გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2019
საქმის ნომერი
190210018002779089
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
28.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-3257-18

(საქმე N190210018002779089)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 მარტი 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი: გიორგი ჩუბინიძე

მოსარჩელე: მ-----– შ-------ვ

წარმომადგენელი: ხ----- კვ-------ი

მოპასუხე: შ------- ა-------ი

წარმომადგენელი: დ-------- ზ--------–---–-

დავის საგანი: დანაშაულით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შ------- ა-------ს (პ/ნ 1----------) მოსარჩელე მ-----– შ-------ვის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 9537 ლარის ოდენობით.

1.2. მოპასუხე შ------- ა-------ს დაეკისროს მოსარჩელე მ-----– შ-------ვის სასარგებლოდ სარჩოს ნაცვლად ერთჯერადი კომპენსაციის გადახდა 20 000 ლარის ოდენობით;

1.3. მოპასუხე შ------- ა-------ს დაეკისროს მოსარჩელე მ-----– შ-------ვის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით (აღნიშნული მოთხოვნა დააზუსტა სასამართლო სხდომაზე).

 

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 06 ოქტომბერს , ქ.გარდაბანში, ავტომანქანით მოძრაობისას საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, მოპასუხე შ------- ა-------მა მოსარჩელე მ-----– შ-------ვს მუცლისა და ბარძაყის არეში ცივი იარაღის ოთხჯერადი დარტყმისას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. მოსარჩელე ითხოვს მკურნალობისთვის გაწეული თანხის - მატერიალური ზიანის, ერთჯერადი კომპენსაცის და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოპასუხისგან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შ------- ა-------მა სასამართლოში წარმოდგენილი წერლობითი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ის ეთანხმება მატერიალური ზიანის ანაზღაურებას 7037 ლარის ნაწილში. ასევე განმარტა, რომ მის მიერ გადახდილ იქნა სამკურნალო ხარჯი 3985 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში იგი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 06 ოქტომბერს , საღამოს დაახლოებით 16:30 საათზე ქ. გარდაბანში, აღმაშენებლის ქუჩა N12-ში ქ. გარდაბნიდან სოფ. ქესალოს მიმართულებით მიმავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომანქანით მოძრაობისას საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, მოპასუხე შ------- ა-------მა მოსარჩელე მ-----– შ-------ვს მუცლისა და ბარძაყის არეში ცივი იარაღის ოთხჯერადი დარტყმისას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

მტკიცებულებები:

- რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი ( ს.ფ. 21-35).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენით შ------- ა-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ 238 მუხლის მეორე ნაწილით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

მტკიცებულება: რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი ( ს.ფ. 21-35).

 

3.1.3. გამამტყუნებელი განაჩენით დადგინდა შადაათ ა-------ის მიერ მ-----– შ-------ვისათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტი, კერძოდ: მ-----– შ-------ვს მიყენებული ჰქონდა ნაკვეთ ნაჩხვლეტი ჭრილობები მუცლის წინა კედელზე და მარცხენა ბარძაყის მიდამოებში და ერთობლიობაში მიეკუთვნა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.

მტკიცებულება:

- რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი ( ს.ფ. 21-35) .

- 18.12.2017წ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.36-38).

 

3.1.4. 2018 წლის 17 ივლისს მ-----– შ-------ვის მიმართ /დამატებით/ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მოსარჩელემ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რაზეც 2018 წლის 13 სექტემბერს უარი ეთქვათ იმ მოტივით, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულმა კანდიდატურამ - ანგიოქირურგმა გადატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო უარი განაცხადა ექსპერტიზაში მონაწილეობაზე.

მტკიცებულება:

- დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათი 17/07/2018 9ს.ფ.39-42);

- ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 13/09/2018 წლის პასუხი (ს.ფ.43-44) .

