გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2019
საქმის ნომერი
330210018002462259
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 2/15151-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე: იუ-–---–---------

წარმომადგენელი: ნი------------, ეთ--------–-----

მოპასუხე: სს „ს-------------------------------“

წარმომადგენელი: ნი----------–---–-- ელ---------–--–-

დავის საგანი: სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სს „ს--------------------------------------“ მოსარჩელე იუ-–---–---------ს სასარგებლოდ 50 000 ლარის გადახდის დაკისრება.

 

2017 წლის 28 სექტემბერს ი---–---–----------- და სს „ს-------------------------------“ შორის გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის ხელშეკრულება. ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 28 სექტემბრიდან 2018 წლის 28 სექტემბრის პერიოდი. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა დამზღვევის სერტიფიკატი ნომრით: N----------------. დაზღვევის საგანს შეადგენდა ავტომანქანის რეგისტრაციის ნომრით: A--------- გამოშვების წელი 2006, მოდელი -Mercedes-Benz CLK 63 AMG-ს დაზღვევა. ავტოსატრანსპორტო დაზღვევის სერტიფიკატის მიხედვით, ავტომობილის სადაზღვევო თანხად განისაზღვრა 50 000 ლარი, ხოლო ნულოვან ფრანშიზას დაექვემდებარა ავტოსაგზაო შემთხვევა უ/მძღოლის ბრალეულობით თუ მის გარეშე. ჯამური სადაზღვევო პრემია შეადგენდა 3250 ლარს.

 

2017 წლის 22 დეკემბერს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც ავტომანქანას მართავდა იუ-–---–---------. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე მოსარჩელე დაუკავშირდა საპატრულო პოლიციას და მზღვეველს და მიაწოდა სრული ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის შესახებ, რის შემდეგაც ავტომობილი გადაყვანილ იქნა დაცულ ავტო-სადგომზე.

 

დამზღვევსა და სადაზღვევო კომპანიას შორის სადავო გახდა სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა, რის გამოც არ მოხდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიის მიერ.

 

სადაზღვევო კომპანიამ 2018 წლის 26 მარტის წერილით აცნობა დამზღვევს, რომ 2018 წლის 10 იანვარს ექსპერტ-შემფასებლის ლ-–---–-–---ს დასკვნით, დადგინა, რომ დაზიანებული ავტომანქანის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, შეადგენდა დაახლოებით 18 500 აშშ დოლარს, ამ თანხას აკლდება საორიენტაციოდ 5 % (ცვეთის კოეფიციენტი). სადაზღვევო კომპანიამ შესთავაზა ამ თანხის გათვალისწინებით, სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა და განმარტა, რომ ავტომობილის ღირებულება არ არის იმ თანხაზე დაკლები, რაც დაფიქსირებულია სადაზღვევო ხელშეკრულებაში.

 

2018 წლის 23 თებერვალს მოხდა სს ს-----------------------------------–--ს საფირმო სახელწოდების ცვლილება და შეიცვალა სახელწოდებით: სს „ს-------------------------------“.

 

ავტოტრანსპორტის დაზღვევის სერტიფიკატით ავტომობილის სადაზღვევო თანხად განისაზღვრა 50 000 ლარი. დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სახეა ავტომანქანის სრული განადგურება, რაც დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ექვემდებარება სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურებას. სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე, ავტომანქანის ღირებულებაა 21 500 აშშ დოლარი. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევის ასანაზღაურებელი ოდენობა უნდა განისაზღვროს 50 000 ლარით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. 2018 წლის 21 თებერვალს სადაზღვევო კომპანიამ დამზღვევს შესთავაზა სადაზღვევო ანაზღაურების სახით 12 000 აშშ დოლარი და დაზიანებული ავტომანქანის დამზღვევთან დატოვება ამ 16 000 აშშ დოლარი და ავტომანქანის სადაზღვევო კომპანიისათვის გადაცემა. ეს შეთავაზება დამზღვევმა არ მიიღო. მოპასუხის განმარტებით, სადაზღვევო თანხა 50 000 ლარი განისაზღვრა თავად დამზღვევის მიერ, რაც არ შეესაბამება სადაზღვევო შემთხვევამდე, ავტომანქანის ღირებულებას, რომლის ოდენობა სპეციალისტის მიერ განისაზღვრა 18 500 აშშ დოლარით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 28 სექტემბერს ი---–---–----------- და სს „ს-----------------------------------–--ს“ (ამჟამად, სს „ს-------------------------------“) შორის გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის ხელშეკრულება. ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 28 სექტემბრიდან 2018 წლის 28 სექტემბრის პერიოდი.

 

ამავე ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა დამზღვევის სერტიფიკატი ნომრით: N----------------. დაზღვევის საგანს შეადგენდა ავტომანქანის, რეგისტრაციის ნომრით: A--------- გამოშვების წელი 2006, მოდელი -Mercedes-Benz CLK 63 AMG-ს, დაზღვევა.

 

ავტოსატრანსპორტო დაზღვევის სერტიფიკატის მიხედვით, ავტომობილის სადაზღვევო თანხად განისაზღვრა 50 000 ლარი, ხოლო ნულოვან ფრანშიზას დაექვემდებარა ავტოსაგზაო შემთხვევა უ/მძღოლის ბრალეულობით თუ მის გარეშე. ჯამური სადაზღვევო პრემია შეადგენდა 3250 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა

დაზღვევის ხელშეკრულება.

ავტოტრანსპორტის დაზღვევის სერტიფიკატი.

 

3.1.2.დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, დაზღვეულია სადაზღვევო სერტიფიკატში მითითებული დაზღვეული ავტოსატრანპორტო საშუალების დაზიანება, განადგურება ან/და დაკარგვა სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში შემდეგი ხიფათების დადგომის შედეგად: ავტოსაგზაო შემთხვევა. (1.1.1.1.).

 

ხელშეკრულების თანახმად, სრული ზარალი/განადგურება არის დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ისეთი დაზიანება, როდესაც მისი აღდგენის ღირებულება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მისი საბაზრო ღირებულების 70%-ს ან მეტს შეადგენს ან დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაკარგვა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

დაზღვევის ხელშეკრულება.

 

3.1.3. დაზღვევის ხელშეკრულების 1.1.5. პუნქტის მიხედვით, სრული ზარალის დადგომის შემთხვევაში მზღვეველი მოსარგებლეს გადაუხდის ზარალის ოდენობის შესაბამის თანხას.

 

ხელშეკრულების 1.1.7. პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის ოდენობა არცერთ შემთხვევაში არ გადააჭარბებს ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებას უშუალოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის.

 

დაზღვევის ხელშეკრულების 1.1.10. პუნქტის თანახმად, თუ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება აღმოჩნდება შესაბამის პოლისში მითითებულ სადაზღვევო თანხაზე ნაკლები, მაშინ ზარალის ანაზღაურება მოხდება სადაზღვევო თანხის საბაზრო ღირებულებასთან მიმართების პროპორციულად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

დაზღვევის ხელშეკრულება.

 

3.1.4. 2017 წლის 22 დეკემბერს დაზღვეული ავტომანქანა, რომელსაც მართავდა იუ-–---–--------- შეეჯახა ბორდიურს. იუ-–---–---------ს მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართლდარღვევის ოქმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 62 და მე-7-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის და დაჯარიმდა 250 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

საჯარიმო ქვითარი.

ახსნა-განმარტება.

ავტოსაგზაო შემთხვევის სქემა.

 

3.1.5. დამზღვევსა და სადაზღვევო კომპანიას შორის სადავო გახდა სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა, რის გამოც არ მოხდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიის მიერ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2018 წლის 12 თებერვლის წერილი;

2018 წლის 26 მარტის წერილი.

 

3.1.6. 2018 წლის 23 თებერვალს მოხდა სს ს-----------------------------------–--ს საფირმო სახელწოდების ცვლილება და შეიცვალა სახელწოდებით: სს „ს-------------------------------“.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო

იურიდული პირების რეესტრიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს „ს----------------------------------“ მიერ ი---–---–-----------თვის ასანაზღაურებელი სადაზღვევო თანხა შეადგენს 14 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სადაზღვევო თანხის ოდენობა ხელშეკრულებით თანხმდება. სამოქალაქო კოდექსის 821-ე და 823-ე ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ასანაზღაურებელი თანხა, არის თანხა, რაც ქონების დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მზღვეველმა უნდა აანაზღაუროს, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. სადაზღვევო ანაზღაურება კი ზოგადი წესების თანახმად, სადაზღვევო თანხის ფარგლებში უნდა მოხდეს. თავის მხრივ, სადაზღვევო თანხა, არის თანხა, რომლის ფარგლებშიც მზღვეველმა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას უნდა აუნაზღაუროს დამზღვევს ზიანი და მისი ოდენობა ზოგადი წესებიდან გამომდინარე არ უნდა აღემატებოდეს დაზღვეული ქონების ღირებულებას.

 

ქონების დაზღვევის არსის გათვალისწინებით, ქონების დაზღვევისას დამზღვევს ეკრძალება დამდგარი ზიანის ზუსტ ოდენობაზე მეტი ანაზღაურების მიღება. ანაზღაურების პრინციპის მიზანია, დამზღვევი ჩააყენოს იმავე მდგომარეობაში, რომელშიც ის ზიანის დადგომამდე იმყოფებოდა, რაც გულისხმობს ზიანის ანაზღაურებას მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.

 

განსახილველ შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების 1.1.5. 1.1.7. და 1.1.10. პუნქტებით, მხარეები შეთანხმდნენ, სრული ზარალის შემთხვევაში, ზარალის ოდენობის შესაბამისი თანხის ანაზღაურებაზე, რომლის ოდენობა განისაზღვრება უშუალოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის, ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებით, რაც შესაძლოა სადაზღვევო თანხაზე ნაკლები იყოს.

 

ამ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ სახეზეა დაზღვეული ავტომანქანის სრული განადგურება. აღნიშნული გარემოება დადგენილია საქმეზე წარმოდგენილი დასკნებითაც.

 

დაზღვეული ავტომანქანის საბაზრო ღირებულების დასადგენად ჩატარებული კვლევებიდან, სასამართლო იზიარებს ექსპერტ-შემფასებლის ლ-–---–-–---ს მიერ შედგენილ დასკვნას, რომლის მიხედვით, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე განისაზღვრა 18 500 აშშ დოლარით. კონკრეტულ შემთხვევაში, სპეციალისტის შეფასება ემყარება ბაზარზე არსებულ მონაცემებს. სასამართლო ამ შემთხვევაში, არ იზიარებს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საბაზრო ღირებულების დადგენისას, სპეციალისტმა არ გაითვალისწინა შესაფასებელი ავტომანქანის ცვეთა, რადგან დასკვნით დგინდება, რომ სპეციალისტის კვლევის საგანს წარმოადგენდა კონკრეტული ავტომანქანა, (დაზღვეული ავტომანქანა), რომლის აღწერილობაშიც აისახა ასევე გარბენის შესახებ ინფორმაცია. ამდენად, შეფასების მიზნებისათვის დადგენილია ავტომანქანის გარბენის რაოდენობა, (კმ -150 000), რაც ექსპლუატაციის ვადასთან ერთად, აუცილებელია ცვეთის კოეფიციენტის განსაზღვრისათვის. აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, შეფასება მოხდა საგზაო შემთხვევიდან დაახლოებით 20 დღეში, განსხვავებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შეფასებისაგან, რაც განხორციელდა შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 22 ნოემბრის შპს „ტ-------------------------–----------–--------------------–--------“ დასკვნით, ავტოსაგზაო შემთხვევამდე, დაზღვეული ავტომობილის ღირებულება დადგინდა დაახლოებით 12 977 აშშ დოლარით. ამ შემთხვევაში, საბაზრო ფასის დადგენა სპეციალისტის მიერ მოხდა ავტომანქანაზე ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოების ღირებულების 8477.44 აშშ დოლარისა და საგზაო შემთხვევის შემდეგ, მისი ნარჩენი ღირებულების 4500 აშშ დოლარის ჯამით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 26 აპრილის შპს „ა-------------------“ დასკვნის საწინააღმდეგოდ, რომლის მიხედვით, დაზიანებამდე ავტომანქანის ღირებულება 21 500 აშშ დოლარს შეადგენდა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ორი დასკვნა, რომელთა მიხედვით, დაზიანებამდე დაზღვეული ავტომანქანის ღირებულება არ აღემატებოდა 18 500 აშშ დოლარს, რაც სადაზღვევო თანხაზე 50 000 ლარზე ნაკლებია. აქედან გამომდინარე, დაზღვეული ავტომანქანის საბაზრო ღირებულება უნდა განისაზღვროს 18 500 აშშ დოლარით, რომელსაც უნდა გამოაკლდეს ავტომანქანის ნარჩენი ღირებულება 4500 აშშ დოლარის ოდენობით. ამ შემთხვევაშიც, ქონების ნარჩენი ღირებულების განსაზღვრისას სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, რომლის ღირებულება 500 აშშ დოლარით ნაკლებია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნით დადგენილი ნარჩენი ღირებულების ოდენობისაგან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ იუ-–---–---------ს სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 799-ე, 820-ე, 821-ე, 814-ე, 361-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი, რომლის მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. ამავე კოდექსის 821-ე მუხლით მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების არსებობაში. კონკრეტულ შემთხვევაში კი, მხარეები იმყოფებიან დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, რომელიც სადაზღვევო კომპანიას, როგორც მზღვეველს აკისრებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას დამზღვევთან გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ სამართალურთიერთობაში მხარეთა ორმხრივი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და ამავე ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დაცულობაა საჭირო სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვისაც.სწორედ ეს მოსაზრებააგატარებული სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლში, რომელიც დათქმას აკეთებს ხელშეკრულების პირობებზე, როგორც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების დამდგენ დოკუმენტზე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებს შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულება ითვალისწინებს ავტოტრანსპორტის სრულ დაზღვევას ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში, რაც გამოწვეული იქნება ავტოსაგზაო შემთხვევით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება დაზღვეული ავტომანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით მზღვეველის ვალდებულების გამომრიცხავი გარემოებები, სასამართლომ მიიჩნია, რომ დამზღვევისათვის მიყენებული ზიანი ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სადაზღვევო ანაზღაურების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის ეკონომიკური ღირებულება, რომელიც დაზღვეულ ავტომანქანას გააჩნია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანია ვალდებულია დამზღვევს აუნაზღაუროს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის განადგურების გამო, მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 14 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 1128.37 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად, 1128.37 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად, 45.13 ლარის გადახდა საექსპერტო მომსახურების ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 52-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 3591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. იუ-–---–---------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. მოპასუხე სს „ს-------------------------------“ მოსარჩელე იუ-–---–---------ს სასარგებლოდ დაეკისროს 14 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა.

 

2.მოპასუხე სს „ს-------------------------------“ მოსარჩელე იუ-–---–---------ს სასარგებლოდ დაეკისროს 1128.37 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად, 1128.37 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად, 45.13 ლარის გადახდა საექსპერტო მომსახურების ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია