განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002863515
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 აპრილი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - გელა თებიძე
ბრალდებული - ვახ------------აძე
ადვოკატი - პაა--------–--აძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ვახ------------აძე
მამის სახელი: თამაზი
დაბადებული: 01.03.1991 წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლობა: მქონე
მისამართი: ხელვაჩაური, სოფელი მა----–---რი მე-6 ქ. N5
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
381-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებული ვახ------------აძე, რომელსაც ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 03 წლით აკრძალული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2018 წლის 07 ივლისს, ქ. ბათუმში, ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე მართავდა ,,სუზუკი’’-ს მარკის ავტომობილს, სახ. სანომრე ნიშნით TA 6-- MI.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2. სასამართლოს დასკვნა, ვახ------------აძის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ვახ------------აძის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენს, მოწმეების ზა--------–------------------------–-–---–----------–-------–-მიძის გამოკითხვის ოქმებს, ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტს და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად.
4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებითი სტანდარტი - ”გონივრულ ეჭვს მიღმა”, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
5. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების (განაჩენის) შეუსრულებლობა. განაჩენის შეუსრულებლობა გამოიხატება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდისგან/დაკისრებული მოვალეობის შესრულებისგან განზრახ თავის არიდებაში ან მის დარღვევაში.
7. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენით და ბრალდებულ ვახ------------აძის გამოკითხვის ოქმით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვახ------------აძის მიმართ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რითაც მას ეკრძალებოდა სატრანსპორტო საშუალების მართვა. მოწმეების - ზაურ მელაძის და გიორგი ნასტაგელაშვილის გამოკითხვის ოქმებით, თამილა აბესლამიძის გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით, უტყუარად დადასტურებულია, რომ ვახ------------აძე 2018 წლის 07 ივლისს, ქ. ბათუმში, ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე მართავდა "სუზუკი"-ს მარკის ავტომობილს, სახ. სანომრე ნიშნით TA 6-- MI.
8. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვახ------------აძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული - კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
9. ვახ------------აძის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა რეციდივი.
10. ვახ------------აძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
11. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებაა რეციდივი, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
12. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ვახ------------აძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.
გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით სამი სხვადასხვა ძირითადი სასჯელის გამოყენებაა შესაძლებელი, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის გამოყენება არის მიზანშეწონილი და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ვახ------------აძის რესოციალიზაციისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ვახ------------აძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1.500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი