გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/878-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 მარტი 2019 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე შპს “ნ--------------ი”
წარმომადგენელი გვანცა კიკაბიძე
მოპასუხეები გ------- გ---–-----ი
ს------ გ---–-----ი
შპს" ჩ-------------- 2015"
წარმომადგენელი დირექტორი გ------- გ---–-----ი
დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამატეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ------- გ---–-----ის, ს------ გ---–-----ის და შპს ჩ-------------- 2015-ისათვის სოლიდარულად 2 450.73 ლარის დაკისრება;
1.2. გ------- გ---–-----ის, ს------ გ---–-----ის და შპს ჩ-------------- 2015-ისათვის სოლიდარულად ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 8.85 ლარის დაკისრება 2017 წლის 28 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.
სარჩელის საფუძვლები
2016 წლის 28 დეკემბერს გ------- გ---–-----სა დ შპს ნ--------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N121635526, რომლის საფუძველზე გ------- გ---–-----მა მიიღო სესხი 2100 ლარი. სესხის ვადაა 60 დღე. პროცენტი ყოველდღიურად დარჩენილი გადაუხდელი თანხის 0.68%. ხელშეკრულების 3.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ სესხისა და პროცენტის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველდღიურად 41.85 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს თანხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ვადაგადაცილებული დავალიანების 0.5%-ს, ხოლო მთლიანი ძირითადი თანხის ვადაგადაცილების შემთხვევაში ძირითადი თანხის და მიუღებელი სარგებლის ჯამის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების სრულ დაფარვამდე. სესხის ხელშეკრულება ასევე შეიცავს სოლიდარული თავდებობის განაცხადებს, რომლითაც ს------ გ---–-----მა და შპს ჩ-------------- 2015-მა იკისრეს გ------- გვეელსიანის მიერ ნაკისრი სასესხო ვალდებულების შესრულება. თითოეული თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრება 8400 ლარით.
მსესხებელმა ჯეროვნად არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება. არასრულად იხდიდა თანხას. ბოლო გადახდა განახორციელა 2017 წლის 2 თებერვალს, რის შემდეგ თანხა არ დაუბრუნებია. გადასახდელი დავალიანებაა 2450.73 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1 634.11 ლარი, საპროცენტო დავალიანება 135.97 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო 680.65 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წერილობით შესაგებელში ნაწილობრივ ცნეს სარჩელი და თანხმობა განცხადეს სესხის ძირითდი თანხის გადახდაზე. ს------ გ---–-----ი სხდომაზე არ გამოცხადდა.
სასამართლო სხდომაზე გ------- გ---–-----მა და შპს ჩ-------------- 2015-მა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, თანხმობა განაცხადეს სესხის ძირითადი თანხის გადახდაზე. მათ მოითხოვეს პროცენტის და პირგასამტეხლოს შემცირება, რადგან მოთხოვნილი თანხა მაღალია და მის გადახდის შესაძლებლობა არა აქვთ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები უნდა დადგინდეს წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 28 დეკემბერს გ------- გ---–-----სა და შპს ნ--------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება N121635526, რომლის საფუძველზე გ------- გ---–-----მა მიიღო სესხი 2100 ლარი. სესხის ვადაა 60 დღე. პროცენტი ყოველდღიურად დარჩენილი გადაუხდელი თანხის 0.68%. ხელშეკრულების 3.4 პუნქტით განსაზღვრა, რომ სესხისა და პროცენტის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველდღიურად 41.85 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს თანხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ვადაგადაცილებული დავალიანების 0.5%-ს, ხოლო მთლიანი ძირითადი თანხის ვადაგადაცილების შემთხვევაში ძირითადი თანხის და მიუღებელი სარგებლის ჯამის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების სრულ დაფარვამდე. შპს ნ--------------თან დადებულია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც ს------ გ---–-----მა და შპს ჩ-------------- 2015-მა იკისრეს გ------- გვეელსიანის მიერ ნაკისრი სასესხო ვალდებულების შესრულება. თითოეული თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრება 8400 ლარით. მხარეებს შორის დადებულია სესხის და თავდებობის ხელშეკრულებები ერთიანი ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 17-21. ტომი 1)