 

3.1.5. 2018 წლის 08 ოქტომბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრს შპს „ვექტორს“ მ-----– შ-------ვის მიმართ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით. ექსპერტიზის წინაშე დასვეს შემდეგი კითხვები:

06.10.17 წლის შემთხვევასთან დაკავშირებით დადგენილიყო მ-----– შ-------ვის სხეულზე მიყენებული თითოეული დაზიანების ხარისხი ცალ-ცალკე;

ბარძაყის არტერიის და ვენის დაზიანება, რასაც ადგილი ჰქონდა მ.შ-------ვის შემთხვევაში, თუკი მას არ აღმოუჩენენ დროულ სამედიცინო დახმარებას/ოპერაციას/ გამოიწვევდა თუ არა სიკვდილს;

როგორი იყო ამ დროისთვის მ-----– შ-------ვის მარცხენა ქვედა კიდურის მდგომარეობა-ფუნქციის აღდგენის პერსპექტივა და ამ მიმართულებით რა სახის და ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროებოდა თუ არა;

მარცხენა ქვედა კიდურის ამჟამინდელი მდგომარეობა განპირობებული იყო მ.შ-------ვის მიმართ გაწეული სამედიცინო დახმარების არაჯეროვნებით თუ 06.10.17წ. მიღებული დაზიანებით.

მტკიცებულება: 08.10.18წ. განცხადება(ს.ფ.45-46).

 

3.1.6. სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შს „ვექტორის“ მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი კომისიური სასამართლოს ექსპერტიზის N01-02/22 დასკვნით დადგინდა:

 

1. მ-----– შ-------ვს 06.10.17 წ . მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, მათგან ორი მუცლის წინა კედელზე, ხოლო ორი მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში. მუცლის წინა კედლის ჭრილობა შემავალია მუცლის ღრუში პარიესული პერიტენეუმის დაზიანებით, ხოლო მარცხენა ქვედა კიდურზე დაზიანებულია ბარძაყის არტერია და ვენა. აქიდან გამომდინარე, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა და ასევე მარცხენა ბარძაყის არტერიის და ვენის დაზიანება, თითოეული ცალ-ცალკე მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას.

2. ბარძაყის არტერია წარმოადგენს მაგისტრალურ მსხვილ სისხლძარღვს, რომელშიც საკმაოდ მაღალია მოცირკულირე სისხლის წნევა და სიჩქარე, შესაბამისად, არტერიის დაზიანების მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში მცირე დროში და დიდი მოცულობით ვითარდება გარეგანი სისხლდენა, რაც საჭიროებს მყისიერ რეაგირებას. კონკრეტულ შემთხვევაში დროული სამედიცინო დახმარების გარეშე გარდაუვალი იქნებოდა ლეტალური გამოსავალი;

3. მ-----– შ-------ვს დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა ქვედა კიდურის წვივის წინა და უკანა ჯგუფის კუნთების დეფექტი. მარცხენა დიდი და მცირე წვივის ნერვების მოტო-სენსორული მკვეთრად გამოხატული აქსონალური ნეიროპათია.

ქრონიკული არტერიული უკმარისობა მეორე ხარისხი. მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის ართროზი მკვეთრი კონტრაქტურით.

მარცხენა ქვემო კიდურის მოტორული ფუნქციის აღდგენა ან გაუმჯობესება წვივის კუნთების 2/3-ის დეფექტის და ნერვული ტროფიკის მოშლის გამო უპერსპექტივოა. შ-------ვს მთელი ცხოვრება ესაჭიროება კურსობრივი კომპლექსური რეაბილიტაციური ღონისძიებების ჩატარება , მედიკამენტური მკურნალობა, ფიზიოპროცედურები, სამკურნალო მასაჟი და სხვა. კიდურის სენსორული ფუნქციის აღდგენის მცირე ალბათობა არსებობს სპეციალიზირებული კლინიკის პირობებში ოპერაციული ჩარევით. მარცხენა ქვედა კიდურის ამჟამინდელი პრობლემატიკა მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია 06.10.17წ. მიღებულ დაზიანებასთან.

 

მტკიცებულება : სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შს „ვექტორის“ მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი კომისიური სასამართლოს ექსპერტიზის N01-02/22 დასკვნა ( ს.ფ. 47-58).

 

3.1.7. მოსარჩელე მ-----– შ-------ვს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებიდან გამომდინარე მიადგა შემდეგი სახის მატერიალური ზიანი:

შპს „ჯეო ჰოსპიტალში“, სადაც მას ჩაუტარდა გადაუდებელი სასწრაფო ოპერაცია, 2017 წლის 27 ოქტომბერს გადახდილი იქნა 1525 ლარი:

შპს „აკადემიკოს ვ.ბოჭორიშვილის კლინიკაში“ გადაიხადილ იქნა შემდეგი რაოდენობის თანხა:

2017 წლის 27 ოქტომბერი 2376 ლარი;

2017 წლის 27 ოქტომბერი 42 ლარი;

2017 წლის 27 ოქტომბერი 18 ლარი;

2017 წლის 28 ოქტომბერი 18 ლარი;

2017 წლის 09 ნოემბერი 450 ლარი;

2017 წლის 09 ნოემბერი 450 ლარი;

2017 წლის 15 ნოემბერი 500 ლარი;

2017 წლის 15 ნოემბერი 500 ლარი;

2017 წლის 24 ნოემბერი 40,29 ლარი;

2017 წლის 24 ნოემბერი 500 ლარი;

2017 წლის 24 ნოემბერს 500 ლარი;

2017 წლის 24 ნოემბერს 40.29 ლარი;

2017 წლის 01 დეკემბერი 18 ლარი;

2017 წლის 13 დეკემბერი 18 ლარი;

2018 წლის 19 აპრილი 42 ლარი;

ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი 2500 ლარი.

მტკიცებულება: ქვითრები; სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 59-85).

 

3.1.8. მოპასუხემ სასმართლო სხდომაზე წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. მის მიმართ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია. მოპასუხე ასევე დაეთანხმა სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მათი შინაარსობრივი მხარე სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, დაეთანხმა წაყენებულ ბრალდებას, რომ მ-----– შ-------ვს მის მიერ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული აქვს სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

მტკიცებულება:

- რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი ( ს.ფ. 21-35).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე შ------- ა-------ი დაეთანხმა, რომ მოსარჩელე მ-----– შ-------ვს მოპასუხის დანაშულებრივი ქმედებით მიადგა 7037 ლარის ღირებულების მატერიალური ზიანი. მატერიალური ზიანის სახით მოსარჩელე ითხოვდა აღნიშნული თანხის დაკისრებას, პირველი სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხიდან 9 537 ლარიდან 2500 ლარი შეადგენს სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შს „ვექტორის“ მიერ დამოუკიდებელი კომისიური სასამართლო ექსპერტიზის ჩასატარებლად გაწეულ ხარჯს , ხოლო უშუალოდ მკურნალობაზე გაწეული ხარჯი შეადგენს 7037 ლარს, რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, თუმც არ დაეთანხმა ექსპერტიზის ხარჯის დაკისრებას, რადგან მიიჩნევს, რომ დანაშაულებრივი ქმედებით ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს (მიზეზ-შედეგობრივ კავშირს დანაშაულებრივ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის) და ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხს სადავოდ არ ხდის, საჭირო არ იყო ამ ექსპერტიზის დამატებით ჩატარება, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდებოდა გამოძიების ეტაპზე ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.2. სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შს „ვექტორის“ მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი კომისიური სასამართლოს ექსპერტიზის N01-02/22 დასკვნა ადასტურებს , რომ მ-----– შ-------ვს შ------- ა-------ის დანაშაულებრივი ქმედებით მიადგა ჯანმრთლობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რასაც ადასტურებს და ეთანხმება მოპასუხე შ------- ა-------იც, მაგრამ აღნიშნული დასკვნა არ შეიცავს მითითებას , რომ ამ ქმედების შედეგად მიყენებული დაზიანების გამო მ-----– შ-------ვს შეუმცირდა ან სრულად წაერთვა შრომის უნარი ( რასაც სარჩელში აღნიშნავს მოსარჩელე) , სწორედ აღნიშნული გარემოების დადასტურების შემთხვევაში წარმოეშობოდა მოსარჩელეს ყოველთვიური სარჩოს ან სარჩოს ნაცვლად კომპენსაციის მოთხოვნის სამართლებრივი საუძველი.

