გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002392399
საქმე №3/77-18
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნინო გერგაული
სხდომის მდივანი - ნინო არაბული
მოსარჩელე: ნ---- ლ------ე
წარმომადგენლები: ნ---- ა----–-–---–ი, ქ------- ბ----–---–ი
მოპასუხე: გორის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: ნ--- ფ---–---–---–ი
დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საკითხი №3/77-18 ადმინისტრაციულ საქმეზე
აღწერილობითი ნაწილი:
2019 წლის 29 იანვარს გორის რაიონული სასამართლოს მიერ გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი №3/77-18 ადმინისტრაციულ საქმეზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ---- ლ------ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 9 მარტის №10/1/3847 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ---- ლ------ისათვის 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნ------ში მდებარე (ს/კ 6-.4-.0-.2--) დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად 24893.05 ლარის ანაზღაურება. სასამართლომ სრულად არ გადაწყვიტა სასამართლო ხარჯების საკითხი - მიუთითა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 100 (ასი) ლარი და არ გადაწყვიტა დანარჩენი ხარჯების, მათ შორის ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯების საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან არ არის გადაწყვეტილი სრულად სასამართლო ხარჯების საკითხი აღნიშნულ საქმეზე უნდა გამოტანილი იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ გასწია სასამართლო ხარჯი, კერძოდ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადაიხადა თანხა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარების აქტით და - 300 (სამასი) ლარის გადახდის ქვითრით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის IV თავით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში პროცესის ხარჯების საკითხი, და შესაბამისად, მოცემულ საქმეზე პროცესის ხარჯების განაწილებისას ეს ნორმებიც უნდა იქნეს გამოყენებული.
იმავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა, შესაბამისად გორის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ სრულად უნდა გადახდეს გაწეული ხარჯი, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იქნა ცნობილი და მოპასუხეს დაევალა ქმედების განხორციელება.
მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილია ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაღებული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება - 300 (სამასი) ლარის გადახდის ქვითარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე დაყრდნობით (იხ. სუს № ბს-1330-1315 (კ-11) გადაწყვეტილება) სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან; ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ხოლო ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.
მოცემულ შემთხვევაში, დავის სირთულისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასამართლოს აზრით, ამ ხარჯის 300 (სამასი) ლარით განსაზღვრა გონივრულია, რაც უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 364-ე 367-ე 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გამოტანილი იქნას დამატებითი გადაწყვეტილება №3/77-18 ადმინისტრაციულ საქმეზე და გადაწყდეს სასამართლო ხარჯების საკითხი.
2. გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს ნ---- ლ------ის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N2/---- ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის 300(სამასი) ლარის გადახდა ნ---- ლ------ის სასარგებლოდ.
3. დამატებითი გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: ნინო გერგაული