3.2.2. მსესხებელმა ჯეროვნად არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება. არასრულად იხდიდა თანხას. ბოლო გადახდა განახორციელა 2017 წლის 2 თებერვალს, რის შემდეგ თანხა არ დაუბრუნებია. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი დავალიანებაა 2450.73 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1 634.11 ლარი, საპროცენტო დავალიანება 135.97 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო 680.65 ლარი. პირგასამტეხლოს თანხა დარიცხულია 2017 წლის 3 თებერვლიდან 2017 წლის 27 აპრილამდე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულება:
- სარჩელი (ს.ფ. 2-8. ტომი 1);
- შესაგებელი (ს.ფ. 66-71. ტომი 1);
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 22-23. ტომი 1 )
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 463-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 316-ე, 364-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლები
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო მიაჩნია, რომ მოპასუხე ს------ გ---–-----ის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად, საქმეზე გამოტანილი უნდა იქნას საერთო გადაწყვეტილება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, რადგან დავის საგნის გათვალისწინებით მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ არსებობს. განსახილველი სარჩელით სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილია სესხის სოლიდარულად დაკისრება. ამდენად, მოპასუხეების მიმართ მოთხოვნას აქვს საერთო საფუძველი, ს------ გ---–-----ის მიმართ სარჩელი დამოუკიდებელი ფაქტობრივი საფუძვლით აღძრული არ არის, რის გამოც მოპასუხეების მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია სესხის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
2016 წლის 28 დეკემბერს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. 2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა.
მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება სარგებლიანია, ხოლო მოპასუხეების ვალდებულება სოლიდარულია, რადგან ს------ გ---–-----მა და შპს „ჩ-------------- 2015“-მა იკისრეს გ------- გ---–-----ის სასესხო ვალდებულების დაფარვის ვალდებულება მსესხებელთან თანაბარწილად, რის გამოც მოპასუხეებს სესხის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა ვალდებულების შესრულება სოლიდარულად ეკისრებათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. 464-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის მიხედვით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სადაო სამართლებრივ ურთიერთობაში მსესხებელია გ------- გ---–-----ი, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება. შესაბამისად, თავდებებს მსესხებელთან ერთად ფულადი ვალდებულების შესრულება სოლიდარულად უნდა დაეკისროთ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის ცნობის საფუძველზე გ------- გ---–-----ს და შპს „ჩ-------------- 2015“-ს უნდა დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხა, რადგან მოპასუხეებმა სასამართლოს სხდომაზე ცნეს მოსარჩელის ეს მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი.
განსახილველ საქმეში დავა გამომდინარეობს მხარეებს შორის არსებული სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, შეეხება მხოლოდ მათ უფლებებს, რის გამოც მოპასუხეები უფლებამოსილნი არიან ცნონ სადაო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სარჩელის ცნობა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება გ------- გ---–-----ის და შპს ჩ-------------- 2015-ისათვის 1619.42 ლარის დაკისრების თაობაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ საპროცენტო სარგებლის ანაზღაურება.
სასამართლო განმარტავს, რომ პროცენტი არის სარგებელი ფულადი თანხებით სარგებლობისათვის. პროცენტი წარმოადგენს ნასესხები ძირითადი თანხის სარგებელს, რომელიც პირგასამტეხლოსგან განსხვავებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უპირობოდ შესასრულებელი ვალდებულებაა. პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა. ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. სასყიდლიან სესხის ხელშეკრულებაში პროცენტის გადახდა მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა.