შესაბამისად, სარჩოს ნაცვლად კომპენსაცის სახით 20 000 ლარის დაკისრების საფუძვლიანობის დადასტურება წარმოდგენილი მტკიცებულებით მოსარჩელემ ვერ შეძლო.

მტკიცებულება : ექსპერტიზის N01-02/22 დასკვნა .

 

3.2.3. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული დაზიანებით მ-----– შ-------ვმა განიცადა მორალური ტანჯვა და სულიერი ტკივილი, მას უჭირს სრულფასოვანი ცხოვრება, იგი არის 27 წლის, დასაოჯახებელი, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მის უარყოფით განცდებს , მორალური ზიანის სახით 20 000 ლარის დაკისრება არის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურება მორალური ზიანისთვის , უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შ------- ა-------ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მ-----– შ-------ვს მიადგა მატერიალური ზიანი 7037 ლარის ოდენობით, რომელიც მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს, ასევე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სარჩოს ნაცვლად კომპენსაციის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე მუხლის მეორე ნაწილი, 413-ე, 992-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. იგივე შედეგი დგება სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობის შემთხვევაშიც.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მოსამზადებელ სხომაზე მატერიალური (7037 ლარის) ანაზღაურების ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ ცნობის გამო.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება იყოს სახელშეკრულებო, რომელთა შინაარსი განისაზღვრება კანონით და მხარეთა შეთანხმებით და არასახელშეკრულებო, რომელთა შინაარსიც დამოკიდებულია მხოლოდ კანონზე, ან კანონზე და ვალდებულების ერთ-ერთი მხარის ნებაზე. არასახელშეკრულებო ზიანის არსებობისათვის დამახასიათებელია ის, რომ იგი წარმოიშობა უშუალოდ სამართალდარღვევის შედეგად, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ქონებრივი პასუხისმგებლობის ვინმესთვის დასაკისრებლად და ზიანის ანაზღაურებისათვის საჭიროა ქმედება იყოს 1) მართლსაწინააღმდეგო, 2) სახეზე იყოს დამდგარი შედეგი _ ზიანი, 3) მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის ბრალი და 4) არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილია, რომ შ------- ა-------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რა დროსაც მ-----– შ-------ვს მიაყენა ჯანმრთელობის ძიმე დაზიანება განხრახ, მკურნალობისთვის გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 7037 ლარი, რაშიც მოპასუხემ სრულად სცნო სარჩელი.

 

შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად, შ------- ა-------ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს მატერიალური ზიანის სახით 7037 ლარი;

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები,დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება.

ხოლო მუხლის მეოთხე ნაწილი მიუთითებს, რომ სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.

 

მოცემული სასარჩელო მოთხოვნის სწორად გადაწყვეტისათვის სასამართლომ არსებითი მნიშვნელობის გარემოებად უნდა დაადგინოს , რომ მოსარჩელე იყო შრომისუნარიანი, გააჩნდა შემოსავალი და დანაშაულებრივი შემთხვევით მიღებული სხეულის დაზიანების შედეგად სრულად დაკარგა შრომის უნარი, შესაბამისად, აღარ გააჩნია შემოსავალი, რასაც იღებდა მანამდე. სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომა პირს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას. ამასთან, სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო ტრავმის სახით. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ, ტრავმის მიღების გამო, მოსარჩელემ დაკარგა შრომის უნარი და შესაბამისი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ სხეულის დაზიანების მიუღებლობის შემთხვევაში იგი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა შემოსავალს.

ამასთან, ის გარემოება, რომ მომხდარი დანაშაულებრივი შემთხვევის შედეგად, დაზარალებულს, როგორც თავადვე განმარტავს, სრულად წაერთვა საერთო შრომის უნარი, საქმის მასალებით არ დასტურდება. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება - სამედიცინო-საექსპერტო შემოწმების დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა შრომის უნარის დაკარგვის ხარისხს, ან რომ მას შეზღუდული აქვს შრომისუნარიანობა.

სასამართლოს მოსაზრებით, მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ დანაშაულის შემთხვევის შედეგად მოსარჩელე მ-----– შ-------ვს შრომის უნარი სრულად ან ნაწილობრივ წაერთვა, რაც წარმოუშობდა მას ყოველთვიური სარჩოს ან სარჩოს მაგივრად ერთჯერადი კომპენსაციის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413 -ე მუხლი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას არაქონებრივი ზიანისათვის. კერძოდ,არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

აღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. აღნიშნული ნორმა ადგენს ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულისათვის, ქონებრივი ზარალის გარდა, არაქონებრივი ზარალის ანაზღაურების შესაძლებლობას და საფუძვლებს.

მორალური ზიანის შინაარსში იგულისხმება სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც მატერიალურად არაფერი შეესაბამება (სულიერი ან ფიზიკური ტკივილი, განცდა და სხვა). პირს ზიანი დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი დგება იმ შემთხვევაში, როცა ზიანი სამართლებრივად მნიშვნელოვანია და, ამდენად, ანგარიშგასაწევი. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს დაზარალებულის სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, რომელიც გამოწვეულია მოქმედებით (უმოქმედობით) და რომელიც ხელყოფს მოქალაქის კანონით გათვალისწინებულ არამატერიალურ სიკეთეს. მორალური ზიანი ანაზღაურდება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად, ანუ როგორც ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისას, ისე მისგან დამოუკიდებლად. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურება ხდება ფულადი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურება უნდა ეფუძნებოდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიყენებულ ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხს.

მორალური ზიანის ანაზღაურებისას მისი ოდენობა განისაზღვრება სასამართლოს შეხედულების მიხედვით. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი და ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება სასამართლოს შეხედულებით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღურებას მოითხოვს 30 000 ლარის ოდენობით. სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია, მისი მიზანია დაზარალებულის საზოგადოების თვალში მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად.

მორალური ზიანის ანაზღაურების პრევენციული ფუნქციის განხორციელებისათვის მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ფაქტორს, როგორიცაა სამართალდარღვევის განმეორების საშიშროება ზიანის მიმყენებლის მიერ. ამასთან, ანაზღაურება უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. ფულადი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უზომოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ხელყოფის ხასიათი, მისი გავლენა პირის არამატერიალურ სიკეთეზე. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს პირის დარღვეული უფლებების ხასიათი, ამ დარღვევის ნეგატიური როლი პიროვნებაზე, ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი და ა.შ.

ზემოაღნიშნული მსჯელობის და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს ასანაზღაურებელი მორალური ზიანის გონივრულ ოდენობად მიაჩნია 20 000 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯების და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილდა. ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და ამასთან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხე შადაათ ა-------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 600 ლარი, ასევე მას უნდა დაეკისროს მოსარჩელე მ-----– შ-------ვის სასარგებლოდ 2500 ლარის გადახდა მის მიერ გაღებული ექსპერტიზის ხარჯის ასანაზღაურებლად, თანახმად, საქრთველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლისა, რომელიც განსაზღვრავს სასამართლო ხარჯების ცნებას.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება , რომლითაც ყადაღა დაედო შ------- ა-------ის კუთვნილ წილს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების , მდებარე - გარდაბანი, სოფელი ნაზარლო, ს/კ 81.17.09.546.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მ-----– შ-------ვის სარჩელი;

 

2. შ------- ა-------ს მოსარჩელე მ-----– შ-------ვის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 7037 ლარის ოდენობით;

 

3. მ-----– შ-------ვის მოთხოვნა ერთჯერადი კომპენსაციის სახით მოპასუხეზე 20 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4. შ------- ა-------ს დაეკისროს მოსარჩელე მ-----– შ-------ვის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით (დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი).

 

5. მოპასუხე შ------- ა-------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 600 ლარის ოდენობით. ასევე მოპასუხე შ------- ა-------ს დაეკისროს სასამართლო ხარჯები (ექსპერტიზის) 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით გადახდა მ-----– შ-------ვის სასარგებლოდ.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი