გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 211210118002740559
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.04.2019 წელი დ. ხულო
ხულოს მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი მაყვალა ხიმშიაშვილი
მოსარჩელე: სს ,,ლი-----------კი’’
წარმომადგენელი : ან-----------ი
მოპასუხე: ემ---------–--ე
დი------------–---ძე
ზვ--------–--ე
დავის საგანი: საკრედიტო დავალიანების გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 მოპასუხეებს ემ---------–--ეს, დი------------–---ძესა და ზვ--------–--ეს ს.ს ,,ლი-----------კის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საბანკო კრედიტის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3376.74 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3307.30ლარი, პროცენტი 48.25 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა 21.19 ლარი.
მოპასუხე ემ---------–--ეს ს.ს ,,ლი-----------კის“ სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე 542.89 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 400.91 ლარი და ჯარიმა 141.98 ლარი.
მოპასუხე ემ---------–--ეს დაეკისროს სწრაფი სესხიდან გამომდინარე 569.43 ლარის გადახდა.
1.2 მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის 67.34 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 50 ბაჟის ლარის გადახდა.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სარჩელის მოთხოვნა და მოითხოვა საბანკო კრედიტის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებზე 2800 ლარის დაკისრება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ს.ს ,,ლი-----------კსა“ და მოპასუხე ემზარ ბოლქვაძეს შორის 2016 წლის 16 დეკემბერს გაფორმებულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2016/18447, შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა 5300 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა 13.12.2019 წლამდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 1 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 16 დეკემბერს სს ,,ლი-----------კსა“ და დი------------–---ძეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა, თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 5459 ლარს. თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე ასეთივე ვალდებულება იკისრა ზვ--------–--ემ.
კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული წესითა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, რაც მსესხებელსა და მისი თავდების მიერ არ შესრულდა.
2018 წლის 18 ივლისს მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, აღნიშნული პერიოდიდან იმყოფება ვადაგადაცილებაში და ერიცხებათ პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.
გარდა ზემოაღნიშნულისა 2017 წლის 04 დეკემბერს ემზარ ბოლქვაძესა და ლი-----------კს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 925 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს კრედიტის ძირი თანხის 0.225 % ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე.
მოპასუხემ დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი და იმყოფება ვადაგადაცილებაში და 2018 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 542.89 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 400.91 ლარი და პირგასამტეხლო 141.98 ლარი.
გარდა აღნიშნულისა ემ---------–--ეზე გაიცა სწრაფი სესხი 1500 ლარის ოდენობით, აღნიშნული დასტურდება ამონაწერით საბანკო ანგარიშებიდან, საიდანაც დაუბრუნებელმა თანხამ შეადგინა 569.43 ლარი, რომელიც წარმოადგენს სრულად ძირ თანხას.
მოსარჩელე მოითხოვს აღნიშნული თანხების მოპასუხეებზე დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ემ---------–--ე სარჩელს ცნობს ნაწილობრივ, იგი ეთანხმება N19425960 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 542.89 ლარის და სწრაფი სესხიდან გამომდინარე 569.43 ლარის გადახდას. რაც შეეხება ძირითად სესხს, რომელზეც თავდები პირები არიან ზვ--------–--ე და დი------------–---ძე, მის განმარტებით, ძირითადი ნაწილი გადახდილია და თანახმაა დარჩენილი თანხა თვითონ გადაიხადოს და პასუხისმგებლობა მოეხსნათ თავდებ პირებს.
2.2. მოპასუხე დი------------–---ძე სარჩელს არ ცნობს. მისი განმარტებით, მოსარჩელე ლი-----------კი გასული წლის ივლისის თვიდან ემ---------–--ის დავალიანების გამო უქვითავდა ხელფასს და შემდგომ პენსიას, რომლის დაკავების უფლებაც არ ჰქონდა. მის მიერ გადახდილია დავალიანებასთან შედარებით მეტი თანხა, მას მისი თავდებობით განსაზღვრული ვალდებულება შესრულებული აქვს და არ უნდა დაეკისროს თანხის გადახდა.
2.3. სარჩელის მოთხოვნას არ ეთანხმება მოპასუხე ზვ--------–--ე. განმარტავს რომ ემ---------–--ის დავალიანების გამო მასაც ექვითება ხელფასის თანხა, ვალდებულება ფაქტობრივად შესრულებულია და არ უნდა დაეკისროს სარჩელით მოთხოვნილი თანხა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს.ს ,,ლი-----------კსა“ და მოპასუხე ემ---------–--ეს შორის 2016 წლის 16 დეკემბერს გაფორმებულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2016/18447, შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა 5300 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა 13.12.2019 წლამდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 1 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება.
3.1.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.
2016 წლის 16 დეკემბერს სს ,,ლი-----------კსა“ და დი------------–---ძეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა, თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 5459 ლარს.
2016 წლის 16 დეკემბერს სს ,,ლი-----------კსა“ და ზვ--------–--ეს შორის ასვე გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა, თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 5459 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის ხელშეკრულებები.
3.1.3. 2017 წლის 04 დეკემბერს ემ---------–--ესა და ლი-----------კს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 925 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს კრედიტის ძირი თანხის 0.225 % ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
3.1.4. 2017 წლის 8 თებერვალს ემ---------–--ეზე გაიცა სწრაფი სესხი 1500 ლარის ოდენობით, აღნიშნული დასტურდება ამონაწერით საბანკო ანგარიშებიდან, საიდანაც დაუბრუნებელმა თანხამ შეადგინა 569.43 ლარი, რომელიც წარმოადგენს სრულად ძირ თანხას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2017 წლის 8 თებერვალს ხელშეკრულება;
- ახსნა-განმარტებები
3.1.2. მსესხებლებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, აღნიშნული პერიოდიდან იმყოფება ვადაგადაცილებაში და ერიცხებათ პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 01.11..2018 წელს გაცემული ცნობები დავალიანების შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2 .სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.3.2.1. მხარეთა შორის სადავოა მოთხოვნილი თანხის ოდენობა.
მოპასუხეები ზვ--------–--ე და დი------------–---ძე აცხადებენ რომ, მოსარჩელის მიერ თვითნებურად ხდება მათი ხელფასების დაკავება და ამ პერიოდისათვის დაფარულია მთლიანი დავალიანება.
მოსარჩელის წარმომადგენელი არ ეთანხმება ამ განმარტებას და აცხადებს, რომ ბანკის მიერ გამოკლებულია ის თანხები, რაც იქნა დაკავებული მოპასუხეების ხელფასიდან, სწორედ ამ საფუძვლით იქნა შემცირებული სასარჩელო მოთხოვნაც.
მოპასუხე ზვ--------–--ეს თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად გარდა თავის ახსნა განმარტებისა, სხვა მტკიცებულები არ წარმოუდგენია.
მოპასუხე დი------------–---ძემ წარმოადგინა საბანკო ამონაწერები, საიდანაც დგინდება, რომ მას ემ---------–--ის დავალიანების გამო 2018 წლის ივლისიდან სს ,,ლი-----------კის“ მიერ ექვითება ხელფასი ჯარიმისა და ძირი თანხის დასაფარად. გადახდილი თანხის ნაწილია ჩათვლილია ბანკის მიერ 2018 წლის 1 ნოემბერს გაცემულ დავალიანების ცნობაში, რომლის მიხედვითაც ამ პერიოდისათვის ემ---------–--ის სასესხო დავალიანება შედაგენს 3376.74 ლარს.
სასამართლო მიიჩნევს, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის შემდგომ დი------------–---ძეზე სახელფასო და საპენსიო ანგარიშებიდან გაქვითული თანხები უნდა გამოაკლდეს სარჩელით მოთხოვნილ თანხას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
-ცნობა დავალიანების შესახებ
-დი------------–---ძის საბანკო ამონაწერები
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვისა და მხარეების ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს.ს ,,ლი-----------კის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე, 623- 625-ე, 867-ე, მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-4, 102-ე, 103-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება საბანკო მომსახურების და საკრედიტო მომსახურეობის სფეროებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. ამიტომ, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.
დადგენილია, რომ ს.ს ,,ლი-----------კსა“ და მოპასუხე ემ---------–--ეს შორის 2016 წლის 16 დეკემბერს გაფორმებულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2016/18447, შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა 5300 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა 13.12.2019 წლამდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 1 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე.
დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.
დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია თანხის გადახდის გარფიკი, რაც აძლევს საფუძველს მოსარჩელეს მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის დაბრუნება;
6.2. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”
დადაგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირებმა - დი------------–---ძემ და ზვ--------–--ემ იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ემ---------–--ესთან ერთად.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მოპასუხე ემ---------–--ემ ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც კრედიტორმა ვალდებულების შესრულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მისაღებად სახელფასო და საპენსიო თანხები გამოუქვითა თავდებ პირს დი------------–---ძეს. სარჩელზე თანდართული დავალიანების შესახებ ცნობით დადგენილია, რომ ემ---------–--ის დავალიანება 2018 წლის 1 ნოემბრისათვის შეადგენდა: სესხის ძირითადი თანხა - 3307.30 ლარი, დარიცხული პროცენტი - 48.25 ლარი, ვადაგადაცილების ჯარიმა -21.19 ლარი. დი------------–---ძის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით დგინდება, რომ ბანკის მიერ გაცემული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან, 2018 წლის 1 ნოემბრიდან, დი------------–---ძის საპენსიო და სახელფასო ანგარიშებიდან გამოქვითულია ძირითადი დავალიანების თანხა - 817. 20 ლარი, ჯარიმა 54.14 ლარი. დგინდება, რომ სესხის ძირ თანხისა და საპროცენტო სარგებლის სრულად გაქვითვის მიუხედავად, ზედმეტად დაქვითულია ჯარიმის თანხა 32.95 (54.14 -21.19=32.95) აღნიშნული თანხები (გადახდილი ძირი თანხა 817. 20 ლარი და ზედმეტად დაქვითული ჯარიმა 32.95 ლარი უნდა გამოაკლდეს სესხის ძირითადი თანხას 3307.30 ლარს და საბოლოოდ მოპასუხეებს გადასახდელად უნდა დაეკისროთ 2457.15 ლარის გადახდა.
ზემოთ, სადავო ფაქტობრივ გარემოებათა დადგენისას აღინიშნა, რომ ზვ--------–--ის მტკიცებას, რომ ემ---------–--ის დავალიანების გამო მოსარჩელის მიერ დაკავებულია მისი სახელფასო თანხებიც, სასამართლო არ იზიარებს, რადგანაც არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხე ემ---------–--ე სარჩელს ცნობს და ეთანხმება N19425960 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 542.89 ლარის და სწრაფი სესხიდან გამომდინარე 569.43 ლარის გადახდას. შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმავე კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 67.34 ლარი სარჩელის აღძვრისათვის და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფისათვის. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ემ---------–--ემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო 1112.32 ლარის მოცულობით, ასევე მოსარჩელემ მთავარ სხდომამადე შეამცირა მოთხოვნა, შესაბამისი თანხა მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დანარჩენი თანხის ანაზღაურება კი უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ძირითად ნაწილში დაკმაყოფილდა, უცვლელად უნდა დარჩეს ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც მოპასუხეების ემ---------–--ის, ზვ--------–--ის და დი------------–---ძის საჩივარი დაკმაყოფილდა და შეიცვალა 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ემ---------–--ის (პ.ნ6----------), დი------------–---ძის (პ.ნ6----------) და ზვ--------–--ის (პ.ნ6----------) საბანკო ანგარიშებს საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში, გარდა სს ,,ლი-----------კისა’’, 4489.06 ლარის ფარგლებში, გარდა საარსებო მინიმუმის - 175.00 ლარის, ხელფასის სახით ჩარიცხული თანხის 50 %-ის, პენსიისა და სხვა სოციალური პაკეტით გათვალისწინებული თანხებისა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს.ს ,,ლი-----------კის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2 მოპასუხეებს ემ---------–--ეს (პ.ნ6----------), დი------------–---ძეს (პ.ნ6----------) და ზვ--------–--ეს (პ.ნ6----------) დაეკისროთ ს.ს ,,ლი-----------კის“ სასარგებლოდ 2457.15 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს ემ---------–--ეს (პ.ნ6----------), დი------------–---ძეს (პ.ნ6----------) და ზვ--------–--ეს (პ.ნ6----------) დაეკისროთ ს.ს ,,ლი-----------კის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილის 50 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება;
4.მოპასუხე ემ---------–--ეს ს.ს ,,ლი-----------კის“ სასარგებლოდ დაეკისროს N19425960 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 542.89 ლარის და სწრაფი სესხიდან გამომდინარე 569.43 ლარის გადახდა.
5. სს ,,ლი-----------კს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის თანხა 17.34 ლარი.(სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 16.11..2018 წ. საგადასახადო დავალება N5149493393).
6.უცვლელად დარჩეს ხულოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხულოს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხულოს მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
(ეს წესი არ მოქმედებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირების მიმართ)
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე