გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.04.2019
საქმის ნომერი
611210019002828189
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #611210019002828189

#2/30-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.03.2019 წ. ქ. მ--------–ი

შესავალი ნაწილი

მ--------–ის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა მესხიშვილი

სხდომის მდივანი ეკა ნავერიანი

მოსარჩელე - რ----–- ხ--------ა

მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ--- ა------–---–ი

მოპასუხე - ფ--- ხ--------ი

წარმომადგენელი - მ-----– კ----–--

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

რ----–- ხ--------ა ითხოვს ფ--- ხ--------ისთვის ალიმენტის დაკისრებას.

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

რ----–- ხ--------ი და ფ--- ხ--------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ 2011 წლის 7 ივნისიდან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი - 2012 წლის 13 დეკემბერს დაბადებული ფ------ ხ--------ი და 2014 წლის 9 იანვარს დაბადებული ფ----- ხ--------ი. მოსარჩელე და ბავშვები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. რ. ხ--------ას აქვს საქართველოში ბინადრობის უფლება. მხარეები შვილებთან ერთად 2016 წლამდე ცხოვრობდნენ აზერბაიჯანში, ხოლო შემდეგ გადმოვიდნენ ქ. მ--------–ში, სადაც 2017 წლის 4 სექტემბერს 2----------------- შეიძინეს ბინა (სკ 8---------------------). ბ---–---ის რ--------–ი სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენით ფ. ხ--------ს მოსარჩელის მიმართ ჩადენილი ოჯახური ძალადობისა და მუქარისათვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვის ვადით და დანიშნულ სასჯელს იხდიდა 2018 წლის 4 თებერვლიდან 4 დეკემბრამდე. ამ პერიოდში სასამართლომ მოსარჩელე მისი მოთხოვნით ცნო ქორწინების განმავლობაში შეძენილი უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ. ასევე შეწყდა მათი ქორწინება. რ. ხ--------ა მუშაობს ,,მ--------–ის ჯ-------------–ში" მედდად და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 400 ლარს. მოპასუხესთან თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ბინის გასარემონტებლად მას მოუწია ბანკიდან კრედიტის აღება და ყოველთიურად იხდის 162 ლარს. ფ. ხ--------მა საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ დაიწყო მუშაობა ტაქსის მძღოლად, თუმცა შვილების რჩენაში მონაწილეობას არ ღებულობს.

აქედან გამომდინარე, მოსარჩელე რ. ხ--------ა ითხოვს თითოეული ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 160-160 ლარის დაკისრებას მოპასუხისთვის ბავშვების სრულწლოვნებამდე.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა, რომ ,,ჯ-------------–ში" მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 250 ლარს, რომელსაც ემატება ოპერაციებზე დასწრებისათვის განსაზღვრული თანხა, რაც მთლიანობაში საშუალოდ შეადგენს მის მიერ მითითებულს. ის ასევე მუშაობს შპს ,,ა-----–---------შიც," სადაც მისი ხელფასი შეადგენს 200 ლარს. ადრე ის მუშაობდა ორთოპედიულ მაღაზიაშიც, თუმცა ამჟამად აღარ მუშაობს. რაც შეეხება მოპასუხეს, მის საკუთრებაში ირიცხება ავტომანქანა ,,ოპელ-ვექტრა", რომლითაც გადაჰყავს მგზავრები, როგორც ტაქსის.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ფ--- ხ--------მა სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ ის არ მუშაობს ტაქსის მძღოლად და არ აქვს შემოსავალი. 2018 წლის 3 დეკემბერს მან დატოვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მთელი რიგი დაავადებებით. მას, როგორც ყოფილ მსჯავრდებულს, უჭირს სამუშაოს ძებნა, მით უფრო ისეთის, რომლის შესრულებასაც ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობით შეძლებს. ამასთან, მას სჭირდება მკურნალობა, რისი საშუალებაც არ აქვს.

 

სასამართლო სხდომაზე ფ. ხ--------მა დაადასტურა ავტომანქანის კუთვნილების ფაქტი, ამასთან, განმარტა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჰქონდა ტაქსად მუშაობის მცდელობა, მაგრამ წარუმატებლად, რის გამოც ამ საქმიანობას თავი დაანება. ამჟამად ცხოვრობს ძმის სახლში, მასთან ერთად, ვინაიდან მოსარჩელე არ აძლევს თანასაკუთრებით სარგებლობის საშუალებას, არ მუშაობს და არ აქვს შემოსავალი. რაც შეეხება მოსარჩელეს, ის სამ ადგილას მუშაობს და აქვს კარგი შემოსავალი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. რ----–- ხ--------ა და ფ--- ხ--------ი 2011 წლის 7 ივნისიდან 2018 წლის 30 ოქტომბრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი - 2012 წლის 13 დეკემბერს დაბადებული ფ------ ხ--------ი და 2016 წელის 31 იანვარს დაბადებული ფ----- ხ--------ი.

მტკიცებულება:

- ქორწინების მოწმობა (ს. ფ. 17-19);

- დაბადების მოწმობები (ს. ფ. 20-27);

- განქორწინების მოწმობა (ს. ფ. 41).

 

3.1.2. მხარეთა თანასაკუთრებაში ირიცხება ქ. მ--------–ში, 26 მაისი ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება (სკ 8---------------------), თითოეულის 1/2 წილი, 2017 წლის 4 სექტემბრის ხელშეკრულებისა და ბ---–---ის რ--------–ი სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე.