ამდენად, სარგებლიანი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოვალე ვალდებულია დააბრუნოს არა მარტო მიღებული კრედიტის თანხა, არამედ კრედიტორს უნდა გადაუხადოს ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სესხის ხელშეკრულებით სესხი სარგებლიანია და სარგებლის ოდენობაა ყოველდღიურად დარჩენილი გადაუხდელი თანხის 0.68%. ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, 2017 წლის 2 თებერვლის შემდეგ მოპასუხეებს სესხის თანხა არ გადაუხდიათ. ამდენად, სესხის ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე მოპასუხეებმა შეწყვიტეს სესხის დაბრუნება, რადგან სესხის ხელშეკრულება დაიდო 2016 წლის 28 დეკემბერს 60 დღის ვადით. შესაბამისად გადაუხდელია არა მარტო სესხის ძირითადი თანხა, არამედ სარგებელიც. მოპასუხეებმა არ ცნეს სარგებლის დარიცხვის მოთხოვნა, თუმცა არ მიუთითებიათ ამ თანხის მოთხოვნის საფუძვლიანობის გამომრიცხავი გარემოება. ამდენად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სესხის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო გადაუხდელი სარგებელი, რაც შეადგენს 135,97 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
მოპასუხეებმა სესხის დაბრუნების გრაფიკი დაარღვიეს, არ დააბრუნეს სესხის სრულად, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების იძლებით შესრულება, ხოლო მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ვალდებულების სოლიდარულად შესრულება, რადგან სოლიდარული ვალდებულება წარმოშობილია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია სესხის სრულად დაუბრუნებლობის და სესხის ნაწილობრივ დაბრუნების შემთხვევებისათვის და შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით დავალიანების სრულად დაფარვამდე.
მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის აღძვრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს 680.65 ლარის დაკისრებას, ასევე 2017 წლის 28 აპრილიდან აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა ყოველდღიურად 8.85 ლარის ოდენობით დაკისრებას, რაც ჯამურად არის 3 230.25 ლარი. საერთო ჯამში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოა 3910.9 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს საქმის გარემოებებისადმი შესაბამისობის დასადგენად უნდა განიმარტოს პირგასამტეხლოს არსი. კერძოდ, პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა დროულად შეასრულოს ვალდებულება და აირიდოს მომავალში პირგასამტეხლოს დარიცხვა, კრედიტორისათვის დამატებითი თანხის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაშია მისაღები პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
განსახილველ საქმეში სესხის დაბრუნების ვადა დარღვეულია 2017 წლის 2 თებერვალს, ხოლო სარჩელი აღძრულია 2017 წლის 28 აპრილს. სარჩელი აღძრულია ვალდებულების დარღვევიდან 2 თვის (139 დღის) შემდეგ, რა დროშიც დარიცხულია პირგასამტეხლო 680.65 ლარი.
მოსარჩელე ასევე მოითხოვს პირგასამტეხლოს ყოველდღიურად 8.85 ლარის ოდენობით, რაც სესხის დავალიანების ოდენობის გათვალისწინებით აშკარად დიდი თანხაა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის პერიოდის, სესხის დავალიანების და სესხად გაცემული ძირითადი თანხის ოდენობის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს თანხა არაგონივრულად მაღალია. ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევიდან სარჩელის აღძვრამდე გასულ მცირე პერიოდში პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად დარიცხულია სესხის გადაუხდელი ნაწილის დაახლოებით 40%, ხოლო დამატებით მოთხოვნილია დავალიანების თანხის 0.5%-ის გადახდა ყოველდღიურად სარჩელის აღძვრის დღიდან 1 წლის ფარგლებში. საერთო ჯამში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა 3910.9 ლარი, რაც თითქმის ორჯერ აღემატება სესხის დავალიანებას. ამ ოდენობის პირგასამტეხლო არ ემსახურება კრედიტორის მიერ განცდილი ზიანის მინიმალურად ანაზღაურებას და უფრო მეტად მოვალის დასჯას ისახავს მიზნად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების შემთხვევაში სახეზე იქნება ისეთი ვითარება, რომ ვალდებულების შესრულებაზე უფრო ხელსაყრელი მოსარჩელისთვის აღმოჩნდება ვალდებულების დარღვევა, რადგან პირგასამტეხლოს დარიცხვის შედეგად მოსარჩელე იმაზე მეტ თანხას მიიღებს, ვიდრე სესხის ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების პირობებში მიიღებდა. სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით, გრაფიკის შერულების შემთხვევაში მოპასუხეებს უნდა გადაეხადათ ძირითადი თანხისა და სარგებლის ჯამი 2509 ლარი. სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოა 3910.9 ლარი.
პირგასამტეხლოს ერთერთი ფუნქცია ვალდებულების შეუსრულებლობით კრედიტორის მიერ განცდილი ზიანის, ფინანსური დანაკარგის მინიმალურად და სწრაფად ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის თანახმად, 1. კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. 2. კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან".
ამავე გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს პრევენციული დანიშნულების გარდა აქვს ზიანის სწრაფად და მარტივად ანაზღაურების ფუნქცია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნა ამავდროულად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაცაა. ისინი დამოუკიდებელი მოთხოვნებად რჩებიან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე პირგასამტეხლოს მოთხოვნისგან დამოუკიდებლად შეუძლია ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.
მოპასუხეებმა სესხის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულეს, რაც ზიანის გამომწვევი ქმედებაა, მაგრამ ზიანის სწრაფად და მარტივად ანაზღაურებაში იგულისხმება, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით უზრუნველყოფილია კრედიტორისათვის სავარაუდო ზიანის მინიმალურად ანაზღაურება. ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად კრედიტორისათვის ფინანსური დანაკარგს იწვევს. პირგასამტეხლოთი ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციის მიზანია, დაიცვას კრედიტორი რეალური ზიანის მტკიცებისაგან და სწრაფად აინაზღაუროს ის ზიანი, რასაც ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად იწვევს. ამდენად, პირგასამტეხლო თავის თავში არ მოიცავს განცდილი ზიანის სრულად ანაზღაურების შესაძლებლობას.
პირგასამტეხლოს ფუნქცია არ არის ზიანის სრული ოდენობით ანაზღაურება და ზიანის ნაცვლად პირგასმატეხლოს დაკისრება. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელეს არ მიუთითებია რა მოსალოდნელი შემოსავალი დაკარგა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ანაზღაურება მოთხოვნილია ვალდებულების სრულად შესრულებამდე, შესაბამისად სწორედ ვალდებულების შესრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრება უზრუნველყოფს მოსარჩელისათვის სავარაუდო ზიანის მინიმალურად ანაზღაურებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის სიმძიმის პროპორციული არ არის, რადგან ჯამურად მოთხოვნილი პირგასამტეხლო სესხის დავალიანებაზე ორჯერ მეტია. იმის გათვალისწინებით, რომ მოვალეებმა ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულეს, ასეთი ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრება აშკარად გაჭარბებული სანქციაა. სასამართლოს მიაჩნია, რომ 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს დაეკისროთ საერთო ჯამში 800 ლარის გადახდა იმის გათვალისწინებით, რომ ვალდებულება ორ წელზე მეტია არ შესრულებულა, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს დარიცხვა ვალდებულების სრულ შესრულებამდე და არამარტო ხელშეკრულების შეწყვეტის ან სარჩელის აღძვრის დრომდე.
ამდენად, მოპასუხეების მიერ გადასახდელი თანხაა 2570,08 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1634,11 ლარი, პროცენტი 135,97 ლარი, პირგასამტეხლო 800 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოსარჩელე მოითხოვს 5680.98 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეებს დაეკისრათ 2570.08 ლარის გადახდა, შესაბამისად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნის 45%. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟია 170.43 ლარი, რომლის 45% 76.69 ლარი უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
დაკისრებული 2570.08 ლარიდან მოპასუხეებმა გ------- გ---–-----მა და შპს „ჩ-------------- 2015“-მა ცნო 1643.11 ლარის მოთხოვნა, რაც არის გადასახდელი თანხის 63%. ამ პროცენტის პროპორციით სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან მხარეები თავიუსფლდებიან, რის გამოც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 76.69 ლარის 63% - 48.31 ლარი. სამივე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის 28.38 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე,367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ნ--------------ის“ სარჩელი;
a. გ------- გ---–-----ს, ს------ გ---–-----ს და შპს ჩ-------------- 2015-ს სოლიდარულად დაეკისროთ შპს „ნ--------------ისათვის“ 2570,08 ლარის გადახდა;
b. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 3030,25 ლარის ანაზღაურების და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ით განსაზღვრის შესახებ;
2. გ------- გ---–-----ს, ს------ გ---–-----ს და შპს ჩ-------------- 2015-ს სოლიდარულად დაეკისროთ შპს „ნ--------------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 28,38 ლარის გადახდა;
3. შპს ნ--------------ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 28 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 48,31 ლარი (საგადასახადო დავალება N 0). თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები, (თვითმმართველი ქალაქი რუსთავი), სახაზინო კოდი 300063150;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი