გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.03.2019
საქმის ნომერი
090210018002714381
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN (2/145–2018) 090210018002714381

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 მარტი, 2019 წელი ქ. ამბროლაური

შესავალი ნაწილი

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

მოსარჩელე – ე--------------–----

წარმომადგენელი – თ-----------–--–---–-

მოპასუხე – მ--------------

დავის საგანი: პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს მ--------------- (პირადი N2----------) ე--------------–----ს პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა.

 

1.2. დაეკისროს მ--------------- (პირადი N2----------) ე--------------–----ს (პირადი N0----------) სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის გადახდა

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2014 წლის 05 მაისიდან, ე--------------–---- მუშაობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტისა და კონტროლის სამსახურის უფროსად. მისი, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურის საქმიანობა ხორციელდებოდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში, რაც აისახებოდა სამსახურის მიერ შედგენილ ანგარიშებში. სწორედ ანგარიშებში გაკეთებული დასკვნები და რეკომენდაციები გახდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ა------------------------ გაჩენილი უთანხმოების საფუძველი. რის გამოც მან დაიწყო აქტიური და მიზანმიმართული მოქმედება მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისაგან ჩამოცილების მიზნით და სწორედ აქ გამოიყენა ყველაზე მზაკვრული და ბინძური გეგმა მოპასუხე მ--------------- მონაწილეობით, რომელიც წარმოადგენდა გამგებლის დეიდაშვილს და რომელიც მუშაობდა 2014 წლის სექტემბრიდან აუდიტისა და შიდა კონტროლის სამსახურის ჯერ სპეციალისტის, ხოლო შემდეგ კი მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

 

მ--------------- მიმართ, მისი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვის დიდი გულისხმიერებით გამოირჩეოდა ე--------------–----, როგორც სამსახურის უფროსი. თუმცა, მ--------------მ, 2017 წლის 21 ივნისს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიმართა მოხსენებითი ბარათით და განცხადებით ფაქტზე მითითებით, რომ ე--------------–----ა, 2017 წლის 01 მაისს 17:00 საათზე. მის სამუშაო ოთახში ყოფნისას განახორციელა სექსუალური ექსპლოატაციის გაწევის მცდელობა. აღნიშნული ფაქტი არ არსებობდა და ვერც იარსებებდა, რაზეც მიუთითებს თუნდაც ე.წ. ფაქტის გახმაურება 2017 წლის 19 ივნისს და მასზე ოფიციალური წესით რეაგირება 2017 წლის 21 ივნისს, რასაც შედეგად მოჰყვა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის გარკვეული თანამშრომლების მხრიდან დემარში გამგეობის შენობაში. ე--------------–----ს სამუშაო ოთახის პიკეტირება, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, შემდეგ ამ თანამშრომელთა მიერ სპონტანურად იქნა ორგანიზებული შეხვედრა, 2017 წლის 21 ივნისს, რომელსაც დაარქვეს გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომელთა ერთიანი სხდომა და ამ ე.წ. სხდომის მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე, ოქმი N1–ის სახით ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, 2017 წლის 23 ივნისს გამოსცა N0-- ბრძანება ე--------------–----ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამდენად, ე--------------–----ს თანამდებობიდან გათავისუფლება უნდა მოჰყოლოდა სწორედ მ--------------- მიერ ე--------------–----ს პატივის და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელებას.

 

ე--------------–----ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გასაჩივრებული იქნა სასამართლო წესით, თუმცა არ დაკმაყოფილდა. ე--------------–----ს მიმართ მ--------------- მიერ გავრცელდა მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები, რომელიც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ამით ე--------------–----ს მიმართ მიღებული მორალური ზიანი სრულიად შეუფასებელი და აუნაზღაურებელია.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელემ და მისმა წარმომამდგენელმა სარჩელს მხარი დაუჭირეს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება იმ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რაც სარჩელშია ანიშნული და მხარის მიერ იქნა დასაბუთებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ, მ--------------მ, წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მისი მხრიდან არ მომხდარა ე--------------–----ს პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გავრცელება, არამედ მოახდინა მისი მხრიდან ჩადენილი ამორალური საქციელის მხილება და მოითხოვა მასზედ რეაგირება. რაც შეეხება მის მიერ 2017 წლის 21 ივნისის მოხსენებით ბარათში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს, სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ იქნა გაზიარებული და დადგენილი არ უარყოფს და დღესაც ადასტურებს რომ აღნიშნული იყო სიმართლე და მისი მხრიდან ცილისწამებასა და პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელებას, მით უფრო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ადგილი არ ჰქონია.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე მ--------------მ სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მის მიერ განცხადებული ფაქტი სიმართლეს შეესაბამება, რის შედეგადაც მორალური ზიანი მოსარჩელეს არ მისდგომია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 05 მაისიდან, მოსარჩელე ე--------------–---- მუშაობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტისა და კონტროლის სამსახურის უფროსად, საიდანაც გათავისუფლდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელის 2017 წლის 23 ივნისის N0-- ბრძანებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე(ს.ფ.5–18);

2.ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 ივნისის N0-- ბრძანება ე--------------–----ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ(ს.ფ.27);

3.მოსარჩელის განმარტება(სხდომის ოქმი);

4.მოპასუხის განმარტება(სხდომის ოქმი);

 

3.1.2. მოპასუხე მ-------------- 2014 წლის სექტემბრიდან მუშაობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტისა და კონტროლის სამსახურში სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად, 2015 წლის 12 მარტიდან – სპეციალისტად, 2016 წლის 4 იანვრიდან – მთავარ სპეციალისტად. მოპასუხემ ჯერ განცხადებით, ხოლო შემდგომ მოხსენებითი ბარათით მიმართა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსარჩელის არაეთიკური ქმედების თაობაზე მის მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე(ს.ფ.5–18);

 

2.შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე(ს.ფ. 50–59);

 

3.მოპასუხე მ--------------- განცხადება ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლისადმი (ს.ფ.21);

 

4.მოპასუხე მ--------------- მოხსენებითი ბარათი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლისადმი(ს.ფ.19–20);

 

5.მოსარჩელის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);

 

6.მოპასუხის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელის 2017 წლის 23 ივნისის N0-- ბრძანება, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტისა და კონტროლის სამსახურის უფროსის ე--------------–----ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გამოიცა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლისადმი მოპასუხე მ--------------- მოხსენებითი ბარათის, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლისადმი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა მიმართვის, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომელთა სხდომის 2017 წლის 21 ივნისის ოქმის საფუძველზე

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე(ს.ფ.5–18);

 

2.ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 ივნისის N0-- ბრძანება ე--------------–----ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ(ს.ფ.27);

 

3.მოპასუხე მ--------------- მოხსენებითი ბარათი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლისადმი(ს.ფ.19–20);

 

4.ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა მიმართვა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლისადმი(ს.ფ. 22–25);

 

5.ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომელთა სხდომის 2017 წლის 21 ივნისის ოქმი(ს.ფ.26);

 

6.მოსარჩელის განმარტება(სხდომის ოქმი);

 

7.მოპასუხის განმარტება(სხდომის ოქმი);

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 ივნისის N0-- ბრძანებით ე--------------–----ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დადგენილია, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა მოპასუხე მ--------------- განცხადება ე--------------–----ს, როგორც სამსახურის უფროსის მხრივ, მის მიმართ გამოხატული არაეთიკური საქციელის გამო, რაც გასაჯაროვდა მოპასუხე მხარისაგან. აღნიშნულმა გამოიწვია ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა მხარდაჭერა მოპასუხე მ---------------ადმი, რაც გამოიხატა მიმართვით ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლისადმი და დაგვირგვინდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომელთა სხდომის 2017 წლის 21 ივნისის დაკვეთისშემცველი ოქმით სიმართლის გარკვევამდე მოსარჩელე ე--------------–----ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელე ე--------------–----ს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანება მთლიანად აგებულია მოპასუხე მ--------------- მიერ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე საკრებულოს თანამშრომელთა მხარდამჭერ რეაქციაზე, რასაც შედეგად მოჰყვა მოპასუხე მ--------------- განცხადებასა და მოხსენებით ბარათში მითითებული მოსარჩელის არაეთიკური დამოკიდებულების სრულად გაზიარება ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლისაგან.

 

4.2.2.მოსარჩელე ე--------------–----საგან გასაჩივრდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელის 2017 წლის 23 ივნისის N0-- ბრძანება, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტისა და კონტროლის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ სამივე ინსტანციის სასამართლოში და დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი სამოქალაქო საქმეზე(ს.ფ.5–18);

2.შესაგებელი სამოქალაქო საქმეზე(ს.ფ.50–59)

3.ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 ივნისის N0-- ბრძანება ე--------------–----ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ(ს.ფ.27);

4.ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება(29–37);

5.საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინება (ს.ფ.174–181);

6.მოპასუხის განმარტება(სხდომის ოქმი);

 

ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის N3/3–17 გადაწყვეტილებით, რაც სრულიად გაიზიარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ,,მოსარჩელის მიერ სარწმუნოდ ვერ იქნა დადასტურებული მოსარჩელის მხრიდან მ--------------- სექსუალური შევიწროების ფაქტის არარსებობა“, რაც საფუძვლად დაედო ე--------------–----ს სამსახურიდან გათავისუფლებას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განმჩინებით, ე--------------–----ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 01 მარტის განჩინებაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

ამავე განჩინებაში უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ დადასტურებულად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული ფაქტის სამართლებრივი შეფასებები, და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა საქმე.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ე--------------–----ს სარჩელი მოპასუხე მ--------------- მიმართ, ე--------------–----ს პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფის და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

– საქართველოს კონსტიტუცია;

– ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;

– საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი;

– საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

6.2. ეროვნული სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან პროცესუალურ ნიშანსა და თვისებას, მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტი ქმნის;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

მორალური ზიანის ფაქტის მტკიცების ტვირთის განაწილებაც ასევე თავისებურებებს შეიცავს:

 

6.3.ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზაუროს ეს ზიანი.

 

მორალური ზიანის კომპენსაცია ზოგადი წესის მიხედვით შესაძლებელია მხოლოდ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევისას. სამოქალაქო კოდექსი, არც სხვა კანონი არ ითვალისწინებს მორალური ზიანის განსაზღვრის ზოგად წესს. სასამართლო პირველ რიგში მხედველობაში იღებს ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხს.

 

საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 993-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლად ავრცელებს ან ახმაურებს სხვა პირისათვის ქონებრივი ზიანის მომტან ფაქტებს, ვალდებულია აანაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი, თუ ეს ფაქტები აშკარად არასწორია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზანი (არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით), კერძო სამართლით გათვალისწინებულმა სხვადასხვა სახის ურთიერთობებმა შეიძლება გამოიწვიოს მორალური, სულიერი ტანჯვა, მაგრამ მორალური ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის, ამდენად კანონის მიზანია, შეამციროს შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი (შდრ. იხ. სუსგ, N3კ-242-01, 06.04.2001, N3-1218-01, 24.04.2002, Nას-14-466-05, 09.11.2006, Nას-1156-1176-2011, 20.01.2012. Nას–593–568–2016. 14.07.2017.)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106–ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

 

კონკრეტულ შემთხვევაში მართალია მოპასუხე მ-------------- არ წარმოადგენდა მოსარხჩელე ე--------------–----ს ადმინისტრაციულ საქმეზე მხარეს, მაგრამ დავა მთლიანად აგებულია მისი სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მ--------------- განცხადებასა და მოხსენებით ბარათზე.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებაში მთლიანად არის გაზიარებული, რომ ე--------------–----ს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 ივნისის N0-- ბრძანებას საფუძვლად დაედო იმავე სამსახურის მთავარი სპეციალისტის მ--------------- მოხსენებით ბარათსა და განცხადებაში ასახული ფაქტი, რასაც მისი აღნიშვნით ადგილი ჰქონდა სამსახურის უფროსის კაბინეტში 2017 წლის 1 მაისს.

 

საკასაციო სასამართლომ ასევე სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მაზედ, რომ არსებობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ე--------------–----ს სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რაც თავისი დისკრეციის ფარგლებში სწორად შეფასდა მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.

 

მითითებულიდან გამომდინარე, სამივე ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია მოსარჩელისაგან მოპასუხის მიმართ განხორციელებული არაეთიკური ქმედება, რაც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა.

 

შესაბამისად, სამი ინატანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, სასამართლო გვერდს ვერ აუვლის და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველიც არ არსებობს

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. რადგანაც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს არ არსებობს მისი მოპასუხისავის დაკისრების საფუძველი

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1.ე--------------–----ს სარჩელი მოპასუხე მ--------------- მიმართ, პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელეს მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი