელი სახლისკენ გაეშურა. თ-----ი მათ დახვდათ აკანკალებული და სახეზე ემჩნეოდა სიწითლეები. თავად გ------- პ----–---–ი მათ სახლში არ დახვედრია, რადგან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ იგი სახლიდან გავარდა. მომხდარის შემდეგ სასწრაფო დახმარებამ იგი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მოწმემ მასთან მთელი ღამე გაატარა და დეტალურად მოუყვა ყველაფერი, მათ შორის, წარსული ამბებიც. საავადმყოფოში ასევე იყო თ----- პ----–---–ის დედა, რომელიც იქაც სთხოვდა მას რომ შეეცვალა პოზიცია და არ განეცხადებინა მომხდარის შესახებ. დღეის მდგომარეობით, იგი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში იმყოფება, სადაც ძალიან ბედნიერია, რადგან თავს გრძნობს სრულფასოვან ადამიანად და სუნთქავს თავისუფლად, რის გამოც ხშირად სწერს მადლობებს.
3.3. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მოწმე ს-----ო ტ---–-----მა განმარტა, რომ გ------- პ----–---–ი არის მისი ბიძა, ხოლო თ----- პ----–---–ი არის მისი ბიძაშვილი და დაბადებიდან ცხოვრობს მათთან ერთად. გ------- პ----–---–სა და თ----- პ----–---–ს ერთმანეთთან აქვთ კარგი ურთიერთობა. 2017 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, როდესაც გ------- პ----–---–ი სახლში დაბრუნდა მან თავის შვილს, თ----- პ----–---–ს სიტყვიერი შენიშვნა მისცა სწავლასთან დაკავშირებით, რადგან იგი აცდენდა სკოლას და არ დადიოდა რეპეტიტორებთან, რაზეც თ-----ი გაღიზიანდა და უხეშად უთხრა მამამისს: „გაეთრიე ოთახიდანო“, რის შემდეგაც ბრალდებული წავიდა სახლიდან და მათ კონფლიქტი ამით დასრულდა. თ-----ისთვის არც გ------- პ----–---–ს და არც სახლში მყოფ რომელიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მოწმე აღნიშნავს, რომ გ------- პაქსაშილი შენიშვნას აძლევდა ხოლმე თ-----ს და ეუბნებოდა, რომ უნდა ესწავლა, თუმცა, ამას მკაცრი სახე არ ჰქონია და მათ შორის რაიმე ფიზიკურ დაპირისპირებას ან შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
3.4. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მოწმე ს--–---ე ტ---–-----მა განმარტა, რომ გ------- პ----–---–ი არის მისი ბიძა, ხოლო თ----- პ----–---–ი არის მისი ბიძაშვილი და დაბადებიდან იზრდება მათთან ერთად. 2017 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 22:00-23:00 საათზე, გ------- პ----–---–ი სახლში დაბრუნდა, რა დროსაც თ----- პ----–---–ს შენიშვნა მისცა, რადგან ეს უკანასკნელი სისტემატურად აცდენდა სკოლასა და მოსამზადებელ გაკვეთილებს. თ-----ს აღნიშნულზე ჰქონდა ცუდი რეაქცია და იყო აგრესიულად განწყობილი, რა დროსაც მამამისს უთხრა: „რა შენი საქმეა, გაეთრიე ოთახიდანო“, რის შემდეგაც გ------- პ----–---–ი სახლიდან წავიდა. თუმცა, მათ შორის რაიმე ფიზიკურ დაპირისპირებას ან კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, ასევე, არც თავად შესწრებია იგი მსგავს სიტუაციას.
3.5. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მოწმე ი------------–-–---–მა განმარტა, რომ გ------- პ----–---–ი არის მისი მეუღლის მეგობარი და ამავე დროს, იგი არის ლ-–- პ----–---–ის ნათლია. თ----- პ----–---–სა და გ------- პ----–---–ს კარგი მამა-შვილური დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან და მათ შორის კონფლიქტს იგი არასოდეს შესწრებია. მას ს------- ც------ემ სთხოვა, რომ დალაპარაკებოდა თ----- პ----–---–ს, რადგან იგი არ დადიოდა და აცდენდა გაკვეთილებს მათემატიკის მასწავლებელთან. 2017 წლის 06 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, როდესაც დაასრულა საოჯახო საქმეები, იგი მივიდა პ----–---–ების სახლში, რა დროსაც მათ სახლში იყო სასწრაფო, ასევე ა---------–--ნი, რომელსაც თ----- პ----–---–ი მიჰყავდა. თ-----ი იყო ჩვეულებრივ მდგომარეობაში, არ ჰქონია რაიმე დაზიანება, თუმცა იყო ნამტირალევი.
3.6. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მოწმე ი-–------------ემ განმარტა, რომ 2017 წლის ნოემბრის თვის მდგომარეობით მუშაობდა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–---ევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში უფროს ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მან დაიწყო გამოძიება, რასაც საფუძვლად დაედო 2017 წლის 07 ნოემბერს გაკეთებული მოქალაქე ა---------–--ნის შეტყობინება, რომლის თანახმად გ------- პ----–---–ი შვილის მიმართ ახორციელებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მის მიერ გამოკითხული იქნა მოქალაქე ა---------–--ნი, არასრულწლოვანი თ----- პ----–---–ი სათანადო წესით, ს------- ც------ე, ი------------–-–---–ი, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა თ----- პ----–---–ის მიმართ, რადგან მას აღენიშნებოდა დაზიანება ცხვირის არეში. თ----- პ----–---–ი განმარტავდა, რომ მას გ------- პ----–---–მა სახეზე დაასრისა სიგარეტის კოლოფი. იგი იმ მომენტში, როდესაც პირველად ნახა, იყო აღელვებული და შეშინებული და აღენიშნებოდა დაზიანება ცხვირის არეში, დაზიანების წყარო კი, თ. პ----–---–ის განმარტებით, იყო ფიზიკური შეურაცხყოფა. მისი განცხადებით, თ----- პ----–---–ს დაენიშნა ადვოკატი, ბრალდებულს გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება და გამოკითხა იგი, ასევე გადასცა სისხლის სამართლის საქმის მასალები.
3.7. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მოწმე მ----------ძემ განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მან განახორციელა ორი პირის, მათ შორის, არასრულწლოვანი ლ-–- პ----–---–ის გამოკითხვა, რომელსაც ასევე, დაუნიშნა საპროცესო წარმომადგენელი კანონის მოთხოვნათა დაცვით. გამოკითხული მოწმეები გაეცნენ გამოკითხვის ოქმს, მასზე რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამთ და იგი დაადასტურეს ხელმოწერებით.
3.8. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მოწმე ს-------------–---–მა განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მან გამოძიების ეტაპზე დაკითხა ს--–---ე ტ---–-----ი კანონით დადგენილი წესით, მიცემულ ჩვენებაზე რაიმე სახის შენიშვნა მას არ გამოუთქვამს და მოაწერა ხელი.
3.9. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მოწმე ც---------------–-ძემ განმარტა, რომ იგი მუშაობს ციციშვილის სახელობის კლინიკაში და სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის პერიოდისთვის, 2017 წლის 8 ნოემბრის მდგომარეობით დროებით ასრულებდა საქმეთაწარმოების სპეციალისტის მოვალეობას. მან ი-–------------ის მომართვის წერილის საფუძველზე, რომელშიც წარმოდგენილი ხელწერილებით იყო რომ თ----- პ----–---–სა და მის დედას სურდათ ამოეღოთ თ----- პ----–---–ის სამედიცინო ისტორიის ასლი, რომელიც დაკმაყოფილდა. აღნიშნული ისტორიის მიხედვით, ციციშვილის კლინიკაში თ----- პ----–---–ი მოთავსებული იქნა 2017 წლის 06 ნოემბერს.
3.10. სამედიცინო დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ თ----- პ----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობების ერთი ეგზემპლარი გადაიგზავნა საექსპერტო დაწესებულებაში ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ხოლო მეორე ასლი დამოწმებული სახით გადაგზავნილია სისხლის სამართლის საქმე N00---------- საქმეზე დასართავად.
3.11. 2017 წლის 10 ნოემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით: შპს „უნიმედი კახეთი“ - ბავშვთა ახალის კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1-----დან ირკვევა, რომ თ----- პ----–---–ი კლინიკაში მოათავსეს, 2017 წლის 07 ნოემბერს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: ცხვირის ზედაპირული ტრამვა. თ----- პ----–---–ს პირადი შემოწმებისას/ ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთების სახით ცხვირის მიდამოში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
3.12. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა გ---–--------------–-ილმა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გარშემო.
3.13. ბრალდებულმა გ------- პ----–---–მა საქმის არსებით სხდომაზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 06 ნოემბერს, მას მეუღლემ უთხრა, რომ მათი შვილი თ-----ი არ დადიოდა მათემატიკის მასწავლებელთან, რაზეც შვილს მისცა შენიშვნა და მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება. ამ დროსაც მან მოისროლა სანთებელა, რომელიც ხელში ეჭირა, თუმცა, სანთებელა მის შვილს არ მოხვედრია. იგი აღნიშნავს, რომ მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირება არ მომხდარა. აღნიშნული კონფლიქტის შემდეგ იგი სახლიდან წამოვიდა და მას შემდეგ მას თ-----ი აღარ უნახავს. ზოგადად კი, იგი არის კარგი მამა და შვილთან დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონია, მისთვის ადრეც მიუცია შენიშვნა აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით, მაგრამ კონფლიქტი არასდროს მოსვლია.
3.14. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.16. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)
3.17. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.18. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიჩნია, რომ ბრალდებულ გ------- პ----–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული, ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა ვერ იქნა დადასტურებული ეჭვის გამომრიცხავი და უტყუარი მტკიცებულებებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
4.2. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
4.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, მნიშვნელოვანია დადგენილი იქნეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებებსა და დამდგარ შედეგს შორის, ასევე ის გარემოებაც, რომ პირის მიერ განხორცილებულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
4.6. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) სუბიექტთა წრე (დამნაშავე უნდა იყოს დაზარალებულის ოჯახის წევრი), 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება) და 3) აღნიშნულ ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა). ზემოაღნიშნული გარემოებები ასევე ცხადყოფს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის ჩვენებას.
4.7. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ გარემოებას - 1261 მუხლის მე-2 ნაწილი „ა“ ქვეპუნქტით პასუხისმგებლობას ამძიმებს ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ.
4.8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით განხილვაზე დაზარალებულმა თ----- პ----–---–მა, ასევე ბრალდებულის მეუღლემ ს------- ც------ემ და ბრალდებულის შვილმა ლ-–- პ----–---–მა საქმის არსებით სხდომაზე გამოიყენეს მათთვის მინიჭებული უფლება არ მიეცათ ჩვენება თავისი ოჯახის წევრის/ახლო ნათესავის საწინააღმდეგოდ.
4.9. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პროკურორის მიერ საქმის განხილვის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი არ იქნა თუნდაც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ გ------- პ----–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის შვილს - თ----- პ----–---–ს. კერძოდ, სიგარეტის კოლოფი ხელის მოძრაობით მიასრისა სახეზე, ცხვირის არეში, ხოლო აღნიშნულის შემდგომ სახეში ესროლა სანთებელა. მოცემულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად, ბრალდების მხარის მიერ საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილმა მოწმეებმა - ს-----ო და ს--–---ე ტ---–-----ებმა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, არ დაადასტურეს გ------- პ----–---–ის მიერ თ----- პ----–---–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. სხვა მოწმეებმა კი, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, შემხებლობა არ ჰქონდათ კონკრეტულ ფაქტთან და მათი ჩვენებები ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. შესაბამისად, ამ მოწმეთა ჩვენებები საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენდნენ ირიბ ჩვენებებს.
4.10. სასამართლო კი ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
4.11. სასამართლო ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა გაანალიზების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის უტყუარად არსებობა, კერძოდ, არ არის დადგენილი დაზარალებულს ბრალდებულმა მიაყენა თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა, შესაბამისად, ვერ დასტურდება 2017 წლის 10 ნოემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნაში მოცემული თ----- პ----–---–ის მიმართ არსებული დაზიანებების წარმოშობის წყარო (ასეთი დაზიანების მიმყენებელი პირი). ბრალდების მხარე ეყრდნობა მხოლოდ იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც თავისი შინაარსითა და არსით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. კერძოდ, პოლიციის თანამშრომლებისა და გამომძიებლების ჩვენებები, ასევე, მოწმე ა---------–--ნის ჩვენება ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის განმარტებას (თავად დაზარალებულმა კი სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა), შესაბამისად, ბრალდებულ გ------- პ----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება აგებულია მხოლოდ და მხოლოდ ირიბ ჩვენებებზე, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილების საფუძველზე, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ ის არ დასტურდება პირდაპირი მტკიცებულებით/ჩვენებით, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
4.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, ვინაიდან, სასამართლოზე არ ყოფილა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს გ------- პ----–---–ის ბრალეულობაში მის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებაში, რის გამოც, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- პ----–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 270-ე-272-ე, 275-ე- 277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- პ----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გამართლებულ - გ------- პ----–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე