გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019002916857
საქმე № 3/60-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
მოსარჩელე: ფ-------- ქ---------–---–ი
მოპასუხე: საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი
დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
სახელფასო დავალიანების - 434,64 ლარის, ასევე ანგარიშწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტზე (ს/კ 217884181) გადასახდელად დაკისრება.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს შსს ორგანოებში და მას მისაღები აქვს 1999, 2000, 2003 წლების ცალკეული თვეების ხელფასი - 434,64 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ შესაგებელით სარჩელი არ სცნო, მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, რომელზე ხანდაზმულობის ვადა 3 წელია, მოსარჩელე ითხოვს 1999, 2000, 2003 წლების ცალკეული თვეების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, სარჩელი კი სასამართლოში აღძრულია 2019 წელს;
თუნდაც ხანდაზმული არ იყოს, მოპასუხის მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნა მაინც უსაფუძვლოა, რადგან ,,საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლით შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს საბიუჯეტო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ასიგნებები იმ პირობით, რომ არ იქნეს დაშვებული ახალი დავალიანებების დაგროვება, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ დაწესებულებებს.
ამ წლის ბიუჯეტით შესაბამისი ასგინებები დამტკიცებული არ იქნა, ახალი დავალიანებების დაგროვებას კი კანონი იმპერატიულად კრძალავს.
იმ დროისათვის მოქმედი შრომის კანონთა კოდექსით ხელფასის გადახდის დაყოვნებისათვის რაიმე სახის პროცენტი გათვალისწინებული არ იყო; პროცენტი გათვალისწინებული იქნა 2006 წლის დეკემბრიდან ამოქმედებული შრომის კოდექსით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოვლენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფ-------- ქ---------–---–ი (პირ. № 5----------) მუშაობდა საქართველოს შსს ორგანოებში 2007 წლის ნოემბრის თვემდე, რომლისთვისაც 1999, 2000, 2003 წლების ცალკეული თვეების ხელზე გასაცემი ასანაზღაურებელი დავალიანება მთლიანად შეადგენს: თანამდებობრივი სარგო _ 154,65 ლარი, ულუფის კომპენსაცია _ 354 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 74,01, სულ - 434,64 ლარი;
მტკიცებულება: საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 20 მარტის № 711764 მიმართვა, სახელფასო უწყისი.
3.2.2. საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 22 მარტის № 740654 მიმართვით ფ-------- ქ---------–---–ს უარი ეთქვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ხანდაზმულობისა და სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ასიგნებების გაუთვალისწინებლობის გამო.
მტკიცებულება: მიმართვა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან სასარჩელო მოთხოვნის კანონიერად მიჩნევის საფუძველს, გარდა 2003 წლის ნოემბრის ულუფის კომპენსაციისა და ანგარიშსწორების ყოველი დღის დაყოვნებისათვის ამ თანხის 0,07 %-ის დაკისრებისა.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულება, საქართველოს შრომის კოდექსი (კანონი), საქართველოს შრომის კოდექსი (ორგანული კანონი).
6. სამართლებრივი შეფასება
ფ-------- ქ---------–---–ი მუშაობდა რა საქართველოს შსს ორგანოებში, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის (1997 წლის კანონი) მე-6 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს;
იმავე კანონის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტული სამართალურთიერთობის მოწესრიგებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის (1993 წლის რედ.) 31-ე მუხლი, ხელფასის შემადგენელი კომპონენტების განსაზღვრის მიზნით;
ამ მუხლის მიხედვით, სხვადასხვა პერიოდში განსხვავებულად იქნა განმარტებული ხელფასის შემადგენლობა;
ამ კანონის 31-ე მუხლში 2000 წლის 28 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებებამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს;
ამდენად, წელთა ნამსახურობის დანამატი და დანამატი ულუფისათვის 2000 წლის 28 ივნისის ცვლილებებამდე შედიოდა ხელფასში და წარმოადგენდა მის შემადგენელ ნაწილს;
,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების (დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის № 139-ე ბრძანებულებით) 55-ე მუხლით (ძვ. რედ.), პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლევათ), რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს;
პოლიციის თანამშრომელი წარმოადგენდა სახელმწიფო (საჯარო) მოსამსახურეს, რომელსაც უფლება ჰქონდა, მიეღო ხელფასი კანონით გათვალისწინებულ დანამატებთან ერთად.
აღნიშნულის შესაბამისად, იმ პერიოდისათვის ულუფის კომპენსაცია და წელთა ნამსახურობის დანამატი წარმოადგენდა ხელფასს, მის შემადგენელ ნაწილს;
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ 1999, 2000, 2003 წლების ცალკეული თვეების მიუღებელ ხელფასზე;
,,საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად (დავალიანებების დაფარვა), სახელფასო დავალიანება ასევე წარმოადგენს აღიარებულ დავალიანებას, რაც გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას ხელფასზე;
მითითებული მუხლის თანახმად, წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2019 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულია ძველი დავალიანებების დაფარვის შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელფასო დავალიანება ძველ ურთიერთობებზე აღიარებულია ,,საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონითაც. ახალი დავალიანებების დაგროვებაში კი იგულისხმება კანონის მოქმედების დროისათვის საჯარო სამსახურში მყოფ პირთა მიმართ სახელფასო დავალიანებების წარმოშობა იმ მიზეზით, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი ასიგნებებით მოხდა ძველი დავალიანებების დაფარვა, რაზეც კანონი მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს სწორედ საბიუჯეტო დაწესებულებას.
როგორც აღინიშნა, ფ-------- ქ---------–---–ის 1999, 2000, 2003 წლების ცალკეული თვეების თანამდებობრივი სარგო, სულ _ 375, 64 ლარი მთლიანად წარმოადგენდა ხელფასს;
,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის (1993 წლის რედ.) 31-ე მუხლი 2000 წლის 28 ივნისის საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ახლებურად ჩამოყალიბდა, კერძოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტი ხელფასში მოიაზრებდა თანამდებობრივ სარგოსა და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ დანამატს, და მასში აღარ შედიოდა დანამატი წელთა ნამსახურობისა და ულუფის კომპენსაციისათვის;
ზემოთ მითითებულ ნორმათა საფუძველზე, მოპასუხე ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა კომპენსაცია ულუფისათვის _ 59 ლარი 2003 წლის ნოემბრისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ 2000 წლის 28 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ხელფასიდან წელთა ნამსახურობის დანამატისა და კვების კომპენსაციის გამოსვლის შემდეგ, მითითებული ვალდებულება წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას სანივთე ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებით და მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
ამავე კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადა წყდება ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის აღიარებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 20 მარტის № 711764 მიმართვა, რომლითაც გაირკვა მოსარჩელის მიმართ დეპარტამენტის დავალიანების არსებობა, თავისი შინაარსით, საჯარო ინფორმაციის შემცველ დოკუმენტს წარმოადგენს და არ შეიცავს ადმინისტრაციული ორგანოს პირდაპირი სახის დაპირებას ამ თანხის მოსარჩელისათვის ანაზღაურების შესახებ (მითითებულია მხოლოდ ზოგადად მიუღებელი ანაზღაურების თაობაზე).
აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სანივთე ქონებრივი უფლების - 2003 წლის ნოემბრის ულუფის კომპენსაციის (59 ლარი) ანაზღაურების შესახებ ხანდაზმულია და ამ ნაწილში დაკმაყოფილებული ვერ იქნება;
რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას, რომ მოსარჩელისათვის გასაცემი თანხები ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის, სასამართლოს, ზემოთ მითითებული მსჯელობის შესაბამისად, ასევე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია, მით უფრო, რომ მთელი პასუხისმგებლობა ახალი დავალიანების წარმოშობაზე ეკისრება თვით სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს და არა მუშაკს.
დადგენილია, რომ ფ-------- ქ---------–---–ი სამსახურიდან დათხოვნილი იქნა 2007 წელს; ხელფასის გადახდის დაყოვნებისათვის პროცენტი გათვალისწინებული იქნა 2006 წლის დეკემბრიდან ამოქმედებული შრომის კოდექსით.
მითითებული კოდექსის 53-ე მუხლით, ეს კოდექსი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოხელეზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მოქმედება ვრცელდება ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
აღნიშნული კანონი განსაზღვრავს მუშაკის დათხოვნისას შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურების წესს და ოდენობას, და დამატებით ამგვარ ურთიერთობებზე შრომის კანონმდებლობა ვერ გავრცელდება.
ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება ყოველ გადაცილებულ დღეზე 0,07%-ის დაკისრების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელე ფ-------- ქ---------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება 375 (სამასსამოცდათხუთმეტი) ლარი და 64 თეთრი.
3. მოსარჩელე ფ-------- ქ---------–---–ს მოპასუხე საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტზე 2003 წლის ნოემბრის ულუფის კომპენსაციის _ 59 ლარის და მიუღებელი ხელფასის თანხის გადახდის ყოველ გადაცილებულ დღეზე დაყოვნებისათვის 0,07%-ის დაკისრების შესახებ მოთხოვნაზე უარი ეთქვას ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.
4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი