გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.04.2019
საქმის ნომერი
330210118002529374
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/20251-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

4 აპრილი 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე - შ--–------------–---–ი

წარმომადგენელი - ნ------------------–---–ი, ი----------ე

მოპასუხეები - ნ------------–---–ი

წარმომადგენელი - დ--------–----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნ------------–---–ს შ--–------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 142523 აშშ დოლარის გადახდა.

 

ქ-----------------–---–სა და ნ------------–---–ს შორის 2007 წლის 17 აგვისტოს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და მოპასუხემ უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის სანაცვლოდ, ისესხა 132000 აშშ დოლარი, რაც, თვეში 3% სარგებლის გადახდის პირობით, 4 თვეში უნდა დაებრუნებინა. ნ------------–---–მა არ შეასრულა ვალდებულება და მისივე თხოვნით, გამოსყიდვის პირობით, იპოთეკის საგანი ქ-----------------–---–ის სახელზე დარეგისტრირდა, ხოლო არსებული იპოთეკა გაუქმდა. მოპასუხის განმარტებითვე, იპოთეკის გაუქმების შემთხვევაში იგი შეძლებდა ბანკისგან თანხის მიღებას.

 

2008 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება, სს „--------------–--ას (იპოთეკარი), ქ-----------------–---–ს (მესაკუთრე/გამყიდველი) და ნ------------–---–ს (მყიდველი/მსესხებელი) შორის, რომლის თანახმად, ნ------------–---–ი სესხის სახით მიღებულ თანხას გადასცემდა გამყიდველს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხის თხოვნით, სანოტარო წესით გაფორმდა ბეს ხელშეკრულება 80000 აშშ დოლარზე, რაც, მოპასუხის განმარტებით, მას სჭირდებოდა ბანკში წარსადგენად. სინამდვილეში ნ------------–---–ს მოსარჩელისთვის აღნიშნული თანხა არ გადაუხდია. მას გადახდილი აქვს 40000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხის, 173523 აშშ დოლარის, გადახდა მას უნდა განეხორციელებინა ბანკის მიერ თანხის ჩარიცხვის შემდგომ, რაც არ შეუსრულებია.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მოგვიანებით მხარეებს შორის დაიდო ვალის აღიარების ხელწერილი, რომლის თანახმად, ნ------------–---–ი კისრულობდა ვალდებულებას თანხა 2011 წლის სექტემბრამდე დაეფარა, თუმცა ვალდებულება აღნიშნულ პერიოდშიც არ შესრულებულა. თანხის გადახდა ხდებოდა ეტაპობრივად, მოპასუხის დავალებით სხვადასხვა პირების მიერ, 2016 წლის ჩათვლით. მოპასუხეს ისევ დარჩა გადასახდელი 2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით 142523 აშშ დოლარი, რაც არ აუნაზღურებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო. მართალია პოლიციის განყოფილებაში შედგენილ დაკითხვის ოქმში განმარტა, რომ ქ-----------------–---–ის თხოვნით იხდიდა მოსარჩელის ძმის საკრედიტო დავალიანებას, მაგრამ ეს იყო ცალკე დამოუკიდებელი სასესხო ურთიერთობის ფარგლებში, რაც ზეპირი გარიგების საფუძველზე 2014 წელს წარმოიშვა მასსა და ქ-----------------–---–ს შორის. რეალურად, 2011 წლის ვალის აღიარების ხელშეკრულებისგან დამოუკიდებლად, 2014 წლის ზეპირი სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, ნ------------–---–მა ქ-----------------–---–ისგან ისესხა თანხა, რისთვისაც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა შ--–------------–---–სა და შ-----------------------–---–----------------------- შორის. იპოთეკით დაიტვირთა შ--–------------–---–ის უძრავი ქონება, ხოლო სესხად აღებული თანხა გადაეცა ნ------------–---–ს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, აღნიშნული თანხები მას გასტუმრებული ჰქონდა. გარდა ამისა, მოთხოვნა ხანდაზმული იყო.

 

(მტკიცებულება: შესაგებელი, მოპასუხის ახსნა- განმარტება).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ-----------------–---–სა (გამსესხებელს) და ნ------------–---–ს (მსესხებელს) შორის 2007 წლის 17 აგვისტოს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და 132000 აშშ დოლარი სესხის აღების სანაცვლოდ იპოთეკის დაიტვირთა ნ------------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ჭ------------------------------------ სესხის სარგებელი შეადგენდა თვეში 3%-ს, ხოლო პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3%-ს. სესხის თანხა მოპასუხეს 4 თვეში უნდა დაებრუნებინა.

 

ვალდებულება მოპასუხის მიერ არ შესრულებულა, რის გამოც, მხარეებს შორის 2008 წლის გაზაფხულზე იპოთეკით დატვირთული ქონება გაფორმდა ქ-----------------–---–ის სახელზე, ხოლო მასზე რეგისტრირებული იპოთეკა გაუქმდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 17.08.2007 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საჩივარი და ზეპირი გასაუბრების ოქმი.