მტკიცებულებები:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს. ფ. 28-29);

- ბ---–---ის რ--------–ი სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება (ს. ფ. 30-40).

 

3.1.3. რ----–- ხ--------ა მუშაობს შპს ,,მ--------–ის ა-----–---------ში", სადაც მისი ხელფასი შეადგენს 147 ლარს. ის ასევე მუშაობს შპს ,,ჯ--------------–ში", სადაც მისი ხელფასი შეადგენს 250 ლარს, ასევე ერიცხება პროცენტიც, რაც მთლიანობაში შეადგენს 400 ლარს.

მტკიცებულებები:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3-4, 5; 2019 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი 11:52:08-12:36:15 სთ. );

- ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან (ს. ფ. 42-60, 117-138).

 

3.1.4. რ----–- ხ--------ამ 2017 წლის 26 ოქტომბერს აიღო საბანკო კრედიტი 5850 ლარის ოდენობით. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა განისაზღვრა 93,25 ლარიდან 156,5 ლარამდე. მიმდინარე პერიოდისათვის ის იხდის თვეში საშუალოდ 110 ლარს.

მტკიცებულება:

- საბანკო კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს. ფ. 143-144);

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს. ფ.120-133).

 

3.1.5. ბ---–---ის რ--------–ი სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენით ფ--- ხ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვის ვადით. ის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებოდა 2018 წლის 3 დეკემბრამდე.

მტკიცებულებები:

- ბ---–---ის რ--------–ი სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენი (ს. ფ. 73-91);

- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცნობა (ს. ფ. 92-93).

 

3.1.6. ფ--- ხ--------ს აწუხებს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, მისი დიაგნოზია - წელის მალთაშუა დისკოების დაზიანება რადიკულოპათიასთან ერთად.

მტკიცებულება:

- 2019 წლის 21 თებერვლის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს. ფ. 141-142).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ფ. ხ--------ს თავისი ავტომანქანით გადაჰყავს მგზავრები შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.

საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოს არ წარმოუდგინა, ამასთან, მან ვერ დაასახელა კონკრეტული პირები, ვინც დაინახა მოპასუხე მგზავრთა გადაყვანის დროს. მოპასუხე კი აცხადებს, რომ ჰქონდა ტაქსად მუშაობის მცდელობა, მაგრამ წარუმატებლად, რის გამოც ამ საქმიანობას თავი დაანება.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4-5, 2019 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი 11:52:08-12:36:15 სთ.).

 

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ რ. ხ--------ას მესამე სამსახურიც აქვს, ვინაიდან არც მას წარმოუდგენია მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

მოსარჩელის განმარტებით კი, ის ადრე მუშაობდა ორთოპედიულ მაღაზიაშიც, თუმცა ამჟამად აღარ მუშაობს.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (2019 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი 11:52:08-12:36:15 სთ.).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----–- ხ--------ას სარჩელი ფ--- ხ--------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლებითა და ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქართველოს სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

საქართველოს სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა.

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ უმუშევრობა არ წარმოადგენს ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს, ვინაიდან მშობელი ვალდებულია ყოველი ღონე იხმაროს და არჩინოს შვილი, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს სახელმწიფოს შესაბამისი დახმარების მისაღებად, არ დაკმაყოფილდეს იმით, რომ თავად სხვის კმაყოფაზე იმყოფება და ამგვარად უმუშევრობის პირობებშიც კი თუნდაც ელემენტარული საჭიროების ნივთებით და საკვებით (რიგ შემთხვევაში კი, შესაძლოა ფუფუნების საგნებითაც) უზრუნველყოფილია.

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისათვის სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოსარჩელე მუშაობს ორ ადგილას და აქვს შესაბამისი შემოსავალი, ხოლო მოპასუხის შემოსავალი არ დასტურდება, მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, მის კმაყოფაზე არავინ იმყოფება, და მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მშობლებისა და შვილის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2012 წლის 13 დეკემბერს დაბადებული ფ------ ხ--------ის და 2014 წელის 9 იანვარს დაბადებული ფ----- ხ--------ის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, გონივრული და სამართლიანი იქნება 90 ლარის ოდენობით ალიმენტი თითოეული ბავშვისათვის, რომლის გადახდაც მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის 160-160 ლარის დაკისრებას, თუმცა მოთხოვნა დაკმაყოფილდა 90-90 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, დაკმაყოფილებული სარჩელის ფასი შეადგენს (90X2X12) 2160 ლარს, რომლის 3%-ია 64,8 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა განახევრდეს - 32,4. ამასთან, მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე ცნო სარჩელი 50-50 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც ამ ნაწილში მისი სახელმწიფო ბაჟისაგან (50X2X12/100X3/2=18 ლ.) გათავისუფლების საფუძველია. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს (32,4-18) 14,4 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. რ----–- ხ--------ას სარჩელი ფ--- ხ--------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. ფ--- ხ--------ს რ----–- ხ--------ას სასარგებლოდ შვილების - 2012 წლის 13 დეკემბერს დაბადებული ფ------ ხ--------ის და 2014 წლის 9 იანვარს დაბადებული ფ----- ხ--------ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისროს თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 90 ლარის გადახდა 2019 წლის 31 იანვრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

3. ფ--- ხ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 14,4 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, მ--------–ის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მანანა მესხიშვილი