 

3.1.2. 2008 წლის 30 სექტემბერს სს „--------------–--ას“, ქ-----------------–---–ს და ნ------------–---–ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის შესახებ ერთიანი ხელშეკრულება, სადაც ქ-----------------–---–ი წარმოადგენდა იპოთეკის საგანზე საკუთრების უფლების მქონე პირს და იმავდროულად გამყიდველს, ხოლო ნ------------–---–ი - მსესხებელსა და უძრავი ქონების მყიდველს. ხელშეკრულების თანახმად, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, ჭ------------------------------------ რომელიც საკუთრების უფლებით გადაეცა ნ------------–---–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 30.09.2008 წლის ნასყიდობისა და იპოთეკის შესახებ ერთიანი ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. 2011 წელს ქ-----------------–---–სა და ნ------------–---–ს შორის გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება, სადაც ნ------------–---–მა დაადასტურა ქ-----------------–---–ის მიმართ 173500 აშშ დოლარის ვალის არსებობა, რომლის გადახდის ვალდებულებაც 4 თვის ვადაში, 2011 წლის 11 სექტემბრამდე იკისრა.

 

აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსის საწინააღმდეგო შედავება ნ------------–---–ის არც შესაგებლით და არც საქმის განხილვის სხვა ეტაპზე არ განუხორციელებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ვალის აღიარების ხელშეკრულება.

 

3.1.4. მოსარჩელე შ--–------------–---–სა და შ-----------------------–---–-----------------------ს შორის 2013 წლის 12 თებერვალს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სადაც სესხის ოდენობა განისაზღვრა 50000 აშშ დოლარით, სესხის გაიცა 6 თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა შ--–------------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება.

 

აღნიშნული სესხის თანხებს სხვადასხვა პირები იხდიდნენ, მათ შორის ნ------------–---–ის დავალებით მისი სიძე - ი-----–-----------ე და ოჯახის დამხმარე - დ--------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 12.02.2013 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

3.1.5. მოსარჩელე შ--–------------–---–ი არის მხარდამჭერის მიმღები, არის ქ-----------------–---–ის ძმა. მათ შორის 2018 წლის 11 მაისს გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, სადაც ქ-----------------–---–ი შ--–------------–---–ს გადასცემს ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნ------------–---–ის მიმართ 173500 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.06.2018 წლის განჩინება;

- მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მასსა და ქ-----------------–---–ს შორის 2014 წელს დადებული იყო ახალი სესხის ხელშეკრულება, რაც ზეპირად გაფორმდა.

 

მოპასუხის მითითებით, გამოძიებისას შედგენილი ზეპირი გასაუბრების ოქმით მან განმარტა, რომ მისი თხოვნით, შ--–------------–---–მა საფინანსო ორგანიზაციიდან ისესხა თანხა, რაც ჯერ ქ-----------------–---–ს გადასცა, ხოლო შემდგომ სესხის სახით გადაეცა მას. მისი დავალებით 2014 წელს საფინანსო ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანხები სწორედ ზეპირი გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ემსახურებოდა. ქ-----------------–---–ი თანახმა, იყო რომ სესხი ნ------------–---–ს ამ ფორმით გაესტუმრებინა და დაეფარა შპს „-------------------–---–-----------------------ს მიმართ შ--–------------–---–ის ფულადი ვალდებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

ამ ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

მართალია სამოქალაქო კოდექსი (624-ე მუხლი) უშვებს სესხის ხელშეკრულების ზეპირი ფორმითაც დადებას, თუმცა სადავოობის შემთხვევაში მხოლოდ ერთი მხარის ახსნა-განმარტება, რომ მხარეებს შორის არსებობს გარიგება სარწმუნოდ ვერ მიიჩნევა. გარდა ამისა, ასეთი დასკვნა არც ზეპირი გასაუბრების ოქმიდან გამომდინარეობს, კერძოდ: გასაუბრების ოქმში აღნიშნულია, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მოპასუხეს ქ-----------------–---–თან ჰქონდა მოლაპარაკება, რომ როდესაც მას ფული დასჭირდებოდა, ნ------------–---–ი მისცემდა იმ თანხას, რის შესაძლებლობაც იმ დროისთვის ექნებოდა. თანხას გადასცემდა როგორც თავად ქ-------ს, ასევე მის დას. 2014 წელს, მას დაუკავშირდა ქ-----------------–---–ი, აცნობა, რომ ძმამ იპოთეკით დატვირთა კუთვნილი ბინა, თუმცა ვერ ახერხებდა ყოველთვიური პროცენტის დაფარვას და თანახმა იყო, აღნიშნული პროცენტები ძმის ნაცვლად ნ------------–---–ს გადაეხადა, ხოლო გადახდილი თანხები დააკლდებოდა ქ-------ის მიმართ არსებულ მის დავალიანებას.

 

ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე (გამსესხებელი) არ ადასტურებს ვალის აღიარების ხელშეკრულების გარდა მასსა და მსესხებელს შორის სხვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობას. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის განმარტება არ წარმოადგენს სარწმუნო მტკიცებულებას, რომ მხარეებს შორის სხვა, ვალის აღიარებისგან დამოუკიდებელი სახელშეკრულებო ურთიერთობაც არსებობდა.

 

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღაირებს მოთხოვნის არსებობას. ამ მუხლის მიზნებისათვის მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მატარეელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა, რადგანაც საფუძველს მოკლებული იქნება მსჯელობა იმაზე, რომ მოვალის იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებას შედეგად მოჰყვეს უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა (იხ. სუსგ №ას-383-364-2015, 27 მაისი, 2016 წელი).

 

სადავო არაა, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით ნ------------–---–მა ქ-----------------–---–ის (მოთხოვნის დამთმობის) მიმართ იკისრა ვალდებულება, 173500 აშშ დოლარი დაებრუნებინა ეტაპობრივად, 4 თვის ვადაში, 2011 წლის 11 სექტემბრამდე. ამდენად, ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის წარმოშობის მომენტად და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად მიჩნეული უნდა იქნეს 2011 წლის 11 სექტემბერი, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა გადის 2014 წლის 11 სექტემბერს.

 

სარჩელს ერთვის საბანკო ამონაწერის ასლი, 12.02.2013 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხების ჩარიცხვის შესახებ, რომლის თანახმად, 2014 წლის აპრილის თვეში დ--------------ემ დაფარა სესხის ძირის ნაწილი და პროცენტი 26000 აშშ დოლარი. გადახდები ფიქსირდება ასევე 2015 -2016 წლებში, როგორც დ--------------ის, ასევე ი-----–-----------ის მიერ.

 

მოპასუხე ნ------------–---–ი 2017 წლის 29 ნოემბრის გასაუბრების ოქმში თავად ადასტურებს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულების დადების შემდგომ, ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ნაწილ-ნაწილ იხდიდა თანხებს, მათ შორის გადაიხადა 2014 წელშიც. გარდა ამისა, ქ-----------------–---–ის თხოვნით, დ--------------ისა და ი-----–-----------ის მეშვეობით, ფარავდა საკრედიტო ორგანიზაციის მიმართ შ--–------------–---–ის დავალიანებას, რაც უნდა გამოკლებოდა ქ-----------------–---–ის მიმართ არსებული დავალიანების თანხას. ამდენად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ანგარიშზე თანხების გადახდით მხარეები მოქმედებდნენ ვალის აღიარების ხელშეკრულების ფარგლებში, სადაც, პირველი გადახდა 2014 წლის 4 აპრილს, ვალის აღიარების ხელშეკრულებისთვის გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა, ხოლო ბოლო გადახდა - 2016 წლის მარტის თვეში.

 

141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. შესაბამისად, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს თავიდან, 2016 წლიდან. სარჩელი კი შ--–------------–---–ს აღძრული აქვს ხანდაზმულობის ვადაში - 2018 წელს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, მიაჩნია, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 327-ე, 341-ე, 361-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, ვალის არსებობის აღიარება წარმოადგენს ხელშეკრულებას და მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა და იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. ამასთან, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე... არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. არსებითად უნდა ჩაითვალოს ისეთი პირობები, კონკრეტულ შემთხვევაში შეთანხმება დავალიანების ოდენობაზე, მისი გადახდის ვადაზე და ა.შ.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით ნ------------–---–მა აღიარა 173500 აშშ დოლარის დავალიანება, რაც 2011 წლის 11 სექტემბრამდე უნდა დაეფარა. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები მოპასუხემ ხანდაზმულად მიიჩნია, ხოლო რაიმე შედავება, რომ მის მიერ ვალდებულება სრულად არის შესრულებული, მას არ განუხორციელებია.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, შესაბამისად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა დავალიანების 142523 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 2950 ლარის (დავის საგნის ღირებულების 3%-ის) გადახდა. გარდა ამისა, მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტისა და 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ნ------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი 50 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე უნდა დარჩეს ძალაში.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შ--–------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე ნ------------–---–ს მოსარჩელე შ--–------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 142523 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა;

 

3. მოპასუხე ნ------------–---–ს მოსარჩელე შ--–------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 ლარის გადახდა;

 

4. მოპასუხე ნ------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 2950 ლარის გადახდა;

 

5. შ--–------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 ლარი, რაც სს „თიბისი ბანკის“ 0--------- წლის #1 საგადასახადო დავალებით ჩარიცხულია ანგარიშზე სახაზინო კოდი 300773150;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე